არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იოჰანეს რაუტე სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობს (სავარაუდოდ 1920-იანი წლები)

ჩვენი არქივიდან

„ნაყოფს ვიმკი იეჰოვას სადიდებლად“

„ნაყოფს ვიმკი იეჰოვას სადიდებლად“

„წარსულში მომხდარი ომები, ყველა ერთად აღებული, არაფერია იმ მასშტაბურ ომთან შედარებით, რომელიც ამჟამად ევროპაში მიმდინარეობს“. ასე აღწერდა 1915 წლის 1-ლი სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ პირველ მსოფლიო ომს, რომელმაც საბოლოოდ 30 ქვეყანა მოიცვა. როგორც „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, საომარი მოქმედებების გამო სამეფოს საქმიანობა „ნაწილობრივ შეფერხდა, განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთში“.

გლობალური კონფლიქტის პირისპირ მდგარ ბიბლიის მკვლევრებს ბოლომდე არ ესმოდათ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპი. თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდათ, ყველგან გაეცხადებინათ სასიხარულო ცნობა. ვილჰელმ ჰილდებრანდტს სურდა, თავისი წვლილი შეეტანა სამეფოს საქმეში, ამიტომ „ბიბლიის მკვლევრების ყოველთვიური ტრაქტატი“ გამოიწერა ფრანგულ ენაზე. ის საფრანგეთში მსახურობდა არა როგორც წიგნების დამტარებელი (სრული დროით მქადაგებელი), არამედ როგორც გერმანელი ჯარისკაცი. ფრანგები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როცა ერთი შეხედვით მტერი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ვილჰელმი, მშვიდობის შესახებ ქადაგებდა მათთან.

„საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული წერილებიდან ვიგებთ, რომ სამხედროში მომსახურე ბევრ გერმანელ ბიბლიის მკვლევარს არ ასვენებდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილი. ძმა ლემკე, რომელიც საზღვაო ფლოტში მსახურობდა, იუწყებოდა, რომ მისი ეკიპაჟიდან ხუთმა ინტერესი გამოავლინა. ის წერდა: „ამ გემზეც კი ნაყოფს ვიმკი იეჰოვას სადიდებლად“.

გეორგ კაიზერი ომში წავიდა როგორც ჯარისკაცი, ხოლო სახლში დაბრუნდა როგორც ჭეშმარიტი ღვთის მსახური. მის ხელში აღმოჩნდა ბიბლიის მკვლევართა ერთ-ერთი პუბლიკაცია. მან მთელი გულით მიიღო სამეფოს შესახებ ცნობა, უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე და არასამწყობრო სამსახურში გადავიდა. ომის დამთავრების შემდეგ ის მრავალი წლის მანძილზე გულანთებული პიონერი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის მკვლევრებისთვის ბოლომდე არ იყო ცხადი ნეიტრალიტეტის საკითხი, მათი დამოკიდებულება და საქციელი სრულიად განსხვავდებოდა იმ ადამიანების შეხედულებებისა და მოქმედებებისგან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ომს. ამ უკანასკნელთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები და სასულიერო პირები, თუმცა მათგან განსხვავებით ბიბლიის მკვლევრები „მშვიდობის მთავრის“ მხარეს იკავებდნენ (ეს. 9:6). მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ბოლომდე არ იცავდა ნეიტრალიტეტს, ისინი მტკიცედ უჭერდნენ მხარს იმ პრინციპს, რომელზეც ერთმა ბიბლიის მკვლევარმა, კონრად მერტერმა თქვა: „ღვთის სიტყვამ ნათლად დამანახვა, რომ ქრისტიანმა არ უნდა მოკლას“ (გამ. 20:13). *

ჰანს ჰელტერჰოფი ამ ურიკას იყენებდა „ოქროს ხანის“ რეკლამისთვის

გერმანიაში, სადაც კანონი არ ითვალისწინებდა მრწამსის გამო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას, 20-ზე მეტმა ბიბლიის მკვლევარმა უარი თქვა ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურის შესრულებაზე. ზოგი მათგანი შეშლილად შერაცხეს. მათ შორის იყო გუსტავ კუიათი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და წამლები დაალევინეს. ჰანს ჰელტერჰოფი, რომელმაც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, ციხეში ჩასვეს. ის იქაც უარს ამბობდა ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც სამხედრო სამსახურს უკავშირდებოდა. მცველებმა მას დამაწყნარებელი პერანგი ჩააცვეს და კიდურების დაბუჟებამდე ასე ჰყავდათ. ამან ვერ გატეხა ჰანსი, ამიტომ სხვა ხერხს მიმართეს და მისი სიკვდილით დასჯის სცენა დადგეს. ყველაფრის მიუხედავად, ომიანობის პერიოდში ჰანსმა მტკიცე რწმენა შეინარჩუნა.

მათ, ვინც ჯარში გაიწვიეს, უარი თქვეს იარაღის ხელში აღებაზე და არასამწყობრო ნაწილში გადაყვანა მოითხოვეს. * ერთ-ერთი მათგანი იყო იოჰანეს რაუტე, რომელსაც სარკინიგზო სამუშაოების შესრულება დაავალეს. კონრად მერტერი სანიტრად გაუშვეს, რაინჰოლდ ვებერი კი  — ექთნად. აუგუსტ კარფციგი გახარებული იყო, რომ ბრძოლის ველზე ყოფნა არ მოუწია. ამ და სხვა ბიბლიის მკვლევრებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურათ იეჰოვასთვის.

ომის დროს ბიბლიის მკვლევართა პოზიცია ხელისუფლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა, რის გამოც ისინი დაკვირვების ობიექტად იქცნენ. მომდევნო წლებში სამქადაგებლო საქმიანობის გამო გერმანიაში მცხოვრები ბიბლიის მკვლევრების წინააღმდეგ ათასობით სასამართლო საქმე აღიძრა. და-ძმების დასახმარებლად გერმანიის ფილიალმა, რომელიც მაგდებურგში მდებარეობდა, იურიდიული განყოფილება დააარსა.

იეჰოვას მოწმეებისთვის თანდათან უფრო ნათელი ხდებოდა, რას ნიშნავდა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა. როცა მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა, მათ შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი და უარი თქვეს ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურზე. ამის გამო ისინი სახელმწიფოს მტრებად შერაცხეს და სასტიკი დევნა დაუწყეს. მაგრამ ეს უკვე ისტორიის სხვა ფურცელია, რაზეც რუბრიკა „ჩვენი არქივიდან“ მომავალში მოგითხრობთ (ჩვენი არქივიდან, ცენტრალური ევროპა).

^ აბზ. 7 პირველი მსოფლიო ომის დროს მცხოვრებ ბრიტანელ ბიბლიის მკვლევრებზე მოთხრობილია სტატიაში «მათ მტკიცედ გაუძლეს „გამოცდის საათს“», რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „ჩვენი არქივიდან“.

^ აბზ. 9 ასეთი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებდა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ VI ტომი (1904) და 1906 წლის აგვისტოს „სიონის საგუშაგო კოშკის“ გერმანული გამოცემა. 1915 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ მეტად ჰფენდა ნათელს ამ საკითხს და ურჩევდა ბიბლიის მკვლევრებს, მორიდებოდნენ სამხედრო სამსახურს. თუმცა ეს სტატია გერმანულ გამოცემაში არ დაბეჭდილა.