არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოუსმინეთ დარიგებას და დაბრძენდით!

მოუსმინეთ დარიგებას და დაბრძენდით!

„მოუსმინე დარიგებას, დაბრძენდი“ (იგავ. 8:32, 33).

სიმღერები: 64, 120

1. როგორ ვიძენთ ღვთიურ სიბრძნეს და რა სიკეთე მოაქვს ამას ჩვენთვის?

იეჰოვა სიბრძნის წყაროა, რომელიც თავის სიბრძნეს ყველას უხვად აძლევს. იაკობის 1:5-ში ნათქვამია: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს“. ღვთის სიბრძნის შეძენის ერთ-ერთი საშუალება მისი დარიგებების გათვალისწინებაა. ღვთისგან მომდინარე სიბრძნე როგორც ზნეობრივი, ისე სულიერი ზიანისგან გვიცავს (იგავ. 2:10—12). შედეგად, „ღვთის სიყვარულში“ ვრჩებით და ჩვენში მარადიული სიცოცხლის იმედი ცოცხლობს (იუდ. 21).

2. როგორ შეგვიძლია დავაფასოთ იეჰოვას დარიგებები?

2 თუმცა არასრულყოფილების, აღზრდისა თუ სხვა ფაქტორების გამო გვიჭირს რჩევა-დარიგებების გათვალისწინება და მათი დადებითი კუთხით დანახვა. ხშირად რჩევის ფასს მაშინ ვხვდებით, როცა ვითვალისწინებთ მას და კარგ შედეგებს ვხედავთ. ამ დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ღვთის სიყვარულში. იგავების 3:11, 12-ში ვკითხულობთ: „შვილო, იეჰოვას დარიგებას ნუ უგულებელყოფ . . . რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს“. დიახ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას ჩვენთვის საუკეთესო სურს (წაიკითხეთ ებრაელების 12:5—11). ვინაიდან ღმერთი კარგად გვიცნობს, მისი აღმზრდელობითი ზომები ყოველთვის სათანადო და ზომიერია. ქვემოთ განვიხილავთ ოთხ მხარეს: 1) საკუთარი თავის კონტროლი, 2) მშობლების რჩევა-დარიგებები, 3) აღმზრდელობითი ზომები ქრისტიანულ კრებაში და 4) შედეგები, რომლებიც აღმზრდელობით ზომებზე მტკივნეულია.

თვითკონტროლი სიბრძნის მაჩვენებელია

3. როგორ სწავლობს ბავშვი საკუთარი თავის კონტროლს? მოიყვანეთ მაგალითი.

3 თვითკონტროლი ნიშნავს საკუთარი მოქმედებისა და ფიქრების გაკონტროლებას. ეს თვისება დაბადებიდან არ დაგვყვება; მას შეძენა სჭირდება. მაგალითად, როცა ბავშვი ველოსიპედის ტარებას სწავლობს, მშობელს ხშირად ხელით უჭირავს ველოსიპედი. მაგრამ, როცა ბავშვი ნელ-ნელა ეჩვევა წონასწორობის შენარჩუნებას, მშობელი დროდადრო ხელს უშვებს ველოსიპედს. დამოუკიდებლად ტარების უფლებას კი მაშინ აძლევს, როცა ბავშვს აღარ უჭირს წონასწორობის შენარჩუნება. მსგავსად ამისა, როცა მშობლები მოთმინებით ცდილობენ შვილების იეჰოვას მოსაწონად აღზრდასა და დარიგებას, მათ საკუთარი თავის კონტროლს და იეჰოვას სიბრძნეს ასწავლიან (ეფეს. 6:4).

4, 5. ა) რატომ არის თვითკონტროლი „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი მნიშვნელოვანი თვისება? ბ) რატომ არ უნდა ჩაიქნიოს ხელი ღვთის მსახურმა, „შვიდჯერაც რომ დაეცეს“?

