გავრცელებული რელიგიური შეხედულებები
ინდუიზმი
ინდუისტებს მიაჩნიათ, რომ ტანჯვის მიზეზი ამ ცხოვრებაში ან წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცუდი საქციელია. მათი აზრით, ადამიანი იმ შემთხვევაში მიაღწევს მოქშას (გარდაქმნის ციკლისგან გათავისუფლება), თუ ყოველივე მატერიალურს განერიდება.
ისლამი
მუსულმანებს სჯერათ, რომ ტანჯვა ზოგჯერ ღვთის სასჯელია, ზოგჯერ კი — რწმენის გამოცდა. როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ისლამური საზოგადოების პრეზიდენტი, დოქტორი საიედ საიდი აღნიშნავს, თავს დატეხილი უბედურება შეგვახსენებს, რომ „ყოველთვის ვმადლობდეთ ღმერთს კურთხევებისთვის და გაჭირვებულთ დახმარების ხელს ვუწვდიდეთ“.
იუდაიზმი
იუდაიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ თითოეული იმას იმკის, რასაც თესავს. ზოგს სჯერა, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, რის შემდეგაც ღმერთი სამართალს გაუჩენს უდანაშაულოდ გატანჯულთ. კაბალისტური იდეოლოგიის (ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება) თანახმად, ადამიანი არაერთხელ განიცდის რეინკარნაციას, რათა თავისი დანაშაული გამოისყიდოს.
ბუდიზმი
ბუდისტებს სწამთ, რომ გარდასახვის ციკლი, რომელსაც თან სდევს ტანჯვა, მანამ გაგრძელდება, სანამ სრულიად არ გათავისუფლდებიან ყოველგვარი ემოციისა თუ ვნებისგან და არ შეწყვეტენ არასწორი საქციელის ჩადენას. ისინი იმ შემთხვევაში მიაღწევენ ნირვანას (ტანჯვისგან თავისუფალი მდგომარეობა), თუ სიბრძნეს შეიძენენ, კეთილშობილურ საქმეებს მოიმოქმედებენ და გონების მართვას ისწავლიან.
კონფუციონიზმი
ერთ რელიგიურ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ კონფუციონისტების აზრით, ადამიანები, ძირითადად, დაშვებული შეცდომების გამო იტანჯებიან (A Dictionary of Comparative Religion). კონფუციონალური მოძღვრების თანახმად, ზნეობრივად სუფთა ადამიანებს შეუძლიათ თავიდან აირიდონ ესა თუ ის სატანჯველი. თუმცა ეს მოძღვრება იმასაც ასწავლის, რომ ტანჯვას მეტწილად სულიერი ქმნილებები იწვევენ, რომელთა წინაშეც ვერაფერს ხდებიან. ამიტომ უსიტყვოდ უნდა შეეგუონ თავიანთ ხვედრს.
ტომობრივი რელიგიები
ზოგიერთი ტომის ხალხი ტანჯვას სპირიტიზმს უკავშირებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯადოქრებს ძალუძთ, ან ხელი მოუმართონ ადამიანს, ან უბედურება დაატეხონ. მათ სჯერათ, რომ ვინმეს სახელზე გაკეთებული ჯადო ძალას გარკვეული რიტუალების შესრულების შემთხვევაში კარგავს; ამა თუ იმ ავადმყოფობით გატანჯულ ადამიანს კი ჯადოს ექიმბაშების მიერ შესრულებული რიტუალები და მომზადებული წამლები უხსნის.
ქრისტიანობა
ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ადამიანთა ტანჯვა ადამისა და ევას ცოდვის შედეგია, რის შესახებაც ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ. თუმცა ბევრი ქრისტიანული მიმდინარეობა ამ სწავლებას თავისებურად განმარტავს. მაგალითად, კათოლიკები ამბობენ, რომ ტანჯვის სანაცვლოდ ადამიანს შეუძლია ღმერთს ეკლესიისთვის კურთხევა ან ვინმეს გადარჩენა სთხოვოს.
გაიგეთ მეტი
ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეორგოლს „იწონებს ღმერთი ყველანაირ თაყვანისცემას?“.