არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს სწავლის უნარ-ჩვევებზე?

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს სწავლის უნარ-ჩვევებზე?

ადამიანები გამუდმებით სწავლის პროცესში ვართ — ვსწავლობთ სკოლაში, სამსახურში და ასე შემდეგ. ტექნოლოგიური მიღწევები ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა ინფორმაციის მიღება ასე მარტივი. დღეს ამისთვის სახლიდან გასვლაც კი არაა საჭირო.

თუმცა მათ, ვინც დიდ დროს უთმობენ ელექტრონულ მოწყობილობებს . . .

  • უჭირთ კითხვისას ყურადღების მოკრება.

  • ვერ ახერხებენ ერთ საკითხზე კონცენტრირებას.

  • მალე ბეზრდებათ მარტო ყოფნა.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲪᲝᲓᲔᲗ

ᲙᲘᲗᲮᲕᲐ

ზოგს სჩვევია, რომ კითხვისას გადაურბინოს მასალას, ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდეს, როგორ ავითარებს ავტორი აზრებს.

მასალისთვის თვალის გადავლება პრაქტიკულია, როცა გინდათ, სწრაფად იპოვოთ კითხვაზე პასუხი. მაგრამ თუ საკითხის სიღრმისეულად შესწავლა გსურთ, მსგავსი მიდგომა ნამდვილად არ გამოგადგებათ.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ყურადღება ხომ არ გეფანტებათ გრძელი ტექსტის კითხვისას? რა მხრივ წაგადგებათ, თუ დაკვირვებით კითხვის ჩვევას განივითარებთ? (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 18:15).

ᲙᲝᲜᲪᲔᲜᲢᲠᲘᲠᲔᲑᲐ

ზოგი ფიქრობს, რომ ტექნიკის წყალობით ორი საქმის ერთად კეთებაც შეუძლია. მაგალითად, თან ისწავლონ და თან მეგობრებს ემესიჯონ. მაგრამ ხშირად, როცა ადამიანი ორ საქმეს აკეთებს, საბოლოოდ არცერთი გამოსდის ნორმალურად, მით უმეტეს, თუ ორივე საქმე კონცენტრირებას მოითხოვს.

მართალია, კონცენტრირება ადვილი არაა, მაგრამ ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ერთი თინეიჯერი, გრეისი ამბობს: „როცა კონცენტრირებას ახდენ, შეცდომებსაც ნაკლებს უშვებ და სტრესსაც ნაკლებად განიცდი. უკეთესია, თუ საქმის კეთებისას ერთ რამეზე ვიქნები კონცენტრირებული და ყურადღებას არაფერი გამიფანტავს“.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: სწავლის დროს ელექტრონული მოწყობილობები ხომ არ გიფანტავთ ყურადღებას? (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17:24).

ᲛᲐᲠᲢᲝᲝᲑᲐ

ზოგს მარტოობა და წყნარი გარემო დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ცდილობს, სიცარიელე ელექტრონული მოწყობილობებით შეივსოს. ერთი ქალი, სახელად ოლივია, თავის გრძნობებს გვიზიარებს: „მარტოობა მალე მბეზრდება; 15 წუთიც კი ვერ ვძლებ ისე, რომ ტელეფონი ან პლანშეტი არ შევამოწმო, ან ტელევიზორი არ ჩავრთო“.

მარტოობა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის, საუკეთესო დროა, რომ ბევრ საკითხს ჩაუღრმავდნენ, რაც სწავლის განუყოფელი ნაწილია.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: იყენებთ მარტო ყოფნის პერიოდს იმისთვის, რომ ღრმად დაფიქრდეთ სხვადასხვა საკითხზე? (1 ᲢᲘᲛᲝᲗᲔ 4:15).

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲗ

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲧᲔᲜᲔᲑᲗ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲘᲚᲝᲑᲔᲑᲡ

როგორ უნდა გამოიყენოთ ტექნოლოგიური მიღწევები, რომ სწავლის პროცესი გაგიადვილდეთ? რა შემთხვევაში გაგიფანტავთ ტექნიკა ყურადღებას სწავლის დროს?

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 3:21).