არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | მართლა ღვთის სიტყვაა ბიბლია?

ბიბლია — უტყუარი წიგნი

ბიბლია — უტყუარი წიგნი

მეცნიერულად ზუსტია

მართალია, ბიბლია არ არის სამეცნიერო სახელმძღვანელო, მაგრამ ზუსტად აღწერს ბუნებაში მიმდინარე პროცესებს. მოდი, ჯერ ვისაუბროთ მეტეოროლოგიურ მოვლენებზე, შემდეგ კი — გენეტიკაზე.

მეტეოროლოგია — წვიმის წარმოშობა

მეტეოროლოგია

ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღმერთს] მაღლა ააქვს წყლის წვეთები და ისინიც წვიმად და ნისლად იცრებიან“ (იობი 36:27, 28).

აქ საუბარია წყლის წრებრუნვაზე. როგორც ამ მუხლიდან ვხედავთ, ღმერთს, რომელიც მზის ენერგიის წყაროა, სწორედ ამ ენერგიის მეშვეობით „მაღლა ააქვს წყლის წვეთები“. მეცნიერული ენით თუ ვიტყვით, წყლის წრებრუნვა სამ ძირითადად ეტაპად მიმდინარეობს: 1) ატმოსფეროში წყალი ორთქლდება; 2) კონდენსაციის შედეგად წარმოიშობა ღრუბლები და 3) წყალი დედამიწაზე ნალექის სახით ბრუნდება. დღემდე მეტეოროლოგები ბოლომდე ვერ ხსნიან ამ ფენომენალურ მოვლენას. ბიბლიაში მართლაც რომ მართებულადაა დასმული კითხვა: „ვინ რას გაუგებს ღრუბლების ფენას?“ (იობი 36:29). მაგრამ ჩვენმა შემოქმედმა კარგად უწყის, როგორ მიმდინარეობს ჰიდროლოგიური ციკლი, ამიტომ ბიბლიის დამწერებს ზუსტად ააწერინა ეს პროცესი, თანაც იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მეცნიერები შეძლებდნენ ამ მოვლენის ახსნას.

გენეტიკა — ადამიანის ჩანასახის განვითარება

გენეტიკა

ბიბლიის დამწერმა, მეფე დავითმა, ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო“ (ფსალმუნი 139:16). დავითი პოეტური ენით აღწერს, რომ ჩანასახი, ასე ვთქვათ, წიგნში წინასწარ ჩაწერილი ინსტრუქციების თანახმად ვითარდება. საოცარია, რომ ეს სიტყვები მან დაახლოებით 3 000 წლის წინათ დაწერა!

საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა არაფერი იცოდნენ გენეტიკის შესახებ. მაგრამ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ავსტრიელმა ბიოლოგმა გრეგორ მენდელმა აღმოაჩინა, თუ როგორ ხდება მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების გადაცემა. უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა მხოლოდ 2003 წლის აპრილში შეძლეს ადამიანის გენომის ბოლომდე გაშიფვრა; გენომი შეიცავს ბიოლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის აგებისთვის. მეცნიერებმა გენეტიკური კოდი შეადარეს ლექსიკონს, რომელშიც უამრავი სიტყვაა თავმოყრილი; ეს სიტყვები ქმნიან გენეტიკურ ინსტრუქციებს, რომლის საფუძველზეც ჩანასახის გარკვეული ნაწილები, მაგალითად ტვინი, გული, ფილტვები თუ კიდურები შესაბამის დროს შესაბამისი თანმიმდევრობით ყალიბდება. მეცნიერებმა გენომს „სიცოცხლის წიგნი“ უწოდეს, რაც მართლაც რომ შესაფერისი სახელია. საინტერესოა, საიდან ჰქონდა ბიბლიის დამწერს, დავითს, ასეთი ზუსტი ცნობები? იგი თავმდაბლურად ამბობს: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ * (2 სამუელი 23:2).

ზუსტად წინასწარმეტყველებს მომავალს

ძალიან ძნელია, ხშირად შეუძლებელიც კი, განსაზღვრო, როდის, როგორ და რამდენ ხანს იქნება აღზევებული ან დაცემული ესა თუ ის იმპერია ან ქალაქ-სახელმწიფო. თუმცა ბიბლიაში დეტალურად იყო ნაწინასწარმეტყველები ზოგიერთი ძლევამოსილი იმპერიის დაცემა. განვიხილოთ ორი მაგალითი.

