არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა ჩემთვის მოკვდა იესო?

მართლა ჩემთვის მოკვდა იესო?

ბიბლიაში არაერთი ერთგული მამაკაცის შესახებ ვკითხულობთ, რომლებსაც „ჩვენნაირი გრძნობები“ ჰქონდათ (იაკ. 5:17). მაგალითად, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გრძნობდა პავლე, როცა რომაელების 7:21—24-ში ჩაწერილ სიტყვებს წერდა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი . . . საწყალი ადამიანი ვარ!“. მისი ასეთი გულწრფელი აღიარება ძალას გვმატებს, ვებრძოლოთ საკუთარ არასრულყოფილებას.

პავლე სხვა გრძნობებზეც გულახდილად საუბრობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ იესომ შეიყვარა და თავი გასწირა მისთვის (გალ. 2:20). თქვენც ასე ფიქრობთ? შეიძლება ხანდახან გიჭირთ ამის დაჯერება.

თუ წარსული შეცდომების გამო დღემდე უღირსობის გრძნობას ვებრძვით, შეიძლება ზოგჯერ გაგვიჭირდეს იმის დაჯერება, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და გვპატიობს შეცდომებს. შეიძლება ისიც რთული დასაჯერებელი იყოს, რომ იესომ პირადად ჩვენთვის გაიღო გამოსასყიდი. მართლა სურს იესოს, რომ გამოსასყიდი პირადად ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლად მივიჩნიოთ? თუ დიახ, რა მეტყველებს ამაზე? მოდი პასუხი გავცეთ ამ ორ კითხვას.

იესოს თვალსაზრისი გამოსასყიდზე

დიახ, იესოს სურს, რომ გამოსასყიდი პირადად ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლად მივიჩნიოთ. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? მოდი გონებაში გავაცოცხლოთ ლუკას 23:39—43-ში ჩაწერილი ეპიზოდი. იესოს გვერდით წამების ბოძზე გაკრული მამაკაცი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მისი დანაშაული საკმაოდ სერიოზული უნდა ყოფილიყო, რადგან ასე მკაცრად მხოლოდ ბოროტმოქმედებს სჯიდნენ. ტკივილით გატანჯული კაცი ევედრება იესოს: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“.

რა რეაქცია აქვს იესოს მის სიტყვებზე? წარმოიდგინეთ, როგორი მტკივნეული იქნებოდა მისთვის თავის მიბრუნება და ბოროტმოქმედისთვის შეხედვა. აუტანელი ტკივილის მიუხედავად, იესომ ძალა მოიკრიბა, თბილად გაუღიმა და დაარწმუნა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. იესოს უბრალოდ შეეძლო მისთვისაც გაემეორებინა ერთ დროს ნათქვამი სიტყვები — კაცის ძე იმიტომ მოვიდა, რომ „მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). თუმცა მიაქციეთ ყურადღება, რა თბილად დაანახვა იესომ ამ მამაკაცს, რომ გამოსასყიდი პირადად მისთვის იქნებოდა გაღებული. სიტყვებით: „ჩემთან ერთად იქნები“, იესომ მეგობრული დამოკიდებულება გამოავლინა მის მიმართ. ეს მამაკაცი მიხვდებოდა, რომ იესოს მინიშნება დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებასთან დაკავშირებით პირადად მას ეხებოდა.

ცხადია, იესოს სურდა, რომ მისი მსხვერპლი ამ მამაკაცს პირადად მისთვის გაღებულ მსხვერპლად ჩაეთვალა. თუ იესოს ეს ბოროტმოქმედის შემთხვევაში სურდა, რომელსაც ღვთის მსახურების შესაძლებლობა არ მისცემია, განა ჩვენს შემთხვევაში უფრო მეტად არ ექნება ამის სურვილი, რომლებიც უკვე ვემსახურებით ღმერთს?! წარსულში ჩადენილი შეცდომების მიუხედავად, რა დაგვეხმარება, ბოლომდე ჩავწვდეთ გამოსასყიდის როლს ჩვენს ცხოვრებაში?

