ბიოგრაფია
გაცემას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს
პირველად 12 წლის ასაკში მივხვდი, რომ სხვებისთვის რაღაც ფასეული შემეძლო გამეზიარებინა. კონგრესზე ერთმა ძმამ მკითხა, მასთან ერთად ხომ არ წავიდოდი საქადაგებლად. დავთანხმდი, თუმცა მანამდე მსახურებაში არასდროს ვყოფილვარ. უბანზე რომ მივედით, ძმამ რამდენიმე ბროშურა მომცა ღვთის სამეფოს შესახებ და მითხრა: „ქუჩის ამ მხარეს მცხოვრებთ შენ მოინახულებ, ქუჩის მეორე მხარეს მცხოვრებთ კი მე“. აღელვებული ერთი კარიდან მეორე კართან გადავდიოდი, თუმცა ჩემდა გასაკვირად მალე ყველა ბროშურა გავავრცელე. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ბევრს სურდა იმის მიღება, რასაც ვუზიარებდი.
დავიბადე 1923 წელს ინგლისში, კენტის საგრაფოს ქალაქ ჩეთამში. ვიზრდებოდი საზოგადოებაში, სადაც ხალხი იმედგაცრუებული იყო. დიდმა ომმა (პირველი მსოფლიო ომი) ხალხს უკეთესი მსოფლიოს იმედი გაუცრუა. ამასთან, ჩემი მშობლები გულგატეხილები იყვნენ ბაპტისტური ეკლესიის მსახურთა გამო, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ. დაახლოებით ცხრა წლისა ვიყავი, როცა დედამ იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. იქ ერთი და ბავშვებს ბიბლიურ გაკვეთილებს გვიტარებდა, რომლებიც ბიბლიასა და წიგნ „ღვთის ქნარზე“ იყო დაფუძნებული. ძალიან მომწონდა, რასაც ვსწავლობდი.
უფროსი ასაკის ძმებისგან სწავლა
მოზარდობის წლებში სიხარულს მანიჭებდა სხვებისთვის ბიბლიური იმედის გაზიარება. ხშირად მარტო ვმსახურობდი კარდაკარ, თუმცა სხვებთან ერთად მსახურებამ ბევრი რამ მასწავლა. მაგალითად, ერთხელ, როცა მე და ერთი უფროსი ასაკის ძმა ველოსიპედებით სამქადაგებლო უბანზე მივდიოდით, სასულიერო პირს ჩავუარეთ. მის დანახვაზე წამოვიძახე: „ნახე, თხა!“. ძმა გაჩერდა და მითხრა, ერთად დავმსხდარიყავით მორზე. შემდეგ მკითხა: „ვინ მოგცა უფლება, განსაჯო, ვინ არის თხა და ვინ არა?! მოდი უბრალოდ გავიხაროთ იმით, რომ სხვებს სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ, გასამართლება კი იეჰოვას მივანდოთ“. იმ წლებში ბევრი რამ ვისწავლე გაცემით განცდილი ბედნიერების შესახებ (მათ. 25:31—33; საქ. 20:35).
სხვა გამოცდილმა ძმამ მასწავლა, რომ ზოგჯერ მოთმინებაა საჭირო, რათა გაცემამ ბედნიერება მოგვანიჭოს. მის ცოლს იეჰოვას მოწმეები თვალში არ მოსდიოდა. ერთხელ ამ ძმამ სახლში მიმიწვია წასახემსებლად. სახლში მისულებს მისმა ცოლმა ჩაის პაკეტები სახეში მოგვაყარა. ის იმის გამო გაცეცხლდა, რომ ქმარი საქადაგებლად იყო წასული. ნაცვლად იმისა, რომ ესაყვედურა, ძმამ ჩაის პაკეტები თავის ადგილზე დადო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. წლების შემდეგ ამ ძმის მოთმინება დაჯილდოვდა, როცა მისი მეუღლე მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.
