არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

გადავწყვიტე, ხელები არ ჩამომეშვა

გადავწყვიტე, ხელები არ ჩამომეშვა

„მამა“, „მამიკო“, „ბიძია“! ხშირად ასე მომმართავს ბევრი ახალგაზრდა ბეთელელი და როგორც 89 წლის კაცს, მსიამოვნებს ამის მოსმენა. ეს თბილი სიტყვები იეჰოვას კურთხევად მიმაჩნია იმისთვის, რომ 72 წელი სრული დროით ვემსახურები მას. ღვთის მსახურებაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მთელი გულით შემიძლია დავარწმუნო ეს ახალგაზრდები, რომ მათი შრომა დაჯილდოვდება, თუ ხელებს არ ჩამოუშვებენ (2 მატ. 15:7).

ჩემი მშობლები და დედმამიშვილები

ჩემი მშობლები უკრაინიდან კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი დასახლდნენ მანიტობის პროვინციის ქალაქ როსბერნში. დედაჩემი მოსიყვარულე ქალი იყო. მან 8 ბიჭი და 8 გოგო გააჩინა, რომელთაგან ტყუპისცალი არც ერთი არ იყო. მე მეთოთხმეტე შვილი ვიყავი. მამაჩემს უყვარდა ბიბლიის კითხვა და ყოველ კვირა დილას გვიკითხავდა მას. თუმცა ის ფიქრობდა, რომ რელიგია ფულის გამოძალვის კარგი საშუალება იყო. მამა ხშირად ხუმრობდა: „საინტერესოა, ვინ უხდიდა იესოს ფულს, რომ ექადაგა და ესწავლებინა?!“.

ჩემი ოთხი ძმა და ოთხი და დროთა განმავლობაში იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ჩემი და როზე სიკვდილამდე პიონერად მსახურობდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში ის ყველას მოუწოდებდა, რომ ყურადღება ღვთის სიტყვაზე გადაეტანათ, და ეუბნებოდა: „მინდა, ახალ ქვეყნიერებაში გნახოთ“. უფროსი ძმა ტედი თავიდან ჯოჯოხეთის შესახებ ქადაგებდა. ყოველ კვირა დილას ის თავის რადიოქადაგებაში მსმენელს მთელი მონდომებით არწმუნებდა, რომ ცოდვილები ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში დაიწვებოდნენ. თუმცა მოგვიანებით ის იეჰოვას ერთგული და გულმოდგინე მსახური გახდა.

სრული დროით მსახურების დაწყება

1944 წლის ივნისის ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულს სასადილო ოთახის მაგიდაზე დამხვდა ბუკლეტი „მსოფლიო მალე აღორძინდება“ *. ჯერ პირველი გვერდი წავიკითხე, შემდეგ მეორე და ბოლომდე ისე ჩავედი, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე. წავიკითხე თუ არა, გადავწყვიტე, იესოს მსგავსად მემსახურა იეჰოვასთვის.

როგორ აღმოჩნდა ეს ბუკლეტი ჩვენს მაგიდაზე? ჩემი უფროსი ძმისგან, სტივისგან გავიგე, რომ ჩვენთან ორი მამაკაცი იყო მოსული, რომლებიც წიგნებსა და ბუკლეტებს ყიდდნენ. „ეს ვიყიდე, — მითხრა მან, — რადგან სულ რაღაც ხუთი ცენტი ღირდა“. ამ კაცებმა კვირა დღეს მოგვაკითხეს. მათ თქვეს, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ხალხს ბიბლიიდან სცემდნენ კითხვებზე პასუხს. ამის მოსმენა გვესიამოვნა, რადგან მშობლები ღვთის სიტყვის პატივისცემას გვინერგავდნენ. მათ ისიც გვითხრეს, რომ მალე მოწმეებს უინიპეგში კონგრესი ექნებოდათ. ჩემი და ელსი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა. გადავწყვიტე, კონგრესს დავსწრებოდი.

ველოსიპედით დავადექი 320-კილომეტრიან უსწორმასწორო გზას უინიპეგამდე. გზად ქალაქ კელვუდში გავჩერდი, სადაც ის ორი მოწმე ცხოვრობდა, რომლებმაც სახლში მოგვაკითხეს. იქ ყოფნის დროს დავესწარი შეხვედრას და გავიგე, რა იყო კრება. იმასაც მივხვდი, რომ ყველას — კაცსა თუ ქალს, დიდსა თუ პატარას, იესოს მსგავსად კარდაკარ უნდა ექადაგა.

