სასწავლო სტატია 27
დღესვე მოემზადეთ დევნისთვის!
„ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12).
სიმღერა 129 ბოლომდე მოვითმენთ
მოკლე შინაარსი *
1. რატომ უნდა მოვემზადოთ დევნისთვის?
სიკვდილის წინა საღამოს იესომ თქვა, რომ ყველა, ვინც მისი მოწაფე გახდებოდა, ხალხისგან მოძულებული იქნებოდა (იოან. 17:14). იმ დღიდან მოყოლებული იეჰოვას ერთგული მსახურები მოწინააღმდეგეების მხრიდან არაერთხელ გამხდარან დევნის ობიექტები (2 ტიმ. 3:12). ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად მოველით, რომ მტრები უფრო გააძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას (მათ. 24:9).
2, 3. ა) რა არის სატანის იარაღი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 როგორ უნდა მოვემზადოთ დევნისთვის? არ არის აუცილებელი, ყველაფერი წარმოვიდგინოთ, რაც შეიძლება დევნის დროს შეგვემთხვეს, რადგან ეს შიშისა და წუხილის მეტს არაფერს მოგვიტანს. თუ წარმოსახვას გასაქანს მივცემთ, შეიძლება რეალური საფრთხის დადგომამდეც კი დავყაროთ ფარ-ხმალი (იგავ. 12:25; 17:22). შიში ჩვენი „მოწინააღმდეგის, ეშმაკის“ მძლავრი იარაღია, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებს (1 პეტ. 5:8, 9). რა უნდა გავაკეთოთ, რომ მედგრად დავხვდეთ მომავალ დევნას?
3 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ განვიმტკიცოთ იეჰოვასთან ურთიერთობა და რატომ არის ამის გაკეთება დღესვე მნიშვნელოვანი. აგრეთვე გავიგებთ, რის გაკეთება გვმართებს, რომ უფრო გაბედულები გავხდეთ. ბოლოს კი ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მოწინააღმდეგეების მხრიდან სიძულვილს.
როგორ უნდა განიმტკიცოთ იეჰოვასთან ურთიერთობა
4. ებრაელების 13:5, 6-დან გამომდინარე, რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
4 გჯეროდეთ, რომ იეჰოვას უყვარხართ და არასოდეს მიგატოვებთ (წაიკითხეთ ებრაელების 13:5, 6). წლების წინ „საგუშაგო კოშკის“ ერთ ნომერში აღნიშნული იყო: „ის, ვინც ღმერთს კარგად იცნობს, ბოლომდე მიენდობა მას დევნის დროს“. ეს მართლაც ასეა! დევნამ ერთგულება რომ არ დაგვათმობინოს, იეჰოვა უნდა შევიყვაროთ, სრულად მივენდოთ მას და არასდროს დავეჭვდეთ მის სიყვარულში (მათ. 22:36—38; იაკ. 5:11).
5. რა დაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ იეჰოვას სიყვარული?
5 ყოველდღე იკითხეთ ბიბლია იმ მიზნით, რომ დაუახლოვდეთ იეჰოვას (იაკ. 4:8). ბიბლიის კითხვის დროს დაფიქრდით იეჰოვას მიმზიდველ თვისებებზე. შეეცადეთ, მის სიტყვებსა თუ საქმეებში თქვენდამი უდიდესი სიყვარული დაინახოთ (გამ. 34:6). ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთს უყვარს ის, რადგან სხვების მხრიდან სიყვარული არასდროს უგრძნია. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, შეეცადეთ, ყოველდღე ჩამოწეროთ, როგორ გამოავლინა იეჰოვამ თქვენ მიმართ სიკეთე და გულმოწყალება (ფსალმ. 78:38, 39; რომ. 8:32). საკუთარ მაგალითსა თუ ბიბლიურ მონაკვეთებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, უფრო ნათლად დაინახოთ იეჰოვას ხელი თქვენს ცხოვრებაში. თუ მადლიერი იქნებით ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს, უფრო მეტად დაუახლოვდებით მას (ფსალმ. 116:1, 2).
6. ფსალმუნის 94:17—19-ის თანახმად, რაში დაგეხმარებათ გულწრფელი ლოცვები?
6 გამუდმებით ილოცეთ. წარმოიდგინეთ პატარა ბიჭუნა, რომელიც მამას გულში ჰყავს ჩაკრული. ის იმდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს მამის მკლავებში, რომ თავისუფლად უყვება განვლილი დღის კარგ და ცუდ ამბებს. თქვენც იგრძნობთ იეჰოვასთან ასეთ სიახლოვეს, თუ ყოველდღე გულს გადაუშლით მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:17—19). ლოცვის დროს „წყალივით . . . [გადმოუღვარეთ] გული“ იეჰოვას. გაუმხილეთ მოსიყვარულე მამას თქვენი შიშისა და წუხილის მიზეზი (გოდ. 2:19). შედეგად, თქვენც იგრძნობთ ღვთის მშვიდობას, „რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). რაც უფრო ხშირად გაუზიარებთ იეჰოვას თქვენს გრძნობებს, მით უფრო ახლოს იგრძნობთ მასთან თავს (რომ. 8:38, 39).