სულ უფრო მიძლიერდებოდა სხვებთან მომავლის იმედის შესახებ საუბრის სურვილი, ამიტომ 1940 წლის მარტში დედასთან ერთად ქალაქ დუვრში მოვინათლე. 1939 წლის სექტემბერში ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას. ამ დროს 16 წლისა ვიყავი. 1940 წლის ივნისში საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ჩაიარეს ჩემი სახლის წინ ათასობით დაჭრილი ჯარისკაცით სავსე სატვირთო მანქანებმა. ეს ჯარისკაცები დიუნკერკის ბრძოლაში გადარჩენილები იყვნენ. ვხედავდი მათ იმედჩამქრალ თვალებს და ძალიან მინდოდა, მათთვის ღვთის სამეფოზე რამე მეთქვა. მოგვიანებით, იმავე წელს, ბრიტანეთის სისტემატური დაბომბვა დაიწყო. ყოველ ღამე ვუყურებდი, როგორ დაფრინავდნენ ჩვენ ზემოთ გერმანელ ბომბდამშენთა ესკადრონები. ბომბები ზუზუნით ეშვებოდა და მათი აფეთქების ხმა გვესმოდა, რაც კიდევ უფრო გვიძლიერებდა შიშს. როცა მეორე დილით გარეთ გამოვდიოდით, ვხედავდით მიწასთან გასწორებულ უამრავ სახლს. უფრო და უფრო ვაცნობიერებდი, რომ ღვთის სამეფო ჩემი ერთადერთი იმედი იყო.
მსახურების დასაწყისი
1941 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც დღემდე მოაქვს ჩემთვის ბედნიერება. იმ დროს ვმუშაობდი ჩეთამში არსებულ სამეფო გემთმშენებელ ქარხანაში ხუროს დამხმარედ. ეს ძალზე სასურველი სამუშაო იყო, სადაც კარგი შეღავათებით ვსარგებლობდი. იეჰოვას მსახურებმა უკვე დიდი ხანია ვიცოდით, რომ ქრისტიანებს მონაწილეობა არ უნდა მიგვეღო ერების დაპირისპირებაში. 1941 წელს კი იმ დასკვნამდე მივედით, რომ სამხედრო მრეწველობაშიც არ უნდა გვემუშავა (იოან. 18:36). გემთმშენებელი ქარხანა წყალქვეშა ნავებს აგებდა, ამიტომ გადავწყვიტე, სამსახური მიმეტოვებინა და სრული დროით მსახურება დამეწყო. პირველად მსახურება დავიწყე საირენსესტერში, კოტსუოლდის თვალწარმტაც ქალაქში.
გავხდი თუ არა 18 წლის, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ცხრა თვით ციხეში ჩამსვეს. საშინელი გრძნობა დამეუფლა, როცა ჩემი საკნის კარი პირველად გაიჯახუნეს და საკანში მარტო დავრჩი. მაგრამ მალევე მცველები და პატიმრები დაინტერესდნენ, რატომ ვიყავი იქ და მეც სიხარულით ვუამბე მათ ჩემი რწმენის შესახებ.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ძმებმა მთხოვეს, ძმა ლეონარდ სმითთან * ერთად მექადაგა ჩემი მშობლიური მხარის, კენტის სხვადასხვა ქალაქში. 1944 წლიდან ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ათასზე მეტი უპილოტო რეაქტიული თვითმფრინავი ჩამოვარდა კენტში, რომელიც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ევროპასა და ლონდონს შორის მდებარეობდა. ისინი შიშს ნერგავდნენ ხალხში. როგორც კი გავიგებდით, რომ ძრავის ხმა შეწყდა, რაც ხშირი იყო, ვხვდებოდით, რომ რამდენიმე წამში თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა და აფეთქდებოდა. იმ დროს ბიბლიას ვასწავლიდით ერთ ხუთსულიან ოჯახს. ზოგჯერ შესწავლის დროს რკინის მაგიდის ქვეშ ვძვრებოდით, რომ სახლის დანგრევის შემთხვევაში გადავრჩენილიყავით. დროთა განმავლობაში მათგან ყველა მოინათლა.
