არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 32

გაიღრმავეთ სიყვარული

გაიღრმავეთ სიყვარული

„განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს“ (ფილ. 1:9).

სიმღერა 106 განვივითაროთ სიყვარული

მოკლე შინაარსი *

1. ვინ ჩამოაყალიბა კრება ფილიპეში?

როცა მოციქული პავლე, სილა, ლუკა და ტიმოთე ქალაქ ფილიპეში ჩავიდნენ, ბევრმა ადგილობრივმა ინტერესი გამოავლინა სამეფოს ცნობის მიმართ. ამ გულანთებულმა ძმებმა კრება ჩამოაყალიბეს, რომელიც, სავარაუდოდ, სტუმართმოყვარე დის, ლიდიას სახლში ტარდებოდა. კრება ახლად მოქცეულ და-ძმებს ერთად შეკრების შესაძლებლობას აძლევდა (საქ. 16:40).

2. რწმენის რა გამოცდას შეხვდნენ ფილიპელი ქრისტიანები?

2 კრების ჩამოყალიბებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ფილიპელი ქრისტიანები რწმენის გამოცდას შეხვდნენ. სატანამ ჭეშმარიტების მტრები აღძრა, რომ სასტიკი წინააღმდეგობა გაეწიათ ამ ერთგული ქრისტიანებისთვის. პავლე და სილა შეიპყრეს, გაჯოხეს და საპყრობილეში ჩაყარეს. გათავისუფლების შემდეგ მათ ახალი მოწაფეები მოინახულეს და გაამხნევეს. ყველაფერმა რომ ჩაიარა, პავლემ, სილამ და ტიმოთემ დატოვეს ფილიპე, ლუკა კი, როგორც ჩანს, იქ დარჩა. რას იზამდნენ ამ ძმების გარეშე ახალმოქცეული ქრისტიანები? წმინდა სულის დახმარებით მათ შემართებით განაგრძეს იეჰოვასადმი მსახურება (ფილ. 2:12). ასე რომ, პავლეს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, მათით ეამაყა.

3. ფილიპელების 1:9—11-დან გამომდინარე, რას სთხოვდა პავლე იეჰოვას?

3 დაახლოებით ათი წლის შემდეგ პავლემ ფილიპეს კრებას წერილი მისწერა. ამ წერილის კითხვისას ადვილად შენიშნავთ, რა ძლიერ უყვარდა პავლეს ფილიპელი და-ძმები. ის სწერდა: „მენატრებით ყველანი, რადგან ისეთივე სათუთი გრძნობები მაქვს თქვენ მიმართ, როგორიც ქრისტე იესოს აქვს“ (ფილ. 1:8). პავლემ მათ ისიც მისწერა, რომ ლოცულობდა მათთვის. ის სთხოვდა იეჰოვას, რომ ფილიპელ ქრისტიანებს გაეღრმავებინათ სიყვარული, დარწმუნებულიყვნენ, რა იყო უფრო მნიშვნელოვანი, ყოფილიყვნენ უმწიკვლოები, არ დაებრკოლებინათ სხვები და კვლავაც გამოეღოთ სიმართლის ნაყოფი. პავლეს ეს გულწრფელი სიტყვები ჩვენთვისაც ყურადსაღებია. მოდი წავიკითხოთ ფილიპელების 1:9—11 (წაიკითხეთ) და გავიგოთ, რა მისწერა პავლემ მათ. შემდეგ დავფიქრდეთ თითოეულ აზრზე და ვიმსჯელოთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება.

„თქვენი სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს“

4. ა) 1 იოანეს 4:9, 10-დან გამომდინარე, როგორ დაგვიმტკიცა იეჰოვამ სიყვარული? ბ) როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი?

