არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ განსხვავდება იესოს ბავშვობის შესახებ მათესა და ლუკას მონათხრობები?

იესოს დაბადებისა და ბავშვობის შესახებ მათეს მონათხრობი გარკვეულწილად განსხვავდება ლუკას მონათხრობისგან, რადგან სახარების დამწერებმა მოვლენები სხვადასხვა მხრიდან აღწერეს.

თავის სახარებაში მათე ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც იოსებს უკავშირდება. ის გვიამბობს, რა რეაქცია ჰქონდა თავიდან იოსებს, როცა მარიამის ორსულობის შესახებ გაიგო, როგორ აუხსნა მას სიზმარში ანგელოზმა მარიამის ორსულობის მიზეზი და როგორ გაითვალისწინა იოსებმა ანგელოზის მითითება (მათ. 1:19—25). შემდეგ მათე გვიამბობს, როგორ ურჩია სიზმარში ანგელოზმა იოსებს ეგვიპტეში გაქცევა, როგორ ჩავიდა იოსები ეგვიპტეში ცოლ-შვილთან ერთად, როგორ მოუწოდა სიზმარში ანგელოზმა იოსებს, დაბრუნებულიყო ისრაელში, როგორ დაბრუნდა იოსები ოჯახთან ერთად სამშობლოში და დასახლდა ნაზარეთში (მათ. 2:13, 14, 19—23). მათეს სახარების პირველ ორ თავში იოსები რვაჯერ მოიხსენიება სახელით, მარიამი კი — მხოლოდ ოთხჯერ.

მეორე მხრივ, ლუკას სახარებაში მეტი ყურადღება მახვილდება მარიამზე. მაგალითად, ლუკამ მოგვითხრო, როგორ გამოეცხადა ანგელოზი გაბრიელი მარიამს, როგორ ესტუმრა მარიამი თავის ნათესავ ელისაბედს და რა განმადიდებელი სიტყვები მიუძღვნა იეჰოვას (ლუკ. 1:26—56). გარდა ამისა, ლუკამ მოიხსენია სიმონის სიტყვები, რომლებიც მან მარიამს იესოს მომავალი ტანჯვის შესახებ უთხრა. მაშინაც კი, როცა ოჯახთან ერთად 12 წლის იესოს ტაძარში მისვლის ამბავს აღწერს, ლუკა მხოლოდ მარიამის სიტყვებს ციტირებს. ის იმასაც ამბობს, რომ ამ შემთხვევებმა მარიამზე ღრმა კვალი დატოვა (ლუკ. 2:19, 34, 35, 48, 51). ლუკას სახარების პირველ ორ თავში მარიამი თორმეტჯერ მოიხსენიება სახელით, იოსები კი — მხოლოდ სამჯერ. ასე რომ, მათე უფრო დიდ აქცენტს იოსების გრძნობებსა და მოქმედებებზე აკეთებს, ლუკა კი ყურადღებას ამახვილებს მარიამზე და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

ერთმანეთისგან განსხვავდება მათ მიერ მოყვანილი გენეალოგიური ნუსხებიც. მათეს იესოს გენეალოგია იოსების ხაზით მოჰყავს იმის საჩვენებლად, რომ იესო, როგორც იოსების შვილობილი, დავითის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო, რადგან იოსები მეფე დავითის შთამომავალი იყო სოლომონის ხაზით (მათ. 1:6, 16). თავის მხრივ, ლუკას მარიამის ხაზით მოჰყავს იესოს გენეალოგია იმის საჩვენებლად, რომ ის დავითის სამეფო ტახტის პირდაპირი მემკვიდრე იყო (რომ. 1:3). დედამისი მარიამი მეფე დავითის შთამომავალი იყო დავითის ვაჟის, ნათანის ხაზით (ლუკ. 3:31). მაგრამ რატომ არ მოიხსენია ლუკამ მარიამი ელის ასულად გენეალოგიურ ნუსხაში? მიზეზი ის იყო, რომ გენეალოგიური ნუსხის შედგენა, როგორც წესი, მამაკაცის ხაზით ხდებოდა. ამიტომ იოსების ელის ძედ მოხსენიება ყველას მიახვედრებდა, რომ სინამდვილეში ის ელის სიძე იყო (ლუკ. 3:23).

მათესა და ლუკას გენეალოგიური ნუსხებით უდავოდ დასტურდება, რომ იესო ნაწინასწარმეტყველები მესია იყო. ინფორმაცია მისი წარმომავლობის შესახებ ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ ფარისევლები და სადუკეველები ვერ დააყენებდნენ ამას ეჭვქვეშ. დღეს მათესა და ლუკას მიერ მოყვანილი გენეალოგიური ნუსხები რწმენას გვიმტკიცებს და ღვთის დაპირებების უტყუარობაზე მოწმობს.