სასიხარულო ცნობის საზღვარგარეთ ქადაგება
ომის შემდეგ ორი წელი ვმსახურობდი პიონერად სამხრეთ ირლანდიაში. არც კი ვიცოდით, რამდენად განსხვავდებოდა ირლანდია ინგლისისგან. კარდაკარ ვეძებდით ღამის გასათევ ადგილს; ხალხს ვეუბნებოდით, რომ მისიონერები ვიყავით და ქუჩაში ჟურნალებს ვთავაზობდით. ეს არცთუ ისე გონივრული საქციელი იყო ამ კათოლიკურ ქვეყანაში! როცა ერთი კაცი ცემით დაგვემუქრა, პოლიციელთან ვუჩივლე, რომელმაც მითხრა: „მეტს რას ელოდით?!“. ვერც კი ვხვდებოდით, რამხელა გავლენა ჰქონდათ მღვდლებს. ისინი ხალხს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, თუ ჩვენგან წიგნებს აიღებდნენ. მათ ჩვენი საცხოვრებლიდანაც კი გამოგვაძევეს.
მალევე მივხვდით, რომ ახალ ადგილზე გადასვლის შემდეგ ჩვენი საცხოვრებლიდან მოშორებით უნდა წავსულიყავით და მხოლოდ სხვა მღვდლის მრევლთან უნდა გვექადაგა, ბოლოს კი მეზობლად მცხოვრებ ხალხთან უნდა მივსულიყავით. გაშმაგებული ბრბოს მუქარის მიუხედავად, კილკენში ერთ ახალგაზრდასთან კვირაში სამჯერ ვატარებდით ბიბლიის შესწავლას. იმდენად დიდ სიხარულს მანიჭებდა სხვებისთვის ბიბლიის სწავლება, რომ გადავწყვიტე, საგუშაგო კოშკის ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ მისიონერთა მოსამზადებელი კურსი გამევლო.
ნიუ-იორკში ხუთთვიანი კურსის გავლის შემდეგ ოთხ კურსდამთავრებულს კარიბის ზღვის პატარ-პატარა კუნძულებზე ქადაგება დაგვავალეს. 1948 წლის ნოემბერში 18-მეტრიანი იალქნიანი ნავით, რომელსაც „სიბია“ ერქვა, ნიუ-იორკიდან გავემგზავრეთ. მანამდე არასდროს მიმოგზაურია ნავით, ამიტომ ცოტას ვღელავდი. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, გასტ მაკი, გამოცდილი მეზღვაური და კაპიტანი იყო. მან ზღვაოსნობის ძირითადი საკითხები გვასწავლა, მაგალითად, იალქნების აწევა და დაშვება, კომპასით კურსის დაჭერა და ქარის საპირისპიროდ ცურვა. გასტი შესანიშნავად მართავდა ნავს საშინელ შტორმებში 30 დღის მანძილზე, ვიდრე ბაჰამის კუნძულებს არ მივაღწიეთ.
სასიხარულო ცნობის შორეულ კუნძულებზე გაცხადება
ბაჰამის პატარა კუნძულებზე რამდენიმეთვიანი ქადაგების შემდეგ ჩვენ ქარპირა და ქარზურგა კუნძულებისკენ გავცურეთ, რომლებიც თითქმის 800 კმ-ზეა გადაჭიმული — პუერტო-რიკოსთან ახლომდებარე ვირჯინის კუნძულებიდან ტრინიდადამდე. ხუთ წელს ვქადაგებდით დაშორებულ კუნძულებზე, სადაც არც ერთი იეჰოვას მოწმე არ იყო. ზოგჯერ კვირების მანძილზე არ შეგვეძლო წერილების გაგზავნა და მიღება. მაგრამ ბედნიერები ვიყავით, რომ შეგვეძლო, იეჰოვას სიტყვა კუნძულებზე გაგვეცხადებინა (იერ. 31:10).
