არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ განსჯით გარეგნობის მიხედვით!

ნუ განსჯით გარეგნობის მიხედვით!

„ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაასამართლეთ“ (იოან. 7:24).

სიმღერები: 142, 123

1. რა იწინასწარმეტყველა ესაიამ იესოზე და რატომ გვანუგეშებს ამის ცოდნა?

ესაიას მიერ ჩვენს უფალზე, იესო ქრისტეზე, წარმოთქმული წინასწარმეტყველება გვამხნევებს და იმედს გვისახავს. წინასწარმეტყველმა იესოზე თქვა: „შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს“ (ეს. 11:3, 4). რატომ გვანუგეშებს ამის ცოდნა? დღეს ძალიან ბევრ ადამიანს რიგ საკითხებში წინასწარშექმნილი აზრი აქვს და მიკერძოებას ავლენს. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სრულყოფილი მოსამართლე, იესო, რომელიც გარეგნობის მიხედვით არასდროს გაგვასამართლებს.

2. რისკენ მოგვიწოდა იესომ და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ჩვენ ყოველდღე გვიყალიბდება გარკვეული შეხედულება ამა თუ იმ ადამიანზე. თუმცა არასრულყოფილების გამო არ შეგვიძლია, რომ იესოსავით სრულყოფილად შევაფასოთ საკითხები. მართალია, ჩვენს შეხედულებებზე თვალით დანახული ახდენს გავლენას, მაგრამ იესომ მოგვიწოდა: „ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაასამართლეთ“ (იოან. 7:24). აშკარაა, იესოს სურს, მას მივბაძოთ და გარეგნობის მიხედვით არ განვსაჯოთ სხვები. ამ სტატიაში ვისაუბრებთ სამ მხარეზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს შეხედულებებზე. ესენია: რასობრივი ან ეთნიკური განსხვავებულობა, მატერიალური შესაძლებლობები და ასაკი. თითოეულ საკითხზე მსჯელობისას გავიგებთ, პრაქტიკულად როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ იესოს ეს მითითება.

ნუ განსჯით რასობრივი ან ეთნიკური ნიშნით

3, 4. ა) რამ შეაცვლევინა პეტრე მოციქულს შეხედულება უცხოტომელებზე? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე) ბ) რა გაუმჟღავნა იეჰოვამ პეტრეს?

3 წარმოიდგინეთ, რამდენი აზრი უტრიალებდა თავში პეტრე მოციქულს, რომელსაც ღმერთმა კესარეაში ჩასვლა და უცხოტომელი კორნელიუსის სახლში მისვლა დაავალა (საქ. 10:17—29). იმ დროს მცხოვრები ბევრი იუდეველის მსგავსად, პეტრესაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ უცხოტომელები უწმინდურები იყვნენ. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მას შეხედულება შეუცვალა. მაგალითად, პეტრეს სასწაულებრივი ხილვა ჰქონდა (საქ. 10:9—16). მოციქულმა იხილა, რომ ზეციდან ეშვებოდა რაღაც ტილოს მსგავსი, რომელიც უწმინდური ცხოველებით იყო სავსე. მას ზეციდან მოესმა ბრძანება: „ადექი, დაკალი და ჭამე!“. პეტრემ სამჯერ იუარა ამის გაკეთება, მაგრამ ყოველ ჯერზე ზეციური ხმა ეუბნებოდა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“. ხილვის შემდეგ პეტრე საგონებელში იყო, რადგან ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს ყოველივე. მალევე მასთან კორნელიუსის მიერ გაგზავნილი მაცნეები მივიდნენ. წმინდა სულისგან მიღებული მითითების შემდეგ პეტრემ აღარ დაახანა და ამ მამაკაცებს კორნელიუსის სახლში გაჰყვა.

