ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 12
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 77 სინათლე ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში
დარჩით სინათლეში ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში
„ერთ დროს სიბნელეში იყავით, მაგრამ ახლა სინათლეში ხართ“ (ᲔᲤᲔᲡ. 5:8).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ეფესოელების მე-5 თავში მოციქულმა პავლემ სიბნელეზე და სინათლეზე ისაუბრა. ამ სტატიიდან გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია მის მიერ მოყვანილი მეტაფორებიდან.
1, 2. ა) როდის და რატომ მისწერა პავლემ ეფესოელებს წერილი? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
ᲠᲝᲛᲨᲘ შინაპატიმრობაში მყოფ მოციქულ პავლეს სურდა, გაემხნევებინა თანაქრისტიანები. რაკი მათი პირადად მონახულება არ შეეძლო, გადაწყვიტა მათთვის წერილები მიეწერა. ერთი წერილი მან ეფესოელ ქრისტიანებსაც მისწერა (ეფეს. 1:1; 4:1).
2 მაშინ სავარაუდოდ ახ. წ. 60 ან 61 წელი იქნებოდა. თითქმის 10 წელი იყო გასული Მას შემდეგ, რაც პავლემ ეფესოში იქადაგა და ბევრი ქრისტეს მოწაფედ აქცია (საქ. 19:1, 8—10; 20:20, 21). მას ძალიან უყვარდა იქაური და-ძმები და სურდა, იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში დახმარებოდა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ცხებულ ქრისტიანებს წერდა, საინტერესოა, რა კონტექსტში ახსენა „სიბნელე“ და „სინათლე“. ამ სტატიიდან იმასაც გავიგებთ, ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია ეფესოელი ქრისტიანებისთვის მიცემული რჩევიდან.
ᲡᲘᲑᲜᲔᲚᲘᲓᲐᲜ ᲡᲘᲜᲐᲗᲚᲔᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲡᲣᲚᲜᲘ
3. რა შედარება მოიყვანა პავლემ?
3 პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს მისწერა: „ერთ დროს სიბნელეში იყავით, მაგრამ ახლა სინათლეში ხართ“ (ეფეს. 5:8). ამ მუხლში მან „სიბნელე“ და „სინათლე“ იმის ხაზგასასმელად ახსენა, თუ რამხელა ცვლილება მოახდინეს ეფესოელმა ქრისტიანებმა. მოდი განვიხილოთ, რატომ თქვა პავლემ, რომ ეფესოელები ერთ დროს სიბნელეში იყვნენ.
4. რა გაგებით იყვნენ ეფესოელები სულიერ სიბნელეში?
4 სულიერი სიბნელე. გაქრისტიანებამდე ეფესოელები ცრურელიგიური შეხედულებების და ცრურწმენების ტყვეობაში იყვნენ. ქალაქ ეფესოში სახელგანთქმული არტემიდას ტაძარი იდგა, რომელსაც უკვე მაშინ მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად მიიჩნევდნენ. ამ ტაძარში კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა. გარდა ამისა, არტემიდას პატარა ტაძრების გაკეთება და ვაჭრობა საკმაოდ სარფიანი საქმე იყო (საქ. 19:23—27). ისიც აღსანიშნავია, რომ ქალაქში ბევრი ჯადოქრობას მისდევდა (საქ. 19:19).
5. რა გაგებით იყვნენ ეფესოელები ზნეობრივ სიბნელეში?
5 ზნეობრივი სიბნელე. ეფესოელები უკიდურესად გარყვნილები და თავაშვებულები იყვნენ. უხამს საუბრებს ყველგან მოისმენდით — თეატრებშიც და რელიგიურ დღესასწაულებზეც (ეფეს. 5:3). როგორც პავლემ თქვა, ბევრი ეფესოელი „ყოველმხრივ ზნედაცემული“ იყო, რაც სიტყვასიტყვით „ტკივილის მიმართ უგრძნობელს“ ნიშნავს (ეფეს. 4:17—19). სანამ სწორსა და არასწორზე იეჰოვას თვალსაზრისს გაიგებდნენ, ეფესოელებს არაფერზე ქენჯნიდათ სინდისი და, ცხადია, არც იეჰოვას თვალსაზრისი ადარდებდათ. ამიტომაც თქვა პავლემ მათზე: „გონება აქვთ დაბნელებული და მოწყვეტილნი არიან ღვთისგან მომდინარე სიცოცხლეს“.
6. რატომ თქვა პავლემ ეფესოელ ქრისტიანებზე, რომ სინათლეში იყვნენ?