ბაბილონის დაცემა და გაუკაცრიელება

ბაბილონი უძლეველი იმპერია იყო, რომლის ძალაუფლებაც საუკუნეების მანძილზე მთელ დასავლეთ აზიაზე ვრცელდებოდა. ის ყველაზე დიდი ქალაქი იყო იმდროინდელ მსოფლიოში. მაგრამ მის გაპარტახებამდე 200 წლით ადრე ღვთის შთაგონებით ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონს დაიპყრობდა კიროსი. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ეს ქალაქი სამუდამოდ გაუკაცრიელდებოდა (ესაია 13:17—20; 44:27, 28; 45:1, 2). გამართლდა ესაიას წინასწარმეტყველება?

ისტორია

ძვ. წ. 539 წლის ოქტომბრის ერთ ღამეს კიროს დიდმა დაიპყრო ბაბილონი. დროთა განმავლობაში არხები, რომლითაც ერთ დროს ეს ნაყოფიერი რეგიონი ირწყვებოდა, დაშრა. ახ. წ. 200 წლისთვის ეს ქალაქი უკვე გაუდაბურებული იყო. დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ბიბლიამ მართლაც ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონი მთლიანად გაპარტახდებოდა (იერემია 50:13).

საიდან იცოდა ბიბლიის დამწერმა, თუ რა დაემართებოდა ბაბილონს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეს იყო „ბაბილონის განაჩენი, რომელიც ესაიამ, ამოცის ძემ, იხილა“ (ესაია 13:1).

უდაბნოსავით გახრიოკებული ნინევე

ასურეთის იმპერიის დედაქალაქი ნინევე არქიტექტურულ შედევრად ითვლებოდა. ქალაქს განიერი ქუჩები, დიდი ბაღები, ტაძრები და დიდებული სასახლეები ამშვენებდა. მიუხედავად ამისა, ბიბლიის დამწერმა სოფონიამ იწინასწარმეტყველა, რომ ეს აღორძინებული ქალაქი უდაბნოსავით გახრიოკდებოდა (სოფონია 2:13—15).

ძვ. წ. მე-7 საუკუნეში ნინევე ბაბილონელებმა და მიდიელებმა მიწასთან გაასწორეს. ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, ეს ქალაქი „2 500 წლის მანძილზე დავიწყებას იყო მიცემული“. იყო დრო, როცა ხალხს ეჭვიც კი ეპარებოდა, საერთოდ არსებობდა თუ არა ნინევე. მისი ნანგრევები არქეოლოგებმა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს. დღეს ამ ტერიტორიას სულ უფრო მეტად აჩანაგებენ. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მალე ნინევეს უძველესი ნაშთების კვალი სამუდამოდ წაიშლება.

საიდან იცოდა სოფონიამ, თუ რა დაემართებოდა ნინევეს? როგორც თავად თქვა, მას „იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა“ (სოფონია 1:1).

პასუხობს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე

ბიბლია პასუხს გვცემს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე. ვიმსჯელოთ რამდენიმე მხარეზე.

რატომ მოიცვა მსოფლიო ბოროტებამ და ტანჯვამ?

ბიბლიაში ხშირად ესმება ხაზი, რომ ბოროტებამ ღრმად გაიდგა ფესვი და ადამიანები საშინლად იტანჯებიან. აი რას ვკითხულობთ მასში:

  1. „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

    კორუმპირებული და, ამავდროულად, არაკომპეტენტური მმართველები კიდევ უფრო ამძიმებენ ადამიანთა მდგომარეობას.

  2. „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

    სერიოზული დაავადებებისგან, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა თუ სტიქიური უბედურებებისგან არავინაა დაზღვეული. ასეთი მწარე რეალობის წინაშე შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას აღმოვჩნდეთ.

  3. „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა“ (რომაელები 5:12).

    ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი სრულყოფილები შექმნა; ისინი ტანჯვისა და სიკვდილისთვის არ იყვნენ გაჩენილნი. ცოდვა ქვეყნიერებაში მაშინ „შემოვიდა“, როცა ეს წყვილი განზრახ ეურჩა თავის შემოქმედს.