7. რატომ უნდა გჯეროდეთ, რომ ღვთის სამეფო იეჰოვას ყველა დაპირებას შეასრულებს?
7 გჯეროდეთ, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ყველა დაპირება შესრულდება (რიცხ. 23:19). თუ ბოლომდე არ ხართ ამაში დარწმუნებული, სატანა და მისი მხარდამჭერები ადვილად შეძლებენ თქვენს დაშინებას (იგავ. 24:10; ებრ. 2:15). როგორ შეგიძლიათ დღესვე გაიძლიეროთ რწმენა ღვთის სამეფოს მიმართ? პირადი შესწავლის დროს გამოიკვლიეთ, რას გვპირდება ღმერთი სამეფოს მეშვეობით და რა გარწმუნებთ, რომ ეს დაპირებები რეალობად იქცევა. რატომ არის კარგი ასეთი გამოკვლევა? დავფიქრდეთ სტენლი ჯოუნზის მაგალითზე, რომელიც რწმენის გამო შვიდი წელი იხდიდა სასჯელს. * რა დაეხმარა მას ერთგულების შენარჩუნებაში? მან თქვა: „ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ყველა დაპირება შესრულდებოდა. ეს რწმენას მიძლიერებდა. ამიტომ ვერავინ მაიძულებდა იეჰოვას მიტოვებას“. იეჰოვას დაპირებების მიმართ ძლიერი რწმენა უფრო დაგაახლოებთ მასთან და შიში ვერ დაგჯაბნით (იგავ. 3:25, 26).
8. რისი მაჩვენებელია შეხვედრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება? ახსენით.
8 რეგულარულად დაესწარით ქრისტიანულ შეხვედრებს. კრებაზე დასწრება იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარება. შეხვედრებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად კარგად გავუმკლავდებით მომავალში დევნას (ებრ. 10:24, 25). რატომ ვამბობთ ამას? თუ დღეს კრებას პატარ-პატარა მიზეზების გამო ვაცდენთ, როგორ მოვიქცევით მაშინ, როცა შეხვედრებზე დასასწრებად რისკზე წასვლა მოგვიწევს? მეორე მხრივ, თუ მტკიცედ გვექნება გადაწყვეტილი, რომ არ გავაცდინოთ კრების შეხვედრები, მოწინააღმდეგეები უარს ვერ გვათქმევინებენ ერთად შეკრებაზე. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ შევიყვაროთ ქრისტიანული შეხვედრები. ასეთ შემთხვევაში ვერანაირი წინააღმდეგობა, მთავრობის მხრიდან აკრძალვაც კი, ვერ გვაიძულებს, რომ ღმერთზე მეტად ადამიანებს დავემორჩილოთ (საქ. 5:29).
9. როგორ მოგვამზადებს მუხლების დაზეპირება დევნისთვის?
9 დაიზეპირეთ საყვარელი ბიბლიური მუხლები (მათ. 13:52). მართალია, სრულყოფილი მეხსიერება არ გვაქვს, მაგრამ იეჰოვას წმინდა სულს შეუძლია დამახსოვრებული ბიბლიური მუხლები გაგვახსენოს (იოან. 14:26). ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა ერთმა ძმამ, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში სამარტოო საკანში იჯდა: „მიხაროდა, რომ ასობით ბიბლიური მუხლი ვიცოდი ზეპირად. მარტოობის გრძნობას ბიბლიურ თემებზე ფიქრით ვიქარვებდი“. დამახსოვრებული ბიბლიური მუხლები დაეხმარა მას, რომ იეჰოვასთან სიახლოვე შეენარჩუნებინა და ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო.
10. რატომ უნდა დავიზეპიროთ იეჰოვას განმადიდებელი სიმღერები?
10 დაიზეპირეთ იეჰოვას განმადიდებელი სიმღერები. ფილიპეში პატიმრობის დროს პავლე და სილა ღმერთს სადიდებლებს უმღეროდნენ, რომლებიც ზეპირად იცოდნენ (საქ. 16:25). მსგავსად იმხნევებდნენ თავს ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები და-ძმებიც, რომლებიც ციმბირში გადაასახლეს. მარია ფედუნი იხსენებს: „ყველა სიმღერას ვმღეროდით, რაც კი სიმღერების წიგნიდან გვახსოვდა“. როგორც მარია ამბობს, ეს სიმღერები ყველას ამხნევებდა და იეჰოვასთან სიახლოვეს აგრძნობინებდა. თქვენც გმატებთ ძალას საყვარელი სიმღერების მღერა, რომლებიც განადიდებს იეჰოვას? თუ ასეა, შეეცადეთ, ზეპირად ისწავლოთ ამ სიმღერების ტექსტები (იხილეთ ჩარჩო „გაბედული გამხადე“).
