არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

წუხილი

წუხილი

არსებობს ორნაირი წუხილი — სასარგებლო და საზიანო. ბიბლია გვეხმარება, განვსაზღვროთ, რა შემთხვევაში შეიძლება წუხილი იყოს სასარგებლო ან პირიქით — საზიანო.

ნორმალურია წუხილი?

რეალობა:

წუხილი მოიცავს ისეთ უარყოფით გრძნობებს, როგორიცაა შფოთი, ნერვიულობა და დარდი. რადგანაც ცვალებად მსოფლიოში ვცხოვრობთ, საწუხარი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს გაუჩნდეს.

რას ამბობს ბიბლია:

მეფე დავითმა დაწერა: „როდემდე უნდა ითმინოს ჩემმა სულმა და როდემდე უნდა მქონდეს დღეები მწუხარებით სავსე?“ (ფსალმუნი 13:2). რა დაეხმარა დავითს, გამკლავებოდა საწუხარს? ის გულს უღვრიდა ღმერთს ლოცვაში, ენდობოდა მას და დარწმუნებული იყო მის სიყვარულსა და სიკეთეში (ფსალმუნი 13:5; 62:8). ღმერთი ჩვენც მოგვიწოდებს, რომ დარდი და საწუხარი მას მივანდოთ. 1 პეტრეს 5:7-ში ნათქვამია: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“.

საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა შეგვიმსუბუქებს მათზე წუხილს

ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევიმსუბუქოთ საწუხარი. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, პავლე მოციქული, წუხდა „ყველა კრებისთვის“, რაც აღძრავდა მას, გაემხნევებინა და ენუგეშებინა ისინი (2 კორინთელები 11:28). როგორც ვხედავთ, პავლე მოციქულს თანაქრისტიანებზე წუხილი მოქმედებისკენ უბიძგებდა, რათა კვლავაც გაეწია მათთვის საჭირო დახმარება. მსგავსი წუხილი ჩვენც გაგვაკეთებინებს კეთილ საქმეებს. ამის საპირისპიროდ კი, ჩვენი მხრიდან გულგრილობა და უდარდელობა სიყვარულის ნაკლებობაზე იმეტყველებს (იგავები 17:17).

„მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

რა უნდა გააკეთოთ, თუ გადამეტებულად წუხხართ?

რეალობა:

ადამიანების წუხილის მიზეზი შეიძლება წარსულში დაშვებული შეცდომები, მომავალზე ფიქრი ან ფინანსური მდგომარეობა გახდეს. *

რას ამბობს ბიბლია:

წუხილი წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. პირველ საუკუნეში გაქრისტიანებამდე ზოგი ლოთი, გამომძალველი, მეძავი და ქურდი იყო (1 კორინთელები 6:9—11). ნაცვლად იმისა, რომ წარსულზე წუხილს მისცემოდნენ, მათ შეიცვალეს ზნე და მიენდნენ გულმოწყალე ღმერთს, რომელიც წყალობას ყველას მიმართ ავლენს. 130-ე ფსალმუნის მე-4 მუხლში ვკითხულობთ: „შენთან არის [ღმერთო] ჭეშმარიტი პატიება, რათა ეშინოდეთ შენი“.

ხვალინდელი დღის შიში. იესომ თქვა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:25, 34). ამ სიტყვებით იესოს იმის თქმა სურდა, რომ მხოლოდ დღევანდელი დღის საზრუნავზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ ნუ დაიმძიმებთ დღევანდელ დღეს ხვალინდელზე ფიქრით, რომელმაც შეიძლება დაგაკარგვინოთ განსჯის უნარი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგოთ. გარდა ამისა, გახსოვდეთ, მოგვიანებით შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გადამეტებული წუხილი უსაფუძვლო იყო.

წუხილი ფულზე. ერთი ბრძენი მამაკაცი ლოცულობდა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ“ (იგავები 30:8). ის ცდილობდა, კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რაც გააჩნდა, რადგან ღმერთი სწორედ ასეთ ადამიანებს იწონებს. ებრაელების 13:5-ში ვკითხულობთ: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან [ღმერთმა] თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“». ფულისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ვერ დაგვიფარავს, ღმერთს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ იზრუნოს თავის მსახურებზე, რომლებიც ენდობიან მას და მცირედით კმაყოფილდებიან.

„არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმუნი 37:25).

გავთავისუფლდებით ოდესმე საწუხარისგან?

რას ამბობს ხალხი:

„ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, სადაც შფოთი და საწუხარი კიდევ უფრო მოიმატებს“, — ამბობს ჰარიეტ გრინი 2008 წელს დაბეჭდილ გაზეთ „გარდიანის“ ერთ სტატიაში. 2014 წელს კი პატრიკ ო’კონორმა „უოლ-სტრიტ ჯორნელში“ დაწერა: „ამერიკელებს არასდროს ჰქონიათ იმდენი საწუხარი, რამდენიც დღეს“.

რას ამბობს ბიბლია:

„წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავები 12:25). რა შეიძლება იყოს „კეთილი სიტყვა“, თუ არა „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“?! (მათე 24:14). ეს სამეფო, ანუ ზეციერი ხელისუფლება, მალე იმას გააკეთებს, რასაც ჩვენ ვერასდროს შევძლებდით. ის ბოლოს მოუღებს წუხილს და საბოლოოდ აღმოფხვრის მის გამომწვევ ყველა მიზეზს, მათ შორის ავადმყოფობასა და სიკვდილს. ღმერთი „[მოგვწმენდს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4).

„იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით“ (რომაელები 15:13).

^ აბზ. 10 მათ, ვისაც სერიოზული შფოთვითი აშლილობები აწუხებთ, შესაძლოა ექიმთან კონსულტაცია დასჭირდეთ. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს.