არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავაღწიოთ თავი დაუცველობის გრძნობას?

როგორ დავაღწიოთ თავი დაუცველობის გრძნობას?

არავინაა ისე დაუცველი, როგორც თოთო ბავშვი. როცა ქვეყანას მოვევლინეთ, ჩვენი უსაფრთხოება მთლიანად მშობლებზე იყო დამოკიდებული. როცა ფეხი ავიდგით, უცხო ადამიანები გოლიათებივით დაგვყურებდნენ თავზე. მათ შემხედვარეს შიში გვიპყრობდა, მაგრამ როგორც კი დედას ან მამას ჩავჭიდებდით ხელს, შიში უმალვე ქრებოდა.

ბავშვობაში ჩვენი კეთილდღეობა მშობლების მიერ გამოვლენილ სიყვარულსა და სითბოზე იყო დამოკიდებული. როცა გავაცნობიერეთ, რომ მშობლებს ვუყვარდით, უფრო დაცულად ვიგრძენით თავი. როდესაც ისინი კარგი საქციელისთვის გვაქებდნენ, ეს თავდაჯერებულობას გვმატებდა და უკეთესები ვხდებოდით.

გავიდა დრო, წამოვიზარდეთ, შევიძინეთ ახლო მეგობრები, თავს მათ გვერდითაც უსაფრთხოდ ვგრძნობდით, გვიხაროდა მათთან ყოფნა, მათი წყალობით სკოლაშიც დაცულები ვიყავით.

ასეთ ბავშვობას შეიძლება იდეალური ვუწოდოთ. რეალურად, ძალიან ბევრი ბავშვია მოკლებული მშობლების სითბოსა და სიყვარულს და ყველას როდი ჰყავს ნამდვილი მეგობრები. „როდესაც ვხედავ შეხმატკბილებულ ოჯახებს, რომლის წევრებსაც სიამოვნებთ საქმის ერთად კეთება, ჩემთვის ვფიქრობ: რა იქნებოდა, რომ მეც ასეთი ოჯახი მყოლოდა“, — გვიზიარებს მელისა. * შესაძლოა მსგავსი გრძნობები დროდადრო თქვენც გეუფლებათ.

რა სირთულეები ექმნებათ სითბოს მოკლებულ ბავშვებს

შესაძლოა მოზარდობის წლებში თავდაჯერებულობა გაკლდათ. მშობლებისგან სათანადო სიყვარულსა და თანადგომას არ გრძნობდით. შეიძლება ვერ ივიწყებთ, რა გაუთავებლად ჩხუბობდნენ მშობლები, რამაც ისინი განქორწინებამდე მიიყვანა და ამაში საკუთარ თავსაც კი ადანაშაულებთ. ამაზე უარესი კი ის არის, თუ რომელიმე მშობელი ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებდათ.

როგორ იქცევიან ხოლმე ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები? მოზარდობის წლებში ზოგი ნარკოტიკებს ან სასმელს ეტანება, ზოგი მარტოობის გრძნობას რომ გაექცეს, ბანდასთან იჭერს საქმეს. სითბოსა და სიყვარულს მოკლებული ზოგი ახალგაზრდა ამ დანაკლისის ანაზღაურებას რომანტიკული ურთიერთობებით ცდილობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება და განშორება კიდევ უფრო ამძაფრებს დაუცველობის გრძნობას.

მართალია, ყველა შეიძლება არ მიეცეს ასეთ უკიდურესობებს, მაგრამ დაბალი თვითშეფასების გრძნობა თითქმის ყველას უვითარდება. „თავს უღირსად ვგრძნობდი, რადგან დედაჩემი სულ იმას მეუბნებოდა, რომ უვარგისი ვიყავი. მისგან ერთი თბილი და საქებარი სიტყვა არ მახსოვს“, — ამბობს ანა.

დაუცველობის გრძნობა მხოლოდ აღზრდით არ არის განპირობებული. ამის მიზეზი შეიძლება განქორწინება, ასაკთან დაკავშირებული პრობლემები ან გარეგნობაც კი გახდეს. რაც უნდა იყოს მიზეზი, ამან შეიძლება ბედნიერება დაგვაკარგვინოს და ურთიერთობები გაგვიფუჭოს. როგორ დავაღწიოთ თავი ასეთ გრძნობებს?

ღმერთი ზრუნავს თქვენზე

იცოდეთ, რომ მიტოვებული არ ხართ! არსებობს პიროვნება, ვისაც გულით სწადია თქვენი დახმარება და შეუძლია კიდეც. ეს პიროვნება თავად ღმერთია.

აი, რას გვეუბნება ღმერთი წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ესაია 41:10, 13). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთს სურს, „ხელი ჩაგვჭიდოს“! ასე რომ, შიშის მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს.

ბიბლიიდან ვიგებთ იმ ღვთის მსახურთა შესახებ, რომლებიც დათრგუნულები იყვნენ, მაგრამ შვება იეჰოვასთან პოვეს. მაგალითად ხანა, სანამ სამუელი გაუჩნდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში უშვილო იყო, რასაც ძალიან განიცდიდა. ამის გამო მას სასაცილოდ იგდებდნენ. გულდამწუხრებული ხანა ხშირად ტიროდა და საჭმელს არ ჭამდა (1 სამუელი 1:6, 8). მაგრამ მას შემდეგ, რაც ღმერთს ლოცვაში გული გადმოუღვარა, თავს აღარ გრძნობდა დაჩაგრულად (1 სამუელი 1:18).

ფსალმუნმომღერალი დავითიც გრძნობდა დროდადრო თავს დაუცველად. წლების განმავლობაში მეფე საული მოსაკლავად დაეძებდა მის სულს. დავითის სიცოცხლე არაერთხელ ეკიდა ბეწვზე, ამიტომ ზოგჯერ მასაც ეძალებოდა ფიქრები, რომ მეტის ატანას ვეღარ შეძლებდა (ფსალმუნი 55:3—5; 69:1). ყველაფრის მიუხედავად, ის წერდა: „მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან, იეჰოვა, მხოლოდ შენ მაცხოვრებ უსაფრთხოდ“ (ფსალმუნი 4:8).

ხანა და დავითი თავიანთ საწუხარს იეჰოვას ანდობდნენ. ისინი დარწმუნდნენ, რომ ღმერთი მხარში ედგა მათ (ფსალმუნი 55:22). ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსად მოვიქცეთ?

სამი საშუალება, რაც თავს უფრო უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს

1. მიენდეთ იეჰოვას, როგორც მამას

იესო მოგვიწოდებს, გავეცნოთ მის მამას, „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3). მოციქული პავლე გვარწმუნებს, რომ „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). იაკობმა კი დაწერა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

საწუხართან გამკლავებაში ყველაზე მეტად იმის ცოდნა გვეხმარება, რომ გვყავს მოსიყვარულე და მზრუნველი ზეციერი მამა. მართალია, ღვთისადმი ნდობის განვითარებას დრო სჭირდება, მაგრამ მრავალმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რამხელა ძალა აქვს ღმერთზე მინდობას. „როცა იეჰოვაში მზრუნველი მამა დავინახე, დავრწმუნდი, რომ ვიპოვე პიროვნება, ვისთვისაც შემეძლო გული გადამეშალა. ამის შემდეგ დიდი შვება ვიგრძენი!“, — ამბობს კაროლინა.

„იეჰოვა იყო ის ერთადერთი პიროვნება, ვინც სწორედ მაშინ შემიფარა, როდესაც ყველასგან მიტოვებული აღმოვჩნდი, — ამბობს რეიჩელი. — შემეძლო თავისუფლად მესაუბრა მასთან და მეთხოვა, პრობლემებთან გამკლავებაში დამხმარებოდა. მას უპასუხოდ არასდროს დავუტოვებივარ“. *

2. გახდით სულიერი ოჯახის წევრი

იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ერთმანეთს და-ძმებივით მოპყრობოდნენ. „თქვენ ყველანი ძმები ხართ“, — ეუბნებოდა ის მათ (მათე 23:8). იესოს სურდა, რომ მის ჭეშმარიტ მოწაფეებს ჰყვარებოდათ ერთმანეთი და გაერთიანებულიყვნენ, ასე ვთქვათ, ერთ დიდ სულიერ ოჯახად (მათე 12:48—50; იოანე 13:35).

იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე ყველა ცდილობს, ისეთი თბილი და მყუდრო გარემო შექმნას, როგორიც ნამდვილ სულიერ ოჯახს შეშვენის (ებრაელები 10:24, 25). ბევრმა სწორედ ამ სულიერი ოჯახის დახმარებით მოიშუშა ემოციური ჭრილობები და დაიამა ტკივილი.

„კრებაში ერთი ძალიან ახლო მეგობარი მყავდა, რომელსაც ჩემი ტკივილი კარგად ესმოდა, — გვიყვება ევა. — ის ყოველთვის ყურადღებით მისმენდა, მიკითხავდა და ჩემთან ერთად ლოცულობდა. მან დამარწმუნა, რომ მარტო არ ვიყავი. ის დამეხმარა, გავხსნილიყავი და გული გადმომეცალა. მისი დახმარებით თანდათან უფრო დაცულად ვიგრძენი თავი“. რეიჩელი კი ამბობს: „კრებაში ერთი წყვილი ჩემთვის დედ-მამასავით გახდა. მათ მშობლის სითბო და სიყვარული მაგრძნობინეს. მათთან თავს დაცულად ვგრძნობდი“.

3. იყავით კეთილი და მოსიყვარულე

სიყვარული და სიკეთე ხანგრძლივი მეგობრობის საწინდარია. იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). თუ გავითვალისწინებთ იესოს ამ რჩევას, საკუთარ თავზე გამოვცდით, რომ რაც მეტად გამოვავლენთ სხვების მიმართ სიყვარულს, მით მეტად შეგვიყვარებენ. „გაეცით და მოგეცემათ“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს (ლუკა 6:38).

როდესაც ვავლენთ სიყვარულს და სხვებიც იმავეთი გვპასუხობენ, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ. როგორც ბიბლია ამბობს, „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:8). მარია გვიყვება: „ვიცი, რომ ჩემი უარყოფითი წარმოდგენები საკუთარ თავზე არასწორია. თავს რომ მოვერიო, ვცდილობ, სხვებს დავეხმარო და საკუთარ თავზე ნაკლებად ვიფიქრო. სხვებზე ზრუნვა ყოველთვის უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებს“.

მალე ყველა უსაფრთხოდ იცხოვრებს!

რა თქმა უნდა, ის, რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, მარადიულ შვებას ვერ მოგვგვრის, თუმცა ცხოვრებას ნამდვილად შეგვიმსუბუქებს. „დაუცველობის გრძნობა ზოგჯერ კვლავ მომეძალება ხოლმე, მაგრამ დღეს თავს უფრო ღირსეულ ადამიანად ვგრძნობ. ვიცი, რომ ღმერთი ზრუნავს ჩემზე; გარდა ამისა, მყავს ბევრი ახლო მეგობარი, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან“, — ამბობს კაროლინა. რეიჩელსაც მსგავსი გრძნობები ეუფლება. ის გვიზიარებს: „დროდადრო თავს საშინლად მოწყენილად ვგრძნობ, მაგრამ მყავს სულიერი და-ძმები, რომელთაც თავისუფლად ვეკითხები რჩევებს. ისინი მეხმარებიან, რომ დადებითი განწყობა შევინარჩუნო. რაც ყველაზე მთავარია, მყავს ზეციერი მამა, რომელსაც ყოველდღე ვუღვრი გულს. სწორედ ამის წყალობით ვინარჩუნებ წონასწორობას“.

ბიბლია საუბრობს ახალ ქვეყნიერებაზე, სადაც ადამიანების უსაფრთხოება მარადიულად გასტანს

ბიბლია საუბრობს ახალ ქვეყნიერებაზე, სადაც ადამიანების უსაფრთხოება მარადიულად გასტანს. იქ არავინ იგრძნობს თავს დაუცველად. ღვთის სიტყვა გვპირდება: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4). იმ დროს ვერავინ შეგვიქმნის საფრთხეს და ვერც ვერავინ მოგვაყენებს ზიანს. იქ აღარავინ გაიხსენებს მტკივნეულ წარსულს (ესაია 65:17, 25). ღმერთი და იესო ქრისტე დედამიწაზე „ჭეშმარიტ სიმართლეს“ აღადგენენ, რისი ნაყოფიც „სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება“! (ესაია 32:17).

^ აბზ. 5 სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 21 იეჰოვას მოწმეები ბიბლიის უფასო შესწავლას სთავაზობენ მათ, ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს.