ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 13
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო
გჯეროდეთ, იეჰოვა გიწონებთ!
„მე მოგიწონე!“ (ᲚᲣᲙ. 3:22).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვი გვეპარება იეჰოვას კეთილგანწყობილებაში.
1. რაში შეიძლება შეეპაროს ეჭვი ღვთის ზოგ ერთგულ მსახურს?
ᲒᲕᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑᲡ იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იწონებს თავის ხალხს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით“ (ფსალმ. 149:4). თუმცა ზოგჯერ ქრისტიანს შეიძლება ისეთი განცდა დაეუფლოს, რომ იეჰოვა პირადად მისადმი არ არის კეთილგანწყობილი. მსგავსი გრძნობები ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც ტანჯავდა (1 სამ. 1:6—10; იობ. 29:2, 4; ფსალმ. 51:11).
2. ვის იწონებს იეჰოვა?
2 ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ არასრულყოფილების მიუხედავად შეგვიძლია იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება. რა არის ამისთვის საჭირო? ჩვენ უნდა ვირწმუნოთ იესო ქრისტე და მოვინათლოთ, რითაც საჯაროდ ცხადვყოფთ, რომ მოვინანიეთ ცოდვები და იეჰოვას მისი ნების შესრულება აღვუთქვით (იოან. 3:16; საქ. 2:38; 3:19). იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ მასთან დასაახლოებლად ასეთ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ ნათლობის შემდეგაც ყველანაირად ვცდილობთ მიძღვნის აღთქმის თანახმად ცხოვრებას, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია ჩვენდამი და მეგობრებად მიგვიჩნევს (ფსალმ. 25:14).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 და მაინც, როგორც აღვნიშნეთ, დროდადრო ქრისტიანს შეიძლება ისეთი განცდა დაეუფლოს, რომ იეჰოვა პირადად მას არ იწონებს. ამ სტატიიდან გავიგებთ, რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი, Როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ კეთილგანწყობილია ჩვენ მიმართ და როგორ გავიძლიეროთ ამის რწმენა.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲔᲞᲐᲠᲔᲑᲐ ᲖᲝᲒᲡ ᲔᲭᲕᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲙᲔᲗᲘᲚᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲘᲚᲔᲑᲐᲨᲘ
4, 5. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული მაშინაც კი, თუ უღირსობის გრძნობა გვეუფლება?
4 ზოგს ბავშვობიდან ტანჯავს დაბალი თვითშეფასების გრძნობა (ფსალმ. 88:15). მაგალითად, ერთი ძმა ადრიანი ამბობს: „მთელი ცხოვრება უღირსობის გრძნობას ვებრძვი. მახსოვს, ბავშვობაში იეჰოვას სულ იმას ვთხოვდი, რომ ჩემი ოჯახი ახალ ქვეყნიერებაში გადაეყვანა, მაგრამ საკუთარი თავი ამის ღირსად არასოდეს მიმაჩნდა“. კიდევ ერთი ძმა ტონი, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში არ აღზრდილა, ამბობს: „მშობლები არასოდეს მეუბნებოდნენ, რომ ვუყვარდი ან ამაყობდნენ ჩემით. პირიქით, ყოველთვის ისეთი განცდა მრჩებოდა, რომ მათ გულს ვერასოდეს მოვიგებდი“.
5 თუ დროდადრო თქვენც გეუფლებათ უღირსობის გრძნობა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვას მსახური ვერ გახდებოდით, მას რომ არ მიეზიდეთ (იოან. 6:44). მან კარგად იცის, სინამდვილეში როგორი ხართ და იმ კარგ მხარეებსაც ხედავს თქვენში, რომლებსაც თავად შეიძლება ვერ ამჩნევდეთ (1 სამ. 16:7; 2 მატ. 6:30). ამიტომ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ მის თვალში ძვირფასი ხართ (1 იოან. 3:19, 20).
6. რა გრძნობები ეუფლებოდა მოციქულ პავლეს წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო?
6 ზოგ ქრისტიანს დღემდე აწუხებს სინდისი იმ შეცდომების გამო, რომლებიც ჭეშმარიტების გაგებამდე დაუშვა (1 პეტ. 4:3). ზოგს კი გული მსჯავრს იმის გამო სდებს, რომ დღემდე უწევს ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, შეიძლება განუგეშოთ იმის გაგებამ, რომ ასეთი გრძნობები არც ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებისთვის იყო უცხო. მაგალითად, პავლე მოციქულსაც თრგუნავდა საკუთარ ნაკლოვანებებზე ფიქრი (რომ. 7:24). მიუხედავად იმისა, რომ მოინანია და მოინათლა, წლების შემდეგაც ამბობდა, რომ „მოციქულებს შორის უმცირესი“, ხოლო „ცოდვილთა . . . შორის პირველი“ იყო (1 კორ. 15:9; 1 ტიმ. 1:15).
7. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?
7 ჩვენი ზეციერი მამა გვპირდება, რომ, თუ მოვინანიებთ, ნებისმიერ ცოდვას გვაპატიებს (ფსალმ. 86:5). ასე რომ, თუ გულწრფელად ვნანობთ დაშვებულ შეცდომებს, ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ის თავისი დაპირებისამებრ იქცევა და მთელი გულით გვპატიობს (კოლ. 2:13).
8, 9. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გავხდებით იეჰოვას კეთილგანწყობილების ღირსი?
8 ჩვენ ყველას გვინდა, იეჰოვასთვის საუკეთესო გავიღოთ. თუმცა ზოგს შეიძლება ისეთი გრძნობა გაუჩნდეს, რომ რაც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერასდროს გახდება იეჰოვას კეთილგანწყობის ღირსი. ერთი და, სახელად ამანდა, აღნიშნავს: „თითქმის არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ იეჰოვასთვის საკმარისს არ ვაკეთებ და იმაზე მეტს ვთხოვ ხოლმე საკუთარ თავს, ვიდრე შემიძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რაღაც არ გამომდის, ვფიქრობ, რომ იეჰოვასაც ისე გავუცრუე იმედი, როგორც საკუთარ თავს“.
9 Როგორ მოვერიოთ მსგავს გრძნობებს? უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არ არის მკაცრი და მომთხოვნი ღმერთი. ის არასოდეს მოელის ჩვენგან იმას, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. იეჰოვასთვის მთავარი ის არის, რომ საუკეთესოს გაღებას ვცდილობდეთ. გარდა ამისა, კარგი იქნება, დავფიქრდეთ ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის გულმოდგინე მსახურებზე, მაგალითად, პავლეზე. ის წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად მსახურობდა, მისიონერული მოგზაურობების დროს ათასობით კილომეტრს გადიოდა და არაერთი კრების ჩამოყალიბებაში იღებდა მონაწილეობას. თუმცა რაღაც ეტაპზე მისი მდგომარეობა შეიცვალა და უწინდელივით ვეღარ ქადაგებდა. ხომ არ დაკარგა ამის გამო იეჰოვას კეთილგანწყობა? რა თქმა უნდა, არა. პავლე კვლავაც იმას აკეთებდა, რაც შეეძლო და იეჰოვაც არ აკლებდა კურთხევას (საქ. 28:30, 31). შეიძლება ჩვენც შეგვეცვალოს მდგომარეობა და უწინდელივით ვეღარ დავიხარჯოთ იეჰოვასთვის. თუმცა ამის გამო გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან მისთვის მთავარი ჩვენი განწყობა და მოტივია. მოდი, ახლა იმაზეც ვისაუბროთ, როგორ გვარწმუნებს იეჰოვა თავის კეთილგანწყობილებაში.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲙᲔᲗᲘᲚᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲘᲚᲔᲑᲐᲨᲘ
10. Როგორ შეგვიძლია „მოვისმინოთ“ იეჰოვას მოწონების გამომხატველი სიტყვები? (იოანე 16:27).
