არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

იეჰოვას კურთხევებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა

იეჰოვას კურთხევებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა

მესმოდა, რომ პიონერად უნდა მემსახურა. მაგრამ მაფიქრებდა, მართლა მომანიჭებდა თუ არა ეს მსახურება სიამოვნებას. ძალიან მომწონდა ჩემი სამსახური გერმანიაში, საიდანაც საკვების ექსპორტს ვეწეოდით აფრიკის ეგზოტიკურ ქვეყნებში, მაგალითად დარ-ეს-სალამში, ელიზაბეტვილსა და ასმერაში. რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს აფრიკის ამ და სხვა ქვეყნებში სრული დროით ვიმსახურებდი!

როცა საბოლოოდ ეჭვები დავძლიე და პიონერად მსახურება დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში მომხდარმა დადებითმა ცვლილებებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა (ეფეს. 3:20). გაინტერესებთ, რა მოხდა? ნება მიბოძეთ, დაწვრილებით გიამბოთ ყველაფერი.

დავიბადე ბერლინში (გერმანია) 1939 წელს, II მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში. 1945 წელს, როცა ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ბერლინს ინტენსიურად ბომბავდნენ. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ჩვენი ქუჩაც დაბომბეს, ამიტომ მე და ჩემმა ოჯახმა ბომბსაფარს შევაფარეთ თავი. უსაფრთხოების მიზნით მოგვიანებით დედაჩემის მშობლიურ ქალაქ ერფურტში გადავედით საცხოვრებლად.

ჩემს მშობლებთან და დასთან ერთად (გერმანია, დაახლ. 1950 წელი)

დედა მთელი გულით ეძებდა ჭეშმარიტებას. ის ფილოსოფიურ ნაშრომებს კითხულობდა და სხვადასხვა რელიგიას იკვლევდა, თუმცა უშედეგოდ. დაახლოებით 1948 წელს ორი იეჰოვას მოწმე მოვიდა ჩვენთან. დედაჩემმა სახლში შემოიპატიჟა ისინი და კითხვას კითხვაზე უსვამდა. დაახლოებით ერთ საათში მე და ჩემს უმცროს დას დედამ გვითხრა: „ჭეშმარიტება ვიპოვე!“. ამის შემდეგ მალევე მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ ერფურტში კრების შეხვედრებზე დავიწყეთ დასწრება.

1950 წელს მთელი ოჯახი ბერლინში დავბრუნდით, სადაც ბერლინ-კროიცბერგის კრებაში დავიწყეთ სიარული. საცხოვრებლის შეცვლის შემდეგ ბერლინ-ტემპელჰოფის კრებაში გადავედით. რაღაც დროის შემდეგ დედა მოინათლა, მაგრამ მე არ ვჩქარობდი ამ ნაბიჯის გადადგმას. ალბათ გაინტერესებთ, რატომ.

სიმორცხვის დაძლევა

სულიერად ნელა მივიწევდი წინ, რადგან ძალიან მორცხვი ვიყავი. მართალია, მსახურებაში მივყვებოდი სხვებს, მაგრამ ორი წლის მანძილზე პირადად არავისთვის მიქადაგია. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც გავიცანი და-ძმები, რომლებმაც დიდი გაბედულება და იეჰოვასადმი ერთგულება გამოიჩინეს. ზოგი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში იხდიდა სასჯელს, ზოგი კი — აღმოსავლეთ გერმანიის ციხეებში. სხვები თავს საფრთხეში იგდებდნენ, რომ ლიტერატურა აღმოსავლეთ გერმანიაში გადაეტანათ. მათმა შემთხვევებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ დასკვნამდე მივედი, რომ, თუ ისინი საკუთარ სიცოცხლესა და თავისუფლებას იეჰოვასა და და-ძმების გამო საფრთხეში იგდებდნენ, მეც ყველანაირად უნდა მეცადა სიმორცხვის დაძლევა.

1955 წელს სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობა დამეხმარა, ნელ-ნელა დამეძლია სიმორცხვე. ძმა ნეითან ნორის წერილში, რომელიც „ინფორმატორში“ * დაიბეჭდა, აღნიშნული იყო, რომ ასეთი მასშტაბის კამპანიისთვის ორგანიზება არასდროს გაწეულა. მისი სიტყვების თანახმად, თუ ყველა მაუწყებელი მიიღებდა სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობას, ეს თვე განსაკუთრებული იქნებოდა. ეს ასეც მოხდა! ამის შემდეგ გადავწყვიტე, თავი მიმეძღვნა იეჰოვასთვის და 1956 წელს მამაჩემთან და ჩემს დასთან ერთად მოვინათლე. თუმცა მალევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დავდექი.

