არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტუმართმოყვარეობა მნიშვნელოვანი თვისებაა და სიხარულს გვანიჭებს!

სტუმართმოყვარეობა მნიშვნელოვანი თვისებაა და სიხარულს გვანიჭებს!

„იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე“ (1 პეტ. 4:9).

სიმღერები: 124, 119

1. რა მდგომარეობაში იყვნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები?

პეტრე მოციქულმა ახ. წ. 62-64 წლებში წერილი მისწერა „პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში მიმოფანტულ დროებით მცხოვრებლებს“ (1 პეტ. 1:1). მცირე აზიის ამ კრებებს, სადაც სხვადასხვა კულტურის ხალხი იყო გაერთიანებული, გამხნევება და ხელმძღვანელობა სჭირდებოდათ, რადგან ისინი ხშირად ხდებოდნენ წინააღმდეგობისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტები. მათ დიდ განსაცდელებთან უწევდათ გამკლავება. გარდა ამისა, ისინი საკმაოდ რთულ პერიოდში ცხოვრობდნენ, რადგან, როგორც პეტრემ თქვა, მოახლოებული იყო ყველაფრის დასასრული. დიახ, იუდეველთა სისტემას საშინელი აღსასრული ელოდა და ამ დროის დადგომამდე ათი წელიც აღარ იყო დარჩენილი. რა დაეხმარებოდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ქრისტიანებს ამ მძიმე პერიოდის გადატანაში? (1 პეტ. 4:4, 7, 12).

2, 3. რატომ მოუწოდა პეტრემ თანამორწმუნეებს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისკენ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

2 სხვა ყველაფერთან ერთად პეტრემ თანამორწმუნეებს მოუწოდა: „იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები“ (1 პეტ. 4:9). სტუმართმოყვარეობად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით „უცხოთა სიყვარულს“ ნიშნავს. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, პეტრე მოციქულმა ქრისტიან და-ძმებს შეახსენა, რომ სტუმართმოყვარეობა გამოეჩინათ „ერთმანეთის მიმართ“ ანუ მათ მიმართ, ვისთანაც უკვე ჰქონდათ ურთიერთობა. როგორ დაეხმარებოდა მათ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა?

3 ეს უფრო დააახლოებდა მათ. რის თქმა შეიძლება თქვენზე? გახსოვთ, როგორ გაგიხარდათ, როცა სტუმრად დაგპატიჟეს? სასიამოვნოდ გახსენდებათ ეს დრო? ან როგორ დაუახლოვდით უფრო მეტად იმ კრების წევრს, რომელიც სტუმრად გყავდათ? სტუმართმოყვარეობის გამოვლენა თანამორწმუნეების ახლოს გაცნობის საშუალებას გვაძლევს. ასეთი კარგი შესაძლებლობა სხვა არცერთ ვითარებაში არ გვეძლევა. მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად პირველ საუკუნეში მცხოვრებ და-ძმებს განსაკუთრებით სჭირდებოდათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის განვითარება. იგივე მოგვეთხოვება „ბოლო დღეებში“ მცხოვრებ ღვთის მსახურებსაც (2 ტიმ. 3:1).

4. რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 „ერთმანეთის მიმართ“ სტუმართმოყვარეობის გამოვლენის რა შესაძლებლობები გვაქვს? როგორ გადავლახოთ ხელის შემშლელი ფაქტორები? რა უნდა გავაკეთოთ, რომ მასპინძელი ნასიამოვნები დარჩეს ჩვენი სტუმრობით?

სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შესაძლებლობები

5. როგორ შეგვიძლია სტუმართმოყვარეობის გამოვლენა კრების შეხვედრების დროს?

5 კრების შეხვედრები. ჩვენ გულთბილად ვიღებთ ყველას, ვინც ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენი მასპინძლების, იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიერ მომზადებული სულიერი საზრდოს მისაღებად მოდის (რომ. 15:7). როცა კრებაში ახლები მოდიან, ჩვენც მასპინძლები ვხდებით. ამიტომ კარგი იქნება, ინიციატივა გამოვავლინოთ და, მათი გარეგნობისა თუ ჩაცმულობის მიუხედავად, გულთბილად მივიღოთ ისინი (იაკ. 2:1—4). თუ სტუმარი არავის ახლავს თან, შეგიძლიათ თქვენ გვერდით დაჯდომა შესთავაზოთ? ალბათ, ის მადლიერი დაგრჩებათ, თუ კრების მსვლელობის დროს ყურადღებას მიაქცევთ და ბიბლიური მუხლების მოძებნაში დაეხმარებით. ეს სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ (რომ. 12:13).