4 იმავეს თქმა შეიძლება მათზე, ვინც იეჰოვას მსახური ზრდასრულ ასაკში გახდა. მართალია, ისინი ზრდადასრულებულები არიან და გარკვეულწილად შეუძლიათ საკუთარი თავის კონტროლი, მაგრამ, როგორც ღვთის ახალი მსახურები, ისინი სულიერად მოუმწიფებლები არიან. როცა ასეთი ქრისტიანები ცდილობენ, მიჰბაძონ იესოს და „ახალი პიროვნებით“ შეიმოსონ, თანდათანობით სულიერ მოწიფულობას აღწევენ (ეფეს. 4:23, 24). საკუთარი თავის გაკონტროლების უნარი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის სულიერ ზრდას, რადგან ეს გვეხმარება, „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში კი აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:12).

5 ფაქტია, ყველანი ცოდვილები ვართ (ეკლ. 7:20). ამიტომ დროებითი დაცემა არც სრულ დამარცხებას ნიშნავს და არც იმის მაჩვენებელია, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება საერთოდ არ შეგვიძლია. „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“, — ნათქვამია იგავების 24:16-ში. რა დაგვეხმარება წამოდგომაში? რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ იეჰოვას სულის დახმარებით შევძლებთ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:13). თვითკონტროლი თავისი მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგას თავშეკავებასთან, რომელიც სულის ნაყოფის ერთ-ერთი თვისებაა.

6. რა დაგვეხმარება, რომ ღვთის სიტყვის უკეთესი მკვლევრები გავხდეთ? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე)

6 საკუთარი თავის გაკონტროლებასა და თვითდისციპლინის განვითარებაში მთელი გულით ლოცვა, ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე ფიქრიც დაგვეხმარება. მაგრამ რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ გიჭირთ ბიბლიის კვლევა? შეიძლება ფიქრობთ, რომ არც ისე ბეჯითი ხართ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვა აუცილებლად დაგეხმარებათ, თუ მისცემთ ამის საშუალებას. ის დაგეხმარებათ, რომ განივითაროთ მისი სიტყვისადმი სწრაფვა (1 პეტ. 2:2). თავდაპირველად, სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ შეძლოთ მობილიზება ღვთის სიტყვის შესასწავლად, შემდეგ კი ლოცვის შესაბამისად თუნდაც ცოტა დრო გამოყავით კვლევისთვის. დროთა განმავლობაში ღვთის სიტყვის კვლევა თქვენთვის უფრო ადვილი და სასიამოვნო პროცესი გახდება. ეჭვგარეშეა, თქვენთვის სასიამოვნო წუთებად იქცევა ის დრო, რომელსაც ღვთის აზრებზე დასაფიქრებლად გამოყოფთ (1 ტიმ. 4:15).

7. როგორ გვეხმარება თვითდისციპლინა სულიერი მიზნების მიღწევაში?

7 თვითდისციპლინა სულიერი მიზნების მიღწევაშიც დაგვეხმარება. დავფიქრდეთ ერთი დაოჯახებული მამაკაცის შემთხვევაზე, რომელიც გრძნობდა, რომ უწინდებური შემართებით აღარ ემსახურებოდა ღმერთს. მან მიზნად პიონერად მსახურება დაისახა. ამ საკითხთან დაკავშირებით ის ჩვენს ჟურნალებში დაბეჭდილ სტატიებს კითხულობდა და ლოცულობდა. ამან ის სულიერად გააძლიერა და ძალა შემატა, რომ მიზნისთვის მიეღწია. დროდადრო, როცა შესაძლებლობა მიეცემოდა, დამხმარე პიონერად მსახურობდა. ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, ის პიონერობისკენ ისწრაფოდა და მიაღწია კიდეც თავის მიზანს.

იეჰოვას დარიგებებით აღზარდეთ შვილები

ბავშვებმა დაბადებიდანვე არ იციან, რა არის კარგი და რა ცუდი; მათ აღზრდა სჭირდებათ (იხილეთ აბზაცი 8)

8—10. რა დაეხმარება ქრისტიან მშობლებს, რომ იეჰოვას მსახურებად აღზარდონ შვილები? მოიყვანეთ მაგალითი.

8 ქრისტიან მშობლებს უდიდესი პატივი ხვდათ წილად, რომ შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ (ეფეს. 6:4). ეს საპასუხისმგებლო საქმეა, განსაკუთრებით დღევანდელ ქვეყნიერებაში (2 ტიმ. 3:1—5). ცხადია, ბავშვებმა დაბადებიდანვე არ იციან, რა არის კარგი და რა ცუდი. ისინი იბადებიან სინდისით, თუმცა ამ სინდისს განსწავლა და გაწაფვა სჭირდება (რომ. 2:14, 15). ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ აღზრდად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებასაც ნიშნავდეს.

