არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს შვილებზე?

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს შვილებზე?

ბავშვები საკმაოდ დახელოვნებულად იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს მაშინ, როცა უფროსებს უჭირთ მსგავსი სიახლეებისთვის ალღოს აღება.

თუმცა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ის ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინში, შეიძლება . . .

  • დამოკიდებულები გახდნენ ელექტრონულ მოწყობილობებზე.

  • გაეხვიონ კიბერბულინგში.

  • ნებით თუ უნებლიეთ თვალი შეავლონ პორნოგრაფიულ მასალას.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲪᲝᲓᲔᲗ

ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ

ზოგი ონლაინ გასართობი, მაგალითად თამაშები, მომხმარებლებს მათზე დამოკიდებულს ხდის. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „აპლიკაციები ისეა შექმნილი, რომ ტელეფონს მიგვაჯაჭვოს“ (Reclaiming Conversation). რაც უფრო ხშირად ვიყენებთ აპლიკაციებს, რომლებიც სარეკლამო რგოლებს შეიცავს, მით მეტ მოგებას ნახულობენ მათი შემქმნელები.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: დამოკიდებულები ხომ არ არიან თქვენი შვილები ელექტრონულ მოწყობილობებზე? როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ, რომ დრო უკეთესად გამოიყენონ? (ᲔᲤᲔᲡᲝᲔᲚᲔᲑᲘ 5:15, 16).

ᲙᲘᲑᲔᲠᲑᲣᲚᲘᲜᲒᲘ

ონლაინ სივრცეში ზოგი არც ბულინგს ერიდება, რადგან უფრო თამამი და აგრესიულია და ნაკლებად უფრთხილდება სხვის გრძნობებს.

ზოგი სოციალურ ქსელებში ბევრის უფლებას აძლევს თავს, რადგან სურს, რომ რაც შეიძლება მეტი მომწონებელი და მიმდევარი ჰყავდეს. ზოგი გარიყულად გრძნობს თავს, როცა ხედავს, რომ სხვები მის გარეშე ატარებენ დროს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ იქცევა თქვენი შვილი სოციალური ქსელებით სარგებლობისას? (ეფესოელები 4:31). ხომ არ გრძნობს თავს გარიყულად, თუკი სხვები მის გარეშე ერთობიან?

ᲞᲝᲠᲜᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ინტერნეტმა უხამსი მასალა ადვილად ხელმისაწვდომი გახადა. ზოგი პროგრამის მეშვეობით მშობლები აკონტროლებენ, რას უყურებენ შვილები, მაგრამ მსგავსი გასაფილტრი პროგრამები ყოველთვის სანდო არ არის.

მობილურის ან სხვა მოწყობილობის მეშვეობით სექსუალური შინაარსის მასალის გაგზავნას ან მიღებული მასალის შენახვას სექსტინგი ჰქვია. ასეთი საქციელი ზოგან კანონით ისჯება. თუ ამ საქმეში არასრულწლოვნები არიან ჩართული, ეს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებად ითვლება, რაც სერიოზული კანონდარღვევაა.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, არც მიიღონ და არც გაგზავნონ სექსუალური შინაარსის შეტყობინებები? (ᲔᲤᲔᲡᲝᲔᲚᲔᲑᲘ 5:3, 4).

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲗ

ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡ

მართალია, ბავშვები დახელოვნებულად იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფროსების მეთვალყურეობა არ სჭირდებათ. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ როცა მშობელი შვილს ადრეულ ასაკში ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის გამოყენების ნებას აძლევს, ეს იმის ტოლფასია, რომ მას აუზში თავით გადაშვების უფლება მისცეს მაშინ, როცა მან ცურვა არ იცის.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს, და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 22:6).

ქვემოთ მოცემული რჩევებიდან შეარჩიეთ, რომლის გამოყენება გსურთ ან თავად ჩამოწერეთ, რა მხრივ გმართებთ გაუმჯობესება.

  • ავუხსნა შვილს, როგორ უნდა მოიქცეს სოციალური ქსელებით სარგებლობისას.

  • დავეხმარო, როცა თავს გარიყულად გრძნობს.

  • დავბლოკო მიუღებელი შინაარსის მასალა.

  • დროდადრო შევამოწმო შვილის ტელეფონი.

  • დავუდგინო, ყოველდღიურად რამდენ დროს დაუთმობს ინტერნეტით სარგებლობას.

  • არ დავუტოვო ბავშვს ღამით ელექტრონული მოწყობილობა საძინებელ ოთახში.

  • დავადგინო წესი, რომ სადილის დროს არავინ ისარგებლოს ელექტრონული მოწყობილობებით.