6. განსაკუთრებით ვის მიმართ უნდა ვავლენდეთ სტუმართმოყვარეობას?

6 სახლში დაპატიჟება. ბიბლიურ დროში სტუმართმოყვარეობაში ჩვეულებრივ ვინმეს სახლში დაპატიჟება და გამასპინძლება შედიოდა (დაბ. 18:1—8; მსაჯ. 13:15; ლუკ. 24:28—30). როცა სტუმარს უმასპინძლდებოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ მას მეგობრობასა და მშვიდობიან ურთიერთობას სთავაზობდნენ. განსაკუთრებით ვის მიმართ უნდა ვავლენდეთ სტუმართმოყვარეობას? მათ მიმართ, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა გვაქვს ანუ კრების წევრების მიმართ. მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად უფრო მეტად დაგვჭირდება ერთმანეთის მხარში დგომა. ამიტომ გვინდა, რომ ყველასთან მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს. 2011 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეერთებული შტატების ბეთელში „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ნახევარი საათით ადრე დაწყებულიყო (18:45-ის ნაცვლად 18:15-ზე). რა იყო ამის მიზეზი? როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ამ ცვლილების შემდეგ ბეთელელებს მეტი დრო დარჩებოდათ და უფრო გაუადვილდებოდათ ერთმანეთის სტუმრად დაპატიჟება. მსგავსი ცვლილება სხვა ფილიალებშიც მოხდა. შედეგად, ბეთელის ოჯახის წევრები იმაზე მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ვიდრე ოდესმე.

7, 8. როგორ შეგვიძლია კრებაში მოწვეული სტუმრების მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა?

7 კრებაში საჯარო მომხსენებლის, სარაიონო ზედამხედველის ან ზოგჯერ ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენლის სტუმრობა საშუალებას გვაძლევს, მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ (წაიკითხეთ 3 იოანეს 5—8). სტუმართმოყვარეობის გამოვლენის ერთ-ერთი კარგი საშუალება მათი სახლში დაპატიჟება და გამასპინძლებაა. შეგიძლიათ გამოავლინოთ ამგვარი სტუმართმოყვარეობა?

8 შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და იხსენებს: „წლების მანძილზე მე და ჩემს მეუღლეს ბევრჯერ მოგვეცა შესაძლებლობა, საჯარო მომხსენებლებსა და მათ მეუღლეებს გავმასპინძლებოდით. თითოეული შემთხვევა სასიამოვნოდ გვახსენდება, რადგან კარგ დროს ვატარებდით და, რაც მთავარია, ერთმანეთს სულიერად ვამხნევებდით. კარგია, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით“.

9, 10. ა) ვის შეიძლება დასჭირდეს დაბინავება? ბ) შეუძლიათ მათაც გამოიჩინონ სტუმართმოყვარეობა, ვისაც სახლში არცთუ ისე კარგი პირობები აქვს? მოიყვანეთ მაგალითი.

9 დაბინავება. ბიბლიურ დროში სტუმართმოყვარეობაში ხშირად სტუმრის დაბინავებაც შედიოდა (იობ. 31:32; ფლმ. 22). ამის საჭიროება ჩვენს დროშიც არსებობს. მაგალითად, დაბინავება სჭირდება სარაიონო ზედამხედველს, როცა ის კრებას ინახულებს. გარდა ამისა, დაბინავება შეიძლება დასჭირდეთ მათ, ვინც თეოკრატიულ სკოლებში სწავლობენ ან სამშენებლო პროექტებში მოხალისედ მსახურობენ. შეიძლება სტიქიური უბედურების შედეგად ზოგი თანაქრისტიანი თავშესაფრის გარეშე დარჩეს, ამიტომ მათ ჩვენი დახმარება დასჭირდებათ, ვიდრე დაზარალებულთა დახმარების ჯგუფი მათ სახლებს ააშენებს ან შეაკეთებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სახლში კარგი პირობები აქვს. ასეთ და-ძმებს, ალბათ, არაერთხელ გამოუვლენიათ სტუმართმოყვარეობა. შეგიძლიათ თქვენც დააბინაოთ თანამორწმუნეები მაშინაც კი, თუ სახლში მაინცდამაინც კარგი პირობები არ გაქვთ?