10 Ბიბლიის მეშვეობით. იეჰოვა არასდროს იშურებს თბილ სიტყვებს თავისი მსახურებისადმი და მათ ყოველთვის არწმუნებს თავის კეთილგანწყობილებაში. ბიბლიაში მოხსენიებულია ორი შემთხვევა, როცა იეჰოვამ იესოს უთხრა, რომ ის მისი საყვარელი ძე იყო და იწონებდა (მათ. 3:17; 17:5). ალბათ ყველანი ვისურვებდით, რომ იეჰოვას ასეთი სიტყვები ჩვენთვისაც ეთქვა. და ეს ასეც ხდება. მისი ხმა ბიბლიის ფურცლებიდან გვესმის, განსაკუთრებით კი მაშინ, Როცა სახარებებში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ, რომელიც მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო (წაიკითხეთ იოანეს 16:27). ასე რომ, ყოველთვის, როცა კითხულობთ, როგორ გამოხატავდა იესო მოწონებას თავისი მოწაფეების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ამ სიტყვებს იეჰოვა პირადად თქვენ გეუბნებათ (იოანე 15:9, 15).
11. თუ სირთულეებს ვხვდებით, ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვას კეთილგანწყობილება დავკარგეთ? ახსენით (იაკობი 1:12).
11 საქმეებით. იეჰოვას დიდი სურვილი აქვს, რომ იზრუნოს ჩვენზე, მათ შორის ჩვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე. თუმცა დროდადრო იეჰოვამ შეიძლება დაუშვას, რომ იობის მსგავსად ჩვენც შევხვდეთ სირთულეებს (იობი 1:8—11). ამ შემთხვევაში არ უნდა დავასკვნათ, რომ მისი კეთილგანწყობილება დავკარგეთ. პირიქით, შექმნილი მდგომარეობა იმის შესაძლებლობად უნდა აღვიქვათ, რომ იეჰოვას სიყვარული და ნდობა დავუმტკიცოთ (წაიკითხეთ იაკობის 1:12). ისიც, თავის მხრივ, სათუთად იზრუნებს ჩვენზე და მოგვცემს სირთულეების ატანის ძალას.
12. რას ვსწავლობთ დიმიტრის შემთხვევიდან?
12 დავფიქრდეთ ერთი ძმის, დიმიტრის, მაგალითზე. მან სამუშაო დაკარგა და თვეების მანძილზე უმუშევარი იყო. დიმიტრიმ გადაწყვიტა, რომ ეს მდგომარეობა იეჰოვასადმი ნდობის დამტკიცების შესაძლებლობად გამოეყენებინა და უფრო აქტიურად ჩაება მსახურებაში. თვეები გადიოდა, ის კი ვერა და ვერ პოულობდა სამუშაოს. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც შეექმნა და ლოგინად ჩავარდა. დიმიტრის ისეთი განცდა დაეუფლა, რომ ოჯახისთავად ვერ ივარგა და იეჰოვას კეთილგანწყობილებაშიც შეიტანა ეჭვი. ერთ საღამოს მისმა გოგონამ ფურცელზე ესაიას 30:15-ში ჩაწერილი სიტყვები ამობეჭდა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“. შემდეგ კი ფურცელი დიმიტრის მიუტანა და უთხრა: „მამიკო, როცა თავს ცუდად იგრძნობ, ეს სიტყვები გაიხსენე“. დიმიტრი დაფიქრდა, როგორ ზრუნავდა იეჰოვა მის ოჯახზე და რომ სწორედ მისი წყალობით ჰქონდათ საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი. ის ამბობს: „ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა, ის იყო, რომ შემენარჩუნებინა სიმშვიდე და მივნდობოდი იეჰოვას“. თუ თქვენც შეხვდებით მსგავს პრობლემებს, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა თქვენზეც იზრუნებს და მოგცემთ მოთმინების ძალას.
13. ვისი მეშვეობით შეიძლება დაგვარწმუნოს იეჰოვამ თავის კეთილგანწყობილებაში?
