არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 29

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ“

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ“

„ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19).

სიმღერა 60 სიცოცხლის მომტანი ცნობა

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) მათეს 28:18—20-ის თანახმად, რა არის ქრისტიანული კრების მთავარი მიზანი? ბ) რომელ კითხვებს ვუპასუხებთ ამ სტატიაში?

მთაზე შეკრებილ მოციქულებს უდავოდ დიდი მოლოდინი ექნებოდათ. შეხვედრა მათ მკვდრეთით აღმდგარმა იესომ დაუთქვა (მათ. 28:16). შესაძლოა სწორედ ამ დროს „ეჩვენა [იესო] ხუთასზე მეტ ძმას“ (1 კორ. 15:6). იესომ მოწაფეები მთაზე იმიტომ შეკრიბა, რომ მათთვის მეტად საინტერესო დავალება მიეცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (წაიკითხეთ მათეს 28:18—20).

2 მოწაფეები, რომლებმაც იესოს ეს სიტყვები მოისმინეს, მოგვიანებით პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ნაწილი გახდნენ. ამ კრების მთავარი მიზანი იყო, რომ სხვებიც ექციათ ქრისტეს მოწაფეებად. * დღესაც იგივე მიზანი აქვს მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარ ათი ათასობით კრებას. ამ სტატიაში პასუხს გავცემთ ოთხ კითხვას: რატომ არის მოწაფეების მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი? რას მოიცავს ეს საქმე? ყველა ქრისტიანს შეაქვს წვლილი მოწაფეების მომზადებაში? და რატომ გვჭირდება მოთმინება ამ საქმის შესრულების დროს?

რატომ არის მოწაფეების მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი?

3. იოანეს 14:6-ისა და 17:3-ის თანახმად, რატომ არის მოწაფეების მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი?

3 რატომ არის მოწაფეების მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მხოლოდ ქრისტეს მოწაფეებს შეუძლიათ ღმერთთან დამეგობრება; მათი ცხოვრება დღესვე იცვლება უკეთესობისკენ; ამასთანავე აქვთ იმედი, რომ მომავალში უსასრულო სიცოცხლით გაიხარებენ (წაიკითხეთ იოანეს 14:6; 17:3). ცხადია, იესომ საპასუხისმგებლო საქმე მოგვანდო, თუმცა ამ დავალების შესრულება საკუთარი ძალით არ გვიწევს. პავლე მოციქულმა თავის თავსა და რამდენიმე თანამსახურს „ღვთის თანამშრომელნი“ უწოდა (1 კორ. 3:9). ეს უდიდესი პატივია, რაც არასრულყოფილ ადამიანებს იეჰოვამ და იესომ გვარგუნეს!

4. რას ვსწავლობთ ივანისა და მატილდას შემთხვევიდან?

4 მოწაფეების მომზადების საქმე დიდ სიხარულს გვანიჭებს. დავფიქრდეთ კოლუმბიაში მცხოვრები წყვილის, ივანისა და მატილდას შემთხვევაზე. მსახურების დროს მათ უქადაგეს ახალგაზრდა მამაკაცს, სახელად დავიერს, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან უნდოდა შეცვლა, მაგრამ არ გამოსდიოდა. დავიერი პროფესიონალი მოკრივე იყო. ის ნარკოტიკებს იღებდა, ბევრს სვამდა და მეგობარ გოგონასთან, ერიკასთან ერთად ცხოვრობდა. ივანი ამბობს: „მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ვინაიდან დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა, იქამდე მისასვლელად რამდენიმე საათი ტალახიან გზაზე ველოსიპედებით გვიწევდა მგზავრობა. როცა ერიკამ დავიერის აზროვნებასა და საქციელში დადებითი ცვლილებები შენიშნა, თავადაც მოისურვა ბიბლიის შესწავლა“. რაღაც დროის შემდეგ დავიერმა ერიკაზე იქორწინა, უარი თქვა კრივზე და შეწყვიტა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება. მატილდა ამბობს: «როცა 2016 წელს დავიერი და ერიკა ინათლებოდნენ, გაგვახსენდა დავიერის სიტყვები: „ძალიან მინდა, შევიცვალო, მაგრამ არ გამომდის“. სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდით». ეჭვგარეშეა, დიდ სიხარულს განვიცდით, როცა ხალხს ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში ვეხმარებით.

რას მოიცავს მოწაფეების მომზადება?

5. უპირველესად რა უნდა გავაკეთოთ მოწაფეების მოსამზადებლად?

