არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღმზრდელობითი ზომები ღვთის სიყვარულზე მეტყველებს

აღმზრდელობითი ზომები ღვთის სიყვარულზე მეტყველებს

„იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“ (ებრ. 12:6).

სიმღერები: 125, 117

1. რას ვიგებთ აღმზრდელობითი ზომების შესახებ ბიბლიიდან?

„აღმზრდელობითი ზომები“ თქვენთვის, ალბათ, უპირველესად დასჯასთან ასოცირდება. თუმცა ამ სიტყვებში გაცილებით მეტი იგულისხმება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აღმზრდელობითი ზომები ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. ღვთის სიტყვა მას ზოგჯერ ცოდნაზე, სიბრძნეზე, სიყვარულსა და სიცოცხლეზე საუბრისას მოიხსენიებს (იგავ. 1:2—7; 4:11—13). ამგვარად, ღვთის აღმზრდელობითი ზომები მის სიყვარულზე მეტყველებს და გვარწმუნებს, რომ მას ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე სურს (ებრ. 12:6). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის აღმზრდელობით ზომებში შეიძლება დასჯაც შედიოდეს, ის არასდროს არის შეურაცხმყოფელი და ზედმეტად მკაცრი. აღმზრდელობით ზომებში უმთავრესად იგულისხმება ვინმესთვის რჩევა-დარიგებების მიცემა, ისევე როგორც მშობელი ცდილობს აღზრდის პროცესში შვილის სიყვარულით დარიგებას.

2, 3. საიდან ჩანს, რომ აღმზრდელობით ზომაში შეიძლება დარიგებაც შედიოდეს და დასჯაც? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

2 დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითზე: პატარა ბიჭუნა, სახელად ჯონი, სახლში ბურთით თამაშობს. დედა ეუბნება: „ჯონი, ხომ იცი, რომ სახლში ბურთით არ უნდა ითამაშო; შეიძლება რამე გატეხო!“. ჯონი ყურს არ უგდებს დედის რჩევას და შემთხვევით ვაზას ამტვრევს. როგორ მოიქცევა დედა? მან შეიძლება აღმზრდელობით ზომას მიმართოს, რაშიც შესაძლოა დარიგებაც შედიოდეს და დასჯაც. დარიგების დროს ის ახსენებს შვილს, რა იყო არასწორი მის საქციელში და ანახვებს, რომ მშობლების მორჩილება გონივრულია. ის უხსნის ჯონის, რომ მშობლები შვილებს საჭირო და მართებულ წესებს უდგენენ. ჭკუის სასწავლებლად შეიძლება დედამ გადაწყვიტოს, რომ დასაჯოს კიდეც ჯონი, მაგალითად, ცოტა ხნით ბურთი ჩამოართვას. ამგვარად, ეს ბავშვს დაანახვებს, რომ ურჩობას ცუდი შედეგები მოჰყვება.

3 როგორც ქრისტიანული კრების წევრები, ჩვენ ღვთის სახლეულობას მივეკუთვნებით (1 ტიმ. 3:15). ამიტომ გვესმის, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაგვიდგინოს ნორმები და მათი დარღვევის შემთხვევაში სიყვარულიდან გამომდინარე ჩვენ მიმართ აღმზრდელობითი ზომები გამოიყენოს. გარდა ამისა, თუ ჩვენს არასწორ საქციელს ცუდი შედეგები მოჰყვება, ღვთის აღმზრდელობითი ზომები დაგვანახვებს, რამდენად აუცილებელია, ჩვენს ზეციერ მამას დავემორჩილოთ (გალ. 6:7). ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და გვიფრთხილდება, რომ გული არ გვეტკინოს (1 პეტ. 5:6, 7).