ჩვენი ყურეში შესვლა დიდ აჟიოტაჟს იწვევდა ადგილობრივ მოსახლეობაში. ისინი ნავსადგომთან მოდიოდნენ იმის გასაგებად, თუ ვინ ვიყავით. ზოგს მანამდე არასდროს ენახა იალქნიანი ნავი ან თეთრკანიანი ადამიანი. კუნძულელები მეგობრულად განწყობილი რელიგიური ადამიანები იყვნენ და კარგად იცოდნენ ბიბლია. ხშირად ისინი თევზს, ავოკადოსა და მიწის თხილს გვაძლევდნენ. ჩვენს პატარა ნავში ცოტა ადგილი იყო დასაძინებლად, საჭმლის მოსამზადებლად ან ტანსაცმლის გასარეცხად, მაგრამ მაინც ვახერხებდით ყველაფერს.
ჩვენ კანჯოთი მივცურავდით ნაპირამდე, მთელი დღის მანძილზე ვაკითხავდით ხალხს და ვეუბნებოდით, რომ იქნებოდა ბიბლიური მოხსენება. შემდეგ შებინდებისას ჩვენი იალქნიანი ნავის ზარს ჩამოვკრავდით ხოლმე. ადგილობრივების მოსვლა ულამაზესი სანახავი იყო. ისინი გორაკებიდან ეშვებოდნენ ზეთის
ლამპრებით ხელში, რომლებიც მოციმციმე ვარსკვლავებს წააგავდა. ზოგჯერ ასამდე კაცი მოდიოდა; ისინი გვიანობამდე რჩებოდნენ და კითხვებს გვისვამდნენ. მათ ძალიან უყვარდათ მღერა, ამიტომ ჩვენი სამეფო სიმღერებიდან ზოგი დავუბეჭდეთ და მივეცით. ოთხივენი ვიწყებდით სიმღერას, ხალხი გვიერთდებოდა და მათი ხმები შესანიშნავად ერწყმოდა ჩვენს ხმებს. ეს მართლაც დაუვიწყარი დრო იყო!ბიბლიის შესწავლის ჩატარების შემდეგ ზოგი შემსწავლელი თან მოგვყვებოდა, როცა სხვა ოჯახში მივდიოდით, რათა იქაც დასწრებოდნენ შესწავლას. რამდენიმე კვირაში სხვა ადგილას უნდა გადავსულიყავით, ამიტომ დაინტერესებულთაგან ყველაზე მონდომებულებს ვთხოვდით, ჩვენ დაბრუნებამდე სხვებთან გაეგრძელებინათ შესწავლა. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ რა სერიოზულად ეკიდებოდა ზოგი მათგანი თავის დავალებას.
დღეს ამ კუნძულებიდან ბევრი უკვე ხალხმრავალი ტურისტული კურორტია, იმ დროს კი ისინი მივარდნილი ადგილები იყო ფირუზისფერი ლაგუნებით, ქვიშიანი სანაპიროებითა და პალმის ხეებით. კუნძულიდან კუნძულზე ჩვეულებრივ ღამით მივცურავდით. დელფინები ნავის ორივე მხარეს მოგვყვებოდნენ და თავისებურად ანცობდნენ. ღამის მყუდროებაში მხოლოდ ჩვენი ნავის მიერ გაპობილი წყლის შრიალი ისმოდა. მშვიდ ზღვას მთვარე ანათებდა და ჰორიზონტზე ვერცხლისფერ ბილიკს ქმნიდა.