6 იმ ეფესოელებზე, რომლებმაც თავი დააღწიეს სიბნელეს, პავლემ ასეთი სიტყვები დაწერა: „ახლა სინათლეში ხართ, ვინაიდან უფალს ეკუთვნით“ (ეფეს. 5:8). ეფესოელი ქრისტიანები სინათლეში იმ გაგებით იყვნენ, რომ მათ ბიბლიური ჭეშმარიტების სინათლე უნათებდა სავალს (ფსალმ. 119:105). მათ მიატოვეს უზნეო ცხოვრების წესი და აღარც რელიგიურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობდნენ. ისინი ჰბაძავდნენ ღმერთს, მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს და ყველანაირად ცდილობდნენ, მის მოსაწონად ეცხოვრათ (ეფეს. 5:1).
7. რა მსგავსებაა დღეს ჩვენსა და ბევრ ეფესოელ ქრისტიანს შორის?
7 ჭეშმარიტების გაგებამდე ჩვენც სულიერ და ზნეობრივ სიბნელეში ვიყავით. მაგალითად, აღვნიშნავდით ცრურელიგიურ დღესასწაულებს და ზოგიერთი ჩვენგანი არც მაღალზნეობრიობით გამოვირჩეოდით. თუმცა მას შემდეგ, რაც იეჰოვას სამართლიან ნორმებს გავეცანით, რადიკალური ცვლილებები მოვახდინეთ, რის წყალობით ჩვენი ცხოვრება დღესვე შეიცვალა უკეთესობისკენ (ეს. 48:17). თუმცა მაინც არსებობს იმის საფრთხე, რომ კვლავ დავუბრუნდეთ სიბნელეს, რომელიც ერთ დროს უკან მოვიტოვეთ. ამიტომ მოდი ვნახოთ, რა დაგვეხმარება, კვლავაც ისე ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“.
ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲘᲑᲜᲔᲚᲔᲡᲗᲐᲜ
8. რისგან უნდა დაეჭირათ შორს თავი ეფესოელებს? (ეფესოელები 5:3—5).
8 წაიკითხეთ ეფესოელების 5:3—5. ზნეობრივ სიბნელეს რომ არ დაბრუნებოდნენ, ეფესოელ ქრისტიანებს ყველაფერზე უარი უნდა ეთქვათ, რაც იეჰოვასთვის მიუღებელი იყო. ისინი ზნეობრივად სუფთადაც უნდა მოქცეულიყვნენ და უხამსი საუბრებისგანაც შეეკავებინათ თავი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დაიმკვიდრებდნენ „სამეფოს, რომელიც ქრისტესი და ღვთისაა“.
9. რატომ უნდა მოერიდოს ქრისტიანი ყველაფერს, რაც უზნეობამდე მიიყვანდა?
9 ჩვენც მაქსიმალურად უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ ჩავიდინოთ „სიბნელის უნაყოფო საქმეები“ (ეფეს. 5:11). ფაქტები აჩვენებს, რომ თუ ადამიანი უზნეო სცენებს უყურებს, უხამს თემებზე საუბრობს და მოსწონს ასეთი რაღაცების მოსმენა, ამ შემთხვევაში უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ უზნეობას ჩაიდენს (დაბ. 3:6; იაკ. 1:14, 15). ერთ ქვეყანაში და-ძმებმა Სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს, სადაც ბევრი მაუწყებელი გაერთიანდა. თავიდან ისინი სულიერ თემებზე მსჯელობდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მათმა საუბრებმა არაჯანსაღი სახე მიიღო და ისინი, ძირითადად, სექსის ირგვლივ ტრიალებდა. მოგვიანებით ზოგიერთმა და-ძმამ აღიარა, რომ ასეთმა საუბრებმა ისინი უზნეობამდე მიიყვანა.
10. Როგორ ცდილობს სატანა ჩვენს შეცდომაში შეყვანას? (ეფესოელები 5:6).
10 სატანის ქვეყნიერება ცდილობს, შეცდომაში შეგვიყვანოს და დაგვაჯეროს, რომ ცუდი არაფერია იმაში, რასაც იეჰოვა უზნეობად და უწმინდურებად მიიჩნევს (2 პეტ. 2:19). ეს გასაკვირი არაა, სატანა ხომ ოდითგანვე ცდილობდა ხალხისთვის თავგზის აბნევას, რათა ვეღარ გაერჩიათ სწორი არასწორისგან (ეს. 5:20; 2 კორ. 4:4). დღეს ის იეჰოვასთვის მიუღებელი აზროვნების პროპაგანდას ფილმების, სატელევიზიო გადაცემებისა თუ ვებგვერდების მეშვეობით ეწევა. ის ცდილობს დაგვაჯეროს, რომ უწმინდურ საქციელსა და უზნეო ცხოვრების წესს ცუდი შედეგები კი არ სდევს თან, პირიქით ბედნიერებას გვანიჭებს (წაიკითხეთ ეფესოელების 5:6).
