არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 11

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 129 ბოლომდე მოვითმენთ

ნუ შეწყვეტთ იეჰოვას მსახურებას იმედგაცრუების მიუხედავად

ნუ შეწყვეტთ იეჰოვას მსახურებას იმედგაცრუების მიუხედავად

„რა არ აიტანე ჩემი სახელის გულისთვის“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮ. 2:3).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია დაგვეხმარება, მაშინაც გავაგრძელოთ ღვთისადმი ერთგულად მსახურება, Როცა სხვადასხვა მიზეზის გამო გული გვიტყდება.

1. რატომ ვაფასებთ იმას, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში ვართ?

 ᲩᲕᲔᲜ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ამის ფონზე განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციას ვეკუთვნით (ფსალმ. 133:1). იეჰოვამ გაგვაერთიანა სულიერ საძმოში, გვეხმარება, გვქონდეს მყარი ოჯახები და გვაძლევს გამჭრიახობასა და სიბრძნეს, რათა შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე (ეფეს. 5:33—6:1).

2. რა უნდა გავაკეთოთ და რატომ?

2 ზემოთქმულის მიუხედავად, ძალისხმევაა საჭირო, რომ იეჰოვას ერთგულად ვემსახუროთ. რატომ ვამბობთ ამას? ზოგჯერ შეიძლება ვინმემ გვაწყენინოს ან საკუთარი შეცდომების გამო გაგვიტყდეს გული, განსაკუთრებით, თუ ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ ბიბლიურ მაგალითებზე და განვიხილავთ, რა დაგვეხმარება, მაშინაც ერთგულად გავაგრძელოთ იეჰოვას მსახურება, როცა 1) თანაქრისტიანი გვტკენს გულს, 2) მეუღლე გვიცრუებს იმედს ან 3) საკუთარი შეცდომები გვთრგუნავს.

ᲡᲫᲚᲘᲔᲗ ᲘᲛᲔᲓᲒᲐᲪᲠᲣᲔᲑᲐᲡ, ᲗᲣ ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲘ ᲒᲣᲚᲡ ᲒᲐᲢᲙᲔᲜᲗ

3. Რა სირთულეს შეიძლება შეხვდეს იეჰოვას მსახური?

3 სირთულე. ზოგჯერ შეიძლება თანაქრისტიანის ხასიათმა გაგვაღიზიანოს ან მისმა საქციელმა იმედი გაგვიცრუოს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ცუდად მოგვექცნენ ან რომელიმე პასუხისმგებელი ძმის შეცდომის მოწმენი გავხდეთ. ასეთ სიტუაციებში ზოგს შეიძლება კითხვაც კი გაუჩნდეს: „თუ ეს მართლა ღვთის ორგანიზაციაა, ასეთი რამ რატომ ხდება?“. ქრისტიანი იქამდეც კი შეიძლება მივიდეს, რომ გაებუტოს მწყენინებელს ან საერთოდ შეწყვიტოს კრების შეხვედრებზე დასწრება, რის გამოც ვეღარ შეძლოს და-ძმებთან ერთად ერთსულოვნად იეჰოვას მსახურება (სოფ. 3:9). სწორი იქნება ასე მოქცევა? მოდი განვიხილოთ იმ ბიბლიური პერსონაჟის მაგალითი, რომელიც მსგავს სირთულეებს შეხვდა.

4. რა სირთულეებს ხვდებოდა მოციქული პავლე?

