არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 18

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 1 იეჰოვას თვისებები

მიენდეთ სამართლიან და გულმოწყალე მოსამართლეს!

მიენდეთ სამართლიან და გულმოწყალე მოსამართლეს!

„განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“ (ᲓᲐᲑ. 18:25).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია დაგვარწმუნებს, რომ სამართლიანი და გულმოწყალე მოსამართლე საუკეთესოდ გადაწყვეტს, ვინ აღადგინოს და ვინ არა.

1. რაში დაარწმუნა იეჰოვამ აბრაამი?

 ᲐᲑᲠᲐᲐᲛᲘ აფორიაქებულია. სულ ახლახან მან ანგელოზისგან გაიგო, რომ ღმერთი სოდომისა და გომორის განადგურებას აპირებს. ის კითხვას სვამს: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად? . . განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“. იეჰოვაც არწმუნებს თავის ძვირფას მეგობარს, რომ ის არასდროს გაანადგურებს მართლებს (დაბ. 18:23—33). ამის ცოდნა ჩვენთვისაც მანუგეშებელია.

2. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა სამართლიანი და გულმოწყალე მოსამართლეა?

2 რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა სამართლიანი და გულმოწყალე მოსამართლეა? არაერთი ბიბლიური მუხლი მოწმობს, რომ იეჰოვამ კარგად იცის, რა ხდება თითოეული ადამიანის გულში (1 სამ. 16:7; 1 მეფ. 8:39; 1 მატ. 28:9). ამის ცოდნა გვეხმარება, ვაღიაროთ, რომ მისი სამართალი ჩვენსაზე გაცილებით აღმატებულია. პავლემაც ზუსტად ამ აზრს გაუსვა ხაზი, როცა თქვა: „ჩაუწვდომელია მისი სამართალი“ (რომ. 11:33).

3, 4. რა კითხვა შეიძლება დაგვებადოს და რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (იოანე 5:28, 29).

3 Მართალია, იეჰოვას სამართლიანობაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ გულის სიღრმეში შეიძლება ჩვენც გვაფიქრებდეს: მართლა არ აღდგებიან მკვდრეთით ისინი, ვისაც თავად იეჰოვამ გამოუტანა განაჩენი? მაგალითად, არცერთი სოდომელი და გომორელი არ იქნება იმ უმართლოთა შორის, რომლებსაც იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს? (საქ. 24:15).

4 არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეტი ნათელი მოეფინა, თუ რა იგულისხმებოდა სიტყვებში: „კარგის მოქმედი [აღდგება] სიცოცხლის მისაღებად, ცუდის მოქმედი კი — გასასამართლებლად“ a (წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29). ამას სხვა საკითხების გადახედვაც მოჰყვა, რომლებსაც ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ და რომლებიც ზემოხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემაშიც დაგვეხმარება. ქვემოთ იმაზე ვიმსჯელებთ, რა ვიცით ამ საკითხის შესახებ და რა არა.

ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲐᲠ ᲕᲘᲪᲘᲗ

5. რა იყო ნათქვამი ჩვენს პუბლიკაციებში სოდომელებისა და გომორელების შესახებ?

5 ადრე ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ისინი, ვინც იეჰოვამ უმართლოებად მიიჩნია და გაანადგურა, მაგალითად, სოდომისა და გომორის მკვიდრნი, აღარასოდეს აღდგებოდნენ მკვდრეთით. თუმცა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დავუბრუნდით ამ საკითხს და ბევრი ვილოცეთ, მივხვდით, რომ ამის გადაჭრით მტკიცება არ იქნებოდა სწორი.

6. კიდევ როდის აღასრულა იეჰოვამ განაჩენი უმართლო ხალხზე, თუმცა რას ვერ ვიტყვით გადაჭრით?

