მთავარი თემა | რატომ უნდა ვიყოთ პატიოსნები?
რატომ ღირს პატიოსნების შენარჩუნება?
„დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).
ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში ზოგ ადგილას „პატიოსნებად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით ნიშნავს არსებითად კარგს. ის აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს იმას, რაც ზნეობრივი თვალსაზრისითაა ლამაზი.
ქრისტიანები სერიოზულად ეკიდებიან ღვთივშთაგონებით პავლე მოციქულის მიერ დაწერილ სიტყვებს: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“. რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
საკუთარ თავთან ბრძოლა
ადამიანთა უმეტესობა სახლიდან გასვლამდე სარკეში იყურება, რადგან სურთ, კარგად გამოიყურებოდნენ. მაგრამ, არსებობს რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მოდური ვარცხნილობა და ტანსაცმელი. სინამდვილეში, ჩვენი შინაგანი პიროვნება ჩვენს გარეგნობას ან უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს, ან პირიქით — აკლებს.
ღვთის სიტყვა დაუფარავად საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი ცუდის კეთებისკენაა მიდრეკილი. დაბადების 8:21-ში ნათქვამია: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“. ამგვარად, პატიოსნება რომ შევინარჩუნოთ, გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ თანდაყოლილ ცოდვილ მიდრეკილებებს. მოციქულმა პავლემ ნათლად აღგვიწერა, როგორ ებრძოდა ცოდვას: „შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომაელები 7:22, 23).
მაგალითად, როდესაც გული ცუდისკენ გვეწევა და უპატიოსნო საქციელისკენ გვიბიძგებს, არ უნდა ავყვეთ გულის კარნახს. ასეთ სიტუაციებშიც კი არჩევანი ჩვენზეა. როდესაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არ დავყვეთ უარყოფით აზრებს, პატიოსნების შენარჩუნებას უპატიოსნო ადამიანების გარემოცვაშიც შევძლებთ.
ბრძოლაში გამარჯვება
პატიოსნების შესანარჩუნებლად მტკიცე ზნეობრივი ნორმები უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, უმეტესობა იმაზე უფრო ბევრს ფიქრობს, რა სტილის ტანსაცმელი ჩაიცვას, ვიდრე იმაზე, რა ფასეულობებით იცხოვროს. შედეგად, ისინი ამართლებენ იმ უპატიოსნო საქციელს, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში მათთვის არის ხელსაყრელი. ერთ წიგნში, რომელიც პატიოსნებას ეხება, ნათქვამია: „რეალურად, რაღაც ზღვრამდე ჩვენ უპატიოსნოდ ვიქცევით, მაგრამ თავი პატიოსნები გვგონია, რადგან ჩვენს საქციელს უპატიოსნობად არ ვთვლით“ (The [Honest] Truth About Dishonesty). საინტერესოა, არსებობს პატიოსნების სტანდარტი, რომელიც დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, რამდენად მისაღებია უპატიოსნობა, ან საერთოდ, მისაღებია კი? საბედნიეროდ, ასეთი სტანდარტი არსებობს.
მთელ მსოფლიოში მილიონებმა აღმოაჩინეს, რომ ბიბლია პატიოსნების სრულყოფილი სტანდარტია. ბიბლია შეუდარებელ ზნეობრივ ნორმებს გვიდგენს (ფსალმუნი 19:7). ის ოჯახთან, სამსახურთან, ზნეობასა და სულიერობასთან დაკავშირებით სანდო ხელმძღვანელობას გვიწევს. ამ წიგნს ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო. მასში ჩაწერილი კანონები და პრინციპები გამოსადეგია ყველა ეროვნების, რასისა თუ ტომის წარმომადგენლისთვის. ბიბლიის ყურადღებით კითხვა, წაკითხულზე დაფიქრება და მასში ჩაწერილი რჩევების ცხოვრებაში გამოყენება, დაგვეხმარება, გულები გამოვიწრთოთ და ყოველთვის პატიოსნად მოვიქცეთ.
და მაინც, უპატიოსნობასთან ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად მხოლოდ ბიბლიის ცოდნა არ კმარა. ბოლოს და ბოლოს, ზნეობრივად გახრწნილ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ზეწოლა იმდენად დიდია, რომ შეიძლება ჩვენთვისაც მისაღები გახდეს დაკნინებული ფასეულობები. სწორედ ამიტომ უნდა ვილოცოთ და ღმერთს დახმარება და მხარდაჭერა ვთხოვოთ (ფილიპელები 4:6, 7, 13). ასეთ შემთხვევაში თამამად დავდგებით სიმართლის მხარეს და ყველაფერში პატიოსნად მოვიქცევით.