4 ბიბლიური მაგალითი. მოციქულ პავლეს ესმოდა, რომ და-ძმები არასრულყოფილები იყვნენ, ამიტომ ადვილად არ ნაწყენდებოდა მათზე. მაგალითად, იერუსალიმის კრებაში ზოგიერთ და-ძმას ეშინოდა მისი და არ ენდობოდა (საქ. 9:26). მასზე ზურგს უკანაც ლაპარაკობდნენ და მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობდნენ (2 კორ. 10:10). ის იმის მოწმეც გახდა, თუ როგორ დააბრკოლა პასუხისმგებელი ძმის არასწორმა საქციელმა თანაქრისტიანები (გალ. 2:11, 12). მას ახლობელმა ადამიანმა, მისმა თანამსახურმა მარკოზმაც, გაუცრუა იმედი (საქ. 15:37, 38). Როგორ იქცეოდა პავლე ასეთ სიტუაციებში? წყვეტდა მათთან ურთიერთობას, ვინც გულს სტკენდა? არა, ის კვლავაც აფასებდა და-ძმებს და აქტიურად აგრძელებდა იეჰოვას მსახურებას. რა ეხმარებოდა ამაში?

5. რა ეხმარებოდა პავლეს, რომ ხაზი არ გადაესვა თანაქრისტიანებისთვის? (კოლოსელები 3:13, 14; იხილეთ აგრეთვე სურათი).

5 პავლეს უყვარდა და-ძმები, რაც იმაში ეხმარებოდა, რომ აქცენტი მათ ნაკლოვანებებზე კი არა, კარგ თვისებებზე გაეკეთებინა. სწორედ სიყვარულმა შეაძლებინა პავლეს, რომ თავადაც იმ სიტყვების თანახმად მოქცეულიყო, რომლებიც კოლოსელებს მისწერა (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13, 14). დაფიქრდით, როგორ მოიქცა ის, როცა მარკოზმა პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მიატოვა. მართალია, თავიდან პავლე განაწყენდა, მაგრამ მან აპატია მარკოზს. მეტიც, მოგვიანებით კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში შეაქო ის და ძვირფას და ნუგეშისმცემელ თანამსახურთა შორის მოიხსენია (კოლ. 4:10, 11). რომში პატიმრობის დროს კი პავლემ ტიმოთეს სთხოვა, მარკოზიც ჩაეყვანა მასთან, რადგან ძალიან სჭირდებოდა მისი დახმარება (2 ტიმ. 4:11). აშკარაა, პავლე ხაზს არ უსვამდა თანაქრისტიანებს და ყოველთვის აძლევდა შანსს. რას ვსწავლობთ პავლესგან?

პავლეს, ბარნაბასა და მარკოზს შორის უთანხმოება მოხდა. თუმცა პავლემ დაივიწყა მომხდარი და მოგვიანებით დიდი სიხარულით თანამშრომლობდა მარკოზთან (იხილეთ აბზაცი 5).


6, 7. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიყვარული და-ძმების მიმართ მაშინაც, როცა ეს ადვილი არ არის? (1 იოანე 4:7).

6 რას ვსწავლობთ. იეჰოვას სურს, რომ მაშინაც გამოვავლინოთ და-ძმების მიმართ სიყვარული, როცა ეს ადვილი არ არის (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7). თუ რომელიმე თანაქრისტიანს რაიმე შეეშლება, არ უნდა დავასკვნათ, რომ ასე განზრახ მოგვექცა და საერთოდ არ ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს (იგავ. 12:18). იეჰოვა ხედავს ჩვენს შეცდომებს, მაგრამ მაინც ვუყვარვართ. როცა რაღაცას ვაშავებთ, ის ხაზს არ გვისვამს და მზად არის პატიებისთვის (ფსალმ. 103:9). თუ ის ასეთი მიმტევებელია, მით უმეტეს, ჩვენ გვმართებს ასე მოქცევა (ეფეს. 4:32—5:1).