ვიცოდი, რომ პიონერობა უნდა დამეწყო, მაგრამ წლების მანძილზე ფეხს ვითრევდი. თავიდან გადავწყვიტე, ბერლინში საბითუმო და იმპორტ-ექსპორტის საერთაშორისო ვაჭრობა შემესწავლა. ამის შემდეგ მინდოდა, ცოტა ხნით ჩემი პროფესიით მემუშავა და გამოცდილება შემეძინა. ამიტომ 1961 წელს ჰამბურგში, გერმანიის უდიდეს საპორტო ქალაქში დავიწყე მუშაობა. რაც უფრო მეტს ვმუშაობდი, მით მეტად მინელდებოდა სრული დროით მსახურების სურვილი.

ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მოსიყვარულე ძმების მეშვეობით სულიერი მიზნების დასახვაში დამეხმარა. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა პიონერად მსახურება დაიწყო და ამით კარგი მაგალითი მომცა. გარდა ამისა, ძმა ერიხ მუნდტმა, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა, წამახალისა, იეჰოვას მივნდობოდი. მან მითხრა, რომ ის ძმები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში საკუთარ თავზე იყვნენ დაიმედებულნი, სულიერად დასუსტდნენ. მათ კი, ვინც ბოლომდე ენდობოდა იეჰოვას, ერთგულება შეინარჩუნეს და ღვთის საქმეში ბევრი რამ გააკეთეს.

დავიწყე პიონერული მსახურება (1963 წელი)

ძმა მარტინ პოეტზინგერიც, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, შემდეგი სიტყვებით ამხნევებდა და-ძმებს: „სიმამაცე ყველაზე ძვირფასი თვისებაა, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს“. ამ სიტყვებზე დაფიქრების შემდეგ სამსახური მივატოვე და 1963 წლის ივნისში პიონერად მსახურება დავიწყე. ამაზე კარგ გადაწყვეტილებას ვერასდროს მივიღებდი! ორი თვის შემდეგ, სანამ ახალი სამსახურის ძებნას შევუდგებოდი, სპეციალურ პიონერად მსახურება შემომთავაზეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი იეჰოვამ ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა — სკოლა „გალაადის“ 44-ე კლასში მიმიწვიეს!

„გალაადში“ ფასდაუდებელი რამ ვისწავლე

„მალევე ნუ იტყვით უარს თქვენს დავალებაზე“. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ძმა ნეითან ნორისა და ლაიმან სვინგლისგან ვისწავლე. მათ მოგვიწოდეს, რომ ჩვენი დავალება სირთულეების დროსაც არ მიგვეტოვებინა. ძმა ნორმა გვითხრა: „რაზე გადაიტანთ ყურადღებას — სიბინძურეზე, ბაღლინჯოებსა და სიღარიბეზე თუ ხეებზე, ყვავილებსა და ბედნიერ სახეებზე? ისწავლეთ ხალხის სიყვარული!“. ერთ დღესაც, როცა ძმა სვინგლი გვიხსნიდა, რატომ ჩაიქნია მალევე ზოგმა ძმამ ხელი მსახურებაზე, ემოციებისგან თვალზე ცრემლი მოადგა. სანამ არ დამშვიდდა, საუბარი ვერ განაგრძო. ამან იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, არასდროს გამეცრუებინა იმედი არც ქრისტესთვის და არც მისი ერთგული ძმებისთვის (მათ. 25:40).

მე, კლოდი და ჰაინრიხი ლუბუმბაშიში მისიონერული მსახურების დროს (კონგო, 1967 წელი)

დავალების მიღების შემდეგ რამდენიმე ბეთელელმა გვკითხა, რომელ ქვეყნებში გავაგრძელებდით მსახურებას. სხვების პასუხებზე მათ დადებითი რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ, როცა ვუთხარი, რომ კონგოში (კინშასა) უნდა მემსახურა, ჯერ გაჩუმდნენ, შემდეგ კი მითხრეს: „კონგო?! იეჰოვა იყოს შენთან!“. იმ პერიოდში ახალი ამბებიდან ვიგებდით, რომ კონგოში ომი მძვინვარებდა და ხალხი ერთმანეთს ხოცავდა. თუმცა არ მავიწყდებოდა „გალაადში“ ნასწავლი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. 1967 წლის სექტემბერში, „გალაადის“ დამთავრებიდან მალევე, მე, ჰაინრიხ დენბოსტელი და კლოდ ლინდსი კონგოს დედაქალაქ კინშასაში გავემგზავრეთ.