13 თანამორწმუნეების მეშვეობით. იეჰოვა თავის კეთილგანწყობილებაში და-ძმების მეშვეობითაც გვარწმუნებს. მაგალითად, საჭირო დროს აღძრავს მათ, რომ გაგვამხნეონ. ერთმა დამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მან სამსახური დაკარგა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. ამას ისიც დაემატა, რომ მისმა ქმარმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და უხუცესობა მოეხსნა. აი როგორ იხსენებს ეს და ამ მძიმე პერიოდს: „ვერ გამეგო, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემს თავს. იმასაც კი ვფიქრობდი, რამე ხომ არ დავაშავე და იეჰოვას კეთილგანწყობილება ხომ არ დავკარგე-მეთქი“. ის იეჰოვას ევედრებოდა, რომ თავის კეთილგანწყობილებაში დაერწმუნებინა. პასუხმაც არ დააყოვნა. მალევე მას უხუცესები დაელაპარაკნენ და იეჰოვას სიყვარულში დაარწმუნეს. გარკვეული დროის შემდეგ ამ დამ კვლავ მიმართა იეჰოვას იმავე თხოვნით. მან იმ დღესვე მიიღო კრებელებისგან გამამხნევებელი წერილი. „მათი წერილის წაკითხვისას მივხვდი, რომ იეჰოვამ შეისმინა ჩემი სათხოვარი“, — ამბობს ის. როგორც დავინახეთ, იეჰოვა ხშირად თავის კეთილგანწყობილებაში თანაქრისტიანების მეშვეობით გვარწმუნებს (ფსალმ. 10:17).
14. კიდევ რა მოწმობს იეჰოვას კეთილგანწყობილებაზე?
14 როცა თანაქრისტიანები საჭირო დროს რჩევას გვაძლევენ, ესეც იეჰოვას კეთილგანწყობილების მაჩვენებელია. მაგალითად, გავიხსენოთ მოციქული პავლე, რომელსაც იეჰოვამ 14 წერილი დააწერინა. ამ წერილებში ის არაერთ პირდაპირ რჩევას აძლევს და-ძმებს. რატომ უნდოდა იეჰოვას, რომ პავლეს ასეთი რჩევები მიეცა თანაქრისტიანებისთვის? იმიტომ, რომ კარგი მამაა და უყვარს თავისი შვილები (იგავ. 3:11, 12). ასე რომ, უნდა გვახსოვდეს: როცა ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას ვიღებთ, ეს იეჰოვას კეთილგანწყობილებისა და სიყვარულის ნიშანია და არა პირიქით (ებრ. 12:6). თუმცა იეჰოვას კეთილგანწყობილება სხვა სახითაც ვლინდება. მოდი ვნახოთ, როგორ.
ᲙᲘᲓᲔᲕ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲚᲘᲜᲓᲔᲑᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲙᲔᲗᲘᲚᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲘᲚᲔᲑᲐ
15. ვის აძლევს იეჰოვა თავის სულს და რაში გვარწმუნებს ეს?
15 იეჰოვა თავის წმინდა სულს მათ აძლევს, ვისაც იწონებს (მათ. 12:18). კარგი იქნება, დავფიქრდეთ: ზოგ ისეთ თვისებას მაინც თუ ვავლენ, რომელსაც წმინდა სული წარმოშობს ღვთის მსახურებში? მაგალითად, უფრო მეტად მომთმენი ხომ არ გავხდი ადამიანების მიმართ მას შემდეგ, რაც იეჰოვა გავიცანი? ფაქტია, რაც უფრო მეტად ვეცდებით გამოვავლინოთ სულის ნაყოფი, მით მეტად დავრწმუნდებით, რომ იეჰოვა გვიწონებს (იხილეთ ჩარჩო „სულის ნაყოფია . . . “).
16. ვის ანდობს იეჰოვა სასიხარულო ცნობის ქადაგებას და რა დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს ამის ცოდნამ? (1 თესალონიკელები 2:4).