4 პეტრეს რომ მდგომარეობა მხოლოდ „გარეგნობის მიხედვით“ შეეფასებინა, ის არასდროს შედგამდა ფეხს კორნელიუსის სახლში, რადგან იუდეველები არ შედიოდნენ უცხოტომელთა სახლებში. რა დაეხმარა პეტრეს ღრმად გამჯდარი უარყოფითი დამოკიდებულების დაძლევაში? ნანახმა ხილვამ და წმინდა სულის ხელმძღვანელობამ მოციქულს მთლიანად შეუცვალა აზროვნება. როგორც ჩანს, სწორედ კორნელიუსის სიტყვების მოსმენის შემდეგ აღიძრა ის, რომ ღვთივშთაგონებით ეთქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). რა სასიამოვნო სიახლე იყო ეს პეტრესთვის და არა მხოლოდ მისთვის! როგორ იმოქმედებდა ეს სიახლე სხვა ქრისტიანებზე?

5. ა) რის გააზრებას მოელის იეჰოვა ქრისტიანებისგან? ბ) ჭეშმარიტების ცოდნის მიუხედავად, რა შეიძლება არ გვქონდეს ბოლომდე მოშორებული?

5 პეტრეს მეშვეობით იეჰოვა დაეხმარა ქრისტიანებს იმის დანახვაში, რომ ის მიუკერძოებელია. ღმერთი არ ასხვავებს ადამიანებს რასის, ეთნიკური წარმოშობის, ეროვნების, ტომისა თუ ენის მიხედვით. მისთვის მისაღებია ყველა ღვთისმოშიში მამაკაცი თუ ქალი, რომელიც სწორად იქცევა (გალ. 3:26—28; გამოცხ. 7:9, 10). ალბათ, ეს აზრი თქვენთვის სიახლე არ არის. მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ ისეთ ქვეყანაში ან ოჯახში გაიზარდეთ, სადაც წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდათ სხვებზე? შესაძლოა თვლით, რომ მიუკერძოებელი ხართ, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ბოლომდე მაინც არ იყოთ გათავისუფლებული წინასწარშექმნილი აზრისგან. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე სხვებს იეჰოვას მიუკერძოებლობის დანახვაში დაეხმარა, წინასწარშექმნილმა აზრმა მოგვიანებით მაინც მოახდინა მასზე გავლენა (გალ. 2:11—14). როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ იესოს სიტყვები და აღარ გავასამართლოთ სხვები გარეგნობის მიხედვით?

6. ა) რა დაგვეხმარება, გულიდან ამოვძირკვოთ წინასწარშექმნილი აზრი? ბ) რა გამოააშკარავა ერთი პასუხისმგებელი ძმის მიერ დაწერილმა დახასიათებამ?

6 ჩვენ გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი ღვთის სიტყვის მეშვეობით, რათა დავინახოთ ჩვენს გრძნობებსა და ფიქრებზე წინასწარშექმნილი აზრი ხომ არ ახდენს გავლენას (ფსალმ. 119:105). გარდა ამისა, წინასწარშექმნილი აზრის მოსაშორებლად შეიძლება სხვების დახმარება დაგვჭირდეს, რომლებმაც შესაძლოა ჩვენში დაინახონ ის, რასაც თავად ვერ ვამჩნევთ (გალ. 2:11, 14). წინასწარშექმნილი აზრი შეიძლება იმდენად გვქონდეს გამჯდარი ძვალსა და რბილში, რომ ვერც კი ვაცნობიერებდეთ. მაგალითად, ერთმა პასუხისმგებელმა ძმამ ფილიალში გაგზავნა ერთი სამაგალითო წყვილის დახასიათება, რომელიც სრული დროით მსახურობდა. ქმარი მიეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობას, რომელსაც სხვები არაფრად აგდებდნენ. როგორც ჩანს, ძმა ვერც კი მიხვდა, რომ ბოლომდე მასაც არ ჰქონდა მოშორებული ამ ეთნიკური უმცირესობის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი. მან ამ ძმის შესახებ ბევრი კარგი რამ აღნიშნა, თუმცა ბოლოს ასეთი დასკვნა გააკეთა: „მიუხედავად იმისა, რომ [ამ ეროვნების წარმომადგენელია], მისი მანერები და ცხოვრების წესი ანახვებს სხვებს, რომ [ამ ეთნიკური ჯგუფის] წევრობა მაინცდამაინც არ ნიშნავს, მათი უმრავლესობის მსგავსად ბინძური, უკულტურო და გაუნათლებელი იყო“. რა ჩანს აქედან? მნიშვნელობა არა აქვს, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, გულდასმით უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი და მზადყოფნით მივიღოთ დახმარება, რათა აღმოვაჩინოთ ჩვენში შემორჩენილი ნებისმიერი სახის წინასწარშექმნილი აზრი. კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია?