მისიონერობის დროს ნასწავლი გაკვეთილი

კინშასაში სამი თვის მანძილზე ფრანგულს ვსწავლობდით. შემდეგ გადავფრინდით ლუბუმბაშიში (ყოფილი ელიზაბეტვილი), რომელიც კონგოს შორეულ სამხრეთში, ზამბიის საზღვართან მდებარეობდა. დავბინავდით ქალაქის ცენტრში არსებულ მისიონერთა სახლში.

ვინაიდან ლუბუმბაშიში ბევრი დაუმუშავებელი ტერიტორია იყო, გვიხაროდა, რომ პირველები ვიყავით, ვისგანაც ადგილობრივები ჭეშმარიტებას ისმენდნენ. მალე იმდენი ბიბლიის შესწავლა გვქონდა, რომ ვეღარ ავუდიოდით. ჩვენ აგრეთვე ვუქადაგეთ მთავრობის წარმომადგენლებს და პოლიციელებს. ბევრი მათგანი პატივისცემით განეწყო როგორც ღვთის სიტყვის, ისე სამქადაგებლო საქმიანობის მიმართ. ხალხის უმეტესობა სუაჰილიზე საუბრობდა, ამიტომ მე და კლოდ ლინდსიმ ეს ენაც ვისწავლეთ. მალევე სუაჰილიენოვან კრებაში დაგვნიშნეს.

შესანიშნავი შემთხვევების მიუხედავად, არაერთ სირთულესაც შევხვდით. ხშირად გადავეყრებოდით ხოლმე შეიარაღებულ მთვრალ ჯარისკაცებს და აგრესიულ პოლიციელებს, რომლებიც შარს გვდებდნენ. ერთხელ მისიონერთა სახლში კრების მსვლელობის დროს შეიარაღებული პოლიციელები შემოიჭრნენ და ძმები განყოფილებაში წაგვიყვანეს. ღამის ათ საათამდე, სანამ გამოგვიშვებდნენ, ბინძურ იატაკზე ვისხედით.

1969 წელს მიმოსვლითი მსახურება დამავალეს. სარაიონო ზედამხედველად მსახურების დროს ზოგჯერ შორ მანძილებზე მიწევდა ტალახიან გზებზე სიარული და მაღალ ბალახებში გზის გაკვლევა, რაც აფრიკისთვის ჩვეულებრივი რამ არის. ერთ სოფელში კრუხმა თავის წიწილებთან ერთად ჩემი საწოლის ქვეშ დაიბუდა. არასდროს დამავიწყდება დილაუთენია როგორი შემართებით ატეხა კრიახი. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, როცა საღამოობით კოცონის გარშემო და-ძმებთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობდი.

ყველაზე დიდ სირთულეს ცრუ ძმები ქმნიდნენ, რომლებიც „კიტავალას“ მოძრაობას უჭერდნენ მხარს. * ზოგიერთმა მათგანმა კრებაში შემოაღწია და პასუხისმგებლობებიც კი მიიღო. საბედნიეროდ, ამ „წყალქვეშა კლდეებმა“ ვერ შეიყვანეს შეცდომაში ერთგული და-ძმები (იუდ. 12). დროთა განმავლობაში იეჰოვამ კრებას ჩამოაშორა ეს ხალხი, რითაც საოცარ ზრდას შეუწყო ხელი.

1971 წელს კინშასას ფილიალში დამნიშნეს, სადაც სხვადასხვა დავალებას ვასრულებდი. მაგალითად, ჩემს მოვალეობაში შედიოდა კორესპონდენცია, ლიტერატურის შეკვეთა და მსახურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ბეთელში ვისწავლე, როგორ გამეწია საქმისთვის ორგანიზება უზარმაზარ ქვეყანაში, სადაც გაუმართავი ინფრასტრუქტურა იყო. ზოგჯერ ჩვენ მიერ გაგზავნილი ფოსტა თვეების შემდეგ აღწევდა კრებებამდე. ფოსტა თვითმფრინავიდან ნავებში გადაჰქონდათ, რომლებიც კვირების მანძილზე წყალმცენარეებში გახლართული ერთ ადგილზე იდგა. თუმცა ამ და სხვა სირთულეების მიუხედავად საქმე მაინც კეთდებოდა.