16 იეჰოვა სასიხარულო ცნობის ქადაგებას მათ ანდობს, ვისაც იწონებს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:4). ვნახოთ, როგორ დარწმუნდა ამაში ერთი პიონერი და ჯასლინი. ერთ დილას ის ძალიან დათრგუნული იყო. ჯასლინი გვიყვება: „მსახურებაში უნდა გავსულიყავი, არადა ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი, ვფიქრობდი, მე რა უნდა გავცე-მეთქი. მაგრამ ვილოცე და მაინც წავედი მსახურებაში“. იმ დილით ის ერთ სასიამოვნო ქალბატონს შეხვდა, რომელიც ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდა. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ქალბატონი ჯასლინს გამოუტყდა, რომ იმ დღეს, სანამ მის კარზე დააკაკუნებდა, ღმერთს დახმარებას სთხოვდა. ჯასლინი ამბობს: „ამ შემთხვევამ დამარწმუნა, რომ იეჰოვა მიწონებდა“. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა დადებითად არ გამოეხმაურება ჩვენს ქადაგებას, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა კმაყოფილია, Როცა ხედავს, როგორ ვცდილობთ მისთვის საუკეთესოს გაღებას.
17. რას გვასწავლის ვიკის შემთხვევა? (ფსალმუნი 5:12).
17 იეჰოვა გამოსასყიდის საფუძველზე პატიობს შეცდომებს მათ, ვისაც იწონებს (1 ტიმ. 2:5, 6). მიუხედავად იმისა, რომ ამაში დავრწმუნდით და მოვინათლეთ კიდეც, შეიძლება მაინც გვიჭირდეს იმის დაჯერება, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია ჩვენდამი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გულმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომ ჩვენს თავს კი არა, იეჰოვას უნდა ვენდოთ. წარმოიდგინეთ, ღმერთი მართლად მიიჩნევს მათ, ვისაც სწამს გამოსასყიდი, და ჰპირდება, რომ აკურთხებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 5:12; რომ. 3:26). ერთი და ვიკი გვიყვება, როგორ დაეხმარა მას გამოსასყიდზე ფიქრი: „მივხვდი, რომ იეჰოვა დიდი ხნის მანძილზე ავლენდა ჩემ მიმართ მოთმინებას . . . მე კი ისე გამომდიოდა, რომ ვეუბნებოდი, დიდი სიყვარული კი შეგიძლია, მაგრამ მე მაინც ვერ შემიყვარებ, და არც შენი ძის გამოსასყიდია საკმარისი ჩემი ცოდვების დასაფარავად-მეთქი“. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ვიკი გამოსასყიდზე, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა იეჰოვას სიყვარულში. თუ ჩვენც მსგავსად მოვიქცევით, ეჭვი აღარ შეგვეპარება, რომ იეჰოვა გვიწონებს და ვუყვარვართ.
18. რაში არ უნდა ეპარებოდეთ ეჭვი იეჰოვას მოყვარულებს?
18 შესაძლოა ვცდილობთ ზემოთ მოხსენიებული რჩევების გათვალისწინებას. თუმცა დროდადრო შეიძლება მაინც დაგვეუფლოს გულგატეხილობა და ეჭვი შეგვეპაროს იეჰოვას კეთილგანწყობილებაში. თუ ასე მოხდება, კარგი იქნება, იაკობის 1:12-ში ჩაწერილი აზრით ვინუგეშოთ თავი, რომ იეჰოვას მოწონებას იმსახურებს ყველა, ვისაც უყვარს ის. ასე რომ, კვლავაც დაუახლოვდით იეჰოვას და დააკვირდით, როგორ ავლენს ის თქვენ მიმართ კეთილგანწყობილებას. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვა „არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს“ (საქ. 17:27).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?
-
რატომ ეპარება ზოგს ეჭვი იეჰოვას კეთილგანწყობილებაში?
-
როგორ გვარწმუნებს იეჰოვა თავის კეთილგანწყობილებაში?
-
რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა გვიწონებს?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები