არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

4. პასუხისმგებლობის გრძნობა

4. პასუხისმგებლობის გრძნობა

რას ნიშნავს, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?

ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, სანდოა. მას ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს საქმე და არასდროს აჯანჯლებს.

პატარებსაც აქვთ უნარი, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. ერთ წიგნში ნათქვამია: „ერთი წლის ბავშვს უკვე აქვს უნარი, მშობლებს დაუჯეროს, წლინახევრის ბავშვს კი მშობლების მიბაძვის სურვილი უჩნდება. ბევრ ქვეყანაში ხუთიდან შვიდ წლამდე ბავშვებს მშობლები სახლის საქმეებს ავალებენ. ასეთი პატარა ბავშვებიც კი კარგად ართმევენ თავს მსგავს საქმეებს“ (Parenting Without Borders).

რატომ არის კარგი პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა?

არსებობს ასეთი ტერმინი „ბუმერანგის თაობა“. ამ თაობას მიეკუთვნებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც სახლიდან მიდიან, რათა დამოუკიდებლად იცხოვრონ, მაგრამ თავს ვერ ართმევენ სირთულეებს და ისევ მშობლებთან ბრუნდებიან. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი ის არის, რომ მშობლებმა თავის დროზე არ ასწავლეს, პასუხისმგებლობის გრძნობით მოკიდებოდნენ ყველაფერს, რის გაკეთებაც ევალებათ, რაშიც შედის ფულის სწორად განკარგვა და საოჯახო საქმეების კეთება.

უმჯობესია, თუ პატარაობიდანვე ასწავლით შვილებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველაფერს. „კარგი არ იქნება, თუ შვილი თვრამეტ წლამდე თქვენზე იქნება დამოკიდებული, შემდეგ კი ერთ დღეში ჩააბამთ ცხოვრების ფერხულში“, — ნათქვამია ერთ წიგნში (How to Raise an Adult).

როგორ ჩავუნერგოთ შვილს პასუხისმგებლობის გრძნობა?

დაავალეთ სახლის საქმეები.

ბიბლიური პრინციპი: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).

პატარებს უყვართ მშობლებთან ერთად საქმის კეთება. ისარგებლეთ ამით და დაავალეთ სახლის საქმეები.

ზოგ მშობელს არ სურს, ბავშვმა სახლის საქმეები აკეთოს, რადგან ფიქრობენ, რომ ისედაც უამრავი საშინაო დავალება აქვთ გასაკეთებელი და რატომღა აჰკიდონ ზედმეტი ტვირთი.

ბავშვები, რომლებიც სახლის საქმეებს აკეთებენ, დიდი ალბათობით უფრო კარგად ისწავლიან სკოლაში, რადგან სახლში ეჩვევიან დავალებული საქმის ბოლომდე მიყვანას. გარდა ამისა, როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, „თუ ბავშვს პატარაობაში არ ვაძლევთ საშუალებას, დაგვეხმაროს, შეიძლება დაასკვნას, რომ ამის გაკეთება არც ისე მნიშვნელოვანია . . . შესაძლოა სხვები ვალდებულადაც კი ჩათვალოს, რომ მის გასაკეთებელს გააკეთებენ“ (Parenting Without Borders).

როგორც ამ ამონარიდიდან გამოჩნდა, სახლის საქმეებში მონაწილეობა ბავშვს ასწავლის, მხოლოდ კი არ მიიღოს, გასცეს კიდეც. როცა მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ საოჯახო საქმეებში, აცნობიერებენ, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან და მათაც აკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა.

დაეხმარეთ, პასუხი აგოს საკუთარ შეცდომებზე.

ბიბლიური პრინციპი: „მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავები 19:20).

როდესაც თქვენი შვილი რაღაცას აშავებს, მაგალითად, სხვის ნივთს შემთხვევით აზიანებს, ნუ დააფარებთ ხელს. ბავშვებმაც უნდა აგონ პასუხი შედეგებზე — მოიბოდიშონ ან, თუ შესაძლებელია, დანაკარგი აანაზღაურონ.

როცა ბავშვს ესმის, რომ საკუთარ შეცდომაზე თავად უნდა აგოს პასუხი, მას უადვილდება . . .

  • იყოს კეთილსინდისიერი და აღიაროს თავისი შეცდომა.

  • სხვებს არ გადააბრალოს თავისი დანაშაული.

  • არ დაიწყოს თავის მართლება.

  • საჭიროების შემთხვევაში მოიბოდიშოს.