უინიპეგში შევხვდი ჩემს უფროს ძმას, ჯეკს, რომელიც კონგრესზე ჩრდილოეთ ონტარიოდან ჩამოვიდა. კონგრესის პირველ დღეს გამოცხადდა, რომ იქნებოდა ნათლობა. მე და ჯეკმა გადავწყვიტეთ, რომ იმ კონგრესზე მოვნათლულიყავით და რაც შეიძლება მალე დაგვეწყო პიონერად მსახურება. ჯეკმა სრული დროით მსახურება კონგრესის დამთავრებისთანავე დაიწყო. მე კი ჯერ 16 წლისა ვიყავი და სკოლა უნდა დამემთავრებინა, ამიტომ პიონერულ მსახურებას მომდევნო წელს შევუდექი.

პიონერობამ ბევრი რამ მასწავლა

სტენ ნიკოლსონთან ერთად პიონერად მსახურება პროვინცია მანიტობის ქალაქ სურესში დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ პიონერობა არც ისე ადვილი იყო. ფული ნელ-ნელა გველეოდა, მაგრამ ქადაგებას არ ვწყვეტდით. ერთხელაც მთელი დღე ვიმსახურეთ. მსახურებიდან ძალიან მშივრები ვბრუნდებოდით, მაგრამ ერთი კაპიკიც არ გვქონდა, რომ რამე გვეყიდა. ძალიან გავოცდით, როცა სახლის კართან პროდუქტებით სავსე დიდი ტომარა დაგვხვდა! დღემდე არ ვიცით, ვინ დაგვიდო ის ტომარა. იმ საღამოს მეფურად ვივახშმეთ. იეჰოვამ დაგვაჯილდოვა იმისთვის, რომ ხელები არ ჩამოვუშვით! მანამდე წონაში ისეთი მომატებული არასდროს ვყოფილვარ, როგორიც იმ თვის ბოლოს ვიყავი.

რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქ გილბერტ-პლეინსში დაგვნიშნეს, რომელიც სურესიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 240 კილომეტრში მდებარეობს. იმ დროს ყველა კრებას სცენაზე გამოკრული ჰქონდა დიდი ცხრილი, საიდანაც ჩანდა, რამდენ დროს უთმობდა კრება სამქადაგებლო საქმიანობას თვიდან თვემდე. როცა ერთ თვეს მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიწია, მოხსენებით გამოვედი კრების წინაშე და ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ და-ძმებს მეტი მონდომება მართებდათ. შეხვედრის შემდეგ ჩემთან მოვიდა ერთი ასაკოვანი პიონერი და, რომლის ქმარიც იეჰოვას მსახური არ იყო, და ცრემლმორეულმა მითხრა: „ვეცადე, მაგრამ ამაზე მეტი ვერ შევძელი“. მისმა სიტყვებმა მეც ამატირა და ბოდიში მოვუხადე დას.

ჩემ მსგავსად მონდომებულ ახალგაზრდა ძმებს შეიძლება ადვილად მოუვიდეთ ასეთი შეცდომები და გული გაუტყდეთ. მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ხელების ჩამოშვების ნაცვლად, შეცდომებზე ჭკუა უნდა ვისწავლოთ და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ეს გაკვეთილი. თუ ერთგულად განვაგრძობთ მსახურებას, იეჰოვა აუცილებლად დაგვაჯილდოებს.

კვებეკის ბრძოლა

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რომ 21 წლის ასაკში სკოლა „გალაადის“ მე-14 კლასში მიმიწვიეს, რომელიც 1950 წლის თებერვალში დავამთავრე. ჩვენს კლასში 103 სტუდენტი იყო, აქედან 25 და-ძმა კანადის ფრანგულენოვან პროვინციაში, კვებეკში დაგვნიშნეს, სადაც მოწმეების რელიგიური დევნა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მე ქალაქ ვალ-დორში დამნიშნეს, სადაც ოქროს საბადოები იყო. ერთ დღესაც რამდენიმე კაცი მეზობელ სოფელ ვალ-სენევილში საქადაგებლად წავედით. ადგილობრივი მღვდელი დაგვემუქრა, რომ ფიზიკურად გაგვისწორდებოდა, თუ მაშინვე არ დავტოვებდით სოფელს. ამ მუქარის გამო საქმე აღვძარი სასამართლოში. შედეგად, მღვდელი დააჯარიმეს. *

