არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნათლობა — აუცილებელი მოთხოვნა ქრისტიანებისთვის

ნათლობა — აუცილებელი მოთხოვნა ქრისტიანებისთვის

„მონათვლა . . . უკვე ემსახურება თქვენს ხსნას“ (1 პეტ. 3:21).

სიმღერები: 7, 56

1, 2. ა) რამ შეიძლება დააფიქროს ზოგი მშობელი, როცა მათი შვილი ნათლობის სურვილს გამოთქვამს? ბ) რატომ ეკითხებიან ნათლობის მსურველებს, მიუძღვნეს თუ არა თავი იეჰოვას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

მშობლები სიხარულით შესცქერიან მარის, რომელიც მონათვლის მსურველებს შორის დგას. * ის ხმამაღლა და გარკვევით პასუხობს მომხსენებლის მიერ დასმულ ორ კითხვას, შემდეგ კი ინათლება.

2 მარის მშობლებს ეამაყებათ, რომ მათმა ქალიშვილმა თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. თუმცა დედამისს მანამდე აფიქრებდა: „პატარა ხომ არ არის მარი ნათლობისთვის? ბოლომდე ესმის, რამდენად სერიოზულ ნაბიჯს დგამს? ხომ არ ჯობია, ცოტა მოიცადოს?“. მსგავსი კითხვები ბევრ მოსიყვარულე მშობელს უჩნდება, როცა მათი შვილი ნათლობის სურვილს გამოთქვამს (ეკლ. 5:5). ბოლოს და ბოლოს, მიძღვნა და ნათლობა ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ქრისტიანის ცხოვრებაში! (იხილეთ ჩარჩო „ მიუძღვენით თავი იეჰოვას?“).

3, 4. ა) როგორ დაგვანახვა მოციქულმა პეტრემ ნათლობის მნიშვნელოვნება? ბ) რატომ შეიძლება შევადაროთ ნათლობა ნოეს კიდობნის მშენებლობას?

3 მოციქულმა პეტრემ ნათლობა ნოეს კიდობნის მშენებლობას შეადარა. მან თქვა: „მონათვლა . . . უკვე ემსახურება თქვენს ხსნას“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:20, 21). კიდობანი იმის ხილული მტკიცება იყო, რომ ნოემ ღვთის ნების შესრულებას მიუძღვნა თავი. მან პირნათლად შეასრულა იეჰოვას დავალება და თავისი რწმენის საქმეებით წარღვნის დროს საკუთარი თავიც იხსნა და ოჯახიც. რის თქმა სურდა პეტრეს ამ მაგალითით?

4 როგორც კიდობანი იყო ნოეს რწმენის ხილული მტკიცება, ისე ნათლობაა იმის ხილული დადასტურება, რომ ქრისტეს გამოსასყიდის მიმართ რწმენის საფუძველზე ადამიანმა თავი მიუძღვნა იეჰოვას. ნოეს მსგავსად, ღვთის მიძღვნილი მსახური ემორჩილება ღმერთს და ასრულებს მის მიერ დავალებულ საქმეს. როგორც ნოე გადაურჩა წარღვნას, ერთგული მონათლული ქრისტიანებიც გადაურჩებიან ამ ქვეყნიერების აღსასრულს (მარ. 13:10; გამოცხ. 7:9, 10). სწორედ ეს ხდის მიძღვნასა და ნათლობას ძალიან მნიშვნელოვანს. ადამიანი, რომელიც უმიზეზოდ აჭიანურებს მონათვლას, საფრთხეს უქმნის თავის მარადიულ მომავალს.

5. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

5 ვინაიდან ნათლობა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პასუხი უნდა გავცეთ სამ კითხვას: რას ამბობს ბიბლია ნათლობაზე? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ნათლობის მსურველმა? რატომ უნდა გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ნათლობა, როცა შვილს ან სხვას ბიბლიას ვასწავლით?

რას ამბობს ბიბლია ნათლობის შესახებ

6, 7. ა) რატომ ნათლავდა იოანე ხალხს? ბ) რა პატივი ხვდა იოანეს წილად?

