არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ჩააბით შვილები საოჯახო საქმეებში

ჩააბით შვილები საოჯახო საქმეებში

პრობლემა

ზოგი მშობელი შვილებისგან მოითხოვს, რომ საოჯახო საქმეებში მიიღონ მონაწილეობა და ისინიც უყოყმანოდ ემორჩილებიან. თუმცა ზოგი ბევრს არ ითხოვს შვილებისგან და ბავშვებსაც მეტი რა უნდათ?!

მკვლევრების თქმით, მსგავსი ტენდენცია ბევრ ქვეყანაში შეინიშნება. დღეს ბავშვებს უფრო მეტად მიღება სიამოვნებთ, ვიდრე გაცემა. „ბავშვები ვიდეოთამაშების, ინტერნეტში ძრომიალისა და ტელევიზორის ყურების მეტს არაფერს აკეთებენ, რადგან მშობლებს უყურადღებოდ ჰყავთ დატოვებული და თავის ნებაზე მიშვებული“, — ამბობს ერთი მშობელი, სახელად სტივენი.

თქვენი აზრით, თუ ბავშვს სახლის საქმეებში ჩააბამთ, ეს მხოლოდ საქმეს წაადგება თუ მის პიროვნულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს?

რა უნდა იცოდეთ

ზოგი მშობელი თავს იკავებს შვილების საოჯახო საქმეებში ჩაბმისგან, რადგან, მათი აზრით, სკოლაში ისედაც ბევრ დავალებას აძლევენ და სხვადასხვა პროგრამაში აღებინებენ მონაწილეობას. მაგრამ, რატომაა კარგი შვილების საოჯახო საქმეებში ჩაბმა?

საოჯახო საქმეებში მონაწილეობა ბავშვს პიროვნულად ავითარებს. ის ბავშვები, რომლებსაც სახლში ასაქმებენ, სკოლაში უკეთ სწავლობენ და ეს არც არის გასაკვირი. როცა ბავშვს საოჯახო საქმეებში თავისი წვლილი შეაქვს, ძლიერი ხასიათი უყალიბდება და უფრო თავდაჯერებული და დისციპლინირებული ხდება. სწორედ ეს ეხმარება მას სწავლაში.

საოჯახო საქმეებში მონაწილეობა ბავშვს სხვების მომსახურებას ასწავლის. დაკვირვებებიდან გამოჩნდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში ხშირად ისინი არიან ჩაბმული, ვინც ბავშვობიდან მიაჩვიეს საქმის კეთებას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საოჯახო საქმეებში მონაწილეობის დროს ბავშვები სწავლობენ, სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დააყენონ. ზემოხსენებული სტივენი დასძენს: „როცა ბავშვს არაფერს ავალებენ, ის ფიქრობს, რომ სხვები უნდა მოემსახურონ. მას ჰგონია, რომ ცხოვრება ყველაფერს ლანგრით მიართმევს და წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ სინამდვილეში მძიმედ შრომა და საკუთარ თავზე არაერთი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“.

საქმის ერთად კეთება ოჯახის ერთობას უწყობს ხელს. როცა ბავშვი ოჯახის წევრებთან ერთად შრომობს, ოჯახის სრულფასოვან წევრად გრძნობს თავს და აცნობიერებს, რომ მასაც აკისრია გარკვეული პასუხისმგებლობა მათ წინაშე. მაგრამ ბავშვი პასუხისმგებლობას ვერასდროს იგრძნობს, თუ მშობელი თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვანია, მან სხვადასხვა სასკოლო პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, ვიდრე საოჯახო საქმეებში. დავუშვათ, თქვენი შვილი ფეხბურთზე დადის. ისურვებდით, რომ ის ოჯახის წევრებზე მეტად გუნდის წევრებს დაახლოებოდა?

გამოსავალი

პატარაობიდანვე მიაჩვიეთ საქმის კეთებას. ზოგი თვლის, რომ ბავშვები საოჯახო საქმეებში სამი წლიდან უნდა ჩააბან, სხვები კი ფიქრობენ, რომ ბავშვის დასაქმება ორი წლიდან ან უფრო ადრეული ასაკიდან შეიძლება. ფაქტი ერთია: პატარებს უყვართ მშობლებთან ერთად რაღაცის კეთება და ხშირად ჰბაძავენ მათ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 22:6).

გაითვალისწინეთ ასაკი. დაეხმარეთ ბავშვებს, პატარაობიდანვე განივითარონ კარგი ჩვევები. მაგალითად, სამი წლის ბავშვს შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ სათამაშოები აკრიფოს; თუ იატაკზე რამე დაიღვარა, მოწმინდოს ან გასარეცხი ტანისამოსი ფერების მიხედვით დაახარისხოს. შედარებით უფროსებს შეუძლიათ მტვერსასრუტით გაასუფთაონ ოთახი, გარეცხონ მანქანა ან საჭმელიც კი მოამზადონ. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, რა მონდომებით შეუდგებიან თქვენი შვილები დავალებულ საქმეს.

უმნიშვნელოდ ნუ ჩათვლით საოჯახო საქმეებს. ხშირად ბავშვებს იმდენი საშინაო დავალება აქვთ, რომ აღარ გინდათ, მეტად დატვირთოთ. მაგრამ, თუ შვილს არ ავალებთ საოჯახო საქმეებს მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი ნიშნები მიიღოს, „ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრიორიტეტები არასწორად გაქვთ დადგენილი“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Price of Privilege). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საოჯახო საქმეებში მონაწილეობა ეხმარება ბავშვს, სკოლაში უკეთ ისწავლოს. მეტიც, ეს მომავლისთვის მოამზადებს და, როცა საკუთარი ოჯახი ექნება, უფრო ადვილად გაართმევს თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობებს (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 1:10).

კონცენტრირებული იყავით მიზანზე და არა შედეგზე. თქვენს შვილს საქმის შესასრულებლად შეიძლება იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თქვენ გგონიათ და, თანაც, ვერც ხარისხიანად შეასრულოს. როგორც არ უნდა იყოს, საშუალება მიეცით, თქვენი დახმარების გარეშე მიიყვანოს საქმე ბოლომდე. გახსოვდეთ, თქვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ბავშვმა საქმე დიდი ადამიანივით სრულფასოვნად შეასრულოს, არამედ ის, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა განივითაროს და, ამავე დროს, საქმემ სიამოვნება მიანიჭოს (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 3:22).

ნუ დაჰპირდებით საჩუქრებს. ზოგის აზრით, თუ ბავშვს შესრულებული საქმისთვის ფულით დაასაჩუქრებენ, ეს მას პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოაყალიბებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ასეთი საჩუქრები ბავშვს აზროვნებას უმახინჯებს, თითქოს ოჯახის წევრებისგან სანაცვლოდ ყოველთვის რაღაც უნდა მიიღოს. ასეთი ადამიანები იმასაც შიშობენ, რომ, თუ ბავშვს ფული ექნება, უარს იტყვის ამა თუ იმ საქმის შესრულებაზე და შედეგად, მშობელი თავის მიზანს ვერ მიაღწევს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ბავშვს ფული სხვა დროს მისცეთ და არა საოჯახო საქმის შესრულების შემდეგ.