არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ ხატავენ იეჰოვას მოწმეები პავლე მოციქულს მელოტს ან ნახევრად მელოტს?

უნდა ვაღიაროთ, რომ დანამდვილებით არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა პავლე მოციქული. ჩვენს პუბლიკაციებში მისი სურათები მხოლოდ მხატვრის წარმოსახვის ნაყოფია და არანაირ არქეოლოგიურ აღმოჩენას არ ეფუძნება.

თუმცა არსებობს გარკვეული მინიშნებები პავლეს გარეგნობაზე. მაგალითად, 1902 წლის 1-ლი მარტის „სიონის საგუშაგო კოშკში“ მოყვანილი იყო ერთ-ერთი მინიშნება. სტატიაში ეწერა: «რაც შეეხება პავლეს გარეგნობას . . . ის აღწერილია „პავლესა და თეკლას საქმენში“,.. რომელიც დაახლოებით ახ. წ. 150 წელს დაიწერა. როგორც ჩანს, ეს არის საუკეთესო აღწერილობა, რომელიც ყველაზე მეტად ეთანხმება ხალხში გავრცელებულ შეხედულებას. ამ აპოკრიფულ ნაშრომში პავლე აღწერილია როგორც დაბალი, მელოტი, ფეხმრუდი და ჩასკვნილი მამაკაცი, რომელსაც გადაბმული წარბები და საკმაოდ გრძელი ცხვირი ჰქონდა».

ერთ-ერთ ქრისტიანულ ლექსიკონში ამ ძველ აპოკრიფულ ნაშრომზე ნათქვამია: «გამორიცხული არ არის, რომ „პავლესა და თეკლას საქმენი“ ისტორიულად ზუსტ ინფორმაციასაც შეიცავდეს» (The Oxford Dictionary of the Christian Church, 1997 edition). ამ ნაშრომს მისი დაწერიდან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ავტორიტეტულად მიიჩნევდნენ, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არსებობს მისი 80 ბერძნული ხელნაწერი და სხვა ენებზე შესრულებული თარგმანები. ასე რომ, ჩვენი მხატვრებიც ზოგიერთ ასეთ აღწერილობას ეყრდნობიან, როცა პავლე მოციქულს ხატავენ.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ პავლესთან დაკავშირებული სხვა საკითხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა. ჯერ კიდევ მისი მოღვაწეობის დროს კრიტიკულად განწყობილი ადამიანები პავლეზე ამბობდნენ: „როცა პირადად არის აქ, სუსტია და მისი სიტყვა არარაობაა“ (2 კორ. 10:10). თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პავლე მას შემდეგ გაქრისტიანდა, რაც იესო სასწაულებრივად გამოეცხადა. ჩვენ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, თუ რა გააკეთა პავლემ, როგორც ქრისტეს რჩეულმა ჭურჭელმა, რათა მისი სახელი გაეცხადებინა უცხოტომელთათვის (საქ. 9:3—5, 15; 22:6—8). ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ პავლეს წერილებიდან, რომლებიც მან იეჰოვას სულით დაწერა და დღეს ბიბლიის ნაწილია.

პავლე არც თავისი მიღწევებით ამაყობდა, რომლებიც ქრისტიანად გახდომამდე ჰქონდა, და არც თავის გარეგნობაზე ამახვილებდა ყურადღებას (საქ. 26:4, 5; ფილ. 3:4—6). მან აღიარა: „მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც კი ვარ ღირსი, მოციქულად ვიწოდებოდე“ (1 კორ. 15:9). მოგვიანებით კი დაწერა: „ჩემდამი, ყველა წმინდაზე უმცირესისადმი იქნა ეს წყალობა გამოვლენილი, რათა უცხოტომელებისთვის სასიხარულო ცნობა მეუწყებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ“ (ეფეს. 3:8). უდავოა, პავლეზე ამის ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოიყურებოდა ის სინამდვილეში.