10 სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ერთ ძმას კარგად ახსენდება ის დრო, როცა თეოკრატიულ სკოლებში მოსწავლე და-ძმებს მასპინძლობდა. ის ამბობს: „თავიდან ვყოყმანობდი, რადგან მე და ჩემი მეუღლე ახალდაქორწინებულები ვიყავით, თანაც პატარა სახლში ვცხოვრობდით. მაგრამ სტუდენტების მასპინძლობამ დიდი სიხარული მოგვიტანა. მე და ჩემმა მეუღლემ დავინახეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ცოლ-ქმრის ბედნიერებას იეჰოვასადმი მსახურება და საერთო მიზნებისკენ სწრაფვა“.

11. რატომ უნდა გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა კრების ახალი წევრების მიმართ?

11 კრების ახალი წევრები. შეიძლება თქვენს ტერიტორიაზე საცხოვრებლად დაუქორწინებელი თანაქრისტიანები ან ოჯახები გადმოვიდნენ. ზოგი შესაძლოა მსახურების გაფართოების მიზნით გადმოვიდეს ან შეიძლება თქვენს კრებაში პიონერები გამოგზავნონ. ცხადია, ყველა მათგანს მოუწევს სიახლეებთან შეგუება, იქნება ეს ახალი გარემო, კრება, ენა თუ კულტურა. თუ მათ სახლში ან პიკნიკზე დაპატიჟებთ, მეგობრების შეძენასა და ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარებით.

12. საიდან ჩანს, რომ სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად ბევრი რამ არ არის საჭირო?

12 სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად ბევრი რამ არ არის საჭირო (წაიკითხეთ ლუკას 10:41, 42). ერთი ძმა, რომელიც მისიონერული მსახურების პირველ დღეებს იხსენებს, ამბობს: „ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით. ძალიან გვენატრებოდა სახლი. ერთ საღამოს ჩემს მეუღლეს ძლიერი ნოსტალგია შემოაწვა, მე კი ვერაფრით დავამშვიდე. დაახლოებით რვის ნახევარზე კაკუნის ხმა შემოგვესმა. კართან ბიბლიის შემსწავლელი იდგა, რომელსაც ხელში სამი ფორთოხალი ეჭირა. ის ჩვენ გასაცნობად მოვიდა. შემსწავლელი სახლში შევიპატიჟეთ და წყალი შევთავაზეთ, მოგვიანებით კი ჩაით და ცხელი შოკოლადით გავუმასპინძლდით. ჩვენ სუაჰილი არ ვიცოდით, მან კი ინგლისური არ იცოდა. ასე დაიწყო ადგილობრივ და-ძმებთან ჩვენი გაცნობა და დამეგობრება“.

ხელის შემშლელი ფაქტორების გადალახვა

13. რა მხრივ გვეხმარება სტუმართმოყვარეობის გამოვლენა?

13 შეგიკავებიათ თავი სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან? თუ ასეა, შესაძლოა ხელიდან გაუშვით და-ძმებთან სასიამოვნო ურთიერთობისა და მათთან დამეგობრების შესაძლებლობა. მარტოობის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტუმართმოყვარეობის გამოჩენაა. თუმცა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ იკავებს ზოგი თავს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

14. რის გაკეთება შეგვიძლია, თუ დროისა და ენერგიის უქონლობა ხელს გვიშლის სტუმართმოყვარეობის გამოვლენაში?

14 დრო და ენერგია. იეჰოვას მსახურები საკმაოდ დაკავებულები არიან და ხშირად ბევრი ვალდებულება აკისრიათ. ზოგი ფიქრობს, რომ სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად არც დრო აქვს და არც ენერგია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, კარგი იქნება, თუ თქვენს გეგმებს კიდევ ერთხელ გადახედავთ. შეგიძლიათ ისე შეცვალოთ გეგმები, რომ დროც გამონახოთ და ენერგიაც დაგრჩეთ იმისთვის, რომ სტუმრად წახვიდეთ ან სხვები მიიპატიჟოთ თქვენთან? ბიბლია ქრისტიანებს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისკენ მოუწოდებს (ებრ. 13:2). სწორედ ამიტომ არის მართებული, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად დრო გამოვითავისუფლოთ და ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების ხარჯზე გავაკეთოთ.

15. რა უშლის ზოგს ხელს სტუმართმოყვარეობის გამოვლენაში?