7 რაც უფრო ვუახლოვდებით აღსასრულს, მით უფრო აუცილებელი ხდება, რომ თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ. თანაც მომავალში დევნა უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და შეიძლება რწმენის გამო დაგვაპატიმრონ კიდეც. იმ დროს ერთმანეთი ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს (იგავ. 17:17). დავფიქრდეთ ესპანეთში მცხოვრები ერთი უხუცესის, ხოსეპის, a შემთხვევაზე. Წლების წინ ის სხვა ძმებთან ერთად ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს. აი რას იხსენებს ხოსეპი: „ციხეში ძმებს სულ ერთად გვიწევდა ყოფნა. ამიტომ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ერთმანეთზე გავღიზიანებულიყავით. ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით, თვალი დაგვეხუჭა ერთმანეთის შეცდომებზე და მთელი გულით გვეპატიებინა. Სწორედ ეს დაგვეხმარა, რომ ერთობა შეგვენარჩუნებინა და სხვა პატიმრებისგან დაგვეცვა ერთმანეთი. მახსოვს ერთხელ, როცა ხელი დავიზიანე და საქმეს ჩემით ვეღარ ვაკეთებდი, ერთი ძმა ზრუნავდა ჩემზე და ტანსაცმელსაც კი მირეცხავდა. მაშინ განსაკუთრებით ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილი ძმური სიყვარული“. ეს შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღესვე მოვაგვაროთ ერთმანეთში პრობლემები.

ᲡᲫᲚᲘᲔᲗ ᲘᲛᲔᲓᲒᲐᲪᲠᲣᲔᲑᲐᲡ, ᲗᲣ ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐᲨᲘ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲘ ᲘᲩᲔᲜᲡ ᲗᲐᲕᲡ

8. რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ დაქორწინებულები?

8 სირთულე. უპრობლემო ქორწინება არ არსებობს. ბიბლიაშიც არაორაზროვნად წერია, რომ დაქორწინებულებს „მეტი საზრუნავი“ ექნებათ (1 კორ. 7:28). ქორწინება ხომ ორი არასრულყოფილი ადამიანის კავშირია, რომელთაც შეიძლება განსხვავებული ხასიათი, გემოვნება და წარმომავლობა ჰქონდეთ. ამიტომ ცოლ-ქმარმა დროთა განმავლობაში შეიძლება ერთმანეთში რაღაც ისეთი აღმოაჩინოს, რაც ქორწინებამდე არ შეუმჩნევიათ. ასეთი ფაქტორები ხშირად უთანხმოების მიზეზიც ხდება და, სამწუხაროდ, წყვილი ერთმანეთის დადანაშაულებას იწყებს ხოლმე. ამ დროს მათ მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ ორივენი უშვებენ შეცდომებს და ერთმანეთს კი არა, პრობლემას უნდა ებრძოლონ. ზოგი შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ პრობლემებიდან ერთადერთი გამოსავალი განცალკევებით ცხოვრებაში ან განქორწინებაში დაინახოს. მაგრამ არის კი ეს სინამდვილეში გამოსავალი? b მოდი ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია ერთი ბიბლიური პერსონაჟისგან, რომელსაც უბედური ქორწინება ჰქონდა.

9. რა ურთულებდა ცხოვრებას აბიგაილს?

9 ბიბლიური მაგალითი. აბიგაილის ქმარი ნაბალი ბიბლიაში უხეშ და ავისმქნელ კაცად არის მოხსენიებული (1 სამ. 25:3). ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება მისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი, თუმცა მას არ უცდია, თავი დაეღწია ასეთი ქორწინებისგან. მაგალითად, როცა შეურაცხყოფილმა დავითმა ნაბალისა და მის სახლეულობაში ყველა მამაკაცის მოკვლა განიზრახა, აბიგაილი არ გაქცეულა. მეტიც, ის დავითთან მივიდა და სთხოვა, არ მოეკლა მისი ქმარი (1 სამ. 25:9—13, 23—27). საინტერესოა, რატომ მოიქცა ასე.

10. სავარაუდოდ, რატომ არ უცდია აბიგაილს უბედური ქორწინებისთვის დაეღწია თავი?