9 ბავშვები, რომელთაც რჩევა-დარიგებებს სიყვარულით აძლევენ, უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ისინი სწავლობენ, რომ თავისუფლებას აქვს საზღვრები და მათ გადაწყვეტილებებსა თუ საქციელს აუცილებლად მოჰყვება შედეგი — კარგი ან ცუდი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანმა მშობლებმა ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აღზრდის მეთოდები ყველა კულტურასა და თაობაში განსხვავებულია. როცა მშობლები მიჰყვებიან ღვთის ხელმძღვანელობას, მათ არ უწევთ გამუდმებით იმაზე ფიქრი, როგორ აღზარდონ შვილები, და არც ადამიანურ სიბრძნესა და გამოცდილებას ეყრდნობიან.

10 განვიხილოთ ნოეს მაგალითი. როცა იეჰოვამ კიდობნის აგება დაავალა, ნოე საკუთარ გამოცდილებას ვერ დაენდობოდა, რადგან კიდობანი არასდროს აუშენებია. ის იეჰოვას უნდა მინდობოდა. მან ყველაფერი „სწორედ ისე“ გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა (დაბ. 6:22). შედეგად, ნოეც გადარჩა და მისი ოჯახიც. ნოე კარგი ოჯახისთავიც იყო, რადგან ის ისევ და ისევ იეჰოვას სიბრძნეზე იყო დანდობილი. მან კარგად აღზარდა შვილები და მისაბაძი მაგალითი მისცა მათ, რაც არც ისე ადვილი იქნებოდა წარღვნამდელ ბოროტ ქვეყნიერებაში (დაბ. 6:5).

11. რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდის დროს მშობლების მაგალითი?

11 როგორც მშობლებს, როგორ შეგიძლიათ ყველაფერი „სწორედ ისე“ გააკეთოთ, როგორც იეჰოვა გეუბნებათ? მოუსმინეთ იეჰოვას! მიეცით მას საშუალება, რომ შვილების აღზრდის დროს თავისი სიტყვითა და ორგანიზაციის მიერ მოწვდილი მითითებებით გიხელმძღვანელოთ. თუ ასე მოიქცევით, შვილები თავის დროზე დაგიფასებენ ძალისხმევას! ერთმა ახალგაზრდა ძმამ თქვა: „ძალიან მადლიერი ვარ, რომ მშობლებმა ასე აღმზარდეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჭეშმარიტება შემყვარებოდა. ამიტომ ჩემი სულიერი წინსვლა მეტწილად მათი დამსახურებაა“. მაგრამ მშობლების ძალისხმევის მიუხედავად, ზოგიერთი ბავშვი ტოვებს ორგანიზაციას. ასეთ მშობლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს შვილებისთვის ჭეშმარიტების ჩასანერგად, სუფთა სინდისი აქვთ. ისინი არ კარგავენ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი შვილი დაუბრუნდება იეჰოვას.

12, 13. ა) როგორ შეუძლიათ გარიცხული შვილის მშობლებს ცხადყონ, რომ ღმერთს ემორჩილებიან? ბ) რა შედეგი მოუტანა ერთ ოჯახს იმან, რომ მშობლები ემორჩილებოდნენ იეჰოვას?

12 ზოგიერთი მშობლისთვის ღვთის მორჩილების ერთ-ერთი უდიდესი გამოცდა გარიცხულ შვილთან ურთიერთობაა. განვიხილოთ ერთი დის მაგალითი, რომლის გარიცხული ქალიშვილიც სახლიდან წავიდა. ეს და ამბობს: „ჩვენს პუბლიკაციებში ხელჩასაჭიდ აზრებს ვეძებდი, რომ შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობა მქონოდა. მაგრამ ქმარმა რბილად დამანახვა, რომ ის უკვე იეჰოვას ხელში იყო და არ უნდა ჩავრეულიყავით მისი აღზრდის პროცესში“.