11. რატომ არის მნიშვნელოვანი ეფესოელების 5:7-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათი).
11 სატანის სურვილია, ისეთ ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა, რომლებიც არად აგდებენ იეჰოვას ნორმებს, რადგან იცის, რომ ამ შემთხვევაში გაგვირთულდება ღვთის მოსაწონად მოქცევა. პავლემ სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ მისწერა ეფესოელებს: „საერთო არაფერი გქონდეთ მათთან“ (ეფეს. 5:7). ისიც აღსანიშნავია, რომ ეფესოელი ქრისტიანებისგან განსხვავებით, ჩვენზე გავლენას მხოლოდ ისინი კი არ ახდენენ, ვისთანაც პირისპირ ვურთიერთობთ, არამედ ისინიც, ვისაც სოციალური ქსელებით ვეცნობით. აზიაში მცხოვრებმა ერთმა დამ, ანჯელამ, a დაინახა, რამხელა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს სოციალური ქსელების მიღმა. ის ამბობს: «სინდისი შეიძლება ისე გაგიუხეშდეს, რომ ვერც კი მიხვდე. რაღაც ეტაპზე უკვე საერთოდ აღარ მაწუხებდა, რომ ისეთი ადამიანები მყავდა „მეგობრებში“, რომლებიც არად აგდებდნენ ბიბლიურ პრინციპებს. ბოლოს იქამდეც კი მივედი, რომ ჩემთვის მისაღები გახდა მათი ცხოვრების სტილი». საბედნიეროდ, ანჯელას უხუცესები დაეხმარნენ, რომ მოეხდინა საჭირო ცვლილებები. ის ამბობს: „ყველანაირად ვცდილობ, გონება სულიერზე ფიქრით დავაკავო, რათა სოციალურმა ქსელებმა აღარ მოახდინოს ჩემი აზროვნების ფორმირება“.
12. რა დაგვეხმარება, არ გადავუხვიოთ ღვთის ნორმებს?
12 ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის სწორი და არასწორი, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ მოვექცეთ ქვეყნიერების ზეგავლენაში (ეფეს. 4:19, 20). კარგი იქნება, დავფიქრდეთ: მაქსიმალურად ვერიდები ზედმეტ ურთიერთობას მათთან, ვინც არად აგდებს იეჰოვას ნორმებს, იქნებიან ესენი თანაკლასელები, თანამშრომლები თუ სხვები? მტკიცედ ვიცავ ჩემს პოზიციას იმ შემთხვევაშიც, თუ ამის გამო არატოლერანტულობაში დამდებენ ბრალს? მეტიც, როგორც 2 ტიმოთეს 2:20—22-დან ჩანს, მეგობრების არჩევისას ქრისტიანულ კრებაშიც გვმართებს სიფრთხილე. ამის მიზეზი ისაა, რომ შეიძლება ზოგმა ქრისტიანმაც კი ვერ მოახდინოს ჩვენზე კარგი ზეგავლენა.
„ᲘᲐᲠᲔᲗ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲡᲘᲜᲐᲗᲚᲘᲡ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲛᲐ“
13. რა შემთხვევაში შევძლებთ ისე ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“? (ეფესოელები 5:7—9).
13 მას შემდეგ, რაც ეფესოელ ქრისტიანებს მოუწოდა, არ დაბრუნებოდნენ სიბნელეს, პავლემ ისიც ურჩია, ისე ევლოთ, როგორც „სინათლის შვილებს“ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:7—9). ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ რჩევის გათვალისწინება? მარტივად რომ ვთქვათ, ყოველთვის ისე უნდა ვიქცეოდეთ, როგორც ქრისტიანს შეჰფერის. ამაში ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების გულმოდგინე შესწავლა დაგვეხმარება. განსაკუთრებული ყურადღებით კი „ქვეყნიერების სინათლის“, იესოს, ცხოვრება უნდა გამოვიკვლიოთ და დავუკვირდეთ იმას, რასაც ასწავლიდა (იოან. 8:12; იგავ. 6:23).
14. რაში გვეხმარება წმინდა სული?