10 აბიგაილს კარგად ეცოდინებოდა, რა უთხრა ღმერთმა ადამსა და ევას, როცა დასაბამი დაუდო პირველ ქორწინებას (დაბ. 2:24). ამ ღვთისმოშიშ ქალს ესმოდა, რომ ქორწინება იეჰოვას თვალში წმინდა კავშირი იყო, იზიარებდა მის თვალსაზრისს და სურდა, მის მოსაწონად მოქცეულიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იღონა მან ყველაფერი, რომ ეხსნა ნაბალი და მთელი მისი სახლეულობაც. დავითთან საუბრისას აბიგაილმა იმისთვისაც კი მოიბოდიშა, რაშიც უშუალოდ მას ბრალი არ მიუძღოდა. იეჰოვას უყვარდა ეს გაბედული და თავგანწირული ქალი. რისი სწავლა შეუძლიათ აბიგაილის მაგალითიდან, როგორც ცოლებს ისე ქმრებს?

11. ა) რას მოელის იეჰოვა დაქორწინებულებისგან? (ეფესოელები 5:33); ბ) Რა ისწავლეთ კარმენისგან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 რას ვსწავლობთ. იეჰოვა ცოლსაც და ქმარსაც მოუწოდებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს თანაცხოვრება, პატივი სცენ ქორწინების ინსტიტუტს. წარმოიდგინეთ, როგორ სიამოვნებს იეჰოვას, როცა ხედავს, რომ მეუღლეები ძალ-ღონეს არ იშურებენ პრობლემების მოსაგვარებლად და პატივისცემასა და თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ ერთმანეთის მიმართ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:33). მოვიყვანოთ კარმენის მაგალითი, რომელმაც დაქორწინებიდან დაახლოებით 6 წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოინათლა. აი რას ამბობს ის: „ჩემს ქმარს ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ის ბრაზობდა, რომ ამდენ დროს ვუთმობდი იეჰოვას მსახურებას, შეურაცხყოფას მაყენებდა და იმითაც კი მემუქრებოდა, რომ დამშორდებოდა“. Მიუხედავად ამისა, 50 წლის განმავლობაში კარმენი ყველანაირად ცდილობდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა და ყოველთვის სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა ქმარს. ის აღნიშნავს: „წლებთან ერთად ვისწავლე, უფრო გამგები და ტაქტიანი გავმხდარიყავი. ვიცოდი, რომ ქორწინება ღვთის თვალში წმინდა კავშირი იყო, მე კი ძალიან მიყვარდა იეჰოვა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ შემენარჩუნებინა ოჯახი“. c თუ სირთულეები თქვენს ქორწინებაშიც იჩენს თავს, გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ და დაგეხმარებათ, არ დანებდეთ.

რას ვსწავლობთ აბიგაილისგან, რომელმაც ყველაფერი იღონა თავისი სახლეულობის გადასარჩენად? (იხილეთ აბზაცი 11)


ᲮᲔᲚᲡ ᲜᲣ ᲩᲐᲘᲥᲜᲔᲕᲗ, ᲗᲣ ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚ ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲐᲡ ᲓᲐᲣᲨᲕᲔᲑᲗ

12. რა გრძნობები შეიძლება დაეუფლოს ადამიანს ცოდვის ჩადენის შემდეგ?