6 ბიბლიაში სხვა შემთხვევებსაც ვხვდებით, როცა იეჰოვამ განაჩენი აღასრულა უმართლოებზე, მაგალითად, წარღვნის დროს გაანადგურა მთელი იმდროინდელი მსოფლიო, აღთქმული მიწის დაპყრობის დროს — იქ მცხოვრები შვიდი ერი, ხოლო სინახერიბის თავდასხმის დროს — 185 000 ასურელი მებრძოლი (დაბ. 7:23; კან. 7:1—3; ეს. 37:36, 37). მაგრამ გვაძლევს ბიბლია იმის გადაჭრით თქმის საფუძველს, რომ ისინი სამუდამოდ განადგურდნენ და არცერთი მათგანი არ აღდგება მკვდრეთით? არა. მოდი ვნახოთ, დოგმატურად რატომ არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს.

7. რა დეტალები არ ვიცით წარღვნის დროს განადგურებული ხალხისა და ქანაანელების შესახებ? (იხილეთ სურათი).

7 Როცა ზემოხსენებულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, ორი ფაქტორი უნდა მივიღოთ მხედველობაში: პირველი, ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა განაჩენი თითოეულის შემთხვევაში საბოლოო, და მეორე, არც ის ვიცით, მიეცათ თუ არა მათ იეჰოვას გაცნობის და მონანიების შესაძლებლობა. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო, მაგრამ კონკრეტულად არ წერია, ამხელა კიდობნის მშენებლობას შეჭიდებულმა გაუწია თუ არა ორგანიზება იმას, რომ წარღვნამდე ყველასთვის ექადაგა (2 პეტ. 2:5). იმავეს თქმა შეიძლება ქანაანელებზეც. Მართალია, ისინი ბოროტები იყვნენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, მიეცათ თუ არა მათ იეჰოვას გაცნობის და გამოსწორების შესაძლებლობა.

ნოე და მისი ოჯახის წევრები უზარმაზარ კიდობანს აშენებენ. უცნობია, გაუწია თუ არა ნოემ ორგანიზება იმას, რომ წარღვნამდე ყველასთვის ექადაგა (იხილეთ აბზაცი 7).


8. რა დეტალები არ ვიცით სოდომელებისა და გომორელების შესახებ?

8 რას ვიტყვით სოდომსა და გომორაში მცხოვრებ ხალხზე? ვიცით, რომ იქ მართალი კაცი, ლოტი, ცხოვრობდა, მაგრამ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მან ყველა იქ მცხოვრებს უქადაგა? არა. ან იმის თქმა თუ შეგვიძლია გადაჭრით, რომ ყველას ბოლომდე ესმოდა, რა იყო სწორი და არასწორი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლოტის სტუმრების გასაუპატიურებლად მისულ ბრბოში ყმაწვილებიც იყვნენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ბავშვობიდან დამახინჯებული შეხედულებებით იზრდებოდნენ და ვერც იაზრებდნენ, რამდენად არასწორად იქცეოდნენ (დაბ. 19:4; 2 პეტ. 2:7). შემდეგ კითხვაზეც რომ დავფიქრდეთ: ნამდვილად ვიცით, რომ იეჰოვამ, გულმოწყალე ღმერთმა, თითოეულს საბოლოო განაჩენი გამოუტანა? არა. თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ იეჰოვას მიერ მაშინ გამოტანილი განაჩენი აბსოლუტურად სამართლიანი იყო, რადგან ისინი ბოროტებას სჩადიოდნენ. აბრაამისა და იეჰოვას დიალოგიდანაც ხომ გამოჩნდა, რომ იმ ქალაქში ათი მართალი კაციც არ იყო (დაბ. 18:32). თუმცა იმის გადაჭრით თქმა, რომ უმართლოთა აღდგომის დროს არცერთი მათგანი არ აღდგება მკვდრეთით, ნამდვილად არ შეგვიძლია.

9. რა არ ვიცით სოლომონის შესახებ?

