არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თუ კარგი სახელი გვექნება, სხვების ნდობასა და პატივისცემას დავიმსახურებთ

„კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია“

„კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია“

ზოგ ქვეყანაში კარგი სახელი ანუ რეპუტაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კანონით არის დაცული. იმ შემთხვევაში, როცა ვინმეს ცილს სწამებენ ან მის შესახებ ჭორს ავრცელებენ (იქნება ეს მედია თუ სხვა საშუალებებით), დაზარალებულს შეუძლია სამართლებრივ ზომებს მიმართოს. ეს ერთ ბიბლიურ გამონათქვამს გვახსენებს: „კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია, კეთილგანწყობის მოპოვება ოქრო-ვერცხლზე უკეთესია“ (იგავები 22:1). როგორ შევიძინოთ კარგი სახელი და როგორ დავიმსახუროთ სხვების პატივისცემა? ბიბლია კარგ რჩევებს გვთავაზობს.

მაგალითად, მე-15 ფსალმუნში ასეთი კითხვაა დასმული: „ვინ გესტუმრება [ღმერთო] კარავში?“. იქვე ფსალმუნმომღერალი პასუხობს: „ვინც . . . სიმართლეს აკეთებს და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში; ცილს არავის სწამებს . . . ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს; ვის თვალშიც ყველა საძულველი კაცი უარყოფილია . . . ვინც არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს . . . და არ იღებს ქრთამს“ (ფსალმუნი 15:1—5). იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობს, ეჭვგარეშეა, პატივისცემის გრძნობით განვიმსჭვალებით.

კიდევ ერთი თვისება, რის გამოც ადამიანები ჩვენ მიმართ პატივისცემით განეწყობიან, თავმდაბლობაა. „თავმდაბლობა წინ უსწრებს დიდებას“, — ნათქვამია იგავების 15:33-ში. თავმდაბალი ადამიანი ხვდება, რაში სჭირდება გამოსწორება და ყველანაირად ცდილობს, შეიცვალოს. ის მზადაა, მოიბოდიშოს, თუ ვინმეს გული ატკინა (იაკობი 3:2). ამაყები კი პირიქით, მალე ნაწყენდებიან. იგავების 16:18-ში ვკითხულობთ: „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმე ცილს გწამებთ და რეპუტაციას გილახავთ? სწორი იქნება, თუ ცხელ გულზე მიიღებთ ზომებს? ჰკითხეთ საკუთარ თავს: თუ ჩემი რეპუტაციის დაცვას შევეცდები, ამით ხელს ხომ არ შევუწყობ, რომ ეს სიცრუე უფრო მეტად გავრცელდეს? მართალია, ზოგჯერ შეიძლება მართებული იყოს, სასამართლოშიც კი აღვძრათ საქმე, მაგრამ ბიბლია ასეთ ბრძნულ რჩევას გვაძლევს: „ნაჩქარევად ნუ წარმართავ სასამართლო საქმეს . . . შენს მოძმესთან განიხილე შენი საქმე“ (იგავები 25:8, 9). * თუ ამ ბიბლიური პრინციპის თანახმად ვიმოქმედებთ და მშვიდად მოვაგვარებთ უთანხმოებას, ზედმეტ ხარჯებსაც ავირიდებთ თავიდან.

ბიბლია მხოლოდ რელიგიური სახელმძღვანელო როდია. ის სანდო ხელმძღვანელობას გვიწევს. ყველა, ვინც ბიბლიურ პრინციპებს ცხოვრებაში იყენებს, ისეთ თვისებებს იძენს, რაც სხვის თვალში ერთიორად ამაღლებს და კარგ სახელს უქმნის.

^ აბზ. 5 სხვა ბიბლიური პრინციპები, რომლებიც უთანხმოების მოგვარებაში გვეხმარება, ჩაწერილია მათეს 5:23, 24-სა და 18:15—17-ში.