7. როგორ ცხადვყოთ, რომ გულები გაფართოებული გვაქვს?

7 თუ „გული გაფართოებული“ გვექნება, წინასწარშექმნილ აზრს სიყვარული ჩაანაცვლებს (2 კორ. 6:11—13). მხოლოდ მათთან ხომ არ გაქვთ ახლო ურთიერთობა, ვინც თქვენს ენაზე ლაპარაკობს ან თქვენს რასას, ეთნიკურ ჯგუფს, ეროვნებას ან ტომს მიეკუთვნება? თუ ასეა, გაფართოვდით! კარგი იქნება, თუ განსხვავებული წარმოშობის თანაქრისტიანებთან დაგეგმავთ მსახურებას და მათ სახლში სადილად ან მეგობრულ შეხვედრაზე დაპატიჟებთ (საქ. 16:14, 15). თუ ასე მოიქცევით, გული იმდენად აგევსებათ სიყვარულით, რომ მასში მიკერძოებას აღარ დარჩება ადგილი. თუმცა არის სხვა მხარეებიც, რაშიც შეიძლება სხვები გარეგნობის მიხედვით განვსაჯოთ. ერთ-ერთი მხარეა მატერიალური შესაძლებლობა.

ნუ განსჯით სიმდიდრის ან სიღარიბის მიხედვით

8. ლევიანების 19:15-ის თანახმად, როგორ შეიძლება ადამიანის სიმდიდრემ ან სიღარიბემ იმოქმედოს მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე?

8 მატერიალური მხარე კიდევ ერთი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. ლევიანების 19:15-ში წერია: „არ გამოიჩინო მიკერძოება, არ არჩიო მდიდარი ღარიბს. სიმართლით გაასამართლე შენი მოძმე“. როგორ შეიძლება ადამიანის სიმდიდრემ ან სიღარიბემ მათდამი ჩვენს დამოკიდებულებაზე იმოქმედოს?

9. რა სამწუხარო რეალობა აღწერა სოლომონმა და რას ვსწავლობთ აქედან?

9 წმინდა სულით აღძრულმა სოლომონმა არასრულყოფილი ადამიანების შესახებ სამწუხარო რეალობა აღწერა. იგავების 14:20-ში მან თქვა: „ღარიბი თავის მოძმესაც კი სძულს, ხოლო მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს“. რას ვსწავლობთ ამ იგავიდან? თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება მდიდარ და-ძმებთან დამეგობრების სურვილი გაგვიჩნდეს და ღარიბებისგან თავი შორს დავიჭიროთ. რატომ არის საშიში, თუ სხვებს მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობების მიხედვით შევაფასებთ?

10. რა პრობლემა გამოააშკარავა იაკობმა?

10 თუ სხვებს მატერიალური ქონებით შევაფასებთ, შეიძლება კრების ფენებად დაყოფას შევუწყოთ ხელი. მოწაფე იაკობმა თქვა, რომ სწორედ ამან გამოიწვია პირველ საუკუნეში ზოგიერთი კრების დაყოფა (წაიკითხეთ იაკობის 2:1—4). არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა აზროვნებამ კრებებში შეაღწიოს. რა დაგვეხმარება, რომ სხვები გარეგნობის მიხედვით არ განვსაჯოთ?

11. ახდენს იეჰოვასთან ურთიერთობაზე გავლენას ადამიანის მატერიალური შესაძლებლობა? ახსენით.

11 და-ძმებს იეჰოვას თვალით უნდა ვუყუროთ. ადამიანი ღვთის თვალში სიმდიდრის ან სიღარიბის გამო არ ფასობს. იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა არასდროს იქნება იმაზე დამოკიდებული, ბევრი გვექნება თუ ცოტა. მართალია, იესომ თქვა, რომ მდიდრებს გაუძნელდებოდათ „ზეციერ სამეფოში შესვლა“, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა (მათ. 19:23). მეორე მხრივ, იესომ აღნიშნა: „ბედნიერნი ხართ, ღარიბნო, რადგან თქვენია ღვთის სამეფო“ (ლუკ. 6:20). თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ყველა ღარიბს განსაკუთრებული კურთხევები ჰქონდა ან ყველა გამოეხმაურა იესოს სწავლებებს. ბევრმა ღარიბმა არ ირწმუნა იესო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის იეჰოვასთან ურთიერთობა მისი მატერიალური შესაძლებლობებით არ უნდა შევაფასოთ.

