არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 10

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია

ნათლობის შემდეგაც მიჰყევით იესოს ნაკვალევს

ნათლობის შემდეგაც მიჰყევით იესოს ნაკვალევს

„თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ძელი და გამომყვეს“ (ᲚᲣᲙ. 9:23).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარება, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს მიძღვნის თანახმად ცხოვრება. განხილული რჩევები განსაკუთრებით ახალმონათლულებს დაეხმარება, უერთგულონ იეჰოვას.

1, 2. Როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება ნათლობის შემდეგ?

 ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენაა. ამ დროს ის იეჰოვას ოჯახის წევრი ხდება, რაც უდიდესი პატივია. ალბათ ყველა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, დაეთანხმება ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ შენს ეზოებში დასამკვიდრებლად“ (ფსალმ. 65:4).

2 ვის იახლოებს იეჰოვა თავის ეზოებში დასამკვიდრებლად? Როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვა მხოლოდ მათ უახლოვდება, ვისაც ამის სურვილი აქვს (იაკ. 4:8). ნათლობის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა იეჰოვასთან კიდევ უფრო განსაკუთრებულ სახეს იძენს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ გვაკურთხებს იეჰოვა უხვად, თავისი დაპირებისამებრ (მალ. 3:10; იერ. 17:7, 8).

3. რა პასუხისმგებლობა გვეკისრება ნათლობის შემდეგ? (ეკლესიასტე 5:4, 5).

3 ფაქტია, იეჰოვასთვის მიცემული აღთქმა ყველა მონათლულ ქრისტიანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვეცადოთ, ზუსტად მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს, დავიცვათ მისი მითითებები და მაშინაც ვუერთგულოთ აღთქმულს, როცა ცდუნებების წინაშე აღმოვჩნდებით ან რწმენის გამოცდებს შევხვდებით (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:4, 5; მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 2:21). ამ სტატიაში განხილული რჩევები სწორედ ამაში დაგვეხმარება.

ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲛᲘᲰᲧᲔᲕᲘᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲜᲐᲙᲕᲐᲚᲔᲕᲡ

4. რას ნიშნავს „წამების ძელის“ ტარება? (ლუკა 9:23).

4 ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნათლობის შემდეგ შეიძლება არაერთ სირთულეს შევხვდეთ. იესომაც არაორაზროვნად თქვა, რომ თითოეულს მოგვიწევდა „წამების ძელის“ ტარება, თანაც ყოველდღე (წაიკითხეთ ლუკას 9:23). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანები გაწამებულნი იქნებოდნენ. უბრალოდ იესოს იმის თქმა სურდა, რომ კურთხევებთან ერთად სირთულეებიც გვექნებოდა, თანაც არცთუ ისე ადვილი ასატანი (2 ტიმ. 3:12).

5. რას ჰპირდება იესო მათ, ვინც გარკვეულ მსხვერპლზე მიდის?

5 შეიძლება უკვე შეხვდით წინააღმდეგობას ოჯახის წევრების მხრიდან ან მატერიალურ კეთილდღეობაზე წინ სამეფოს ინტერესები დააყენეთ (მათ. 6:33). გჯეროდეთ, იეჰოვას არასდროს რჩება მხედველობიდან ის, რასაც მისთვის აკეთებთ (ებრ. 6:10). თქვენ, ალბათ, იესოს შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაშიც დარწმუნდით: „ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან ყანები, დღესვე, დევნის დროს, ასმაგად მიიღებს სახლს, ყანებს, ძმებს, დებს, დედებს და შვილებს, მომავალში კი — მარადიულ სიცოცხლეს“ (მარ. 10:29, 30). დარწმუნებული ვართ, რომ მიღებული კურთხევების ფონზე უმნიშვნელოდ გეჩვენებათ ის მსხვერპლი, რომელსაც იეჰოვასთვის იღებთ (ფსალმ. 37:4).

6. რატომ გვიწევს ნათლობის შემდეგაც ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლის გაგრძელება?

