არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როცა შვილები სახლს ტოვებენ

როცა შვილები სახლს ტოვებენ

პრობლემა

ხშირად წყვილებს ძალიან უჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ მათი შვილები გაიზარდნენ და სახლიდან წავიდნენ. ამ დროს ცოლ-ქმარმა შეიძლება ერთმანეთისგან გაუცხოებულად იგრძნოს თავი. გარი ნიუმენი, ექსპერტი ოჯახურ საკითხებში, აღნიშნავს: „ბევრი ისეთი წყვილი მოდის ჩემთან რჩევისთვის, რომელთაც არ იციან, როგორ აღადგინონ უწინდებური ურთიერთობა. შვილების სახლიდან წასვლის შემდეგ ისინი ხშირად სალაპარაკო თემასაც ვეღარ პოულობენ“. *

თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხომ არ ხართ? თუ დიახ, იცოდეთ, რომ მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესება შესაძლებელია. თავიდან განვიხილოთ, რატომ შეიძლება გაუცხოვდეს ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან.

მიზეზი

წლების მანძილზე მთავარი საფიქრალი ბავშვები იყვნენ. ბევრი მშობელი ცოლქმრულ ურთიერთობაზე წინ შვილებზე ზრუნვას აყენებს. შედეგად, ისინი იმდენად ითავსებენ დედ-მამის როლს, რომ ცოლქმრული მოვალეობები უკანა პლანზე ინაცვლებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა შვილები იზრდებიან და სახლს ტოვებენ. აი რას ამბობს ერთი 59 წლის ქალი: „როცა ბავშვები ჩვენთან იყვნენ, მე და ჩემს მეუღლეს რაღაცის ერთად გაკეთება მაინც გვიწევდა“. ბავშვების სახლიდან წასვლის შემდეგ მას და მის მეუღლეს ისეთი გრძნობა დაეუფლათ, რომ განსხვავებული შეხედულებები და მისწრაფებები ჰქონდათ. ამ ქალმა ერთხელ თავის ქმარს ასეთი სიტყვებიც კი უთხრა: „საერთო ენას ვეღარ ვპოულობთ და ერთმანეთს ვაღიზიანებთ“.

ზოგი წყვილი მოუმზადებელია ცხოვრების ამ ახალი ეტაპისთვის. ერთ წიგნში ნათქვამია: „ბევრი ამ დროს ისე გრძნობს თავს, თითქოს ახალდაქორწინებულია“ (Empty Nesting). ზოგ წყვილს ისეთი გრძნობა უჩნდება, რომ ცოტა რამ აკავშირებთ ერთმანეთთან, ამიტომ თავ-თავიანთი საქმეებით არიან გართული და ცოლ-ქმარივით კი არა, თანაოთახელებივით ცხოვრობენ.

მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რაღაც იღონოთ და არ გაებათ ამ მახეში. მეტიც, ვინაიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა, შეგიძლიათ ახალ-ახალი საქმეებით დაკავდეთ და გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება. ამ მხრივ ბიბლია საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ.

გამოსავალი

შეეგუეთ ცვლილებებს. ბიბლიაში ნათქვამია: „მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (დაბადება 2:24). თქვენი, როგორც მშობლების, მიზანი იყო, დახმარებოდით შვილს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომლებიც დიდობაში გამოადგებოდა. ამგვარად, თქვენ ის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადეთ. თუ შვილების სახლიდან წასვლას ამ კუთხით უყურებთ, მაშინ უნდა გეამაყებოდეთ კიდეც, რომ მათ უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ (ბიბლიური პრინციპი: მარკოზი 10:7).

რა თქმა უნდა, როგორც მშობელი, არასდროს მოაკლებთ შვილს მზრუნველობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ახლა ის უკვე ცალკე ცხოვრობს და თავად იღებს გადაწყვეტილებებს, თქვენ კი დროდადრო შეგიძლიათ რჩევები მისცეთ. ეს ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში საშუალებას მოგცემთ, შვილებთანაც ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ და, ამავდროულად, ყურადღება ძირითადად მეუღლეს დაუთმოთ * (ბიბლიური პრინციპი: მათე 19:6).

ერთმანეთს გაუზიარეთ გულისნადები. ესაუბრეთ მეუღლეს თქვენს გრძნობებზე და მზად იყავით, რომ მასაც ყურადღებით მოუსმინოთ. ეცადეთ, გამოავლინოთ მოთმინება და გაუგოთ. შესაძლოა დრო დაგჭირდეთ, რომ უწინდებური ურთიერთობა აღადგინოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ღირს ძალისხმევად (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელები 13:4).

ერთად დაისახეთ მიზნები. ისაუბრეთ საერთო ინტერესებზე და იმ მიზნებზე, რომელთა განხორციელებაც ერთად გსურთ. შვილების აღზრდამ თქვენ დიდი გამოცდილება შეგძინათ, რომელიც შეგიძლიათ სხვებს გაუზიაროთ (ბიბლიური პრინციპი: იობი 12:12).

შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. იფიქრეთ, რომელმა თვისებებმა მოგხიბლათ ერთ დროს თქვენს მეუღლეში. ერთად გაიხსენეთ, რა გზა განვლეთ და რა სირთულეები გამოიარეთ. გახსოვდეთ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი შეიძლება თქვენთვის მრავალმხრივ აღმოჩნდეს სასიკეთო. ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ერთობლივი ძალებით განამტკიცოთ თქვენი ქორწინება და განიახლოთ სიყვარული, რომელმაც თავის დროზე დაგაკავშირათ ერთმანეთთან!

^ აბზ. 4 ციტატა აღებულია წიგნიდან Emotional Infidelity.

^ აბზ. 12 მართალია, შეიძლება დღემდე გიწევთ შვილების აღზრდა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე „ერთი ხორცი“ ხართ (მარკოზი 10:8). ბავშვები განსაკუთრებით მაშინ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, როცა ხედავენ, რომ მშობლებს ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.