4. ა) როგორ მცდელობას აკურთხებს იეჰოვა? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა-დარიგებებით ჩვენს შვილებსა თუ ბიბლიის შემსწავლელებს ვეხმარებით, მიაღწიონ თავიანთ მიზანს და გახდნენ ქრისტეს მოწაფეები. ღვთის სიტყვა, რომელიც სწავლების ძირითადი საშუალებაა, გვეხმარება, რომ შვილები თუ ბიბლიის შემსწავლელები „სიმართლეში აღვზარდოთ“. ამგვარად მათ ვეხმარებით, ჩასწვდნენ და დაიცვან ყველაფერი, რაც იესომ მცნებად დაგვიდო (2 ტიმ. 3:16; მათ. 28:19, 20). იეჰოვა აკურთხებს ამგვარ მცდელობას, რადგან ასეთი სახით ვამზადებთ მათ, რომ თავადაც დაეხმარონ სხვებს ქრისტეს მოწაფედ გახდომაში (წაიკითხეთ ტიტეს 2:11—14). მოდი პასუხი გავცეთ სამ მნიშვნელოვან კითხვას: 1) როგორ ვლინდება ღვთის აღმზრდელობით ზომებში ჩვენდამი სიყვარული? 2) რას ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, რომელთა შემთხვევებშიც იეჰოვამ აღმზრდელობით ზომებს მიმართა? 3) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვასა და იესოს, როცა აღმზრდელობით ზომებს მივმართავთ?

ღვთის აღმზრდელობით ზომებში სიყვარული ვლინდება

5. როგორ ვლინდება იეჰოვას აღმზრდელობით ზომებში სიყვარული?

5 იეჰოვას ჩვენდამი სიყვარული აღძრავს, რომ შეცდომებზე მიგვითითოს, აღგვზარდოს და მოგვამზადოს, რათა მის სიყვარულში დავრჩეთ და სიცოცხლის გზიდან არ გადავუხვიოთ (1 იოან. 4:16). ის არასდროს გვამცირებს და არ შეურაცხგვყოფს. მისი აღმზრდელობითი ზომები არასდროს გვიკარგავს ღირსების გრძნობას (იგავ. 12:18). პირიქით, იეჰოვა კარგს ხედავს ჩვენში. ის არ გვიზღუდავს ნების თავისუფლებას. თქვენც ასე უყურებთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს, რომელიც ჩვენს აღსაზრდელად თავის სიტყვას, ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, ქრისტიან მშობლებს ან კრების უხუცესებს იყენებს? როცა „მცდარ ნაბიჯს“ ვდგამთ, რასაც ზოგჯერ შეიძლება გაუცნობიერებლად ვაკეთებთ, უხუცესები ცდილობენ, რბილად და სიყვარულით შეგვისწორონ თვალსაზრისი, რითაც იეჰოვას ჰბაძავენ სიყვარულის გამოვლენაში (გალ. 6:1).

6. როგორ ჩანს ღვთის აღმზრდელობით ზომებში სიყვარული მაშინაც კი, როცა ის რჩევა-დარიგებაზე მეტს მოიცავს?

6 აღმზრდელობით ზომებში ზოგჯერ მხოლოდ რჩევა-დარიგება არ იგულისხმება. სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ქრისტიანმა შეიძლება კრებაში პასუხისმგებლობები დაკარგოს. იეჰოვას ასეთ აღმზრდელობით ზომაშიც კი ჩანს მისი სიყვარული. მაგალითად, პასუხისმგებლობების დაკარგვამ შეიძლება შემცოდველი დააფიქროს, რამდენად მნიშვნელოვანია, უფრო მეტი დრო დაუთმოს ბიბლიის პირად შესწავლას, შესწავლილზე ფიქრსა და ლოცვას. ეს ყველაფერი მას სულიერად გააძლიერებს (ფსალმ. 19:7). დროთა განმავლობაში მან შეიძლება ისევ მიიღოს კრებაში პასუხისმგებლობები. ღვთის სიყვარულზე მეტყველებს შემცოდველის ქრისტიანული კრებიდან გარიცხვაც, რადგან ეს კრებას ცუდი გავლენისგან იცავს (1 კორ. 5:6, 7, 11). ვინაიდან იეჰოვა ჩვენს გამოსასწორებლად ყოველთვის სამართლიან ზომებს მიმართავს, გარიცხვა შემცოდველს ანახვებს ჩადენილი ცოდვის სერიოზულობას და აღძრავს მონანიებისკენ (საქ. 3:19).

იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება

7. ვინ იყო შებნა და რა ცუდი თვისება განივითარა?