რა დაეხმარა პავლეს

მსახურება პავლეს იესოს გამოსასყიდზე სწორი შეხედულების ჩამოყალიბებაში დაეხმარა. რაში გამოჩნდა ეს? მოციქული წერდა: „მადლიერი ვარ ჩვენი უფლის ქრისტე იესოსი, რომელმაც ძალა მომცა, რადგან ერთგულად მიმიჩნია და მსახურებისთვის დამნიშნა მიუხედავად იმისა, რომ წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი“ (1 ტიმ. 1:12—14). იესოსგან მიღებულმა დავალებამ პავლე დაარწმუნა, რომ იესო პირადად მის მიმართ ავლენდა გულმოწყალებას, სიყვარულსა და ნდობას. იესომ თითოეულ ჩვენგანსაც დაგვავალა სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათ. 28:19, 20). როგორ გვეხმარება ეს დავალება იმის გაცნობიერებაში, რომ იესო პირადად ჩვენთვის მოკვდა?

ალბერტი, რომელიც თითქმის 34 წელი გარიცხული იყო და ახლახან დაუბრუნდა კრებას, ამბობს: „ჩემი ცოდვები ყოველთვის თვალწინ მიდგას, თუმცა, როცა მსახურებაში ვარ, პავლე მოციქულის მსგავსად ვფიქრობ, რომ ეს მსახურება იესომ პირადად დამავალა. ეს მახარებს და დადებითად განმაწყობს საკუთარი თავის მიმართ. ახლა უკვე სხვა თვალით ვუყურებ ჩემს ცხოვრებასა და მომავალს“ (ფსალმ. 51:3).

როცა ყველანაირ ადამიანს ვასწავლით ჭეშმარიტებას, იესოს გულმოწყალებასა და სიყვარულში ვარწმუნებთ მათ

ალანი, რომელიც ჭეშმარიტების გაგებამდე მოძალადე და ბოროტმოქმედი იყო, აღიარებს: „დღემდე ვფიქრობ, რამხელა ზიანი მივაყენე ადამიანებს. ხანდახან ეს ძალიან მთრგუნავს, თუმცა მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ნებას მრთავს, ჩემნაირმა ცოდვილმა ადამიანმა სასიხარულო ცნობა უქადაგოს სხვებს. როცა ვხედავ, როგორ ეხმაურება ხალხი სასიხარულო ცნობას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რამდენად კარგი და მოსიყვარულე ღმერთია იეჰოვა. ვხედავ, როგორ მიყენებს ის მათ დასახმარებლად, რომლებსაც ჩემნაირი წარსული აქვთ“.

მსახურება შესაძლებლობას გვაძლევს, სხვებს სიკეთე გავუკეთოთ და გონება დადებითი აზრებით ავივსოთ. მონდობილი საქმე გვარწმუნებს, რომ იესო ჩვენ მიმართ გულმოწყალებას, სიყვარულსა და ნდობას ავლენს.

იეჰოვა ჩვენს გულებზე დიდია

სანამ სატანის ბოროტი ქვეყნიერება იარსებებს, შეიძლება ჩვენმა გულმა მსჯავრი დაგვდოს წარსულში დაშვებული შეცდომების გამო. რა დაგვეხმარება ამ დროს უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში?

ჯენი ახალგაზრდობაში ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც დღემდე დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს. ის ამბობს: «ძალიან მომწონს ის აზრი, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“» (1 იოან. 3:19, 20). ჩვენც გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვასა და იესოს ჩვენზე უკეთ ესმით, რომ ცოდვილები ვართ. გახსოვდეთ, რომ მათ სიყვარულით გაიღეს გამოსასყიდი არა სრულყოფილი ადამიანებისთვის, არამედ მომნანიებელი ცოდვილებისთვის (1 ტიმ. 1:15).

როცა ღრმად ვფიქრობთ, როგორ ეპყრობოდა იესო არასრულყოფილ ადამიანებს და პირნათლად ვასრულებთ მისგან დავალებულ საქმეს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესოს გამოსასყიდი ჩვენც მოგვიტანს კურთხევებს. პავლეს მსგავსად თქვენც შეგეძლებათ თქვათ: იესომ „შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“.