12. რა მითითებას აძლევს ბიბლია მდიდრებსა და ღარიბებს?

12 დღეს დიდი კურთხევაა, რომ გვყავს და-ძმები, რომელთაც სიმდიდრისა თუ სიღარიბის მიუხედავად უყვართ იეჰოვა და მთელი გულით ემსახურებიან მას. ბიბლია მდიდრებს მოუწოდებს, რომ „იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ“ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:17—19). ამავე დროს, ბიბლია ღვთის ყველა მსახურს, მდიდრებსა თუ ღარიბებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ ფულის სიყვარული არ განივითარონ (1 ტიმ. 6:9, 10). თუ და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყურებთ, აღარ გვექნება იმის ცდუნება, რომ ისინი მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით შევაფასოთ. მაგრამ რის თქმა შეიძლება ასაკზე? გონივრულია ადამიანი ამის მიხედვით განვსაჯოთ?

ნუ განსჯით ასაკის მიხედვით

13. რას ვსწავლობთ ბიბლიიდან უფროსი ასაკის ადამიანების პატივისცემაზე?

13 ბიბლიაში არაერთგან წერია, რომ სათანადო პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ ხანდაზმულების მიმართ. ლევიანების 19:32-ში ნათქვამია: „ჭაღარას წამოუდექი, მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი და გეშინოდეს შენი ღვთისა“. იგავების 16:31-ში მსგავს აზრს ვკითხულობთ: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“. პავლემ ურჩია ტიმოთეს, რომ უფროსი ასაკის მამაკაცისთვის მკაცრად არ ესაყვედურა და მას საკუთარ მამასავით მოპყრობოდა (1 ტიმ. 5:1, 2). მართალია, ტიმოთეს გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა უფროსი ასაკის ძმებზე, მაგრამ მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა უნდა გამოევლინა.

14. როდის შეიძლება იყოს მართებული, რომ რჩევა მივცეთ ან აზროვნება შევუსწოროთ უფროსი ასაკის ადამიანს?

14 მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ უფროსი ასაკის ადამიანი შეგნებულად სცოდავს ან ღვთისთვის მიუღებელ შეხედულებებს ავრცელებს? იეჰოვა მხოლოდ გარეგნობის მიხედვით არ შეაფასებს და მხოლოდ იმიტომ არ აპატიებს განზრახ შემცოდველს, რომ ასაკოვანია. ყურადღება მიაქციეთ ესაიას 65:20-ში ჩაწერილ პრინციპს: „ცოდვილი, ასი წლისაც რომ იყოს, დაწყევლილი იქნება“. მსგავსი პრინციპი ჩანს ეზეკიელის ხილვაშიც (ეზეკ. 9:5—7). აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საფიქრალი ყოველთვის ის უნდა იყოს, რომ პატივისცემა გამოვავლინოთ ძველი დღეთას, იეჰოვა ღმერთის მიმართ (დან. 7:9, 10, 13, 14). თუ გვემახსოვრება ეს, არ მოგვერიდება, რომ საჭიროების შემთხვევაში რჩევა მივცეთ თუნდაც ჩვენზე უფროსი ასაკის ადამიანს (გალ. 6:1).

პატივისცემით ეპყრობით ახალგაზრდა ძმებს? (იხილეთ აბზაცი 15)

15. რის სწავლა შეგვიძლია პავლე მოციქულისგან ახალგაზრდა ძმების პატივისცემასთან დაკავშირებით?