13 რამდენიმე წლის შემდეგ მათი ქალიშვილი დაბრუნდა კრებაში. „ახლა ის თითქმის ყოველდღე მირეკავს ან მწერს! — ამბობს ეს და. — ის ძალიან გვაფასებს, რადგან ხვდება, რომ იეჰოვას ვემორჩილებოდით. დღეს ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს“. თუ თქვენი შვილიც გარიცხულია, მიენდობით „იეჰოვას მთელი გულით“ და შეეცდებით, რომ საკუთარ გონებას არ დაეყრდნოთ? (იგავ. 3:5, 6). გახსოვდეთ, რომ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებში მისი შეუდარებელი სიბრძნე და სიყვარული ჩანს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მან საკუთარი შვილი გაიღო ყველასთვის, მათ შორის თქვენი შვილისთვის. მას არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9). ამიტომ მიენდეთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებსა და ხელმძღვანელობას. ეს მაშინაც გააკეთეთ, როცა თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, მტკივნეულია იმის კეთება, რასაც იეჰოვა ითხოვს. ასე რომ, მხარი დაუჭირეთ ღვთის აღმზრდელობით ზომებს და ნუ წახვალთ მათ წინააღმდეგ.

კრებაში

14. რა სიკეთე მოაქვს იეჰოვას მითითებებს, რომელთაც ერთგული მმართველი გვაწვდის?

14 იეჰოვა დაგვპირდა, რომ იზრუნებდა, დაიცავდა და უხელმძღვანელებდა ქრისტიანულ კრებას. ის ამას სხვადასხვა საშუალებით აკეთებს. მაგალითად, მან კრების თავად იესო დანიშნა, რომელმაც ერთგული მმართველი დააყენა, რათა დროულად მიეწოდებინა კრებისთვის სულიერი საზრდო (ლუკ. 12:42). სულიერი საზრდო, რომელიც სხვადასხვა საშუალებით არის ხელმისაწვდომი, ფასდაუდებელ რჩევებსა და მითითებებს შეიცავს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხშირად აღმძრავს საჯარო მოხსენება ან ჩვენს ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიები, რომ აზროვნებასა თუ საქციელში ცვლილებები მოვახდინო?“. თუ თქვენი პასუხი დადებითია, ეს კარგის ნიშანია. აქედან ჩანს, რომ თქვენ საშუალებას აძლევთ იეჰოვას, გამოგძერწოთ, ანუ აღგზარდოთ, რაც თქვენთვისვეა კარგი (იგავ. 2:1—5).

15, 16. ა) რა სიკეთე მოაქვს კრებისთვის „ძღვენს ადამიანთა სახით“? ბ) როგორ შეგვიძლია გავუადვილოთ საქმე უხუცესებს?

15 ქრისტემ კრებაში აგრეთვე „მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით“, ანუ ღვთის სამწყსოს მწყემსებად უხუცესები დანიშნა (ეფეს. 4:8, 11—13). როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ ძღვნით? ერთ-ერთი საშუალებაა, მივბაძოთ უხუცესების რწმენასა და კარგ მაგალითს. აგრეთვე შეგვიძლია გავითვალისწინოთ მათ მიერ მოცემული რჩევები (წაიკითხეთ ებრაელების 13:7, 17). გახსოვდეთ, რომ უხუცესებს ვუყვარვართ და სურთ, რომ სულიერად გავიზარდოთ. მაგალითად, თუ ისინი შენიშნავენ, რომ კრების შეხვედრები გვიცდება ან უწინდებური შემართებით აღარ ვმსახურობთ, ისინი მაშინვე შეეცდებიან ჩვენს დახმარებას. უხუცესები მოგვისმენენ, გაგვაძლიერებენ, გაგვამხნევებენ და სათანადო ბიბლიურ რჩევას მოგვცემენ. მიიჩნევთ მათ დახმარებას იეჰოვას სიყვარულის გამოვლინებად?