კუნძულებზე ხუთ წელიწადს ვქადაგებდით, რის შემდეგაც პუერტო-რიკოსკენ ავიღეთ გეზი, რათა ჩვენი იალქნიანი ნავი ძრავიანი ნავით შეგვეცვალა. იქ შევხვდი ერთ მშვენიერ მისიონერ დას, მაქსინ ბოიდს, რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა. ის ბავშვობიდანვე გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას, ხოლო როცა წამოიზარდა, მისიონერად მსახურობდა დომინიკელთა რესპუბლიკაში, საიდანაც ქვეყნის კათოლიკურმა მთავრობამ 1950 წელს გამოაძევა. როგორც ეკიპაჟის წევრს, პუერტო-რიკოში ერთი თვით დარჩენის უფლება მქონდა. მალე ისევ კუნძულებზე დავბრუნდებოდი რამდენიმე წლით. ასე რომ, საკუთარ თავს ვუთხარი: „რონალდ, თუ ეს გოგო მოგწონს, სწრაფად უნდა იმოქმედო“. სამი კვირის შემდეგ მას ცოლობა შევთავაზე, ექვს კვირაში კი ცოლად მოვიყვანე. მე და მაქსინი მისიონერებად დაგვნიშნეს პუერტო-რიკოში, ამიტომ ახალი ნავით ზღვაში არ გავსულვარ.
1956 წელს სარაიონო მსახურება დავიწყეთ. გვიხაროდა ძმების მონახულება, რომელთაგან ბევრი ღარიბი იყო. სოფელ პოტალა-პასტილიოში მოწმეების ორი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა; მათი ბავშვებისთვის ხშირად ვუკრავდი სალამურზე. ერთხელ პატარა გოგონას, ილდას ვკითხე, ხომ არ წამოვიდოდა ჩვენთან ერთად საქადაგებლად. მან მითხრა: „მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ფეხსაცმელი არა მაქვს“. მე და ჩემმა ცოლმა ვუყიდეთ ფეხსაცმელი და საქადაგებლად წავიყვანეთ. წლების შემდეგ, 1972 წელს, როცა მე და მაქსინი ბრუკლინის ბეთელში სტუმრად ვიყავით, ჩვენთან ერთი და მოვიდა. მას სკოლა „გალაადი“ ახალი დამთავრებული ჰქონდა და მალე მიემგზავრებოდა ეკვადორში, სადაც მისიონერად იმსახურებდა. მან გვითხრა: „ალბათ, ვერ მიცანით, არა?! მე ის პატარა გოგო ვარ პასტილიოდან, ფეხსაცმელი რომ არ ჰქონდა“. ეს ილდა იყო. ისე გაგვიხარდა მისი ნახვა, რომ ცრემლები ვერ შევიკავეთ!
1960 წელს გვთხოვეს, რომ მსახურება პუერტო-რიკოს ფილიალში გაგვეგრძელებინა, რომელიც ქალაქ სან-ხუანში, სანტურსეში მდებარეობდა. ეს იყო პატარა, ორსართულიანი შენობა. თავიდან საქმის დიდ ნაწილს მე და ლენარტ ჯონსონი ვაკეთებდით. ის და მისი მეუღლე პირველი იეჰოვას მოწმეები იყვნენ დომინიკელთა რესპუბლიკაში, 1957 წელს კი პუერტო-რიკოში ჩამოვიდნენ. მოგვიანებით მაქსინთან მოდიოდა ჟურნალების გამომწერთა თხოვნები, რომლებიც კვირაში ათასს აჭარბებდა. ის სიხარულით აკეთებდა თავის საქმეს, რადგან უამრავი ადამიანი სულიერ საზრდოს იღებდა.
სიხარულს მანიჭებს ბეთელში მსახურება, რადგან ბევრის გაცემა შემიძლია. თუმცა ამ მსახურებასაც აქვს თავისი სირთულეები. მაგალითად, როცა 1967 წელს პუერტო-რიკოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი, იმდენი პასუხისმგებლობა მეკისრა, რომ აღარ ვიცოდი, რომელი ერთი გამეკეთებინა. პუერტო-რიკოში ჩამოვიდა ნეითან ნორი, რომელიც იმ დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ზედამხედველობდა. მან შეცდომით დაასკვნა, რომ არ ვიზრუნე მოწვეული მისიონერების ტრანსპორტირებაზე. მოგვიანებით კი მითხრა, რომ იმედი გავუცრუე და მკაცრი შენიშვნა მომცა, რათა უფრო ორგანიზებული ვყოფილიყავი. არ მინდოდა შევპასუხებოდი, თუმცა საკმაო ხანს გულგატეხილი ვიყავი იმის გამო, რომ არასწორად გამიგო. მიუხედავად ამისა, როცა მე და მაქსინი კიდევ ერთხელ შევხვდით ძმა ნორს, მან თავის ოთახში დაგვპატიჟა და სადილით გაგვიმასპინძლდა.