15 შეხედულება საკუთარ თავზე. შეიძლება გდომებიათ სტუმრების დაპატიჟება, მაგრამ თავი შეგიკავებიათ სიმორცხვის გამო; შეიძლება არ იცოდით, რაზე გელაპარაკათ და ფიქრობდით, რომ თქვენთან მოიწყენდნენ. ზოგი ღარიბულად ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ისე ვერ გაუმასპინძლდება სტუმრებს, როგორც კრების სხვა წევრები. გახსოვდეთ, რომ მთავარი კარგად მოწყობილი სახლი კი არ არის, არამედ წესრიგი, სისუფთავე და სტუმრის დაპატიჟების სურვილი.

16, 17. რა დაგეხმარებათ, თუ სტუმრების მიღება თქვენთვის გარკვეულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული?

16 თუ სტუმრების მიღება თქვენთვის გარკვეულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული, გამონაკლისი ნამდვილად არა ხართ. ბრიტანეთში მცხოვრები ერთი უხუცესი ამბობს: „სტუმრების მისაღებად მზადების პროცესს შეიძლება გარკვეული მღელვარება ახლდეს. მაგრამ, ისევე როგორც იეჰოვას მსახურებაში, ნებისმიერ მღელვარებას გადაწონის კმაყოფილების გრძნობა და დადებითი შედეგები, რომლებიც სტუმართმოყვარეობის გამოვლენას მოაქვს. მსიამოვნებს, როდესაც სტუმრებთან ერთად თუნდაც ფინჯან ყავას მივირთმევ და საინტერესო თემებზე ვსაუბრობ“. გახსოვდეთ, სტუმრების მიმართ გულწრფელი ინტერესის გამოვლენა ყოველთვის სასიამოვნოა (ფილ. 2:4). უმეტესობას მოსწონს თავისი ამბების მოყოლა. შეიძლება მხოლოდ ასეთი შეხვედრების დროს მიეცეთ სხვებს იმის საშუალება, რომ ჩვენ შესახებ მეტი გაიგონ. კიდევ ერთი უხუცესი აღნიშნავს: „კრების წევრების სახლში დაპატიჟება საშუალებას მაძლევს, უკეთ გავიცნო ისინი და გავუგო მათ. განსაკუთრებით მომწონს იმის მოსმენა, თუ როგორ გაიგეს მათ ჭეშმარიტება“. ერთად შეკრება სასიამოვნო ხდება, როცა ერთმანეთის მიმართ გულწრფელ ინტერესს ვავლენთ.

17 ერთი პიონერი და, რომელმაც თეოკრატიული სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, ამბობს: «თავიდან განვიცდიდი, რადგან უბრალოდ ვცხოვრობ და სხვისი გამონაცვალი ავეჯი მაქვს. ერთ-ერთი ინსტრუქტორის ცოლმა გამამხნევა. მან მითხრა, რომ მიმოსვლითი მსახურების დროს მას და მის მეუღლეს ყველაზე მეტად იმ ადამიანებთან დარჩენა სიამოვნებთ, რომლებსაც შეიძლება ბევრი არაფერი აქვთ, მაგრამ სულიერად არიან მდიდრები და მათნაირი მიზნები აქვთ — ემსახურონ იეჰოვას და იცხოვრონ უბრალოდ. ამან დედაჩემის სიტყვები გამახსენა, რომელიც ბავშვობაში გვეუბნებოდა: „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია“» (იგავ. 15:17). ასე რომ, შეეცადეთ, სტუმართმოყვარეობისკენ სიყვარულმა აღგძრათ და სანერვიულოც ნაკლები გექნებათ.

18, 19. როგორ დაგვეხმარება სტუმართმოყვარეობა სხვების მიმართ უარყოფითი გრძნობების დაძლევაში?

18 შეხედულება სხვებზე. არის კრებაში ისეთი ვინმე, ვინც გაღიზიანებთ? ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას ვერ შეიცვლით და უარყოფით გრძნობებს ვერ დაძლევთ, თუ არაფერს იღონებთ მასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. განსხვავებულმა ხასიათმა ან გულში ჩატოვებულმა წყენამ შეიძლება სტუმართმოყვარეობის გამოვლენაში ხელი შეგიშალოთ.