16 არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ უხუცესებისთვის შეიძლება რთული იყოს ჩვენთან მოსვლა და საჭირო რჩევის მოცემა. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა წინასწარმეტყველ ნათანისთვის მეფე დავითთან მისვლა, რომელიც მძიმე ცოდვის მიჩქმალვას ცდილობდა (2 სამ. 12:1—14). მსგავსად, პავლე მოციქულსაც გაბედულება სჭირდებოდა, რომ პეტრესთვის, 12 მოციქულიდან ერთ-ერთისთვის, აზროვნება შეესწორებინა, როცა მან იუდეველი ძმების მიმართ მიკერძოება გამოიჩინა (გალ. 2:11—14). დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ ეს ტვირთი კრების უხუცესებს? იყავით თავმდაბალი, უშუალო და მადლიერი. მათი დახმარება თქვენდამი ღვთის სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნიეთ. ეს არა მხოლოდ თქვენ დაგეხმარებათ, არამედ უხუცესებსაც შეუწყობს ხელს, უფრო მეტი სიხარულით შეასრულონ თავიანთი საქმე.

17. როგორ დაეხმარნენ სიყვარულით ერთ დას კრების უხუცესები?

17 თავისი წარსულის გამო ერთ დას ძალიან უჭირდა იეჰოვას შეყვარება. „როცა ჩემმა წარსულმა და სხვა პრობლემებმა ემოციურად გამომფიტა, მივხვდი, რომ უხუცესებთან უნდა მელაპარაკა, — ამბობს ის. — ისინი არ გაბრაზებულან და არ გავუკრიტიკებივარ. პირიქით, გამამხნევეს და გამაძლიერეს. ყოველი კრების შემდეგ, რაც არ უნდა დაკავებულები ყოფილიყვნენ, ერთი უხუცესი მაინც მეკითხებოდა, როგორ ვგრძნობდი თავს. ჩემი წარსულის გამო თავს ღვთის სიყვარულის ღირსად არ ვთვლიდი. მაგრამ იეჰოვა ისევ და ისევ მიმტკიცებდა თავის სიყვარულს კრების წევრებისა და უხუცესების მეშვეობით. ვევედრები იეჰოვას დამეხმაროს, რომ არასდროს მივატოვო ის“.

აღმზრდელობითი ზომებით გამოწვეულ ტკივილზე უარესი

18, 19. რა შეიძლება იყოს აღმზრდელობითი ზომებით გამოწვეულ ტკივილზე უარესი? ახსენით.

18 მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელობითი ზომები შეიძლება მტკივნეული იყოს, არის რაღაც, რაც უფრო მტკივნეულია — ეს არის აღმზრდელობითი ზომების უგულებელყოფით გამოწვეული ზიანი (ებრ. 12:11). განვიხილოთ კაენისა და მეფე ციდკიას შემთხვევები. როცა კაენმა ისე შეიძულა აბელი, რომ მისი მოკვლა გაივლო გულში, ღმერთმა ჰკითხა: „რატომ აენთე რისხვით და რატომ მოგეღუშა სახე? თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?!“ (დაბ. 4:6, 7). კაენმა არ მოუსმინა იეჰოვას, ამიტომ ცოდვამ სძლია და მთელი ცხოვრება სავალალო შედეგებს იმკიდა (დაბ. 4:11, 12). კაენს ღმერთისთვის რომ დაეჯერებინა, ამხელა ტკივილს არ მიაყენებდა საკუთარ თავს.

19 ციდკია ბოროტი და სუსტი ნებისყოფის მქონე მმართველი იყო, რომელიც იერუსალიმში საკმაოდ რთულ პერიოდში მეფობდა. წინასწარმეტყველმა იერემიამ არაერთხელ გააფრთხილა ციდკია, მიეტოვებინა ბოროტი საქმეები, მაგრამ მეფემ ყურად არ იღო შეგონება. შედეგად, მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა (იერ. 52:8—11). იეჰოვას ნამდვილად არ სურს, რომ ზედმეტი ტკივილი მივაყენოთ საკუთარ თავს! (წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18).

20. რა მომავალი ელის მათ, ვინც ყურად იღებს ღვთის დარიგებებს და ვინც უგულებელყოფს მათ?

20 ღვთის აღმზრდელობით ზომებს დღეს ბევრი არაფრად აგდებს. ამიტომ ასეთი ადამიანები ბოროტებთან ერთად სავალალო შედეგებს მოიმკიან (იგავ. 1:24—31). ასე რომ, მოუსმინეთ დარიგებას და დაბრძენდით! იგავების 4:13 თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს: „ჩაეჭიდე დარიგებას და ნუ მიატოვებ. დაიცავი, რადგან ის შენი სიცოცხლეა“.