7 უკეთ რომ დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია აღმზრდელობითი ზომები, განვიხილოთ ორი ადამიანის მაგალითი, რომელთა შემთხვევაშიც იეჰოვამ აღმზრდელობით ზომებს მიმართა. ჯერ შებნაზე ვისაუბროთ, რომელიც მეფე ხიზკიას დროს ცხოვრობდა, შემდეგ კი ჩვენს დროში მცხოვრები ძმის, გრემის შემთხვევა განვიხილოთ. შებნა გამგებელი იყო, რომელსაც, სავარაუდოდ, მეფე ხიზკიას სასახლე ებარა. ეს საკმაოდ დიდ თანამდებობად ითვლებოდა (ეს. 22:15). სამწუხაროდ, ის გაამაყდა და საკუთარი თავის განდიდება მოისურვა. მან დიდებული სამარხიც კი გამოიკვეთა და „დიდების ეტლებით“ დადიოდა (ეს. 22:16—18).

ღვთის კურთხევები არ მოგვაკლდება, თუ თავმდაბლად შევიცვლით აზროვნებას (იხილეთ აბზაცები 8—10)

8. რა აღმზრდელობით ზომას მიმართა იეჰოვამ შებნას შემთხვევაში და რა მოჰყვა ამას შედეგად?

8 პატივმოყვარე შებნა იეჰოვამ მაღალი მდგომარეობიდან გადააყენა და მის ადგილას ელიაკიმი დანიშნა (ეს. 22:19—21). ეს მაშინ მოხდა, როცა ასურეთის მეფე სინახერიბი იერუსალიმზე თავდასხმას გეგმავდა. მოგვიანებით სინახერიბმა დიდ ჯართან ერთად იერუსალიმში სამეფო კარის მოხელეები გაგზავნა, რათა ებრაელები სულიერად გაეტეხა და ხიზკია დანებებაზე დაეყოლიებინა (2 მეფ. 18:17—25). მეფე ხიზკიამ მათთან მოსალაპარაკებლად ელიაკიმი გაგზავნა, რომელსაც ორი კაცი ახლდა თან; ერთ-ერთი შებნა იყო, რომელიც ახლა სამეფო კარზე მწერლად მსახურობდა. აქედან ჩანს, რომ შებნა არ განაწყენებულა და არ გაბრაზებულა მომხდარის გამო. ის თავმდაბლად ასრულებდა საქმეს მიუხედავად იმისა, რომ უწინდებურად მაღალი მდგომარეობა აღარ ეკავა. რის სწავლა შეგვიძლია შებნას შემთხვევიდან? განვიხილოთ სამი მხარე.

9—11. ა) რა მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია შებნას შემთხვევიდან? ბ) როგორ გამხნევებთ შებნასადმი იეჰოვას დამოკიდებულება?

9 პირველი, შებნამ დაკარგა თავისი მდგომარეობა. მისი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავ. 16:18). ცდილობთ, თავმდაბლობა შეინარჩუნოთ მაშინაც კი, თუ კრებაში პასუხისმგებლობები გაკისრიათ და შესაძლოა ამის გამო ზოგი გამორჩეულად გეპყრობათ? მიაგებთ იეჰოვას პატივს თქვენი ნიჭის, უნარისა თუ შესრულებული საქმის გამო? (1 კორ. 4:7). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“ (რომ. 12:3).

10 მეორე, მკაცრად შეგონებით იეჰოვამ ცხადყო, რომ შებნას გამოსწორების იმედი ჰქონდა (იგავ. 3:11, 12). რა კარგი მაგალითია ეს მათთვის, ვინც კრებაში პასუხისმგებლობები დაკარგა! გაბრაზების ან განაწყენების ნაცვლად, მათ შეუძლიათ კვლავაც საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის და აღმზრდელობით ზომებში მისი სიყვარული დაინახონ. გახსოვდეთ: თუ თავს დავიმდაბლებთ, საბოლოოდ იეჰოვა დაგვაჯილდოებს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6, 7). იეჰოვა აღმზრდელობითი ზომების მეშვეობით სიყვარულით გვძერწავს, ამიტომ მოდი კვლავაც რბილ თიხად დავრჩეთ მის ხელში!

11 მესამე, შებნასადმი იეჰოვას დამოკიდებულება კარგი გაკვეთილია მათთვის, ვისაც აღმზრდელობითი ზომების გატარების პასუხისმგებლობა აკისრია, მაგალითად მშობლებისა და კრების უხუცესებისთვის. რის სწავლა შეუძლიათ მათ? მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებში ცოდვისადმი სიძულვილი ჩანს, შემცოდველი მის მზრუნველობასა და სიყვარულს გრძნობს. მშობლებო და უხუცესებო, იეჰოვას მსგავსად თქვენც შეიძულებთ ცოდვას და შეეცდებით, კარგი დაინახოთ თქვენს შვილსა თუ თანაქრისტიანში? (იუდ. 22, 23).