9 ამ კონტექსტში სხვა კითხვაც წამოიჭრება: აღდგებიან ისინი, ვინც ერთ დროს ღმერთს ერთგულად ემსახურებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ზურგი აქციეს მას? მოვიყვანოთ მეფე სოლომონის მაგალითი. მან ზედმიწევნით იცოდა იეჰოვას კანონები და იეჰოვამაც ის განსაკუთრებულად აკურთხა. ყველაფრის მიუხედავად ის განუდგა მას და ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა, რითაც იეჰოვა უზომოდ განარისხა. ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ცოდვის შედეგებს ისრაელები საუკუნეების განმავლობაში იწვნევდნენ. თუმცა წლების განმავლობაში ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ სოლომონი აღდგებოდა. რატომ ვფიქრობდით ასე? სოლომონზე წერია, რომ „თავისი მამა-პაპის გვერდით“ განისვენა. მსგავს აზრს ვკითხულობთ ერთგულ მეფე დავითზეც (1 მეფ. 11:5—9, 21, 43; 2 მეფ. 23:13). ვიღაცამ შეიძლება სხვა არგუმენტიც მოიშველიოს და თქვას, რომ რომაელების 6:7-ის თანახმად, სიკვდილი ადამიანს ცოდვისგან ათავისუფლებს. თუმცა ნიშნავს ეს, რომ ყველა აღდგება, ვინც კი მოკვდა? არა, რადგან ამ შემთხვევაში ისე გამოვიდოდა, თითქოს ადამიანს სიკვდილით შეეძლო მოეპოვებინა აღდგომის უფლება. არადა აღდგომა მოსიყვარულე ღვთის ძღვენია და ის თვითონ წყვეტს, ვის მისცემს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (იობ. 14:13, 14; იოან. 6:44). შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, მისცემს თუ არა იეჰოვა სოლომონს ამ ძღვენს. ეს მხოლოდ მან იცის. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: იეჰოვა არასდროს მოიქცევა უსამართლოდ!

ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲕᲘᲪᲘᲗ

10. რას ვიგებთ ეზეკიელის 33:11-დან იეჰოვას შესახებ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 საბედნიეროდ, ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ უდგება იეჰოვა ადამიანების გასამართლებას (წაიკითხეთ ეზეკიელის 33:11). მოციქული პეტრეს სიტყვებიდანაც ჩანს, რომ იეჰოვას „არ სურს, . . ვინმე დაიღუპოს“ (2 პეტ. 3:9). აქედან გამომდინარე, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ იეჰოვა ხელაღებით არავის გამოუტანს საბოლოო განაჩენს. ის იმდენად გულმოწყალეა, რომ ხელიდან არ გაუშვებს ადამიანის შეწყალების შანსს.

მკვდრეთით აღმდგარ უმართლოთა შორის სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ადამიანები იქნებიან და მათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ (იხილეთ აბზაცი 10).


11. ვისზე შეგვიძლია დანამდვილებით იმის თქმა, რომ არ აღდგება? ახსენით.

11 ბიბლიიდან ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი არ აღდგება. b მაგალითად, იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ მათ შორის იქნებოდა იუდა ისკარიოტელი (მარ. 14:21; იხილეთ აგრეთვე იოანეს 17:12). c ამის მიზეზი ის იყო, რომ იუდას აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა, ვის წინააღმდეგ მიდიოდა (იხილეთ მარკოზის 3:29). d იესომ თქვა, რომ ვერც ის რელიგიური წინამძღოლები აღდგებოდნენ მკვდრეთით, რომლებიც მას ემტერებოდნენ (მათ. 23:33; იხილეთ იოანეს 19:11). e ხოლო მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ იგივე ელოდათ მათაც, ვინც განუდგებოდა ჭეშმარიტებას და არ მოინანიებდა (ებრ. 6:4—8; 10:29).

12. რომელი ბიბლიური მაგალითები გვარწმუნებს იეჰოვას გულმოწყალებაში?

12 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იეჰოვა გულმოწყალეა და „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“. Როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ ეს ნამდვილად ასეა? გავიხსენოთ, როგორ მოექცა იეჰოვა ორ მეფეს, დავითსა და მენაშეს, რომელთაც სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს. დავითმა იმრუშა და კაცი მოკლა, თუმცა მოინანია და იეჰოვამაც აპატია (2 სამ. 12:1—13). მენაშე კი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება უკიდურესად მძიმე ცოდვებს სჩადიოდა. თუმცა როცა მოინანია, იეჰოვამ მასაც კი აპატია (2 მატ. 33:9—16). როგორც დავინახეთ, იეჰოვა გულმოწყალეა და ყოველთვის მზად არის, აპატიოს მათ, ვინც მთელი გულით ინანიებს. შესაბამისად, ის მკვდრეთით აღადგენს ასეთ ადამიანებს.