6 ჩვენ ნათლობის შემდეგაც გვიწევს „ხორცის სურვილთან“ ბრძოლა და ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არასრულყოფილი ვართ (1 იოან. 2:16). შესაძლოა დროდადრო თავს მოციქული პავლეს მსგავსადაც ვგრძნობთ, რომელმაც თქვა: „შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემს სხეულში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ცოდვის ეს კანონი, ჩემს სხეულში მყოფი, თავის ტყვეობაში მაქცევს“ (რომ. 7:22, 23). ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლამ შესაძლოა გულიც გაგვიტეხოს. თუმცა, თუ ხშირად ვიფიქრებთ მიძღვნის დროს იეჰოვასთვის მიცემულ აღთქმაზე, ეს საჭირო მოტივაციას შეგვმატებს. მეტიც, როცა ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, ეს აღთქმა გაგვიმარტივებს სწორად მოქცევას. რატომ ვამბობთ ამას?

7. როგორ გვეხმარება მიძღვნის დროს დადებული აღთქმა ერთგულების შენარჩუნებაში?

7 მიძღვნის დროს ჩვენ საკუთარი თავი უარვყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთისთვის მიუღებელ სურვილებსა და მიზნებზე უარი ვთქვით (მათ. 16:24). შესაბამისად, გამოცდის დროს აღარ გვიწევს იმაზე ფიქრი, როგორ მოვიქცეთ, რადგან უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იეჰოვას უპირობოდ ვუერთგულებთ. ჩვენს მტკიცე პოზიციას ვერაფერი შეარყევს. იობის მსგავსად, რომელიც უკიდურესად მძიმე განსაცდელებს შეხვდა, ჩვენც ვიტყვით: „არ ვუღალატებ ღმერთს!“ (იობ. 27:5).

8. როგორ გვეხმარება მიძღვნის აღთქმაზე ფიქრი ცდუნების დროს?

8 მოდი ვნახოთ, როგორ გვეხმარება მიძღვნის აღთქმა კონკრეტულ სიტუაციებში. მაგალითად, გააბამდით სხვის მეუღლესთან ფლირტს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ხომ იეჰოვას აღვუთქვით, რომ მსგავსად არ მოვიქცეოდით. ასე რომ, ჩვენ არ ვყვებით ცდუნებას და გვერდს ვუვლით „ბოროტთა ბილიკს“. ეს კი იმ ტკივილს გვარიდებს თავიდან, რომელიც ფესვგადგმულ სურვილებთან ბრძოლას ახლავს თან (იგავ. 4:14, 15).

9. როგორ დაგეხმარებათ მიძღვნის აღთქმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას თაყვანისცემა თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე იდგეს?

9 დავფიქრდეთ შემდეგ სიტუაციაზეც: როგორ მოიქცევით, თუ ისეთ სამსახურს შემოგთავაზებენ, რომელიც კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაში შეგიშლით ხელს? დიდი ალბათობით, უარს იტყვით. თქვენ ხომ წინდაწინ გადაწყვიტეთ, რომ ასეთ ნაბიჯს არასდროს გადადგამდით. შესაბამისად, იმის ცდუნებაც არ გექნებათ, რომ დათანხმდეთ ამ სამუშაოს და შემდეგ მოიფიქროთ, როგორ დააყენოთ სულიერი პირველ ადგილზე. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში იესოს მაგალითზე ფიქრიც დაგეხმარებათ. თუ მას მიჰბაძავთ, თქვენც მაშინვე უყოყმანოდ იტყვით უარს ნებისმიერ რამეზე, რაც იეჰოვას გულს ატკენდა (მათ. 4:10; იოან. 8:29).

10. როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა, რომ ნათლობის შემდეგაც მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს?

10 აღსანიშნავია ისიც, რომ სირთულეები შესაძლებლობას გვაძლევს, ცხადვყოთ, რამდენად მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი იესოს ნაკვალევის მიყოლა. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა მხარს გვიჭერს. ბიბლიაში ხომ ნათქვამია: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ, და გამოსავალსაც გიჩვენებთ, რომ ბოლომდე მოითმინოთ“ (1 კორ. 10:13).