ეს და მსგავსი შემთხვევები „კვებეკის ბრძოლის“ ნაწილი გახდა. კვებეკის პროვინცია 300 წელზე მეტი ხნის მანძილზე რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენაში იყო. ეს მღვდელი თავის პოლიტიკურ მოკავშირეებთან ერთად დევნიდა იეჰოვას მოწმეებს. რთული პერიოდი იყო, თანაც მაშინ რიცხობრივად ცოტანი ვიყავით, მაგრამ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენს ქადაგებას ბევრი გულწრფელი კვებეკელი გამოეხმაურა. პატივი მხვდა წილად, რომ რამდენიმესთვის ბიბლია მესწავლებინა. ერთ ოჯახში ათ ადამიანს ვასწავლიდი ბიბლიას. ათივე იეჰოვას მოწმე გახდა. მათმა გაბედულებამ სხვებიც აღძრა, რომ დაეტოვებინათ კათოლიკური ეკლესია. ჩვენ არ ვწყვეტდით ქადაგებას და საბოლოოდ გავიმარჯვეთ ამ ბრძოლაში!

ძმების მომზადება მათ მშობლიურ ენაზე

1956 წელს ჰაიტიში დამნიშნეს. ახალი მისიონერების უმეტესობას უჭირდა ფრანგულის სწავლა, მაგრამ ხალხი ისმენდა ჭეშმარიტებას. მისიონერმა სტენლი ბოგესმა თქვა: „გაოცებულები ვიყავით; ხალხი ყველანაირად გვეხმარებოდა, რომ მათ ენაზე გველაპარაკა“. თავიდან მე არ მიჭირდა, რადგან კვებეკში ფრანგულს ვსწავლობდი, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ადგილობრივი ძმების უმეტესობა მხოლოდ ჰაიტის კრეოლზე ლაპარაკობდა. ამიტომ წარმატებული მისიონერები რომ ვყოფილიყავით, ადგილობრივი ენა უნდა გვესწავლა. ვისწავლეთ კიდეც და ჩვენი ძალისხმევა დიდად დაჯილდოვდა.

ძმებს რომ უფრო მეტად დავხმარებოდით, ხელმძღვანელმა საბჭომ უფლება მოგვცა, რომ „საგუშაგო კოშკი“ და სხვა პუბლიკაციები ჰაიტის კრეოლზე გვეთარგმნა. შედეგად, შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად გაიზარდა. 1950 წელს ჰაიტიში 99 მაუწყებელი იყო, მაგრამ 1960 წლისთვის მათმა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. იმ დროს მე ბეთელში მიმიწვიეს. 1961 წელს პატივი მხვდა წილად, რომ სამეფო მსახურების სკოლაში მესწავლებინა. ჩვენ მთლიანობაში 40 უხუცესი მოვამზადეთ, რომელთაგან რამდენიმე სპეციალური პიონერი იყო. 1962 წლის იანვარში გამართულ კონგრესზე გამოცდილ ადგილობრივ ძმებს მსახურების გაფართოებისკენ მოვუწოდეთ, რომელთაგან ზოგიერთი სპეციალურ პიონერად დაინიშნა. ეს დროული იყო, რადგან წინ დიდი წინააღმდეგობა გველოდა.

1962 წლის 23 იანვარს, კონგრესის შემდეგ ძალიან მალე, მე და მისიონერი ენდრიუ დემიკო ფილიალში ყოფნის დროს დაგვაპატიმრეს და მიმდინარე წლის 8 იანვრის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის მარაგი (ფრანგულ ენაზე) ჩამოგვართვეს. „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიაში მოყვანილი იყო ამონარიდები ფრანგულენოვანი გაზეთებიდან, რომლებიც იტყობინებოდა, რომ ჰაიტიში ვუდუს ჯადოქრობას მიმართავდნენ. ზოგიერთს არ მოეწონა ეს განაცხადი და ამ სტატიის გამო გვადანაშაულებდნენ. რამდენიმე კვირაში მისიონერებს ქვეყანა დაატოვებინეს. * მაგრამ მომზადებული ადგილობრივი ძმები შესანიშნავად ართმევდნენ თავს საქმეს. მიხარია იმის დანახვა, რომ ამ ძმებმა აიტანეს განსაცდელები და კიდევ უფრო განმტკიცდნენ რწმენაში. დღეს ჰაიტის კრეოლზე მათ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიც“ კი აქვთ. ამაზე მაშინ მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო.

მშენებლობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ჰაიტიში მსახურების შემდეგ მისიონერად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დამნიშნეს. მოგვიანებით პატივი მხვდა წილად, რომ მიმომსვლელ ზედამხედველად, შემდეგ კი ფილიალის ზედამხედველად მემსახურა.

იმ პერიოდში ძალიან უბრალო სამეფო დარბაზები გვქონდა. ვისწავლე ჩალის მოგროვება და მისგან სახურავის გაკეთება. ჩემი წვალების ყურება გამვლელებისთვის ერთი სანახაობა იყო. თუმცა ამან წაახალისა ძმები, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი სამეფო დარბაზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში. სხვა რელიგიის წინამძღოლები დაგვცინოდნენ, რადგან მათ ეკლესიებს თუნუქის სახურავი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვწყვეტდით უბრალო და ჩალით გადახურული სამეფო დარბაზების შენებას. დამცინავებმა მას შემდეგ შეწყვიტეს ჩვენი მასხრად აგდება, რაც დედაქალაქ ბანგის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. ქარიშხალმა მათ ეკლესიას ახადა თუნუქის სახურავი და მთავარ ქუჩაზე დაანარცხა, ჩვენი სამეფო დარბაზების ჩალის სახურავები კი თავის ადგილას დარჩა. სამეფო საქმისთვის უკეთ რომ გაგვეწია ხელმძღვანელობა, ზუსტად ხუთ თვეში ავაშენეთ ფილიალის ახალი შენობა და მისიონერთა სახლი. *

ქორწინება და გულმოდგინე თანამსახური

ჩვენი ქორწილის დღეს

1976 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამქადაგებლო საქმიანობა აიკრძალა, ამიტომ მე მეზობელი ქვეყნის, ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში დამნიშნეს. სწორედ იქ გავიცანი ჰეფი, გულმოდგინე სპეციალური პიონერი, რომელიც კამერუნიდან იყო. ჩვენ 1978 წლის 1 აპრილს დავქორწინდით. იმავე თვეს სამოქალაქო ომი დაიწყო, რის გამოც სხვების მსგავსად ჩვენც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გავიქეცით. როცა საომარი მოქმედებები შეწყდა და უკან დავბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სახლი შეიარაღებული დაჯგუფების შტაბ-ბინა გამხდარიყო. იქ აღარც ლიტერატურა დაგვხვდა და აღარც ჰეფის საქორწინო კაბა და საჩუქრები. მაგრამ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ ერთმანეთი გვყავდა და იმაზე ვფიქრობდით, რაც წინ გველოდა.

ორი წლის შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აკრძალვა მოიხსნა. ჩვენ დავბრუნდით იქ და მიმოსვლით საქმიანობაში ჩავებით. ვცხოვრობდით ფურგონში. მთელი ჩვენი ქონება დასაკეცი საწოლი, 200-ლიტრიანი წლის ავზი, პროპანზე მომუშავე მაცივარი და გაზის ბალონი იყო. მოგზაურობა არც ისე ადვილი იყო. ერთხელ პოლიციის 117 საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოგვიწია გაჩერება.

ხანდახან ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევდა. ზოგჯერ კონგრესების დროს გვიჭირდა წყლის შოვნა ნათლობისთვის. ამიტომ ძმები დამშრალი მდინარეების ფსკერს თხრიდნენ და ნელ-ნელა აგროვებდნენ ნათლობისთვის საკმარის წყალს, რომელსაც ხშირად კასრში ვინახავდით.

