არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

ენობრივი ბარიერის გადალახვა — სანამ პუბლიკაცია მკითხველის ხელში აღმოჩნდება . . .

ენობრივი ბარიერის გადალახვა — სანამ პუბლიკაცია მკითხველის ხელში აღმოჩნდება . . .

„ამბობენ, რომ თარგმნაზე რთული საქმე არ არსებობს“, — აღნიშნულია ერთ ენციკლოპედიაში (The Cambridge Encyclopedia of Language).

სანამ სათარგმნი მასალა მთარგმნელის ხელში აღმოჩნდება, თავდაპირველად ორიგინალის ენაზე * უნდა მომზადდეს. ამისთვის საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა: ყველაფრის საგულდაგულოდ დაგეგმვა, სხვადასხვა სტატიისთვის ინფორმაციის მოძიება და ტექსტის შედგენა. ამ ეტაპების გავლის შემდეგ მომზადებული სტატიები ეგზავნება მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ნიუ-იორკი) არსებულ სამწერლო განყოფილებას, რომელიც გულდასმით ამოწმებს, რამდენად ზუსტადაა გადმოცემული ინფორმაცია და რამდენად თანამედროვე ენითაა დაწერილი.

შემოწმების შემდეგ სამწერლო განყოფილება ინგლისურ ტექსტს მთელ მსოფლიოში ასობით მთარგმნელობით ჯგუფს უგზავნის. ამ ჯგუფების უმეტესობა ბიბლიურ ლიტერატურას მშობლიურ ენაზე თარგმნის. ისინი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რომელ ენაზეც პუბლიკაციებს თარგმნიან. მთარგმნელებს მართებთ, ბოლომდე ჩასწვდნენ ორიგინალი ტექსტის მნიშვნელობას და საკუთარ ენაზე გასაგებად და ბუნებრივად თარგმნონ.

როგორ ართმევენ საქმეს თავს მთარგმნელები?

გერაინტი, რომელიც ბრიტანეთში მთარგმნელობით ჯგუფში მუშაობს, განმარტავს: „ჩვენ ჯგუფურად ვთარგმნით, ამიტომ კარგი თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვეძებთ გამოსავალს, როცა თარგმნის დროს სირთულეები წამოიჭრება. ვმსჯელობთ არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვებზე, არამედ წინადადებებზე; ვცდილობთ, ჩავწვდეთ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას და გავიგოთ, რა აზრი დევს ამა თუ იმ წინადადებაში. ამასთან, არც ის გვრჩება მხედველობიდან, თუ რა კატეგორიის მკითხველისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის სტატია“.

რა არის მთარგმნელების მიზანი?

„მთარგმნელების მიზანია, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს სტატია მის მშობლიურ ენაზე დაიწერა. არ უნდა იგრძნობოდეს, რომ ტექსტი ნათარგმნია, ამიტომ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ბუნებრივი ენა. როცა თარგმანი გასაგები და ბუნებრივია, მკითხველს ადვილად არ ეფანტება ყურადღება და ტექსტს ერთი ამოსუნთქვით კითხულობს“.

რატომაა კარგი, მთარგმნელი მათ შორის ცხოვრობდეს, ვის ენაზეც ლაპარაკობს?

„ადგილობრივებს შორის ცხოვრება იმითაა კარგი, რომ ყოველდღე ვისმენთ სალაპარაკო ენას; ეს კი გვიადვილებს, პუბლიკაციები მათთვის გასაგებ ენაზე ვთარგმნოთ. გარდა ამისა, ვაკვირდებით, რამდენად ბუნებრივი, ადვილად გასაგები, მისაღები და სასიამოვნო წასაკითხია ხალხისთვის ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვები, ტერმინები და გამონათქვამები. ეს ყოველივე ხელს გვიწყობს, სწორად გადმოვცეთ ორიგინალი ტექსტის აზრი“.

როგორ ხდება თარგმნისთვის მომზადება?

„თითოეულ პროექტზე ინიშნება ჯგუფი. თავდაპირველად ჯგუფის წევრები კითხულობენ ინგლისურ ტექსტს, რათა ჩასწვდნენ თემის არსს, განსაზღვრონ, ვინ არის აუდიტორია და რა სტილითაა დაწერილი სტატია. მომზადებისას თითოეული მთარგმნელი აანალიზებს, რა არის სტატიის მთავარი თემა, მიზანი და რის სწავლა შეუძლია მკითხველს. ამ ეტაპების გავლა ეხმარება მათ, მოუხმონ წარმოსახვის უნარს, რაც თარგმნას უადვილებს.