გაოცებული ვიყავი, როგორ ახერხებდნენ ძმები დიდი კონგრესების ჩატარებას მცირე თანხებით. ისინი სცენის გასაკეთებლად ტერმიტების ბუდეებს იყენებდნენ, ხოლო კედლებისა და სკამების დასამზადებლად — აფრიკულ მაღალ ბალახს. შენობის კარკასს ბამბუკისგან ამზადებდნენ, სახურავსა და მაგიდებს კი — ლერწმის ჭილოფისგან. ლურსმნებს წვრილად გათლილი ხის ქერქისგან აკეთებდნენ. ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე ამ და-ძმების გონიერება და ამტანობა. ისინი ძალიან შემიყვარდნენ. წარმოგიდგენიათ, როგორ მომენატრებოდნენ, როცა ახალი დავალების გამო იქაურობის დატოვება მომიწია?!

კენიაში მსახურება

1974 წელს კენიის (ნაირობი) ფილიალში გადამიყვანეს. ძალიან ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი, რადგან კენიის ფილიალი ათ მეზობელ ქვეყანაშიც ზედამხედველობდა სამქადაგებლო საქმეს, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. არაერთხელ მომიწია ამ ქვეყნებში ჩასვლა, განსაკუთრებით ეთიოპიაში. ჩვენი და-ძმები იქ სასტიკ დევნას ხვდებოდნენ. ბევრ მათგანს არაადამიანურად ეპყრობოდნენ ან ციხეში სვამდნენ; ზოგიერთი მოკლეს კიდეც. მიუხედავად ამისა, ისინი ერთგულად უძლებდნენ ამ ყველაფერს, რადგან იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთთანაც.

1980 წელს ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება მოხდა. დავქორწინდი გეილ მეთისონზე, რომელიც წარმოშობით კანადიდან იყო. ჩვენ ერთად ვსწავლობდით სკოლა „გალაადში“. ის მისიონერად მსახურობდა ბოლივიაში. ამ პერიოდში ერთმანეთთან მიწერ-მოწერა გვქონდა. 12 წლის შემდეგ ერთმანეთს კვლავ შევხვდით ნიუ-იორკში, რის შემდეგაც მალევე დავქორწინდით კენიაში. მადლიერი ვარ, რომ გეილი ყოველთვის იეჰოვას თვალით უყურებს საკითხებს და კმაყოფილია ყველაფრით, რაც გვაქვს. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი მეგობარია.

1986 წელს მე და გეილს მიმოსვლითი მსახურება დაგვევალა, თუმცა ამავე დროს ფილიალის კომიტეტშიც ვმსახურობდი. ეს იმ ქვეყნების მონახულებასაც გულისხმობდა, რომლებსაც კენიის ფილიალი ზედამხედველობდა.

მოხსენებით გამოვდივარ კონგრესზე ასმერაში (1992 წელი)

კარგად მახსენდება ის პერიოდი, როცა 1992 წელს ასმერაში (ერიტრეა) კონგრესის ჩასატარებლად ვემზადებოდით. იმ დროს იქ ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. სამწუხაროდ, ერთადერთი, რის პოვნაც შევძელით, უშნო ფარდული იყო, რომელიც შიგნიდან უფრო საშინლად გამოიყურებოდა, ვიდრე გარედან. კონგრესის დღეს გაოცებული ვიყავი, როგორ გარდაქმნეს და-ძმებმა ეს სიმახინჯე იეჰოვას თაყვანისცემისთვის შესაფერის ადგილად. ბევრმა ოჯახმა დეკორატიული ქსოვილები მოიტანა და უშნო ადგილებზე ჩამოაფარა. ყველანი ბედნიერები ვიყავით, რადგან კონგრესმა მშვენივრად ჩაიარა; მას 1 279 ადამიანი დაესწრო.

მიმოსვლით მსახურებას გარკვეული სირთულეებიც ახლდა თან, რადგან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პირობებში გვიწევდა ღამის გათევა. ერთხელ მდიდრულ ვილაში დავრჩით, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებდა, სხვა დროს კი — ლითონის ფირფიტებისგან შეკრულ ქოხში, რომელსაც ტუალეტი 100 მეტრის მოშორებით ჰქონდა. თუმცა, სადაც არ უნდა გვემსახურა, სასიამოვნოდ ვიხსენებთ იმ დროს, როცა აქტიურად ვმსახურობდით გულმოდგინე პიონერებთან თუ მაუწყებლებთან ერთად. ახალი დავალების გამო ბევრი ძვირფასი მეგობრის დატოვება მოგვიწია, რომლებიც ძალიან გვენატრებოდნენ.