ბიბლია მხოლოდ ტანჯვის მიზეზზე არ საუბრობს. ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მალე აღმოფხვრის ბოროტებას და „მოსწმენდს მათ [ადამიანებს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

ბიბლიაში ახსნილია, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. ეკლესიასტეს 9:5-ში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“. სიკვდილის შემდეგ „ქრება [ადამიანის] ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4). ასე რომ, სიკვდილის დროს ტვინი, მათ შორის გრძნობის ორგანოები, წყვეტს ფუნქციონირებას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიკვდილის შემდეგ ადამიანის ფიქრები ქრება, იგი არაფერს გრძნობს და არც არაფრის გაკეთება შეუძლია.

თუმცა ბიბლია მხოლოდ მკვდრების მდგომარეობაზე არ საუბრობს. მასში ახსნილია, თუ რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის. დადგება დრო, როცა ისინი სიკვდილის ღრმა ძილისგან გამოიღვიძებენ და სიცოცხლეს დაუბრუნდებიან (ოსია 13:14; იოანე 11:11—14).

რა არის სიცოცხლის აზრი?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი (დაბადება 1:27). ამიტომ პირველ მამაკაცს, ადამს, „ღვთის ძე“ ეწოდა (ლუკა 3:38). ღვთის განზრახვის თანახმად, მას ახლო, მეგობრული ურთიერთობა უნდა განევითარებინა თავის ზეციერ მამასთან, მარადიულად ეცხოვრა და შთამომავლობა გაემრავლებინა. ღმერთმა ადამიანში სულიერი მოთხოვნილებები ანუ მასთან ურთიერთობისა და მისი ახლოს გაცნობის სურვილი ჩადო. ამიტომაცაა ბიბლიაში ნათქვამი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას“ (ლუკა 11:28). ასე რომ, ბიბლია არა მხოლოდ ღმერთს გვაცნობს, არამედ გვეხმარება, დღესვე გვქონდეს გაცილებით აზრიანი და ბედნიერი ცხოვრება, მომავალში კი მარადიული სიცოცხლით დავტკბეთ.

ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გესაუბრებათ

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი არაერთი მტკიცებულების საფუძველზე დარწმუნდა, რომ ბიბლია მხოლოდ უძველესი ლიტერატურული შედევრი კი არა, გაცილებით ღირებული და ძვირფასი წიგნია. მათ დაინახეს, რომ ბიბლიის ავტორი ღმერთია; იგი სწორედ ამ წიგნის საშუალებით ესაუბრება ადამიანებს, მათ შორის თქვენ! ბიბლიის მეშვეობით ღმერთი მოგვიწოდებს, რომ უკეთ გავიცნოთ და დავუახლოვდეთ მას. იაკობის 4:8-ში ნათქვამია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“.

ბიბლიის კვლევის დროს ბევრ ისეთ აზრს ვეცნობით, რაც იმედს გვინერგავს და სიხარულით გვავსებს. როცა რაიმე წიგნს ვკითხულობთ, ავტორის შესახებ გარკვეული წარმოდგენა გვექმნება, ბიბლიის კითხვისას კი გაცილებით მეტს ვიგებთ — მისი ავტორის, ღვთის, აზრებს ვეცნობით. რა ბედნიერებაა, გაიგო, რას ფიქრობს და რას გრძნობს შემოქმედი! მეტიც, ბიბლია გვიმჟღავნებს . . .

გსურთ, მეტი გაიგოთ ღვთის შესახებ? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ისინი უფასოდ შეგასწავლიან ბიბლიას, რაც დაგაახლოებთ ბიბლიის დიდებულ ავტორთან, იეჰოვა ღმერთთან.

ამ სტატიაში მოყვანილია რამდენიმე მტკიცებულება, რაც გვარწმუნებს, რომ ბიბლია მართლაც ღვთივშთაგონებული წიგნია. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-2 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr418.com

აგრეთვე შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.pr418.com უყუროთ ვიდეორგოლს „ვინ არის ბიბლიის ავტორი?“.

იხილეთ პუბლიკაციები > ვიდეოები.

^ აბზ. 10 ბიბლია ღმერთს პირადი სახელით, იეჰოვათი, მოიხსენიებს (ფსალმუნი 83:18).