რაზე მოწმობენ ცოცხალი ორგანიზმები?
ცოცხალ ორგანიზმებს აქვთ ზრდის, მოძრაობისა და გამრავლების უნარი. ისინი საოცრად ალამაზებენ ჩვენს პლანეტას. ადამიანებმა დღეს ბევრად მეტი იციან ცოცხალი ორგანიზმების შესახებ, ვიდრე ოდესმე.რაზე მოწმობს მათი არსებობა? დავფიქრდეთ შემდეგზე:
სიცოცხლე შემოქმედის არსებობაზე მოწმობს. უჯრედი სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტია. უჯრედი შეიძლება ქარხანას შევადაროთ, რომელში მიმდინარე ათასობით ურთულესი პროცესი სიცოცხლის შენარჩუნებასა და გამრავლებას უწყობს ხელს. ასეთ რთულ მექანიზმს სიცოცხლის უმარტივეს ფორმებშიც ვხვდებით. მაგალითისთვის ვიმსჯელოთ ერთუჯრედიან ორგანიზმზე — საფუარზე. მართალია, ადამიანის უჯრედთან შედარებით მას მარტივი აგებულება აქვს, მაგრამ ურთულეს პროცესებს ასრულებს. სხვა უჯრედების მსგავსად, საფუვრის უჯრედის ბირთვშიც მოთავსებულია ᲓᲜᲛ. თითოეულ უჯრედს აქვს უნარი, ქიმიური ნივთიერებები დაშალოს და გარდაქმნას საკვებ ნივთიერებებად. როცა უჯრედს აღარ მიეწოდება საკვები ნივთიერებები, ურთულესი ქიმიური პროცესის შედეგად ის არააქტიურ მდგომარეობაში გადადის. საფუარი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება იყოს დეაქტივირებული, სანამ არ მოხდება მისი აქტივაცია.
უკვე ათწლეულებია, რაც მეცნიერები საფუვრის უჯრედს იკვლევენ, რათა უკეთ შეისწავლონ ადამიანის უჯრედი. თუმცა მათთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი ხელოვნური ინტელექტის დარგში, როს კინგი აღნიშნავს: „საკმარისი ბიოლოგებიც კი არ გვყავს საჭირო ექსპერიმენტების ჩასატარებლად, რათა უკეთესი წარმოდგენა შევიქმნათ თუნდაც საფუვრის უჯრედის ფუნქციონირებაზე“.
რას ფიქრობთ, თავისით შეიქმნა საკმაოდ რთული აგებულების საფუვრის უჯრედი თუ მას შემოქმედის ხელი ატყვია?
სიცოცხლე სიცოცხლისგან წარმოიშობა. ᲓᲜᲛ შედგება მოლეკულებისგან, რომლებსაც ნუკლეოტიდები ეწოდება. ადამიანის თითოეულ უჯრედში 3.2 მილიარდი ნუკლეოტიდია. ნუკლეოტიდების წყვილების იდეალური განლაგება განაპირობებს, რომ უჯრედი ცილებსა და ფერმენტებს წარმოქმნის.
მეცნიერების აზრით, ნუკლეოტიდები შემთხვევითობის შედეგად ტრილიონჯერაც რომ დაჯგუფდნენ, მხოლოდ ერთხელ შეიძლება შექმნან ᲓᲜᲛ. ამის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია, ზემოხსენებული პროცესი თავისით განვითარდეს.
დღემდე არცერთი მეცნიერული კვლევის შედეგად არ დამტკიცებულა, რომ სიცოცხლე შეიძლება სპონტანურად, უსიცოცხლო მატერიისგან გაჩნდეს.
ადამიანის უნიკალური შესაძლებლობები. სხვა არსებებისგან განსხვავებით ადამიანებს გვაქვს სიცოცხლით ტკბობის უნარი: გამოვხატავთ გრძნობებს, ვქმნით ხელოვნების ნიმუშებს და ვაყალიბებთ საზოგადოებას. გვაქვს ყნოსვის, სმენის, გემოს შეგრძნებისა და ფერების აღქმის უნარი. მხოლოდ ადამიანები ვგეგმავთ მომავალს და ვეძებთ სიცოცხლის აზრს.
რას ფიქრობთ, აუცილებელია ასეთი უნიკალური შესაძლებლობები სიცოცხლის შენარჩუნებისა და გამრავლებისთვის? თუ ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლე მოსიყვარულე შემოქმედის საჩუქარია?