არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ აქციეს იესოს მოწინააღმდეგეებმა ხელების დაბანა დავის საგნად?

ეს ერთ-ერთი იყო იმ უამრავი საკითხიდან, რომელთა გამოც მოწინააღმდეგეები იესოსა და მის მოწაფეებს აკრიტიკებდნენ. მოსეს კანონში ჩაწერილი იყო რიტუალურ სიწმინდესთან დაკავშირებული მითითებები, რომლებიც ეხებოდა სასქესო ორგანოდან გამონადენს, კეთრს და გვამთან თუ ლეშთან შეხებას. კანონში ისიც იყო ნათქვამი, რომ განსაწმენდად მოითხოვებოდა მსხვერპლშეწირვა, დაბანვა ან განმწმენდი წყლის მისხურება (ლევიანების 11—15 თავები; რიცხვების მე-19 თავი).

იუდეველმა რაბინებმა ამ კანონებს თავიანთი წესები დაუმატეს. ერთ წყაროში ნათქვამია, რომ უწმინდურების გამომწვევი თითოეული მიზეზი მსჯელობის საგანი ხდებოდა. რაბინები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა და რა ვითარებაში შეიძლებოდა ადამიანი გაუწმინდურებულიყო, როგორ და რა ზომით შეიძლებოდა მას სხვა გაეუწმინდურებინა, რა სახის ჭურჭელი და საგანი შეიძლებოდა გაუწმინდურებულიყო და ბოლოს, რა საშუალებების გამოყენება და რა რიტუალების შესრულება მოითხოვებოდა განსაწმენდად.

მოწინააღმდეგეებმა ჰკითხეს იესოს: „რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს და რატომ ჭამენ წაბილწული ხელით?“ (მარ. 7:5). ამ სიტყვებში ისინი სანიტარული ნორმების დაცვას არ გულისხმობდნენ. რაბინული რიტუალის თანახმად, ჭამის წინ ადამიანის ხელებზე ვინმეს წყალი უნდა დაესხა. ზემოხსენებული წყაროს თანახმად, იმაზეც კამათობდნენ, თუ რომელი ჭურჭელი უნდა გამოყენებულიყო წყლის დასასხმელად, როგორი უნდა ყოფილიყო წყალი, ვის უნდა დაესხა ის და სადამდე უნდა დაებანათ ხელები.

ადამიანების დადგენილი წესებისადმი თავისი დამოკიდებულების დასანახვებლად იესომ შემდეგი სიტყვები უთხრა პირველი საუკუნის იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს: «სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე, თვალთმაქცებო, როგორც დაწერილია: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან [იეჰოვასგან]. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, როგორც სწავლებებს“. ღვთის მცნება მიატოვეთ, ადამიანთა ადათ-წესებს კი მტკიცედ იცავთ» (მარ. 7:6—8).