ᲒᲐᲜᲐᲒᲠᲫᲔᲗ ᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲔᲖᲘᲗ ᲡᲕᲚᲐ

11. Რა შემთხვევაში შევძლებთ იესოს ნაკვალევის მიყოლას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 იესო მთელი გულით ემსახურებოდა იეჰოვას და ლოცვის მეშვეობით მასთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა (ლუკ. 6:12). თუ თქვენც გააგრძელებთ ისეთი საქმეების კეთებას, რომლებიც უფრო დაგაახლოებთ იეჰოვასთან, ეს დაგეხმარებათ, ნათლობის შემდეგაც მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს. ბიბლიაც ამისკენ მოგვიწოდებს: „კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია“ (ფილ. 3:16). თუ მდგომარეობა ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ მათ მაგალითს მიჰბაძოთ, ვინც გააფართოვა მსახურება, სამეფოს მახარობელთა სკოლა გაიარა ან იქ გადავიდა, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა (საქ. 16:9). ფაქტია, ყველას გვსურს, მეტი ვაკეთოთ იეჰოვასთვის, მაგრამ თუ ამჟამად არ გაქვთ ამის შესაძლებლობა, გულს ნუ გაიტეხთ და საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ. გახსოვდეთ, გადამწყვეტი ის კი არ არის, რამდენს ვაკეთებთ, არამედ ის, რომ ბოლომდე გავირბინოთ სარბიელი (მათ. 10:22). ასე რომ, თუ თქვენს მაქსიმუმს გააკეთებთ, იეჰოვასაც გაუხარებთ გულს და იმასაც შეძლებთ, რომ კვლავაც მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს (ფსალმ. 26:1).

მიზნად დაისახეთ, ნათლობის შემდეგაც ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას (იხილეთ აბზაცი 11).


12, 13. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ატყობთ, რომ ენთუზიაზმი დაკარგეთ? (1 კორინთელები 9:16, 17; იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „განაგრძეთ რბოლა“).

12 შეიძლება ისეც მოხდეს, რომ იეჰოვასთან თქვენმა პირადმა ურთიერთობამ და მსახურებამ მონოტონური სახე მიიღოს ან ბიბლიის კითხვა მოსაწყენ პროცესად გექცეთ. თუ მსგავსი რამ დაგემართებათ, არ დაასკვნათ, რომ იეჰოვას სული დაკარგეთ. ყველანი არასრულყოფილები ვართ, ამიტომ შეუძლებელია ყოველთვის ერთნაირი შემართება გვქონდეს. კარგი იქნება, მოციქულ პავლეს მაგალითზე დაფიქრდეთ. Მართალია, ის ცდილობდა, ზედმიწევნით მიჰყოლოდა ქრისტეს მაგალითს, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ ყოველთვის ერთნაირი ენთუზიაზმით ვერ იმსახურებდა. აი რა თქვა პავლემ: „იძულებითაც რომ ვაკეთებდე, ეს მაინც ჩემთვის დაკისრებული პასუხისმგებლობაა“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:16, 17). როგორც დავინახეთ, ემოციური მდგომარეობა არ განსაზღვრავდა, Შეასრულებდა თუ არა პავლე დავალებულ საქმეს. Მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერ შემთხვევაში გაეგრძელებინა მსახურება.

13 ნურც თქვენ მისცემთ ემოციებს იმის უფლებას, რომ გმართონ. გადაწყვეტილი გქონდეთ, რომ როგორც არ უნდა გრძნობდეთ თავს, კვლავაც აკეთოთ ის, რაც სწორია. თუ ასე მოიქცევით, დიდი ალბათობით, ეს დროთა განმავლობაში თქვენს განწყობაზეც აისახება. ასე რომ, თუ არ შეწყვეტთ ლოცვას, ბიბლიის გამოკვლევასა და ქადაგებას, შეძლებთ, მიჰყვეთ ქრისტეს ნაკვალევს. თანაც თქვენი შეუპოვრობით და-ძმებსაც გაამხნევებთ (1 თეს. 5:11).

ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲡᲪᲐᲓᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ

14. რა უნდა გააკეთოთ რეგულარულად და რატომ? (2 კორინთელები 13:5).

14 Ნათლობის შემდეგ ისიც მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შეამოწმოთ საკუთარი თავი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 13:5). დაფიქრდით: ლოცულობთ ყოველდღიურად? ჩვევაში გაქვთ ბიბლიის კითხვა და გამოკვლევა და კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება? Საკუთარი თავის შემოწმებაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრებაც დაგეხმარებათ: Შემიძლია ავუხსნა სხვებს ძირითადი ბიბლიური მოძღვრებები? Რისი გაკეთება შემიძლია, რომ მსახურებამ უფრო მეტი სიხარული მომანიჭოს? Რამდენად კონკრეტულია ჩემი ლოცვები და ჩანს თუ არა, რომ ბოლომდე ვენდობი იეჰოვას? რეგულარულად ვესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს? რისი გაკეთება შემიძლია, რომ უფრო მეტად ჩავერთო კრების შეხვედრებზე? მსგავს კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, რომ ღვთისადმი თაყვანისცემამ მეტი სიხარულიც მოგანიჭოთ და სულიერი ზრდაც განაგრძოთ.