6 ბიბლია პირველად იოანე ნათლისმცემელზე საუბრისას მოიხსენიებს ნათლობას (მათ. 3:1—6). იოანესთან მოსანათლად მისული ხალხი მოსეს კანონის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს ინანიებდა. თუმცა იოანეს წილად ხვდა უდიდესი პატივი, მოენათლა ღვთის განკაცებული ძე, სრულყოფილი ადამიანი, რომლის ნათლობასაც საერთო არაფერი ჰქონდა ცოდვების მონანიებასთან (მათ. 3:13—17). იესო უცოდველი იყო, ამიტომ მას მონანიება არ სჭირდებოდა (1 პეტ. 2:22). მან ნათლობით ცხადყო, რომ მზად იყო ღვთის ნების შესასრულებლად (ებრ. 10:7).

7 იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მისი მოწაფეებიც ნათლავდნენ ხალხს (იოან. 3:22; 4:1, 2). ეს ნათლობაც მათ მოსეს კანონის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების პატიების შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ნათლობა მისი მიმდევრებისთვის სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენდა.

8. ა) რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ნათლობა? ახსენით.

8 ახ. წ. 33 წელს მკვდრეთით აღმდგარი იესო 500-ზე მეტ ადამიანს ეჩვენა, მათ შორის კაცებს, ქალებსა და შესაძლოა ბავშვებსაც კი. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს თქვა იესომ: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათ. 28:19, 20; 1 კორ. 15:6). ასე რომ, იესომ, როგორც ჩანს, ასობით მიმდევარს დაავალა მოწაფეების მომზადების საქმე. მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ნათლობა აუცილებელი მოთხოვნა იყო ყველასთვის, ვისაც უნდოდა, ქრისტეს მოწაფეობის უღელი დაედგა (მათ. 11:29, 30). მას, ვისაც ღვთის მოსაწონად მსახურება სურდა, ჯერ უნდა ეღიარებინა და ერწმუნა, რომ იესოს უდიდესი როლი ეკისრა იეჰოვას განზრახვის შესრულებაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას მონათვლა. სწორედ ამ შემთხვევაში იქნებოდა ნათლობა ღვთისთვის მოსაწონი. ბიბლიაში უამრავი შემთხვევაა ჩაწერილი, საიდანაც ჩანს, რომ პირველ საუკუნეში ქრისტეს ახალ მოწაფეებს კარგად ესმოდათ ნათლობის მნიშვნელოვნება. ამიტომ ისინი არ აყოვნებდნენ მონათვლას (საქ. 2:41; 9:18; 16:14, 15, 32, 33).

ნუ გადადებთ მონათვლას!

9, 10. რას ვსწავლობთ ეთიოპი პროზელიტისა და პავლე მოციქულის შემთხვევებიდან?

9 წაიკითხეთ საქმეების 8:35, 36. დაფიქრდით ეთიოპ პროზელიტზე, რომელიც იერუსალიმში თაყვანსაცემად იყო ჩასული. როცა ის სახლში ბრუნდებოდა, იეჰოვას ანგელოზის მითითებისამებრ ფილიპე დაეწია მას და „იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა“. როგორ გამოეხმაურა ეთიოპი მამაკაცი მის ცნობას? მან მთელი გულით დააფასა ჭეშმარიტება. ამას ისიც ადასტურებს, რომ მას სურვილი გაუჩნდა, დამორჩილებოდა ღვთის მოთხოვნას, ამიტომ დაუყოვნებლივ მოინათლა.

10 მეორე შემთხვევა იუდეველ მამაკაცს ეხება, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა. ის ღვთისთვის მიძღვნილ ერში დაიბადა. თუმცა ამ ერს უკვე აღარ ჰქონდა იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ეს მამაკაცი იუდაური ადათ-წესების მოშურნე იყო, მაგრამ მოგვიანებით უკეთესი რამ გაიგო. მან პირადად მიიღო დამოწმება მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული იესო ქრისტესგან. როგორ გამოეხმაურა ის იესოს სიტყვებს? მან დიდი სიამოვნებით მიიღო დახმარება ქრისტეს მოწაფე ანანიასგან. ამ მამაკაცის შესახებ ბიბლია ამბობს: „ადგა და მოინათლა“ (საქ. 9:17, 18; გალ. 1:14). ალბათ მიხვდით, რომ ეს იუდეველი კაცი სავლე იყო, რომელიც მოგვიანებით მოციქული პავლეს სახელით გახდა ცნობილი. დაფიქრდით, როგორც კი პავლემ გაიგო, თუ რა როლს ასრულებდა იესო ღვთის განზრახვის შესრულებაში, დაუყოვნებლივ მოინათლა (წაიკითხეთ საქმეების 22:12—16).