რა შეგვმატებს გაბედულებას
11, 12. ა) პირველი სამუელის 17:37, 45—47-ის თანახმად, რატომ იყო დავითი გაბედული? ბ) რას ვსწავლობთ დავითის შემთხვევიდან?
11 დევნის დროს გაბედულება დაგჭირდებათ. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ გრძნობთ, რომ ეს თვისება გაკლიათ? გახსოვდეთ, რომ ნამდვილი გაბედულება ადამიანის აღნაგობაზე, ძალასა თუ უნარზე არ არის დამოკიდებული. განვიხილოთ ახალგაზრდა დავითის შემთხვევა, რომელიც გოლიათს დაუპირისპირდა. მასთან შედარებით დავითი პატარა, სუსტი და თითქმის შეუიარაღებელი იყო; მას მახვილიც კი არ ჰქონდა. თუმცა იმდენად მამაცი იყო, რომ უშიშრად შეება ამ ქედმაღალ გოლიათს.
12 რატომ იყო დავითი ასეთი გაბედული? მას მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვა უჭერდა მხარს (წაიკითხეთ 1 სამუელის 17:37, 45—47). დავითი გოლიათს საკუთარ თავს კი არ ადარებდა, არამედ იმაზე ფიქრობდა, რამდენად პატარა იყო ის იეჰოვასთან შედარებით. ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? გაბედულებას გამოვავლენთ, თუ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ იეჰოვა ჩვენთან არის და ჩვენი მოწინააღმდეგეები ყოვლისშემძლე ღმერთთან შედარებით უსუსურები არიან (2 მატ. 20:15; ფსალმ. 16:8). როგორ შეგვიძლია დღესვე — დევნის დაწყებამდე — განვივითაროთ გაბედულება?
13. როგორ შეგვიძლია გაბედულების განვითარება? ახსენით.
13 ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დღესვე დაგვეხმარება გაბედულების განვითარებაში. ქადაგება იეჰოვასადმი ნდობას და კაცთმოშიშების დაძლევას გვასწავლის (იგავ. 29:25). როგორც ვარჯიში გვაძლიერებს ფიზიკურად, ისე კარდაკარ, სახალხოდ, არაფორმალურად და საქმიან უბნებზე ქადაგება გვმატებს გაბედულებას. თუ დღესვე გაბედულად ვიქადაგებთ, არც აკრძალვის დროს შევწყვეტთ ამ საქმის კეთებას (1 თეს. 2:1, 2).
14, 15. რის სწავლა შეგვიძლია ნენსი იუენისა და ვალენტინა გარნოვსკაიასგან?
14 ბევრ რამეს ვსწავლობთ ორი ერთგული დის მაგალითიდან, რომლებმაც საოცარი სიმამაცე გამოიჩინეს. ნენსი იუენი სიმაღლით სულ რაღაც მეტრ-ნახევარი იყო, მაგრამ მისი დაშინება იოლი საქმე ნამდვილად არ იყო. * მას არ შეუწყვეტია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება, რის გამოც ჩინეთის ციხეში 20 წელზე მეტხანს იხდიდა სასჯელს. მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ნენსი დაკითხეს, თქვეს, რომ მასზე ჯიუტი ადამიანი აქამდე არ ენახათ.
15 მსგავსი რამ შეემთხვა ვალენტინა გარნოვსკაიას, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს სამჯერ დააპატიმრეს. მან მთლიანობაში 21 წელი გაატარა ციხეში. * ვალენტინას იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არ შეეწყვიტა ქადაგება, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა მას „განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი“ უწოდეს. რამ შემატა ამ ერთგულ დებს გაბედულება? ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ იეჰოვა იყო მათთან.
16. რის ცოდნა გვმატებს ნამდვილ გაბედულებას?
16 როგორც ზემოთ განვიხილეთ, გაბედულების განსავითარებლად საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებზე არ უნდა ვიყოთ დაიმედებული. ნაცვლად ამისა, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვაა ჩვენთან და ის იბრძვის ჩვენთვის (კან. 1:29, 30; ზაქ. 4:6). სწორედ ამის ცოდნა გვმატებს ნამდვილ გაბედულებას.
როგორ გავუმკლავდეთ სხვების მხრიდან სიძულვილს
17, 18. იოანეს 15:18—21-ის თანახმად, რის შესახებ გაგვაფრთხილა იესომ? ახსენით.