5 მოწაფეები რომ მოვამზადოთ, ჯერ ჭეშმარიტების მოსასმენად განწყობილი ადამიანები უნდა მოვძებნოთ (მათ. 10:11). როცა ხალხს იეჰოვას შესახებ ვუმოწმებთ და ქრისტეს მითითებისამებრ ყველას ვუქადაგებთ, ვამტკიცებთ, რომ იეჰოვას მოწმეები და ნამდვილი ქრისტიანები ვართ.

6. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა მოგვისმინოს?

6 არიან ადამიანები, რომლებსაც სწყურიათ ბიბლიური ჭეშმარიტება, თუმცა მსახურებაში ხშირად ჭეშმარიტებისადმი გულგრილად განწყობილ ადამიანებს ვხვდებით, ამიტომ მათში ინტერესის გაღვივება გვიწევს. ხალხმა რომ მოგვისმინოს, კარგი მომზადებაა საჭირო. შეარჩიეთ ისეთი საკითხები, რაც მათ ინტერესს გამოიწვევს. შემდეგ კი დაფიქრდით, როგორ წამოიწყებთ შერჩეულ თემაზე საუბარს.

7. ა) როგორ შეგიძლიათ საუბრის წამოწყება? ბ) თქვენი აზრით, რატომ არის ყურადღებით მოსმენა და მათი შეხედულებების პატივისცემა მნიშვნელოვანი?

7 შეგიძლიათ მობინადრეს ჰკითხოთ: „შეიძლება ერთ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი გავიგოთ? სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ყველა ერთსა და იმავე პრობლემებს ვხვდებით. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, მსოფლიოში არსებობდეს ერთი მთავრობა, რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრის?“. შემდეგ შეგიძლიათ დანიელის 2:44-ზე იმსჯელოთ. საუბრის წამოწყება სხვა კითხვითაც შეგიძლიათ. მაგალითად, ჰკითხეთ: „თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რომ შვილები კარგ ადამიანებად აღვზარდოთ?“. შემდეგ წაუკითხეთ კანონის 6:6, 7. რა თემაც არ უნდა შეარჩიოთ, გაითვალისწინეთ მსმენელი. დაფიქრდით, როგორ შეცვლის მათ ცხოვრებას ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმინოთ და პატივი სცეთ მათ შეხედულებებს. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ ხალხს და მოსასმენად განაწყოთ ისინი.

8. რატომ უნდა განვაგრძოთ განმეორებითი მონახულებების გაკეთება?

8 სანამ ადამიანი ბიბლიის შესწავლას გადაწყვეტს, შეიძლება მისი ბევრჯერ მონახულება მოგვიწიოს, რაც ჩვენგან დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგალითად სახლში არ დაგვხვდეს ან სასაუბროდ არ ეცალოს. რამდენჯერმე მისვლა შეიძლება იმიტომაც დაგვჭირდეს, რომ მობინადრემ თავისუფლად იგრძნოს ჩვენთან თავი და ბიბლიის შესწავლის სურვილი გაუჩნდეს. გახსოვდეთ: როგორც მცენარე იზრდება სწრაფად რეგულარული მორწყვის შედეგად, ისე ადამიანს უღვივდება იეჰოვასა და იესოს მიმართ სიყვარული ბიბლიურ თემებზე რეგულარული მსჯელობის შედეგად.

ყველა ქრისტიანს შეაქვს წვლილი მოწაფეების მომზადების საქმეში?

მოწმეები მთელ მსოფლიოში ეძებენ ღირსეულებს (იხილეთ აბზაცები 9, 10) *

9, 10. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღირსეულების პოვნაში თითოეულ ქრისტიანს შეაქვს თავისი წვლილი?

9 ჭეშმარიტების მოსასმენად განწყობილი ადამიანების მოძებნაში ყველანი ვიღებთ მონაწილეობას. ეს საქმე შეიძლება დაკარგული ბავშვის ძებნას შევადაროთ. დავფიქრდეთ რეალურ შემთხვევაზე. ერთ დღეს სამი წლის ბიჭუნა დაიკარგა, რომლის ძებნაშიც დაახლოებით 500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ბავშვის გაუჩინარებიდან დაახლოებით 20 საათის შემდეგ ერთ-ერთმა მოხალისემ ის სიმინდის ყანაში იპოვა. მოხალისე არ ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება იყო, რადგან, როგორც თავად თქვა, ბავშვის პოვნა ასობით ადამიანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო.