11. ა) რა აღძრავს ბიბლიის შემსწავლელებს მონათვლისკენ? ბ) რა გრძნობა გვეუფლება, როცა ახლები იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად ინათლებიან?

11 იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის შემსწავლელებზეც. მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდაა თუ ხანდაზმული, მას, ვისაც რწმენა აქვს და მთელი გულით აფასებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, იეჰოვასადმი თავის მიძღვნისა და მონათვლის სურვილი უჩნდება. მონათვლის მსურველთათვის წარმოთქმული მოხსენება კონგრესის პროგრამის გამორჩეული ნაწილია. იეჰოვას ხალხს ძალიან ახარებს, როცა ბიბლიის შემსწავლელი ითავისებს ჭეშმარიტებას და სულიერ ზრდასთან ერთად მონათვლის სურვილი უჩნდება. ცხადია, ქრისტიან მშობლებს დიდ სიამოვნებას ჰგვრის იმის დანახვა, რომ მათი შვილები მონათვლის მსურველთა შორის არიან. 2017 სამსახურებრივ წელს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ 284 000-ზე მეტი ადამიანი მოინათლა (საქ. 13:48). ნათელია, მათ კარგად ესმოდათ, რომ ნათლობა აუცილებელი მოთხოვნაა ქრისტიანებისთვის. მაგრამ რა ნაბიჯები გადადგეს მათ, რომ ნათლობამდე მისულიყვნენ?

12. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ნათლობამდე ბიბლიის შემსწავლელმა?

12 მონათვლამდე ბიბლიის შემსწავლელმა რწმენა უნდა განივითაროს. მისი რწმენა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ საფუძვლიან ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. გარდა ამისა, მას კარგად უნდა ესმოდეს, რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად (1 ტიმ. 2:3—6). ასეთი რწმენა აღძრავს მას, მოერიდოს ღვთისთვის მიუღებელ საქმეებს და იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით იცხოვროს (საქ. 3:19). შეუძლებელია, ღმერთმა ჩაუთვალოს ადამიანს მიძღვნა, თუ ის არ წყვეტს ისეთი საძულველი საქმეების კეთებას, რომლებიც ხელს შეუშლიდა ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში (1 კორ. 6:9, 10). თუმცა მხოლოდ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა არ კმარა. ის, ვინც სიმართლეს ესწრაფვის, უნდა ესწრებოდეს კრების შეხვედრებს, მთელი გულით მონაწილეობდეს სამქადაგებლო საქმიანობასა და მოწაფეების მომზადების საქმეში. იესომ თქვა, რომ ამ საქმეს მისი მიმდევრები შეასრულებდნენ (საქ. 1:8). სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ შეუძლია ბიბლიის შემსწავლელს, პირად ლოცვაში თავი მიუძღვნას იეჰოვას და ეს სახალხოდ დაადასტუროს ნათლობით.

მიზანი ბიბლიის შემსწავლელებისთვის

იყენებთ შესაძლებლობას, რომ ბიბლიის შემსწავლელს ნათლობის მნიშვნელოვნება დაანახვოთ? (იხილეთ აბზაცი 13)

13. რატომ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს მიმდევრობისთვის ნათლობა აუცილებელი მოთხოვნაა?

13 როცა შვილებსა თუ ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ წინსვლაში ვეხმარებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს მიმდევრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნათლობაა. თუ არასდროს დაგვავიწყდება ეს, არ გაგვიჭირდება შემსწავლელებთან ამაზე საუბარი და არასდროს შევიკავებთ თავს, რომ შესაფერის დროს დავანახვოთ მათ მიძღვნისა და ნათლობის აუცილებლობა. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა თუ ბიბლიის შემსწავლელებმა სულიერი პროგრესი განიცადონ და მონათვლის სურვილი გამოთქვან.