12 სირთულე. როცა ადამიანი მძიმე ცოდვას ჩადის, შეიძლება თავი უღირსად იგრძნოს. ბიბლიაც არაორაზროვნად ამბობს, რომ შემცოდველს შეიძლება გული გაუტყდეს (ფსალმ. 34:18). მოვიყვანოთ ერთი ძმის, რობერტის, მაგალითი, რომელიც წლების მანძილზე ცდილობდა, გამხდარიყო მომსახურე და ბოლოს მიაღწია კიდეც მიზანს. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. რობერტი საშინლად გრძნობდა თავს, რადგან ფიქრობდა, რომ იეჰოვას უღალატა. ის ამბობს: „სინდისი მოსვენებას არ მაძლევდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ტირილით მივმართავდი ხოლმე იეჰოვას ლოცვაში. მახსოვს, იმასაც კი ვფიქრობდი, რომ იეჰოვა ჩემი მოსმენით თავს არ შეიწუხებდა. მე ხომ მას ასე გავუცრუე იმედი“. ცოდვის ჩადენის შემდეგ შეიძლება ადამიანმა საერთოდ ჩაიქნიოს საკუთარ თავზე ხელი, რადგან იფიქროს, რომ იეჰოვა მას აღარ თვლის მისი მსახურების ღირსად (ფსალმ. 38:4). მოდი ვნახოთ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ერთგული მსახურის მაგალითი, რომელმაც ჩადენილი ცოდვის მიუხედავად შეძლო იეჰოვას მსახურების გაგრძელება.

13. რა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა პეტრემ და რა უძღოდა ამას წინ?

13 ბიბლიური მაგალითი. იესოს სიკვდილის წინა ღამეს მოციქულმა პეტრემ ერთი მეორის მიყოლებით დაუშვა შეცდომები. საბოლოოდ კი სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. თავიდან პეტრემ ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოავლინა და დაიკვეხნა, რომ ყველა მოციქულსაც რომ მიეტოვებინა, ის მაინც უერთგულებდა იესოს (მარ. 14:27—29). შემდეგ, როცა გეთსემანეს ბაღში იყვნენ, მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად ვერ შეძლო, რომ ეფხიზლა (მარ. 14:32, 37—41). ხოლო, როდესაც იესოს შესაპყრობად მივიდნენ, პეტრემ მიატოვა თავისი მოძღვარი (მარ. 14:50). ბოლოს კი სამჯერ უარყო იესო და დაიფიცა კიდეც, რომ არ იცნობდა (მარ. 14:66—71). Როგორ მოიქცა პეტრე მას შემდეგ, რაც გაიაზრა ჩადენილი ცოდვის სიმძიმე? მან თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა (მარ. 14:72). უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა პეტრე, როცა სულ ცოტა ხანში მის მეგობარს სიკვდილით დასჯიდნენ. ალბათ, მას საშინელი უღირსობის გრძნობა დაეუფლებოდა.

14. რა დაეხმარა პეტრეს, გაეგრძელებინა იეჰოვას მსახურება? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

14 შეცდომების მიუხედავად პეტრემ შეძლო იეჰოვას მსახურების გაგრძელება. მოდი ვნახოთ, რა დაეხმარა ამაში. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ არ გაირიყა სხვა მოწაფეებისგან, რომლებიც მისთვის ნუგეშის წყარო აღმოჩნდნენ (ლუკ. 24:33). გარდა ამისა, პეტრეს პირადად ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი იესო, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ გაემხნევებინა (ლუკ. 24:34; 1 კორ. 15:5). Მოგვიანებით კი იესომ მას დიდი პასუხისმგებლობებიც მიანდო (იოან. 21:15—17). ფაქტია, პეტრე იაზრებდა თავისი ცოდვის სიმძიმეს, თუმცა საკუთარ თავზე ხელი არ ჩაუქნევია. ამაში მას და-ძმების მხარდაჭერა და იესოს სიყვარულზე ფიქრი დაეხმარა. რისი სწავლა შეგვიძლია პეტრესგან?

როგორც იოანეს 21:15—17-დან ჩანს, იესოს ხელი არ ჩაუქნევია პეტრეზე, რამაც მას ძალა შემატა, ერთგულად გაეგრძელებინა იეჰოვას მსახურება (იხილეთ აბზაცი 14).


