არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პოლარული მეთოვლია

პოლარული მეთოვლია

მკვლევრები დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ პოლარული მეთოვლია არქტიკიდან ანტარქტიკამდე მიმოფრენისას დაახლოებით 35 200 კილომეტრს ფარავდა. თუმცა ახლახან ჩატარებული კვლევებიდან გამოჩნდა, რომ ეს ფრინველები გაცილებით დიდ მანძილზე მიფრინავენ.

მეთოვლია ატლანტის ოკეანეს შემოვლითი გზით გადაუფრენს ხოლმე

ამის დასადგენად რამდენიმე ფრინველს მიამაგრეს პაწაწინა ლოკატორები, რომელიც თითქმის იმდენივეს იწონიდა, რამდენსაც ქაღალდის სამაგრი. დადგინდა, რომ ზოგი მეთოვლია მიმოფრენის დროს საშუალოდ 90 000 კილომეტრს ფარავდა. აღსანიშნავია, რომ ეს ფრინველი მიგრაციის დროს სხვა ცხოველებსა თუ ფრინველებს შორის ყველაზე დიდ მანძილს ფარავს. მაგალითად, ერთმა მეთოვლიამ დაახლოებით 96 000 კილომეტრი იფრინა. რატომ არის ეს უახლესი მონაცემები ჩვენთვის საინტერესო?

იმის მიუხედავად, თუ საიდან იწყებს მიგრირებას, პოლარული მეთოვლია შემოვლითი გზით გადაუფრენს ხოლმე ატლანტის ოკეანეს, რომელსაც, როგორც სურათზეა ნაჩვენები, S-ის ფორმა აქვს. ეს ფრინველი შემოვლით გზას იმიტომ ირჩევს, რომ ჭარბი ჰაერის ნაკადს მიჰყვება.

პოლარული მეთოვლია დაახლოებით 30 წელს ცოცხლობს. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში 2,4 მილიონ კილომეტრზე მეტ მანძილს ფარავს. ეს იგივეა, მთვარეზე სამჯერ ან ოთხჯერ გაფრინდე და უკან დაბრუნდე. ერთი მკვლევრის თქმით, ეს ფაქტი გაოცებას განსაკუთრებით იმიტომ იწვევს, რომ პოლარული მეთოვლია, სულ რაღაც, 100 გრამზე ოდნავ მეტს იწონის. რადგანაც ამ ფრინველს ორივე პოლუსზე ზაფხული ხვდება, ის „სხვა ცოცხალ არსებებს შორის დღის სინათლეს ყველაზე ხშირად ხედავს“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (Life on Earth: A Natural History).