15, 16. რას ვსწავლობთ რობერტის მაგალითიდან?

15 არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუკვირდეთ, რა სისუსტეები გაქვთ. ერთი ძმის, რობერტის, შემთხვევიდან კარგად ჩანს, რატომაა საჭირო ამის გაკეთება. ის იხსენებს: „ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა გოგონამ სამუშაოს შემდეგ სახლში დამპატიჟა და Მითხრა, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით და კარგადაც გავერთობოდით. Მაშინ ალბათ 20 წლის თუ ვიქნებოდი. თავიდან უარის თქმა მომერიდა და რაღაცები მოვიმიზეზე, მაგრამ საბოლოოდ პირდაპირ ვუთხარი, რატომ არ წავიდოდი მასთან“. ფაქტია, რობერტი სწორად მოიქცა და ცდუნებას არ აჰყვა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ამ შემთხვევაზე დაფიქრდა, მიხვდა, რომ შეეძლო უკეთ გაერთმია თავი ამ სიტუაციისთვის. ის ამბობს: „როცა ცდუნების წინაშე აღმოვჩნდი, იოსებისგან განსხვავებით ყოყმანი დავიწყე და მისნაირი სიმტკიცეც ვერ გამოვიჩინე (დაბ. 39:7—9). ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასეთი რთული რომ აღმოჩნდა ჩემთვის უარის თქმა. თუმცა ერთი რამ კი ნათლად დავინახე: უნდა განმემტკიცებინა იეჰოვასთან ურთიერთობა“.

16 კარგი იქნება, თუ რობერტის მსგავსად თქვენც შეამოწმებთ საკუთარ თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმატებით გაუმკლავდით ცდუნებას, დაფიქრდით, ხომ არ გაგიჭირდათ, მაშინვე დაგეკავებინათ მტკიცე პოზიცია. თუ ხედავთ, რომ რაღაცაში გაუმჯობესებას საჭიროებთ, გულს ნუ გაიტეხთ. პირიქით, მადლიერი იყავით, რომ აღმოაჩინეთ, რაზე გაქვთ სამუშაო. ილოცეთ ამ საკითხზე და ყველანაირად ეცადეთ, გაიძლიეროთ იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრების სურვილი (ფსალმ. 139:23, 24).

17. რაზე ახდენს გავლენას ჩვენი საქციელი?

17 Რობერტის შემთხვევიდან სხვა რამესაც ვსწავლობთ. ის გვიყვება, როგორ განვითარდა მოვლენები მისი უარის შემდეგ: «თანამშრომელმა მითხრა: „გამოცდა წარმატებით ჩააბარე“. Შემდეგ კი მომიყვა, სინამდვილეში რაში იყო საქმე. თურმე მის ერთ მეგობარს, რომელიც ადრე მოწმე იყო, უთქვამს, რომ ნებისმიერი იეჰოვას მოწმე ახალგაზრდა დათმობს თავის პრინციპებს, თუ ვერავინ გაუგებს. ამიტომ Ჩემს თანამშრომელს გადაუწყვეტია, გამოვეცადე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, რომ იეჰოვას სახელს ჩრდილი არ მივაყენე».

18. რა გაქვთ გადაწყვეტილი? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „სტატიები ახალმონათლულთათვის“).

18 თუ უკვე მიუძღვენით თავი იეჰოვას და მოინათლეთ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ, Რაც არ უნდა მოხდეს, გინდათ, უერთგულოთ მას. გჯეროდეთ, მან კარგად იცის, რა ცდუნებებსა და განსაცდელებს ხვდებით და თავისი წმინდა სულით აუცილებლად მოგცემთ ერთგულების შესანარჩუნებლად საჭირო ძალას (ლუკ. 11:11—13). ასე რომ, ეჭვი ნუ შეგეპარებათ, იეჰოვას დახმარებით თქვენ ნათლობის შემდეგაც შეძლებთ მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს!

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა გაგებით ატარებენ ქრისტიანები ყოველდღე „წამების ძელს“?

  • რა უნდა გააკეთოთ, რომ ნათლობის შემდეგაც მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს?

  • რაზე ფიქრი დაგეხმარებათ, დარჩეთ იეჰოვას ერთგულები?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 89 უსმინეთ, იყავით მორჩილნი და მიიღეთ კურთხევები