პუერტო-რიკოში მსახურების დროს ჩვენ რამდენჯერმე მოვინახულეთ ჩემი ოჯახი ინგლისში. მამას ჩემთან და დედასთან ერთად არ მიუღია ჭეშმარიტება. როცა ბეთელიდან ჩემს ქალაქში მომხსენებლები ჩადიოდნენ, დედა ხშირად სთავაზობდა მათ ჩვენს სახლში დარჩენას. მამაჩემი ხედავდა, რამდენად განსხვავდებოდნენ ეს თავმდაბალი ბეთელელი ზედამხედველები იმ სასულიერო პირებისგან, რომლებმაც წლების წინ თავი შეაძულეს. ბოლოს, 1962 წელს, ის მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.
ჩემი საყვარელი მეუღლე მაქსინი 2011 წელს გამომეცალა ხელიდან. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მას მკვდრეთით აღდგენილს. ამაზე ფიქრი გულს მითბობს! ერთად გატარებული 58 წლის მანძილზე მე და მაქსინი იმის მოწმენი გავხდით, თუ როგორ გაიზარდა პუერტო-რიკოში იეჰოვას ხალხის რიცხვი 650-დან 26 000-მდე! 2013 წელს პუერტო-რიკოს ფილიალი შეერთებული შტატების ფილიალთან გაერთიანდა. ძმებმა მთხოვეს, რომ მსახურება უოლკილში (ნიუ-იორკი) გამეგრძელებინა. პუერტო-რიკოში 60-წლიანი ცხოვრების შემდეგ თავი ისევე მიმაჩნდა პუერტო-რიკოელად, როგორც იქაურ პატარა ბაყაყებს, რომლებიც შებინდებისას ყიყინით იკლებენ იქაურობას. მაგრამ მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება და მეც არ უნდა გავჩერებულიყავი.
„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“
დღესაც სიხარულს მანიჭებს ბეთელში მსახურება. ახლა 90 წელს გადაცილებული ვარ და, როგორც სულიერ მწყემსს, ბეთელის ოჯახის წევრების გამხნევება მევალება. ძმებმა მითხრეს, რომ უოლკილში გადმოსვლიდან აქამდე 600-ზე მეტი და-ძმა მოვინახულე. ზოგს პირად ან ოჯახურ პრობლემებზე უნდოდა საუბარი, სხვები კი რჩევას მთხოვდნენ, როგორ შეესრულებინათ თავიანთი საქმე ბეთელში უკეთესად. ახალდაქორწინებულებიც რჩევისთვის მაკითხავენ. ბეთელელთაგან ზოგი ველზე გადანიშნეს და ეს იყო მათი საფიქრალი. ყურადღებით ვუსმენ მათ და ხშირად ვეუბნები: «„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“, ამიტომ სიხარულით აკეთე შენი საქმე, რადგან ამას იეჰოვასთვის აკეთებ» (2 კორ. 9:7).
ბეთელში სიხარულის შესანარჩუნებლად ზუსტად იგივეა საჭირო, რაც სხვაგან: კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საქმე მნიშვნელოვანი. ყველაფერი, რასაც ბეთელში ვაკეთებთ, წმინდა მსახურებაა და ხელს უწყობს იმას, რომ ერთგულმა და გონიერმა მონამ მსოფლიო საძმო სულიერად დააპუროს (მათ. 24:45). სადაც არ უნდა ვემსახურებოდეთ იეჰოვას, ყველგან გვეძლევა მისი განდიდების შესაძლებლობა. მოდი სიხარულით ვაკეთოთ ის, რასაც ის ითხოვს ჩვენგან, რადგან „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“!
^ აბზ. 13 ლეონარდ სმითის ბიოგრაფია დაიბეჭდა 2012 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“.