შემდეგ ჯგუფის წევრებს შორის ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რათა დავრწმუნდეთ, ბოლომდე ჩავწვდით თუ არა სტატიის შინაარსს და შევძლებთ თუ არა, შევინარჩუნოთ ისეთივე სტილი, როგორიც ორიგინალშია. ჩვენი მიზანია, ისეთივე ემოცია გამოვიწვიოთ მკითხველში, როგორსაც ორიგინალი ტექსტი გამოიწვევდა ინგლისურენოვან მკითხველში“.

როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ჯგუფის წევრები?

„ჩვენ გვსურს, რომ მკითხველი პირველი წაკითხვისთანავე ჩასწვდეს თემის არსს. ამიტომ ყოველი აბზაცის თარგმნის შემდეგ, რამდენჯერმე ვკითხულობთ მას ხმამაღლა.

მაგალითად, მთარგმნელი კრეფს ტექსტს, რომელსაც ყველანი ჩვენს მონიტორებზე ვადევნებთ თვალს. ამ დროს დანარჩენები ყურადღებით ვართ, რომ თარგმნისას შემთხვევით რომელიმე აზრი არ გამოგვრჩეს ან — არ დავამატოთ. აგრეთვე ყურადღებას ვაქცევთ ტექსტის ბუნებრიობას, გრამატიკულ სიზუსტეს და მართლწერას. შემდეგ ერთ-ერთი ხმამაღლა კითხულობს ნათარგმნ აბზაცს. თუ ის კითხვისას წაიბორძიკებს, ვცდილობთ, დავადგინოთ მიზეზი. მას შემდეგ, რაც დასრულდება სტატიის თარგმნა, ჯგუფის ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს მთლიან სტატიას, სხვები კი ყურადღებით ვართ, რომ რაიმე შეცდომა არ გაიპაროს“.

როგორც ჩანს, საკმაოდ შრომატევადი საქმეა!

„დიახ, ნამდვილად ასეა! დღის ბოლოს ყველანი დაღლილები ვართ, ამიტომ ტექსტს მეორე დილით, დასვენებული გონებით, ვუბრუნდებით. რამდენიმე კვირის შემდეგ სამწერლო განყოფილება გვიგზავნის ინგლისურ ტექსტში შეტანილ ცვლილებებს. ცვლილებების გათვალისწინების შემდეგ კიდევ ერთხელ ვკითხულობთ თითქმის მივიწყებულ ტექსტს“.

რა პროგრამებს იყენებენ მთარგმნელები?

„ვერანაირი კომპიუტერული პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს მთარგმნელის გონებრივ შესაძლებლობებს. თუმცა იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს ისეთი პროგრამები, რომლებიც აჩქარებენ თარგმნის პროცესს. ჩვენ ვსარგებლობთ სხვადასხვა ლექსიკონებით; მაგალითად, გვაქვს ლექსიკონი, სადაც თავმოყრილია ისეთი ფრაზები და ტერმინები, რომელთაც ხშირად ვიყენებთ. აგრეთვე ხელი მიგვიწვდება საძიებო სისტემაზე, სადაც შეტანილია ყველანაირი მასალა, რაც კი ოდესმე თარგმნილა მთარგმნელობითი ჯგუფის მიერ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან შეგიძლია გაიგო, როგორ მოიძებნა ამა თუ იმ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი“.

რას ფიქრობთ თქვენს საქმიანობაზე?

„თარგმნის დროს ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს მკითხველს საჩუქარს ვუკეთებთ, ამიტომ ვცდილობთ, ეს საჩუქარი ლამაზად შევფუთოთ და ისე მივაწოდოთ. ჩვენ მიერ ნათარგმნი ჟურნალები და ვებ-გვერდის სტატიები მკითხველს გულგრილს არ ტოვებს და მათ ცხოვრებას უფრო აზრიანს ხდის, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს“.

საქმე, რომელიც სასიკეთოდ აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს ასობით მილიონი ადამიანი კითხულობს საკუთარ ენაზე, რაც სასიკეთოდ აისახება მათ ცხოვრებაზე. ყველა პუბლიკაცია, იქნება ეს დაბეჭდილი ლიტერატურა, ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ელექტრონული მასალა თუ ვიდეოები, ეფუძნება ბიბლიურ სიბრძნეს. ბიბლიიდან, ამ წმინდა წიგნის ფურცლებიდან ვიგებთ, რომ ღმერთს, რომლის სახელიცაა იეჰოვა, სურს, რომ მის სიბრძნეს ეზიაროს ყოველი ერი, ტომი, ენა და ხალხი (გამოცხადება 14:6). *

^ აბზ. 4 ორიგინალი ტექსტი ინგლისურად მზადდება.

^ აბზ. 25 ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr418.com და გაეცანით იქ განთავსებულ სტატიებსა თუ აუდიო-ვიდეომასალას თქვენს მშობლიურ ენაზე. ეს მასალა აგრეთვე ხელმისაწვდომია ასობით ენაზე.