4 იეჰოვამ უდიდესი სიყვარული დაგვიმტკიცა, როცა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად თავისი ძის სიკვდილი დაუშვა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10). მისი უანგარო სიყვარული აღგვძრავს, ჩვენც შევიყვაროთ ის (რომ. 5:8). რამდენად ძლიერი უნდა იყოს ღვთისადმი ჩვენი სიყვარული? ამ კითხვას იესომ მაშინ უპასუხა, როცა ერთ ფარისეველს უთხრა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათ. 22:36, 37). გვინდა, რომ მთელი არსებით გვიყვარდეს იეჰოვა და ეს გრძნობა დღითიდღე ძლიერდებოდეს ჩვენში. პავლემ მოუწოდა ფილიპელებს, რომ მათი სიყვარული უფრო და უფრო გაზრდილიყო. რა დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ იეჰოვა?

5. როგორ შეგვიძლია გავიღრმაოთ ღვთისადმი სიყვარული?

5 ღმერთი რომ შევიყვაროთ, კარგად უნდა გავიცნოთ ის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). პავლე მოციქულმა დაგვანახვა, რომ ღვთის კარგად გაცნობა და მისი აზროვნების გათავისება უფრო მეტად შეგვაყვარებს მას (ფილ. 1:9). როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, გულში ღვთის სიყვარული ჩაგვესახა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ვიცოდით მის შესახებ. დროთა განმავლობაში მეტი ცოდნა შევიძინეთ და უფრო შევიყვარეთ იეჰოვა. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ბიბლიის რეგულარული შესწავლა და მიღებული ინფორმაციის ღრმად გაანალიზება (ფილ. 2:16).

6. პირველი იოანეს 4:11, 20, 21-ის თანახმად, კიდევ ვის მიმართ უნდა გავიღრმაოთ სიყვარული?

6 იმის ცოდნა, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, და-ძმების სიყვარულისკენ გვიბიძგებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:11, 20, 21). შეიძლება ვიფიქროთ, რომ და-ძმების შეყვარებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან, სხვა თუ არაფერი, ყველანი იეჰოვას ვემსახურებით და ვცდილობთ, მისი შესანიშნავი თვისებები ავირეკლოთ. გარდა ამისა, ვბაძავთ იესოს, რომელმაც ისე ძლიერ შეგვიყვარა, რომ სიცოცხლეც კი გაიღო ჩვენთვის. თუმცა დროდადრო შეიძლება გაგვიჭირდეს ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, რომელიც ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. დავფიქრდეთ ფილიპეს კრების მაგალითზე.

7. რას ვსწავლობთ პავლეს რჩევიდან, რომელიც ევოდიასა და სინტიქეს მისცა?

7 ევოდია და სინტიქე მოშურნე ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც პავლეს მხარდამხარ მსახურობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მათ უთანხმოება მოუვიდათ და უწინდებურად ახლო ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. ფილიპეს კრებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ეს დები სახელებით მოიხსენია და შეაგონა, რომ ერთი აზრი ჰქონოდათ (ფილ. 4:2, 3). მოციქულმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მთელი კრებისთვის ერჩია: „ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ“ (ფილ. 2:14). ეჭვგარეშეა, პავლეს პირდაპირი რჩევა არა მხოლოდ ამ ერთგულ დებს, არამედ მთელ კრებას დაეხმარებოდა, უფრო მეტად ჰყვარებოდათ ერთმანეთი.

რატომ უნდა გვქონდეს დადებითი თვალსაზრისი და-ძმების მიმართ? (იხილეთ აბზაცი 8) *

8. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს და-ძმების შეყვარება და რა დაგვეხმარება ამ ხელისშემშლელი ფაქტორის გადალახვაში?