14. რატომ არ ვაძალებთ ბიბლიის შემსწავლელებს მონათვლას?

14 რა თქმა უნდა, ბიბლიის შემსწავლელს ნათლობა არავინ უნდა დააძალოს — არც მშობლებმა, არც მასწავლებელმა და არც კრების წევრებმა. იეჰოვა ასე არ იქცევა (1 იოან. 4:8). პირიქით, ბიბლიის შემსწავლელებს უნდა დავანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარება. ადამიანი ნათლობისკენ ჭეშმარიტებისადმი მადლიერებამ და იმის ძლიერმა სურვილმა უნდა აღძრას, რომ დაიდგას ქრისტეს მოწაფეობის უღელი (2 კორ. 5:14, 15).

15, 16. ა) განსაზღვრულია ნათლობისთვის ასაკი? ახსენით. ბ) რატომ უნდა მოინათლოს ბიბლიის შემსწავლელი მაშინაც კი, თუ სხვა რელიგიის წესით არის მონათლული?

15 ნათლობისთვის ასაკი განსაზღვრული არ არის. თითოეული ბიბლიის შემსწავლელი სხვადასხვა ტემპით მიიწევს წინ სულიერად. ზოგი ახალგაზრდობაში ინათლება და მოწიფულობის ასაკშიც იეჰოვას ერთგული რჩება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც საკმაოდ გვიან გაიგეს ჭეშმარიტება და ხანდაზმულობის ასაკში მოინათლნენ. მაგალითად, ზოგი 100 წელსაც კი იყო გადაცილებული, როცა მოინათლა.

16 ერთმა ხანში შესულმა ქალბატონმა ჩვენს დას, რომელიც ბიბლიის შესწავლაში ეხმარებოდა, ჰკითხა, აუცილებელი იყო თუ არა კიდევ ერთხელ მონათვლა. ეს ქალბატონი მანამდე სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებოდა და შესაბამისად რამდენჯერმე იყო მონათლული. ჩვენმა დამ მას შესაფერისი ბიბლიური მუხლები წაუკითხა. შემსწავლელი მიხვდა, რომ ნათლობა ბიბლიური მოთხოვნა იყო, ამიტომ მალევე მოინათლა. მიუხედავად იმისა, რომ ის 80 წელს იყო მიტანებული, არ უფიქრია, რომ მონათვლა მისთვის აუცილებელი არ იყო. ნამდვილად, ჩვენი ნათლობა იეჰოვასთვის იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ამისკენ ღვთის ნების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გვიბიძგებს. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, ვიყავით თუ არა მონათლულები მანამდე, ფაქტია, ჩვენ არ ვიცოდით ჭეშმარიტება იეჰოვას შესახებ. ამიტომ ღვთის მსახურთა რიგებს რომ შევუერთდეთ, მონათვლა აუცილებელია (წაიკითხეთ საქმეების 19:3—5).

17. რაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი ნათლობის დღეს?

17 ნათლობა სასიხარულო მოვლენაა. თუმცა ამ დროს მიძღვნისა და ნათლობის მნიშვნელობაზე ღრმად უნდა დავფიქრდეთ. მიძღვნის თანახმად ცხოვრება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ შეადარა იესომ მისი მოწაფეობა უღელს. იესოს მიმდევრებმა „თავიანთთვის კი აღარ [უნდა] იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:15; მათ. 16:24).

18. რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ შემდეგ სტატიაში?

18 სტატიის შესავალში მოხსენიებული მარის დედა სწორედ ამაზე ფიქრობდა. თუ მშობელი ხართ, ალბათ, თქვენც გიფიქრიათ: „მართლა მზად არის ჩემი შვილი მოსანათლად? საკმარისი ბიბლიური ცოდნა აქვს, რომ გააზრებულად მიუძღვნას თავი იეჰოვას? ნათლობის შემდეგ რომ ცოდვა ჩაიდინოს?!“. მომდევნო სტატიაში ამ კითხვებზე ვიმსჯელებთ და გავიგებთ, როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ნათლობაზე გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნება.

[სქოლიო]

^ აბზ. 1 სიტუაცია პირობითია.