17 პატივისცემით მოპყრობა ყველას გვსიამოვნებს, თუმცა სხვების მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო არ უნდა დავასკვნათ, რომ უღირსები ვართ. იესომ თქვა: „ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ, თავიდან გიშორებენ, გლანძღავენ და თქვენს სახელს ბოროტად მიიჩნევენ კაცის ძის გამო“ (ლუკ. 6:22). რას გულისხმობდა იესო?
18 იესოს არ უგულისხმია, რომ სხვების მხრიდან სიძულვილი ქრისტიანებს ბედნიერებას მიანიჭებდა. მან უბრალოდ რეალობა დაგვანახვა. ქვეყნიერებას იმიტომ ვძულვართ, რომ არა ვართ მისი ნაწილი, ვცხოვრობთ იესოს სწავლებების თანახმად და ვქადაგებთ ცნობას, რომელსაც ის ქადაგებდა (წაიკითხეთ იოანეს 15:18—21). ჩვენ გვინდა, იეჰოვას ვასიამოვნოთ. რა ჩვენი ბრალია, თუ ხალხს იმიტომ ვძულვართ, რომ ზეციერი მამა გვიყვარს?!
19. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მოციქულებს?
მიქ. 4:5). კაცთმოშიშების დაძლევაში იმაზე დაფიქრება დაგვეხმარება, თუ როგორ მოიქცნენ მოციქულები იერუსალიმში იესოს სიკვდილიდან მალევე. მათ იცოდნენ, რაოდენ სძულდათ ისინი იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს (საქ. 5:17, 18, 27, 28). მიუხედავად ამისა, მოციქულები ყოველდღე მიდიოდნენ ტაძარში და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ იესოს მოწაფეები იყვნენ (საქ. 5:42). ისინი შიშმა ვერ დაჯაბნა. კაცთმოშიშებას ადვილად დავძლევთ, თუ სამსახურში, სკოლასა თუ სამეზობლოში არ შეგვრცხვება იმის აღიარების, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ (საქ. 4:29; რომ. 1:16).
19 ნუ მიანიჭებთ ხალხის სიტყვებსა თუ საქმეებს დიდ მნიშვნელობას და ნუ შეგრცხვებათ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ (20. რატომ იყვნენ მოციქულები ბედნიერები სიძულვილის მიუხედავად?
20 რატომ იყვნენ მოციქულები ბედნიერები? მათ იცოდნენ, რატომ ავლენდა ხალხი მათ მიმართ სიძულვილს. გარდა ამისა, ისინი იეჰოვას ნების შესრულების გამო შეურაცხყოფას დიდ პატივად მიიჩნევდნენ (ლუკ. 6:23; საქ. 5:41). მოგვიანებით მოციქული პეტრე წერდა: „რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით“ (1 პეტ. 2:19—21; 3:14). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ღვთის ნების შესრულების გამო ვძულვართ ადამიანებს, მათი მტრული დამოკიდებულება ხელ-ფეხს ვერასდროს შეგვიბოჭავს.
წინასწარ მომზადება დიდ დახმარებას გაგვიწევს
21, 22. ა) როგორ აპირებთ დევნისთვის მომზადებას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 ჩვენ არ ვიცით, როდის აგორდება დევნის დიდი ტალღა ან როდის აკრძალავენ მთავრობები ჩვენს საქმიანობას. თუმცა ერთი რამ კარგად გვესმის: შეგვიძლია ახლავე მოვემზადოთ ამ დღისთვის, რაშიც იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცება, გაბედულების განვითარება და კაცთმოშიშების დაძლევა დაგვეხმარება. თუ დღესვე მოვემზადებით, მომავალ განსაცდელებს მტკიცედ და გაბედულად შევხვდებით.
22 მაგრამ რა უნდა ვიღონოთ, თუ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია? მომდევნო სტატიაში განხილული ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება, რომ აკრძალვის დროსაც არ შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება.
სიმღერა 118 „რწმენა განგვიმტკიცე“
^ აბზ. 5 ცხადია, არავის გვსურს, რომ ვინმეს ვძულდეთ. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა გავხდებით დევნის ობიექტი. ეს სტატია მოგვამზადებს, გაბედულად შევხვდეთ ამ პერიოდს.
^ აბზ. 7 იხილეთ 1965 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 756—767 [ინგლ.].
^ აბზ. 14 იხილეთ 1979 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 4—7 [ინგლ.]. აგრეთვე JW მაუწყებლობაზე® იხილეთ ვიდეო „იეჰოვას სახელი გაცხადდება“ (ინტერვიუები და შემთხვევები).
^ აბზ. 15 იხილეთ 2008 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვერდები 191, 192.