8 ევოდიასა და სინტიქეს მსგავსად სხვების ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება ჩვენც შეგვიშალოს ხელი თანაქრისტიანების შეყვარებაში. ფაქტია, შეცდომებს ყოველდღე ვუშვებთ. ამიტომ, თუ და-ძმების ნაკლოვანებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, გაგვიჭირდება მათი შეყვარება. დავუშვათ, სამეფო დარბაზის დალაგების დროს ერთ ძმას დაავიწყდა, რომ თვითონაც მორიგე იყო და არ დაგეხმარათ დასუფთავებაში. შეიძლება ამ დროს გაღიზიანდეთ. მაგრამ, თუ ამას ისიც დაემატება, რომ მის შეცდომებზე დაიწყებთ ფიქრს, შეიძლება იქამდეც კი მიხვიდეთ, რომ აითვალწუნოთ ის და სიყვარული გაგინელდეთ მის მიმართ. თუ თქვენც გაგაღიზიანათ თანაქრისტიანის საქციელმა, კარგი იქნება, დაფიქრდეთ შემდეგზე: იეჰოვასთვის არც თქვენი შეცდომებია დაფარული და არც მისი, თუმცა მას ორივე უყვარხართ. ამიტომ უნდა მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში და ერთმანეთის დადებით თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება. როცა ყველანაირად ვცდილობთ და-ძმების შეყვარებას, ჩვენს ერთიანობას ვუწყობთ ხელს (ფილ. 2:1, 2).

„უფრო მნიშვნელოვანი“

9. რა იგულისხმება ფრაზაში „უფრო მნიშვნელოვანი“?

9 წმინდა სულით აღძრულმა პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა: [დარწმუნდით], რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:10). ეს სიტყვები თითოეულ ქრისტიანს გვეხება. ფრაზაში „უფრო მნიშვნელოვანი“ სხვადასხვა რამ იგულისხმება, მათ შორის, ღვთის სახელის განწმენდა, მისი განზრახვების შესრულება და კრებაში ერთობისა და მშვიდობის ხელშეწყობა (მათ. 6:9, 10; იოან. 13:35). როცა ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს იკავებს, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა.

10. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის თვალში უმწიკვლოები ვიყოთ?

10 პავლემ ქრისტიანებს იმისკენაც მოუწოდა, რომ უმწიკვლონი ანუ უნაკლონი ყოფილიყვნენ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილები უნდა ვიყოთ. ჩვენ იეჰოვასავით უნაკლოები ვერასდროს ვიქნებით. მაგრამ, თუ ყველანაირად ვეცდებით, გავიღრმაოთ სიყვარული და დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ღმერთი უმწიკვლოებად ჩაგვთვლის. როცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ და-ძმები არ დავაბრკოლოთ, მათდამი სიყვარულს ვავლენთ.

11. რატომ არ უნდა დავაბრკოლოთ სხვები?

11 პავლეს გაფრთხილება, რომ არ დავაბრკოლოთ სხვები, მეტად საყურადღებოა. როგორ შეიძლება დავაბრკოლოთ თანაქრისტიანი? სხვისი დაბრკოლების მიზეზი შეიძლება ჩვენი არჩევანი გახდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: გართობა, ჩაცმულობა თუ სამსახური. შეიძლება ცუდს არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ, თუ ჩვენი არჩევანით თანაქრისტიანს ვაბრკოლებთ და მის სინდისს ვბღალავთ, ამაზე სერიოზულად დაფიქრება გვმართებს. იესომ თქვა, რომ მისთვის, ვინც სხვას დააბრკოლებს, „უმჯობესია, კისერზე დოლაბი დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩაძირონ“ (მათ. 18:6).

12. რას ვსწავლობთ პიონერი წყვილის მაგალითიდან?

12 ყურადღება მიაქციეთ, როგორ გაითვალისწინა ერთმა პიონერმა წყვილმა იესოს ეს გაფრთხილება. მათ კრებაში მსახურობდა ახლად მონათლული წყვილი, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოშორებული კონსერვატიული შეხედულებები. ისინი ფიქრობდნენ, რომ, რაც არ უნდა კარგი და მისაღები ფილმი ყოფილიყო, ქრისტიანი კინო-თეატრში არ უნდა წასულიყო. მათ აღშფოთება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, რომ პიონერი წყვილი ფილმის სანახავად კინო-თეატრში წავიდა. მათი რეაქციის შემდეგ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, აღარ წასულიყო კინო-თეატრში, სანამ ეს ახალმონათლული წყვილი სინდისს არ გაიწაფავდა და უფრო გაწონასწორებულ თვალსაზრისს არ განივითარებდა ამ საკითხთან დაკავშირებით (ებრ. 5:14). ასეთი არაეგოისტური საქციელით პიონერმა წყვილმა დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ სიტყვით უყვარდათ ისინი, არამედ საქმითაც (რომ. 14:19—21; 1 იოან. 3:18).

13. როგორ შეიძლება თანაქრისტიანს ცოდვისკენ ვუბიძგოთ?

13 სხვები შეიძლება მაშინაც დავაბრკოლოთ, თუ ცოდვისკენ ვუბიძგებთ მათ. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ბიბლიის შემსწავლელი, რომელიც ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, იშორებს ამ ცუდ ჩვევას. ის ხვდება, რომ საერთოდ აღარ უნდა გაეკაროს სასმელს და ასეც იქცევა. შემსწავლელი ბევრ ცვლილებას ახდენს ცხოვრებაში და იეჰოვას უძღვნის თავს. მოგვიანებით, ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე, მასპინძელი ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე მას სასმელს სთავაზობს და ეუბნება: „შენ უკვე მონათლული ხარ და ღვთის სულიც გაქვს. ამიტომ თავშეკავების გამოვლენა არ გაგიჭირდება. შეგიძლია ცოტა დალიო“. წარმოგიდგენიათ, რა შედეგი მოჰყვებოდა, ამ ახალმონათლულ ძმას მასპინძლის არასწორი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა?!

14. როგორ გვეხმარება ქრისტიანული შეხვედრები ფილიპელების 1:10-ში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინებაში?

14 ქრისტიანული შეხვედრები ფილიპელების 1:10-ში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინებაში მრავალმხრივ გვეხმარება. პირველი, სულიერი პროგრამა შეგვახსენებს, რა არის იეჰოვასთვის უფრო მნიშვნელოვანი. მეორე, გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ ნასწავლი, რათა ღვთის თვალში უმწიკვლონი ვიყოთ. და მესამე, გვახალისებს „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ (ებრ. 10:24, 25). რაც უფრო ხშირად გვამხნევებენ თანაქრისტიანები, მით უფრო გვიყვარდება იეჰოვა და და-ძმები. როცა გული ასეთი სიყვარულით გვევსება, ყველანაირად ვცდილობთ, რომ არ დავაბრკოლოთ თანამორწმუნეები.

კვლავაც აღივსეთ „სიმართლის ნაყოფით“

15. რა იგულისხმება სიტყვებში „აღივსოთ სიმართლის ნაყოფით“?

15 პავლე გულმხურვალედ ლოცულობდა, რომ ფილიპელები სიმართლის ნაყოფით აღვსილიყვნენ (ფილ. 1:11). ეჭვგარეშეა, „სიმართლის ნაყოფში“ მოციქული იმას გულისხმობდა, რომ მათ უნდა ჰყვარებოდათ იეჰოვა და მისი ხალხი, სხვებთან იესოს შესახებ ექადაგათ და მათთვის თავიანთი იმედი გაეზიარებინათ. ფილიპელების 2:15-ში პავლემ კიდევ ერთი შედარება მოიყვანა. მან ფილიპელი ქრისტიანები მნათობებს შეადარა, რომლებიც ანათებდნენ ქვეყნიერებაში. ეს მართებული შედარება იყო, რადგან იესომაც „ქვეყნიერების სინათლე“ უწოდა თავის მოწაფეებს (მათ. 5:14—16). იესომ მათ ხალხის მოწაფეებად მომზადება დაავალა და უთხრა, რომ მისი მოწმეები იქნებოდნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (მათ. 28:18—20; საქ. 1:8). ჩვენც გამოგვაქვს „სიმართლის ნაყოფი“, როცა აქტიურად ვმონაწილეობთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.