12—14. ა) როგორ რეაგირებს ზოგი ღვთის აღმზრდელობით ზომებზე? ბ) როგორ დაეხმარა ღვთის სიტყვა ერთ ძმას თვალსაზრისის შეცვლაში და რა შედეგი მოჰყვა ამას?

12 სამწუხაროა, რომ ზოგმა, ვის მიმართაც აღმზრდელობითი ზომები გაატარეს, წყენა გულში ჩაიტოვა და ჩამოშორდა ღმერთსა და მის ხალხს (ებრ. 3:12, 13). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი მიტოვებულები არიან? დაფიქრდით გრემის მაგალითზე, რომელიც ადრე გარიცხული იყო, შემდეგ დაბრუნდა კრებაში, მაგრამ არააქტიური გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთ უხუცესს, რომელიც მასთან დამეგობრებას ცდილობდა, გრემმა სთხოვა, მისთვის ბიბლია ესწავლებინა.

13 ამ უხუცესმა გაიხსენა: „გრემის პრობლემა სიამაყე იყო. ის კრიტიკულად იყო განწყობილი იმ უხუცესების მიმართ, რომლებმაც მის გარიცხვაში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ რამდენიმე გაკვეთილი იმ ბიბლიურ მუხლებზე ვმსჯელობდით, რომლებიც სიამაყესა და მის შედეგებს ეხებოდა. გრემმა ნათლად დაინახა ღვთის სიტყვის სარკეში თავისი თავი და ძალიან არ მოეწონა. ამან გასაოცარი შედეგი გამოიღო! მან აღიარა, რომ სიამაყემ დააბრმავა და კრიტიკული აზროვნება მისი პრობლემა იყო. ამის შემდეგ გრემმა მალევე მოახდინა ცვლილებები. მან რეგულარულად დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება, გულმოდგინედ სწავლობდა ღვთის სიტყვას და ჩვევად გაიხადა ყოველდღე ლოცვა. ცოლ-შვილის გასახარად მან, როგორც ოჯახისთავმა, მათ სულიერობაზეც დაიწყო ზრუნვა“ (ლუკ. 6:41, 42; იაკ. 1:23—25).

14 უხუცესმა დასძინა: «ერთ დღესაც გრემმა ისეთი რამ თქვა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. მან მითხრა: „წლებია ჭეშმარიტება ვიცი, პიონერადაც ვმსახურობდი, მაგრამ მხოლოდ ახლა შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ იეჰოვა მიყვარს“. ამის შემდეგ მას მალევე დაავალეს, რომ სამეფო დარბაზში და-ძმებს მიკროფონით მომსახურებოდა. ის ამას ძალიან აფასებს. გრემის მაგალითიდან ვსწავლობ, რომ იეჰოვა უშურველად აკურთხებს მას, ვინც თავს იმდაბლებს მის წინაშე და ემორჩილება აღმზრდელობით ზომებს!».

აღმზრდელობითი ზომების დროს მიჰბაძეთ ღმერთსა და ქრისტეს

15. რის გაკეთება გვმართებს, რომ ჩვენ მიერ გატარებულმა აღმზრდელობითმა ზომებმა შედეგი გამოიღოს?

15 ადამიანი რომ კარგი მასწავლებელი გახდეს, ჯერ კარგი მოსწავლე უნდა იყოს (1 ტიმ. 4:15, 16). მსგავსად, ისინი, ვისაც იეჰოვამ აღმზრდელობითი ზომების გატარების პასუხისმგებლობა დააკისრა, თავადაც უნდა ემორჩილებოდნენ მის ხელმძღვანელობას. ამგვარი თავმდაბლობის გამო ისინი და-ძმების პატივისცემასაც იმსახურებენ და სიტყვაში სითამამეც აქვთ, რომ ასწავლონ და რჩევები მისცენ სხვებს. დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე.

16. რას ვსწავლობთ იესოსგან?