10 ბევრი ადამიანი ამ დაკარგულ ბავშვს ჰგავს. მათ არანაირი იმედი არა აქვთ, ამიტომ ჩვენი დახმარება სჭირდებათ (ეფეს. 2:12). დღეს ღირსეულებს რვა მილიონზე მეტი ადამიანი ეძებს. შეიძლება პირადად თქვენ ვერავის პოულობთ, ვისთანაც ბიბლიის შესწავლას დაიწყებდით, მაგრამ თქვენს ტერიტორიაზე სხვა მაუწყებელმა იპოვოს ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანი. როცა ერთი მაუწყებელი პოულობს ადამიანს, რომელიც ქრისტეს მოწაფე ხდება, სიხარულის მიზეზი ყველას აქვს, ვინც მის ძებნაში იღებდა მონაწილეობას.

11. მაშინაც კი, თუ პირადად არავის ასწავლით ბიბლიას, რა მხრივ შეგიძლიათ მოწაფეების მომზადების საქმეში თქვენი წვლილის შეტანა?

11 მაშინაც კი, თუ ამჟამად არავის ასწავლით ბიბლიას, შეგიძლიათ მოწაფეების მომზადების საქმეს სხვა სახით დაუჭიროთ მხარი. მაგალითად, თუ გულთბილად მიიღებთ მათ, ვინც ახლახან დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული, დაარწმუნებთ, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიყვარული გამოგვარჩევს (იოან. 13:34, 35). კრების შეხვედრებზე თქვენ მიერ გაცემული თუნდაც მოკლე პასუხები ასწავლის ახლებს, რომ თავიანთი რწმენა გულწრფელად და პატივისცემით გამოხატონ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ახალ მაუწყებელს მსახურება დაუგეგმოთ და ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობა ასწავლოთ. ასეთი სახით მას ქრისტეს მიბაძვას ასწავლით (ლუკ. 10:25—28).

12. განსაკუთრებული უნარი გვჭირდება მოწაფეების მოსამზადებლად? ახსენით.

12 არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტეს მოწაფეების მოსამზადებლად განსაკუთრებული უნარი გვჭირდება. განვიხილოთ ბოლივიაში მცხოვრები ფაუსტინას შემთხვევა. როცა ის პირველად შეხვდა იეჰოვას მოწმეებს, კითხვაც კი არ იცოდა. დღეს ფაუსტინა მონათლული ქრისტიანია და სიამოვნებით ასწავლის სხვებს ბიბლიას. ის ყოველკვირა ხუთ ბიბლიის შესწავლას ატარებს. მართალია, ჯერჯერობით ისე კარგად ვერ კითხულობს, როგორც მისი ბიბლიის შემსწავლელები, მაგრამ მის დახმარებით უკვე ექვსმა ადამიანმა მიუძღვნა თავი იეჰოვას (ლუკ. 10:21).

13. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რა კურთხევებს ვიღებთ მოწაფეების მომზადების დროს?

13 ბევრ ჩვენს და-ძმას გადატვირთული გრაფიკი აქვს, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც პოულობენ დროს ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად, რაც მათ დიდ სიხარულს ანიჭებს. განვიხილოთ ალასკაში მცხოვრები მელანის მაგალითი, რომელიც რვა წლის გოგონას მარტო ზრდიდა. ის სრულ განაკვეთზე მუშაობდა და სიმსივნით დაავადებულ მამაზეც ზრუნავდა. მელანი ერთადერთი მოწმე იყო პატარა ქალაქში, რომელიც დასახლებული ტერიტორიიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. მას ძალიან უნდოდა ბიბლიის შესწავლის დაწყება, ამიტომ ღმერთს ძალას სთხოვდა, რომ სიცივეს არ შეპუებოდა და ქადაგება გაეგრძელებინა. ერთ დღესაც მან უქადაგა სარას, რომელიც აღაფრთოვანა ღვთის სახელის გაგებამ. გარკვეული ხნის შემდეგ სარა ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდა. მელანი გვიამბობს: „პარასკეობით დღის ბოლოს შინ დაქანცული ვბრუნდებოდი, თუმცა მე და ჩემი გოგონა შესწავლაზე მაინც მივდიოდით, რაც ჩვენც სასიკეთოდ წაგვადგა. სიამოვნებით ვეძებდით პასუხებს სარას დასმულ კითხვებზე და გვახარებდა იმის დანახვა, როგორ უმეგობრდებოდა ის იეჰოვას“. სარა გაბედულად შეხვდა წინააღმდეგობას, დატოვა თავისი ეკლესია და მოინათლა.

რატომ გვჭირდება მოთმინება მოწაფეების მომზადების დროს?

14. ა) რით ჰგავს მოწაფეების მომზადების საქმე თევზაობას? ბ) როგორ გეხებათ 2 ტიმოთეს 4:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები პირადად თქვენ?

14 თუ ჯერ ვერავინ იპოვეთ, ვისაც ბიბლიას შეასწავლიდით, იმედს ნუ დაკარგავთ და ძებნას ნუ შეწყვეტთ. გაიხსენეთ, რომ მოწაფეების მომზადების საქმე იესომ თევზაობას შეადარა. მეთევზეებს თევზის დასაჭერად შეიძლება არაერთი საათი დასჭირდეთ. ისინი ხშირად გვიან ღამით ან დილაადრიან მიდიან სათევზაოდ; ზოგჯერ მათ ზღვაში საკმაოდ ღრმადაც კი უწევთ შესვლა (ლუკ. 5:5). მსგავსად, ზოგი მაუწყებელი სხვადასხვა დროსა თუ ადგილას მოთმინებით ეძებს ჭეშმარიტების მოსასმენად განწყობილებს, რასაც არაერთ საათს უთმობს. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უქადაგონ. ხშირად მათი ძალისხმევა ჯილდოვდება, რადგან ბიბლიური ცნობით დაინტერესებულ ადამიანებს პოულობენ. შეგიძლიათ იმ დროს იქადაგოთ, როცა უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით ან ისეთ ადგილას იმსახუროთ, სადაც მეტი ხალხი ტრიალებს? (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:1, 2).

მოთმინებით დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ ზრდაში (იხილეთ აბზაცები 15, 16) *

15. რატომ გვჭირდება მოთმინება, როცა ბიბლიის შესწავლებს ვატარებთ?

15 რატომ გვჭირდება მოთმინება, როცა ბიბლიის შესწავლებს ვატარებთ? ჩვენ გვინდა, რომ შემსწავლელმა არა მხოლოდ მიიღოს ბიბლიური ცოდნა და დააფასოს ძირითადი სწავლებები, არამედ გაიცნოს ბიბლიის ავტორი, იეჰოვა ღმერთი, და შეიყვაროს ის. შემსწავლელს მხოლოდ ის კი არ უნდა ვასწავლოთ, რას მოითხოვს იესო თავისი მიმდევრებისგან, არამედ ისიც, როგორ გამოიყენოს ბიბლიიდან ნასწავლი ცხოვრებაში. მოთმინება მაშინაც გვჭირდება, როცა შემსწავლელს უჭირს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება. ზოგს რამდენიმე თვეში შეუძლია შეიცვალოს აზროვნება და მიატოვოს ცუდი ჩვევები, ზოგს კი ამისთვის დიდი დრო სჭირდება.

16. რა ისწავლეთ რაულის შემთხვევიდან?

16 ერთ მისიონერს პერუში მსახურების დროს საინტერესო შემთხვევა ჰქონდა, რაც კარგად გვანახვებს მოთმინების დადებით მხარეებს. მან გვიამბო: „რაულს ორი წიგნი შევასწავლე, მაგრამ ცვლილებებს მაინც ვერ ახდენდა. მას მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა და ბილწსიტყვაობდა, რის გამოც შვილები პატივს აღარ სცემდნენ. მიუხედავად ამისა, ის რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს, ამიტომ კვლავაც ვაკითხავდი, რომ მას და მის ოჯახს დავხმარებოდი. რაულს სამ წელზე მეტი დასჭირდა, რომ ნათლობამდე მისულიყო“.

17. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 იესომ დაგვავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“. ამ დავალების შესასრულებლად ჩვენ ხშირად გვიწევს განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანებთან საუბარი. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ მიეკუთვნებიან ან საერთოდ არ სწამთ ღვთის არსებობის. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, როგორ ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა ასეთ ადამიანებს.

სიმღერა 68 სამეფოს თესლის თესვა

^ აბზ. 5 ქრისტიანული კრების მთავარი მიზანია, ხალხი ქრისტეს მოწაფეებად აქციოს. წინამდებარე სტატიაში განხილული პრაქტიკული რჩევები ამ დავალების შესრულებაში დაგვეხმარება.

^ აბზ. 2 განმარტება: ქრისტეს მოწაფეები არა მხოლოდ ეცნობიან იესოს სწავლებებს, არამედ ნასწავლის თანახმად ცხოვრობენ. ისინი ცდილობენ, ერთგულად მიჰყვნენ იესოს ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).

^ აბზ. 52 სურათის აღწერა: მამაკაცი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრება, ლიტერატურას იღებს აეროპორტში. მოგვიანებით, ქალაქის დათვალიერების დროს, ხედავს სხვა მოწმეებს, რომლებიც სტენდით ქადაგებენ. შვებულებიდან დაბრუნებულს კი მოწმეები კარდაკარ აკითხავენ.

^ აბზ. 54 სურათის აღწერა: ეს მამაკაცი ბიბლიის შესწავლას იწყებს. გარკვეული ხნის შემდეგ კი ინათლება.