15 რის თქმა შეიძლება ახალგაზრდა ძმებზე? როგორ უყურებთ მათ? ახალგაზრდა ტიმოთეს მოციქულმა პავლემ მისწერა: „არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. პირიქით, ერთგულთათვის მაგალითი იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“ (1 ტიმ. 4:12). როცა პავლემ ეს სიტყვები მისწერა, ტიმოთე 30 წელზე მეტის იქნებოდა. თუმცა პავლემ მას საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეები მიანდო. რაც არ უნდა ყოფილიყო ამ რჩევის მიზეზი, აზრი ნათელია: ახალგაზრდა ძმები მხოლოდ მათი ასაკით არ უნდა შევაფასოთ. კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენმა უფალმა იესომ დედამიწაზე მსახურება 33 წლის ასაკში დაასრულა.

16, 17. ა) როგორ უნდა განსაზღვრონ უხუცესებმა, შეესაბამება თუ არა ძმა მომსახურედ ან უხუცესად მსახურების მოთხოვნებს? ბ) როგორ შეიძლება პირადი ან ჩვენს კულტურაში გავრცელებული შეხედულებები დაუპირისპირდეს წმინდა წერილებს?

16 შეიძლება ჩვენს კულტურაში ახალგაზრდებს სერიოზულად არ აღიქვამენ. ამიტომ კრების უხუცესებმა შეიძლება რეკომენდაცია არ გაუწიონ ახალგაზრდა ძმებს, რომლებიც მომსახურედ ან უხუცესად მსახურების მოთხოვნებს შეესაბამებიან. უხუცესებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბიბლია მომსახურედ ან უხუცესად დანიშვნისთვის არ ადგენს მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; ტიტ. 1:5—9). თუ უხუცესი თავისი კულტურიდან გამომდინარე ადგენს კონკრეტულ წესებს, ის არ მიჰყვება ღვთის სიტყვის ხელმძღვანელობას. ახალგაზრდა ძმები ჩვენი პირადი ან ჩვენს კულტურაში გავრცელებული თვალსაზრისით კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მოთხოვნების მიხედვით (2 ტიმ. 3:16, 17).

17 თუ უხუცესი თავის კულტურაში გავრცელებული თვალსაზრისით აფასებს ძმებს, შეიძლება სამაგალითო ახალგაზრდებს მომსახურედ და უხუცესად მსახურების შესაძლებლობა არ მისცეს. ერთ ქვეყანაში სამაგალითო მომსახურე ძმა კრებაში საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებდა. მართალია, კრების უხუცესები თანხმდებოდნენ იმ აზრზე, რომ ეს ახალგაზრდა ძმა შეესაბამებოდა უხუცესად მსახურებისთვის საჭირო ბიბლიურ მოთხოვნებს, მაგრამ რეკომენდაციას მაინც არ უწევდნენ. რამდენიმე უფროსი ასაკის უხუცესმა დაიჟინა, რომ უხუცესობისთვის ეს ძმა ძალიან ახალგაზრდა იყო. სამწუხაროდ, მას მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ მისცეს უხუცესად მსახურების შესაძლებლობა. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ანგარიშებიდან ჩანს, რომ ასეთი აზროვნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ბევრ უხუცესზე ახდენს გავლენას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ბიბლიაში ჩაწერილი მოთხოვნების მიხედვით ვიმოქმედოთ და არა პირადი შეხედულებით ან ჩვენს კულტურაში გავრცელებული თვალსაზრისით! მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, დავემორჩილოთ იესოს და აღარ განვსაჯოთ გარეგნობის მიხედვით.

„სიმართლით გაასამართლეთ“

18, 19. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სხვებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ?

18 არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ იეჰოვას მსგავსად მიუკერძოებლები ვიყოთ (საქ. 10:34, 35). მაგრამ ამისთვის განუწყვეტლივ გვჭირდება ძალისხმევის მოხმარება და ღვთის სიტყვიდან შეხსენებების მიღება. ამ შეხსენებების გათვალისწინებით უკეთ შევძლებთ, მივყვეთ იესოს მითითებას, რომ აღარ გავასამართლოთ სხვები გარეგნობის მიხედვით (იოან. 7:24).

19 მალე ჩვენი მეფე, იესო ქრისტე, მთელ კაცობრიობას შესახედაობით ან ყურით გაგონილით კი არა, სიმართლით გაასამართლებს (ეს. 11:3, 4). ჩვენ მთელი გულით ველით ამ დროის დადგომას!