კურთხევები ეთიოპიაში

1987—1992 წლებში ჩვენი საქმიანობა კანონიერად ცნეს კენიის ფილიალის დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე ქვეყანაში. შედეგად, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ფილიალები და მთარგმნელობითი ოფისები. 1993 წელს ადის-აბებას (ეთიოპია) ოფისში დაგვნიშნეს, სადაც ათწლეულების მანძილზე იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდნენ, ახლა კი ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად იყო აღიარებული.

მიმოსვლით მსახურებაში ეთიოპიის სოფლებში (1996 წელი)

იეჰოვამ აკურთხა ჩვენი საქმიანობა ეთიოპიაში. ბევრმა დაიწყო პიონერული მსახურება. 2012 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ამ ქვეყანაში მაუწყებელთა 20 პროცენტზე მეტი პიონერად მსახურობს. გარდა ამისა, თეოკრატიულმა სკოლებმაც დიდი როლი ითამაშა მაუწყებლების მომზადებაში; აშენდა 120-ზე მეტი სამეფო დარბაზი. 2004 წელს ბეთელის ოჯახი ახალ შენობაში გადავიდა. ბეთელის ტერიტორიაზე არსებული საკონგრესო დარბაზიც დიდი კურთხევა იყო იქაური და-ძმებისთვის.

წლების მანძილზე მე და გეილი ძალიან დავუახლოვდით ეთიოპ და-ძმებს. ისინი მთელი გულით შეგვიყვარდნენ, რადგან სიკეთესა და სიყვარულს ავლენდნენ ჩვენ მიმართ. ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნა, რის გამოც ცენტრალური ევროპის ფილიალში გადაგვიყვანეს. აქ სიყვარულით ზრუნავენ ჩვენზე, თუმცა ძალიან გვენატრებიან ეთიოპი და-ძმები.

იეჰოვამ გაზარდა

საკუთარი თვალით დავინახეთ, როგორ გაიზარდა იეჰოვას მსახურთა რიცხვი (1 კორ. 3:6, 9). მაგალითად, როცა პირველად ვუქადაგეთ რუანდელ მაღაროელებს, რომლებიც კონგოში სპილენძის მოსაპოვებლად იყვნენ ჩამოსულები, არცერთი მაუწყებელი არ იყო რუანდაში, ახლა კი 30 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს ამ ქვეყანაში. 1967 წელს კონგოში (კინშასა) დაახლოებით 6 000 მაუწყებელი იყო, ახლა კი თითქმის 230 000 ადამიანი ემსახურება იეჰოვას. გახსენების საღამოს 2018 წელს მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. ყველა იმ ქვეყანაში, რომლებზეც ერთ დროს კენიის ფილიალი ზრუნავდა, მაუწყებელთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.

50-ზე მეტი წლის წინ იეჰოვა ძმების მეშვეობით დამეხმარა სრული დროით მსახურების დაწყებაში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მორცხვი ვარ, სრულად ვისწავლე იეჰოვაზე მინდობა. აფრიკაში მიღებული გამოცდილება მოთმინებისა და კმაყოფილების განვითარებაში დამეხმარა. მე და გეილი ვემადლიერებით იმ და-ძმებს, რომლებმაც უდიდესი სტუმართმოყვარეობა, მოთმინება და იეჰოვასადმი ნდობა გამოავლინეს. ძალიან ვაფასებ იეჰოვას დაუმსახურებელ სიკეთეს. მისმა კურთხევებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა (ფსალმ. 37:4).

^ აბზ. 11 მოგვიანებით ეწოდა „ჩვენი სამეფო მსახურება“, ამჟამად კი ეწოდება „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“.

^ აბზ. 23 „კიტავალა“ სუაჰილი ენაზე ნიშნავს „იბატონე, მართე ან უხელმძღვანელე“. ამ მოძრაობას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა — მათ სურდათ, ბელგიისგან დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ამ ჯგუფის წევრები იძენდნენ, სწავლობდნენ და ავრცელებდნენ იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებს; ისინი ამახინჯებდნენ ბიბლიურ სწავლებებს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების, ცრურწმენასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და უზნეო ცხოვრების გასამართლებლად.