13. ა) რატომ აპატია იეჰოვამ ნინეველებს? ბ) რა თქვა იესომ ნინეველებზე?

13 იეჰოვას გულმოწყალებას ნინეველების შემთხვევიდანაც ვხედავთ. ამ ხალხზე მან იონას უთხრა: „მათმა ბოროტებამ ჩემს ყურამდე მოაღწია“. თუმცა მას შემდეგ, რაც ნინეველებმა მოინანიეს, იეჰოვამ აპატია. მან გაითვალისწინა, რომ ამ ხალხს „ავი და კარგი“ ვერ გაერჩია და ბევრად უფრო გულმოწყალედ მოიქცა, ვიდრე იონა, რომელიც მისმა გადაწყვეტილებამ ძალიან გააბრაზა (იონ. 1:1, 2; 3:10; 4:9—11). საუკუნეების შემდეგ იესომ თქვა, რომ გასამართლებისას ნინეველებიც აღდგებოდნენ, რითაც იეჰოვას სამართლიანობასა და გულმოწყალებას გაუსვა ხაზი (მათ. 12:41).

14. რა გაგებით აღდგებიან ნინეველები გასასამართლებლად?

14 რა პერიოდზე საუბრობდა იესო, როცა თქვა, რომ ნინეველები გასასამართლებლად აღდგებოდნენ? მან თავისი ათასწლიანი მმართველობის პერიოდი იგულისხმა, როცა უმართლოები გასასამართლებლად უნდა აღდგნენ (იოან. 5:29; საქ. 24:15). ეს იმას ნიშნავს, რომ ნინეველებს იეჰოვას გაცნობის და თავიანთი ცხოვრების წესის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ. თუ ისინი შეგნებულად იტყვიან უარს იეჰოვას თაყვანისცემაზე, იეჰოვა და იესო მათ გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ (ეს. 65:20). თუმცა, თუ იეჰოვას მხარეს დაიკავებენ, მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებიან (დან. 12:2).

15. ა) რაზე მეტყველებს სოდომელებისა და გომორელების შესახებ ნათქვამი იესოს სიტყვები? ბ) როგორ უნდა გავიგოთ იუდას მე-7 მუხლი? (იხილეთ ჩარჩო  „რა იგულისხმა იუდამ?“).

15 იესომ ისიც თქვა, რომ სოდომისა და გომორისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნებოდა სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ხალხისთვის, ვინც უარყოფდა მას (მათ. 10:14, 15; 11:23, 24; ლუკ. 10:12). ადრე გვეგონა, რომ ეს გაზვიადებული ნათქვამი იყო და პირდაპირ არ უნდა გაგვეგო. თუმცა თუ ნინეველებზე ნათქვამს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესო აქაც პირდაპირ საუბრობდა და „სასამართლოს დღეშიც“ იმავე პერიოდს გულისხმობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასასამართლებლად „ცუდის მოქმედნი“ უნდა აღმდგარიყვნენ (იოან. 5:29). ნინეველების მსგავსად სოდომელებიცა და გომორელებიც სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. თუმცა არ ვიცით, მათ მსგავსად სოდომელებსა და გომორელებსაც თუ მიეცათ მონანიების შესაძლებლობა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჩვენ ზოგიერთი მათგანის აღდგომის მოწმენი გავხდეთ და მათ იესო და იეჰოვა გავაცნოთ.

16. რას მიიღებს იეჰოვა მხედველობაში, როცა გადაწყვეტს, ვინ აღადგინოს და ვინ არა? (იერემია 17:10).