პატიოსნება ჯილდოვდება
შესავალ სტატიაში მოხსენიებულმა ჰიტოშიმ პატიოსანი კაცის რეპუტაციით ბევრი მოიგო. დღეს მისი უფროსი ძალიან აფასებს მის პატიოსნებას. ჰიტოში ამბობს: „მიხარია, რომ ვიშოვე სამუშაო, რომელიც ხელს არ მიშლის სუფთა სინდისის შენარჩუნებაში“.
სხვებიც დარწმუნდნენ, რომ პატიოსნება ჯილდოვდება. განვიხილოთ რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომელთაც ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაეხმარა, ყველაფერში პატიოსნად მოქცეულიყვნენ.
-
სუფთა სინდისი
„13 წლისა სკოლიდან გამოვედი, რომ საქმე ქურდებთან დამეჭირა. ჩემი შემოსავლის 95 პროცენტი უპატიოსნო გზით იყო ნაშოვნი. გათხოვების მერე მე და ჩემმა ქმარმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. გავიგეთ, რომ იეჰოვა * ღმერთს სძულს უპატიოსნო საქციელი. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ცხოვრების წესი. 1990 წელს იეჰოვა ღმერთს თავი მივუძღვენით და მოვინათლეთ (იგავები 6:16—19).
ადრე სახლი ნაქურდალი ნივთებით მქონდა სავსე, მაგრამ მათგან აღარაფერი დავიტოვე, რის გამოც სინდისი აღარ მქენჯნის. როდესაც ვიხსენებ, რა უპატიოსნოდ ვიქცეოდი წლების განმავლობაში, გული მადლიერებით მევსება, რომ იეჰოვამ ჩემნაირი ცოდვილი ადამიანი შეიწყალა. ახლა უკვე მშვიდად მძინავს, რადგან ვიცი, რომ იეჰოვა კმაყოფილია ჩემით“ (ჩერი, ირლანდია).
«როცა ჩემმა უფროსმა შეიტყო, რომ კლიენტისგან ქრთამი არ ავიღე, მითხრა: „შენი ღმერთის დამსახურებაა ასეთი პატიოსანი რომ ხარ! ჩვენი კომპანიისთვის შენნაირი თანამშრომელი დიდი მონახვეჭია“. როცა ყოველთვის პატიოსნად ვიქცევი, იეჰოვას წინაშე სუფთა სინდისს ვინარჩუნებ. ასეთი ცხოვრება საშუალებას მაძლევს, რომ პატიოსნების შენარჩუნებაში ჩემს ოჯახსაც დავეხმარო და სხვებსაც» (სონი, ჰონკონგი).
-
შინაგანი სიმშვიდე
„საერთაშორისო ბანკში მაღალი თანამდებობა მიკავია. ამ სფეროში მომუშავენი ხშირად პატიოსნებას გვერდზე დებენ, ოღონდ კი ფული იშოვონ. საზოგადოებაში ასეთი აზრია გავრცელებული: რა პრობლემაა პატარა მაქინაციაზე წასვლა, თუ ეს შენს კეთილდღეობას მოემსახურება?! მაგრამ პირადად მე, როცა პატიოსნად ვიქცევი, შინაგანად მშვიდად ვარ. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პატიოსნება შევინარჩუნო, თუნდაც ამან საქმე გამიფუჭოს. ჩემმა დამსაქმებლებმა იციან, რომ არც მათ მოვატყუებ და არც მათ სასარგებლოდ ვიტყვი ტყუილს“ (ტომი, შეერთებული შტატები).
-
ღირსების გრძნობა
„ერთხელ ჩემმა ზედამხედველმა მითხრა, უფროსისთვის არაფერი მეთქვა დაკარგული ნივთების შესახებ, მაგრამ მე არ დავეთანხმე. ბოლოს, როცა გაიგეს, ვინ მოიპარა ნივთები, უფროსმა მადლობა გადამიხადა პატიოსნებისთვის. პატიოსნად მოქცევა მსოფლიოში, სადაც ყოველ ნაბიჯზე უპატიოსნობას ვხვდებით, დიდ გაბედულებას მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ სხვების პატივისცემასა და ნდობას მოვიპოვებთ“ (კაორი, იაპონია).
სუფთა სინდისი, შინაგანი სიმშვიდე და ღირსების გრძნობა ის ჯილდოა, რაც პატიოსნებას სდევს თან. განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ნამდვილად ღირს პატიოსნების შენარჩუნება?
^ აბზ. 18 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.