14 დღეს ქვეყნიერება ისე გაირყვნა, რომ საკმაოდ რთულია ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. ამიტომ წმინდა სული გვჭირდება, რომ კვლავაც ისე ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“ (1 თეს. 4:3—5, 7, 8). წმინდა სული გვეხმარება, არ მოვექცეთ ქვეყნიერებაში გავრცელებული ცხოვრებისეული ფილოსოფიის ზეგავლენაში, რომელიც აშკარად უპირისპირდება ღვთის აზროვნებას. მეტიც, ღვთის სული ჩვენში წარმოშობს „ყოველივე იმას, რაც კარგი, მართალი და ჭეშმარიტია“ (ეფეს. 5:9).
15. რისი გაკეთება გვმართებს წმინდა სულის მისაღებად? (ეფესოელები 5:19, 20).
15 რა არის საჭირო წმინდა სულის მისაღებად? ლოცვა, რადგან, როგორც იესომ თქვა, იეჰოვა „წმინდა სულს მათ [მისცემს], ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:13). ღვთის სულს ქრისტიანულ შეხვედრებზეც ვიღებთ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:19, 20). დიახ, სწორედ ამ სულის დახმარებით შევძლებთ ღვთისმოსაწონად ცხოვრებას.
16. რა დაგვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში? (ეფესოელები 5:10, 17).
16 როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ? თუ გვინდა, ამ დროს გონივრულად ვიმოქმედოთ, თავდაპირველად საჭიროა, ჩავწვდეთ, „რა არის იეჰოვას ნება“, ანუ მოვიძიოთ ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ჩვენს სიტუაციას მიესადაგება, შემდეგ კი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:10, 17).
17. რა შემთხვევაში შევძლებთ დროის გონივრულად გამოყენებას? (ეფესოელები 5:15, 16; იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს ისიც ურჩია, რომ გონივრულად გამოეყენებინათ დრო (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16). სატანა ცდილობს, ქვეყნიური საქმეებით ისე დაგვაკავოს, რომ დრო აღარ დაგვრჩეს ღვთის მსახურებისთვის (1 იოან. 5:19). მაგალითად, თუ ქრისტიანი ქონების დაგროვებას, განათლების მიღებას ან კარიერას იეჰოვას მსახურებაზე წინ დააყენებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყნიური აზროვნების ზეგავლენაში მოექცა. რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში, თავისთავად, ცუდი არაფერია, თუმცა პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა მსგავსი რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებს. ასე რომ, თუ გვინდა ისე ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დრო ანუ ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
18. რა ნაბიჯები გადადგა დონალდმა, რომ უფრო გონივრულად გამოეყენებინა დრო?
18 ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძებდეთ იმის შესაძლებლობას, რომ უფრო სრულად დავიხარჯოთ იეჰოვასთვის. სწორედ ასე მოიქცა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ერთი ძმა დონალდი. აი რას გვიყვება ის: „საკუთარ ცხოვრებას ვაკვირდებოდი და იეჰოვას ვთხოვდი, დამხმარებოდა, უფრო სრულად დავხარჯულიყავი მისთვის. მეტი რომ მექადაგა, სხვა სამსახური მჭირდებოდა. ამიტომ კონკრეტულად ვლოცულობდი ამ საკითხზე. იეჰოვამაც უპასუხა ჩემს ლოცვას და ისეთი სამსახური მაპოვნინა, რომლის წყალობითაც მეც და ჩემი მეუღლეც სრული დროით მსახურებას შევუდექით“.
19. რა დაგვეხმარება, კვლავაც ისე ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“?
19 პავლეს წერილი ეფესოელ ქრისტიანებს უდავოდ დიდ დახმარებას გაუწევდა, იეჰოვას ერთგულები დარჩენილიყვნენ. ამ წერილში მოცემული რჩევები ჩვენც დაგვეხმარება, დაკვირვებით ავირჩიოთ, Რით გავერთობით და ვისთან გვექნება ურთიერთობა. აგრეთვე სურვილს აღგვიძრავს, გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ ბიბლია, რათა კვლავაც ვიაროთ სინათლეში. ეს წერილი იმასაც გვანახვებს, რომ „სინათლის ნაყოფის“ გამოსაღებად წმინდა სულის დახმარება გვჭირდება. პავლეს რჩევები იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგვეხმარება. თუ ყოველივე ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, ჩვენ შევძლებთ ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში კვლავაც სინათლეში დავრჩეთ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?
-
რა იგულისხმა პავლემ „სიბნელესა“ და „სინათლეში“?
-
რა დაგვეხმარება, რომ საერთო არაფერი გვქონდეს „სიბნელესთან“?
-
რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც ვიაროთ როგორც „სინათლის შვილებმა“?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 95 სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: სურათზე ნაჩვენებია ეფესოელებისთვის მიწერილი პავლეს წერილის ერთ-ერთი უძველესი ასლი.