16 მოდი შევიხსენოთ, რა ვიცით. ამას იერემიას 17:10 (წაიკითხეთ) აჯამებს, საიდანაც ვიგებთ, რომ იეჰოვა იკვლევს გულს, ამოწმებს ფიქრებს და თითოეულს თავისი გზისამებრ მიუზღავს. აქედან გამომდინარე, როცა გადაწყვეტს, ვინ აღადგინოს და ვინ არა, ის განუხრელად დაიცავს თავის სამართალს და ყოველთვის გამოავლენს გულმოწყალებას, როცა ამის საფუძველი ექნება. ასე რომ, არ იქნებოდა სწორი, დოგმატურად გვემსჯელა ისეთ შემთხვევებზე, რომლებზეც ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს.

„ᲛᲗᲔᲚᲘ ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲘᲡ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔ“ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲓ ᲐᲠ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲕᲐ

17. რა ელით გარდაცვლილებს?

17 მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს, კაცობრიობას დაუნდობელი მტერი გაუჩნდა — სიკვდილი, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე (1 კორ. 15:26). თუმცა ისინი უიმედო მდგომარეობაში არ არიან. რა ელით გარდაცვლილებს? ქრისტიანთა პატარა ჯგუფი, რომელთა რიცხვიც 144 000-ს შეადგენს, ზეცაში აღდგება და უკვდავებას მიიღებს (გამოცხ. 14:1). მრავალი ადამიანი კი, რომლებიც ღვთის თვალში მართლებად ჩაითვალნენ, ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს დედამიწაზე აღდგებიან. თუ ისინი კვლავაც ერთგულები იქნებიან და საბოლოო გამოცდას ჩააბარებენ, მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებიან (დან. 12:13; ებრ. 12:1). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ისინიც აღდგებიან, ვინც უმართლოებად ჩაითვალნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა მათაც მისცემს გამოსწორებისა და მისთვის ერთგულების დამტკიცების შესაძლებლობას, ვინც თავის სიცოცხლეში არ გამხდარა მისი მსახური ან ბოროტებას სჩადიოდა (ლუკ. 23:42, 43). თუმცა ზოგი საერთოდ არ აღდგება მკვდრეთით, რადგან ემტერებოდნენ იეჰოვას და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მისი განზრახვების შესრულებისთვის (ლუკ. 12:4, 5).

18, 19. ა) რატომ არ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, რომ იეჰოვა სამართლიანად გაასამართლებს გარდაცვლილებს? (ესაია 55:8, 9). ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

18 რატომ არ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, რომ იეჰოვა ყველას სამართლიან განაჩენს გამოუტანს? აბრაამის მსგავსად, ჩვენც ვიცით, რომ იეჰოვა სრულყოფილი, ყოვლადბრძენი და გულმოწყალე მოსამართლეა. იესოც, რომელსაც ხალხის გასამართლება მიანდო, მან მოამზადა (იოან. 5:22). თანაც ორივეს, მამასაც და ძესაც, თითოეული ადამიანის გულის წაკითხვა შეუძლია (მათ. 9:4). შეუძლებელია, ასეთმა მოსამართლეებმა უსამართლო განაჩენი გამოიტანონ!

19 ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანების გასამართლება ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ საკუთარ თავზე არ ვიღებთ ამას (წაიკითხეთ ესაიას 55:8, 9). ჩვენ ბოლომდე ვენდობით ჩვენს სამართლიან და გულმოწყალე მოსამართლეებს (ეს. 11:3, 4). თუმცა წამოიჭრება კიდევ ერთი კითხვა: როგორ მოხდება გასამართლება „დიდი გასაჭირის“ დროს? შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, რა ვიცით ამ საკითხზე და რა არა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 57 ვქადაგებთ ყველანაირ ადამიანთან

b ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ ვამბობთ, რომ ადამი, ევა და კაენი არ აღდგებიან, მოცემულია 2013 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 12, სქ.

c იოანეს 17:12-ში მოხსენიებული ფრაზა „დაღუპვის ძე“ იუდას საბოლოო ხვედრზე მიანიშნებს ანუ იმაზე, რომ მას აღდგომის არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

d ვებგვერდზე jw.org იხილეთ სტატია „რა ითვლება უპატიებელ ცოდვად?“.