16 იესო მაშინაც კი ემორჩილებოდა მამას, როცა ამის გაკეთება ძალიან რთული იყო (მათ. 26:39). თავისი სწავლებებისა და სიბრძნისთვის ის დიდებას იეჰოვას მიაგებდა (იოან. 5:19, 30). იესოს თავმდაბლობა და მორჩილება გულწრფელ ადამიანებს მისკენ იზიდავდა. ეს თვისებები მას ეხმარებოდა, რომ სწავლების დროს თანაგრძნობა და სულგრძელობა გამოევლინა (წაიკითხეთ მათეს 11:29). მისი თბილი სიტყვები მალამოსავით ედებოდა მათ, ვინც გადატანითი მნიშვნელობით გადატეხილ ლერწამს ან მბჟუტავ პატრუქს ჰგავდა (მათ. 12:20). იესო მაშინაც კი კეთილი და მოსიყვარულე იყო, როცა მისი მოთმინება იცდებოდა. ეს ცხადი გახდა მაშინ, როცა მან მოციქულებს ეგოისტური და ამბიციური აზროვნება შეუსწორა (მარ. 9:33—37; ლუკ. 22:24—27).

17. რომელი თვისებები დაეხმარება უხუცესებს, რომ ღვთის სამწყსოს კარგი მწყემსები იყვნენ?

17 ისინი, ვისაც აღმზრდელობითი ზომების გატარების პასუხისმგებლობა აკისრია, გონივრულად იქცევიან, როცა ქრისტეს მაგალითს ჰბაძავენ. ამით ისინი ცხადყოფენ, რომ სურთ, იეჰოვამ და იესომ უხელმძღვანელონ. პეტრე მოციქული წერდა: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:2—4). როცა უხუცესები სიხარულით ემორჩილებიან ღმერთს და ქრისტეს, როგორც კრების თავს, კურთხევებს თავადაც იღებენ და კრების სხვა წევრებიც (ეს. 32:1, 2, 17, 18).

18. ა) რას ითხოვს იეჰოვა მშობლებისგან? ბ) როგორ ეხმარება ღმერთი მშობლებს მათი პასუხისმგებლობების შესრულებაში?

18 ამავე პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ოჯახში. ბიბლია ოჯახისთავებს მოუწოდებს: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფეს. 6:4). რამდენად სერიოზულია ეს საკითხი? იგავების 19:18-დან ჩანს, რომ აღმზრდელობითი ზომების გამოყენებაზე ხშირად შვილების სიცოცხლეა დამოკიდებული. თუ ქრისტიანი მშობლები არ შეასრულებენ ამ პასუხისმგებლობას, ისინი იეჰოვას წინაშე აგებენ პასუხს (1 სამ. 3:12—14). თუმცა იეჰოვა საჭირო სიბრძნესა და ძალას აძლევს მშობლებს, როცა ისინი თავმდაბლად სთხოვენ ამას ლოცვაში და მის სიტყვასა და წმინდა სულს ხელმძღვანელობის საშუალებას აძლევენ (წაიკითხეთ იაკობის 1:5).

მოემზადეთ მარადიული მშვიდობისთვის

19, 20. ა) რა კურთხევები მოაქვს ღვთის აღმზრდელობითი ზომების მორჩილებას? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

19 თუ ჩვენ მიმართ გატარებულ აღმზრდელობით ზომებს დავემორჩილებით ან სხვების მიმართ აღმზრდელობითი ზომების გატარების დროს იეჰოვასა და იესოს მივბაძავთ, უამრავ კურთხევას მივიღებთ! შედეგად, ოჯახსა და კრებაში მშვიდობა დაისადგურებს, თითოეული იგრძნობს, რომ უყვართ, აფასებენ და იცავენ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კურთხევებიდან, რომლებიც მომავალში გვექნება (ფსალმ. 72:7). გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები გვამზადებს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ მარადიულად როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა (წაიკითხეთ ესაიას 11:9). თუ ასე შევხედავთ ღვთის აღმზრდელობით ზომებს, უკეთ დავინახავთ, რომ ეს მისი უსაზღვრო სიყვარულის შესანიშნავი მოწმობაა.

20 შემდეგ სტატიაში უფრო ვრცლად შევეხებით ოჯახსა და კრებაში აღმზრდელობითი ზომების სხვადასხვა მხარეს. აგრეთვე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის გაკონტროლება და რა მოგვაყენებს ღვთის აღმზრდელობითი ზომებით გამოწვეულ დროებით ტკივილზე უფრო დიდ ტკივილს.