მსახურება აფრიკის სხვა ქვეყნებში

1980 წელს ნიგერიაში გაგვგზავნეს. ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ფილიალის მშენებლობისთვის მოსამზადებელ საქმეებში ვიღებდით მონაწილეობას. ძმებმა ორსართულიანი საწყობი იყიდეს, რომელიც უნდა დაეშალათ და ჩვენს ტერიტორიაზე აეწყოთ. ერთ დილას შენობაზე საკმაოდ მაღლა ავედი, რომ ძმებს დაშლაში დავხმარებოდი. შუადღისთვის იმავე გზით ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ, რადგან დემონტაჟი დაწყებული იყო, იქ, სადაც ფეხი უნდა დამედგა, სიცარიელე დამხვდა და ჩამოვვარდი. ჩემი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული ჩანდა, თუმცა რენტგენისა და გამოკვლევის შემდეგ ექიმმა დაამშვიდა ჰეფი და უთხრა, რომ მყესები მქონდა დაზიანებული და დაახლოებით ერთ კვირაში თავს უკეთ ვიგრძნობდი.

კონგრესზე „საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ მივდივართ

1986 წელს კოტ-დ’ივუარში გადავედით, სადაც მიმოსვლით მსახურებას ვეწეოდით. შემდეგ მეზობლად მდებარე ბურკინა-ფასოში განვაგრძეთ მსახურება. რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ბურკინა-ფასო ჩვენი დროებითი საცხოვრებელი გახდებოდა!

მიმოსვლითი მსახურების დროს ფურგონში ვცხოვრობდით

კანადა 1956 წელს დავტოვე, თუმცა 47 წლის შემდეგ, 2003 წელს, კანადის ფილიალში დავიწყე მსახურება, მაგრამ ამჯერად უკვე ჰეფისთან ერთად. მართალია, კანადის მოქალაქეები ვიყავით, მაგრამ თავს აფრიკელებად ვთვლიდით.

ბიბლიის შესწავლას ვატარებ ბურკინა-ფასოში

თუმცა 2007 წელს 79 წლის ასაკში კვლავ აფრიკაში დავბრუნდით. ჩვენ ბურკინა-ფასოში დაგვნიშნეს, სადაც ქვეყნის კომიტეტში ვმსახურობდი. მოგვიანებით ჩვენი ოფისი მთარგმნელობითი ოფისი გახდა, რომელსაც ბენინის ფილიალი ზედამხედველობდა. 2013 წლის აგვისტოში ბენინის ბეთელში განვაგრძეთ მსახურება.

ჰეფისთან ერთად ბენინის ფილიალში მსახურების დროს

ფიზიკური შეზღუდვების მიუხედავად, მსახურება კვლავაც დიდ სიხარულს მანიჭებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მზრუნველი უხუცესებისა და ჩემი მოსიყვარულე მეუღლის მხარდაჭერით ორ ადამიანს, ჟედეონსა და ფრეჟიზს, შევასწავლე ბიბლია და ძალიან გამიხარდა, რომ ორივემ თავი მიუძღვნა იეჰოვას. დღეს ისინი ღვთის ერთგული მსახურები არიან.

ამასობაში მე და ჩემი მეუღლე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალში დაგვნიშნეს, სადაც ბეთელის ოჯახი სიყვარულით ზრუნავს ჩემს ჯანმრთელობაზე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აფრიკის მეშვიდე ქვეყანაა, სადაც მსახურების შესაძლებლობა მომეცა. 2017 წლის ოქტომბერში დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს — დავესწარით უორიკში (ნიუ-იორკი) მსოფლიო მთავარი სამმართველოს მიძღვნას. ეს იყო დაუვიწყარი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში!

1994 წლის „წელიწდეულის“ 255-ე გვერდზე ნათქვამია: «მათ, ვინც მრავალი წლის მანძილზე ერთგულად განაგრძობდა მსახურებას, მოვუწოდებთ: „გამბედაობა მოიკრიბეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, რადგან დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა!“ (2 მატ. 15:7)». მე და ჰეფის გადაწყვეტილი გვაქვს, ამ მოწოდების თანახმად ვიცხოვროთ და სხვებსაც მოვუწოდებთ ამისკენ.

^ აბზ. 9 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ 1944 წელს. მეტად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 18 იხილეთ სტატია „კვებეკელ მღვდელს იეჰოვას მოწმეების თავდასხმაში ედება ბრალი“ 1953 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 3—5 [ინგლ.].

^ აბზ. 23 უფრო ვრცლად მოთხრობილია 1994 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“, გვ. 148—150 [ინგლ.].

^ აბზ. 26 იხილეთ სტატია „მტკიცე საძირკვლის მქონე შენობა“ 1966 წლის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 8 მაისის გამოცემაში, გვ. 27 [ინგლ.].