19 ბიბლიაში ნათქვამია, რომ სტუმართმოყვარეობით მტრის შემორიგებაც კი შეგვიძლია (წაიკითხეთ იგავების 25:21, 22). ეს თქვენც დაგეხმარებათ უთანხმოების მოგვარებაში და გულს მოგილბობთ. ამ დროს უკეთ დაინახავთ ადამიანის კარგ თვისებებს, რომელთა გამოც იეჰოვამ ის თავისკენ მიიზიდა (იოან. 6:44). თუ სტუმართმოყვარეობისკენ სიყვარული გიბიძგებთ, ამ ადამიანის დაპატიჟება შეიძლება სრულიად სხვაგვარი ურთიერთობის კარგი დასაწყისი გახდეს. როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ამისკენ სიყვარული გიბიძგებთ? ამაში დაგეხმარებათ ფილიპელების 2:3-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება: „თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“. თუ ვიფიქრებთ, რომ და-ძმები ჩვენზე აღმატებულები არიან, მაგალითად თავიანთი რწმენით, მოთმინებით, სიმამაცით ან სხვა ქრისტიანული თვისებებით, უფრო გაგვიძლიერდება მათდამი სიყვარული და მათ მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენის გულწრფელი სურვილი გაგვიჩნდება.

იყავით კარგი სტუმარი

მასპინძლები, როგორც წესი, კარგად ემზადებიან სტუმრების დასახვედრად (იხილეთ აბზაცი 20)

20. რატომ არ უნდა გავტეხოთ სიტყვა, როცა სტუმრად გვეპატიჟებიან, და რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვერ ვახერხებთ მისვლას?

20 ფსალმუნმომღერალმა დავითმა იკითხა: „იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?“ (ფსალმ. 15:1). ამ კითხვის დასმის შემდეგ მან ჩამოთვალა თვისებები, რომლებიც იეჰოვას სურს, რომ თავის სტუმრებში დაინახოს. ერთ-ერთი თვისებაა, ვიყოთ ჩვენი სიტყვის პატრონი ანუ ისეთი, „ვინც არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს“ (ფსალმ. 15:4). თუ დავთანხმდებით ვინმეს სტუმრობაზე, უმიზეზოდ არ უნდა შევცვალოთ გადაწყვეტილება. თუ არ მივალთ, შეიძლება მასპინძელს წყალში ჩავუყაროთ შრომა (მათ. 5:37). ზოგი იმიტომ ტეხს სიტყვას, რომ სხვის შემოთავაზებას თანხმდება, სადაც მისი აზრით უკეთეს დროს გაატარებს. ეს არ არის სიყვარულისა და პატივისცემის მაჩვენებელი. ჩვენ მთელი გულით ვაფასებთ, როცა და-ძმები სტუმრად გვეპატიჟებიან, და მნიშვნელობა არა აქვს, რით გაგვიმასპინძლდებიან ისინი (ლუკ. 10:7). მაგრამ, თუ გამოუვალი მდგომარეობის გამო ვერ მივდივართ, სიყვარულისა და თავაზიანობის მაჩვენებელი იქნება, თუ დროულად გავაფრთხილებთ მასპინძელს.

21. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი კულტურა?

21 ადგილობრივი კულტურაც გასათვალისწინებელია. ზოგ კულტურაში დაუპატიჟებლად ვინმესთან მისვლა ჩვეულებრივი ამბავია, ზოგან კი ამჯობინებენ, წინასწარ შეთანხმდნენ სტუმრობაზე. სხვაგან ოჯახის წევრებზე წინ სტუმარს აყენებენ და საუკეთესოთი უმასპინძლდებიან, ზოგან კი თანაბრად ანაწილებენ ყველაფერს. ზოგი, როგორც წესი, ხელცარიელი არ მიდის სტუმრად, ზოგ მასპინძელს კი ურჩევნია, სტუმარი არაფერზე შეწუხდეს. ზოგან მიღებულია, რომ სტუმარმა შეთავაზებულ საკვებზე ერთი-ორჯერ თავაზიანი უარი თქვას, სხვაგან კი ეს მასპინძლისადმი უპატივცემულობად ითვლება. მოდი შევეცადოთ, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს მასპინძლებს და ვიყოთ კარგი სტუმრები!

22. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ „ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები“?

22 პეტრეს სიტყვები, „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული“, დღეს იმაზე ფართო მასშტაბით სრულდება, ვიდრე ოდესმე (1 პეტ. 4:7). წინ გველოდება დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა. მსოფლიო მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად უფრო მეტად უნდა გავიღრმაოთ ერთმანეთის სიყვარული. დღეს, ისე როგორც არასდროს, უნდა გამოვეხმაუროთ პეტრეს რჩევას: „იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები“. ამ თვისების გამოვლენა მარადიულად დაგვჭირდება და ყოველთვის სიხარულს მოგვიტანს (1 პეტ. 4:9).