15. რაში გვარწმუნებს იეჰოვა? (ფსალმუნი 86:5; რომაელები 8:38, 39; იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 რას ვსწავლობთ. იეჰოვას სურვილია, ეჭვი არ გვეპარებოდეს, რომ ვუყვარვართ და მზად არის პატიებისთვის (წაიკითხეთ ფსალმუნის 86:5; რომაელების 8:38, 39). თუ ცოდვის ჩადენის შემდეგ დანაშაულის გრძნობა გვეუფლება, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ შეუძლებელია ამის შემდეგ იეჰოვას ვუყვარდეთ და გვაპატიოს. პირიქით, მაშინვე უნდა ვეცადოთ დახმარების მიღებას. ზემოთ მოხსენიებული რობერტი აღნიშნავს: „ჩემი შეცდომის მიზეზი ის გახდა, რომ ცდუნებასთან ბრძოლას საკუთარი ძალით ვცდილობდი“. ის მიხვდა, რომ აუცილებელი იყო, უხუცესებთან ესაუბრა. რობერტი აგრძელებს: „უხუცესებთან საუბარმა იეჰოვას სიყვარული მაგრძნობინა. მათ ხელი არ ჩაუქნევიათ ჩემზე და იმაშიც დამარწმუნეს, რომ იეჰოვას არ მივუტოვებივარ“. ჩვენც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იეჰოვას სიყვარულში და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გვაპატიებს შეცდომებს, თუ ვინანიებთ, დახმარებისთვის უხუცესებს მივმართავთ და ყველანაირად ვცდილობთ, აღარ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა (1 იოან. 1:8, 9). სწორედ ეს დაგვეხმარება, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც არ ჩავიქნიოთ ხელი საკუთარ თავზე და გავაგრძელოთ იეჰოვას მსახურება.

რაში გარწმუნებთ იმის დანახვა, რომ უხუცესები ყველანაირად ცდილობენ თქვენს დახმარებას? (იხილეთ აბზაცი 15)


16. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, კვლავაც ერთგულად ემსახუროთ იეჰოვას?

16 იეჰოვა ძალიან აფასებს, რომ ამ რთულ დროში მას მთელი გულით ვემსახურებით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვინც ან რაც არ უნდა გახდეს ჩვენი იმედგაცრუების მიზეზი, მისი დახმარებით მაინც შევძლებთ ერთგულების შენარჩუნებას. ამიტომ კიდევ უფრო მეტად შეიყვარეთ და-ძმები და მუდამ მზად იყავით, აპატიოთ მათ. ძალ-ღონე არ დაიშუროთ ქორწინებაში წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად, რითაც აჩვენებთ, რომ ძლიერ გიყვართ ის, ვინც ოჯახის ინსტიტუტი დააფუძნა. ხოლო, თუ ისე მოხდება, რომ სერიოზულ შეცდომას დაუშვებთ, მიიღეთ იეჰოვასგან დახმარება, ეჭვი ნუ შეგეპარებათ მის მიმტევებლობასა და სიყვარულში და განაგრძეთ მისი მსახურება. გჯეროდეთ, თუ არ „მოიშლით კარგის კეთებას“, იეჰოვა უხვად გაკურთხებთ (2 თეს. 3:13).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔᲗ, ᲗᲣ . . .

  • თანაქრისტიანი გვტკენს გულს?

  • მეუღლე გვიცრუებს იმედს?

  • საკუთარი შეცდომები გვთრგუნავს?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში

a ზოგი სახელი შეცვლილია.

b ღვთის სიტყვა ცოლ-ქმარს მოუწოდებს, ერთად იყვნენ, მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტენ ცალ-ცალკე ცხოვრებას, სხვაზე დაქორწინების უფლება არ აქვთ. თუმცა არსებობს ისეთი სერიოზული გარემოებები, რომლის გამოც ზოგმა ქრისტიანმა განცალკევებით ცხოვრება გადაწყვიტა. იხილეთ წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, დამატებითი ინფორმაცია №4 „განცალკევებით ცხოვრება“.

c იხილეთ აგრეთვე ვებგვერდზე jw.org განთავსებული ვიდეო „ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი მშვიდობა! — დარელ და დებორა ფრიზინგერები“.