პავლე რომში შინაპატიმრობის დროს წერილს სწერს ფილიპეს კრებას. ის ხელიდან არ უშვებს მცველებთან და მნახველებთან ქადაგების შესაძლებლობას (იხილეთ აბზაცი 16)

16. როგორ ჩანს ფილიპელების 1:12—14-დან, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია მნათობებივით ვანათოთ ქვეყნიერებაში? (იხილეთ სურათი გარეკანზე)

16 რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, შეგვიძლია მნათობებივით ვანათოთ ქვეყნიერებაში. ზოგჯერ ის, რაც დაბრკოლებად გვეჩვენება, შეგვიძლია სასიხარულო ცნობის გაზიარების კარგ შესაძლებლობად ვაქციოთ. მაგალითად, როცა პავლე მოციქულმა ფილიპელებს წერილი მისწერა, რომში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა ბორკილებმა ხელი ვერ შეუშალა, რომ მნახველებთან და მცველებთან ექადაგა. ხელისშემშლელ სიტუაციებში პავლე შემართებით ქადაგებდა. ეს და-ძმებს გაბედულებასა და დაჯერებულობას მატებდა, რათა „უშიშრად . . . [ელაპარაკათ] ღვთის სიტყვა“ (წაიკითხეთ ფილიპელების 1:12—14; 4:22).

ყოველთვის ეძებეთ ქადაგების შესაძლებლობები (იხილეთ აბზაცი 17) *

17. როგორ გამოაქვთ და-ძმებს „სიმართლის ნაყოფი“ იმ ქვეყნებში, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა იზღუდება?

17 პავლეს მსგავსად დღეს ბევრი და-ძმა ავლენს გაბედულებას. ვინაიდან მათ ქვეყნებში კარდაკარ და საჯაროდ ქადაგება შეზღუდულია, ისინი ქადაგების სხვა საშუალებებს ეძებენ (მათ. 10:16—20). ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში სარაიონო ზედამხედველმა მაუწყებლებს ურჩია, რომ თითოეულს საკუთარი „სამქადაგებლო უბანი“ შეექმნა, რომელშიც შევიდოდნენ ნათესავები, მეზობლები, კლასელები, თანამშრომლები და ნაცნობები. ორი წლის მანძილზე იმ რაიონში კრებების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად ვქადაგებთ, თუმცა ამ მოხერხებული და-ძმებისგან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ: თუ ყველანაირად ვეცდებით სხვებთან ქადაგებას, იეჰოვა აუცილებლად მოგვცემს ძალას, რომ დაბრკოლებების მიუხედავად არ შევწყვიტოთ ეს საქმე (ფილ. 2:13).

18. რა უნდა გვსურდეს თითოეულ ჩვენგანს?

18 დღეს განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, ამიტომ გვინდა, გავითვალისწინოთ ღვთივშთაგონებული რჩევები, რომლებიც პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა. მოდი ყოველთვის დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ უმწიკვლოები, არ დავაბრკოლოთ სხვები და გამოვიღოთ „სიმართლის ნაყოფი“. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, გავიღრმაოთ სიყვარული და დიდება მივაგოთ ჩვენს მზრუნველ მამას, იეჰოვას!

სიმღერა 17 მსურს

^ აბზ. 5 და-ძმების მიმართ სიყვარულის გაძლიერება დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ფილიპელებისთვის მიწერილი წერილიდან ვიგებთ, როგორ შეგვიძლია ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად უფრო მეტად შევიყვაროთ თანაქრისტიანები.

^ აბზ. 54 სურათის აღწერა: სამეფო დარბაზის დალაგების დროს ერთი ძმა, სახელად ჯო, თავს ანებებს საქმეს და მამა-შვილთან იწყებს ლაპარაკს. ეს აღიზიანებს მაიკს, რომელიც მტვერსასრუტით ასუფთავებს დარბაზს. ის ფიქრობს: „ჯო კი არ უნდა ლაპარაკობდეს, დარბაზს უნდა ალაგებდეს“. მოგვიანებით მაიკი ხედავს, როგორ ეხმარება ჯო ასაკოვან დას. მისი ასეთი კარგი საქციელი მაიკს შეახსენებს, რომ ყურადღება ჯოს დადებით თვისებებზე უნდა გაამახვილოს.

^ აბზ. 58 სურათის აღწერა: ძმა, რომლის ქვეყანაშიც სამქადაგებლო საქმიანობა იზღუდება, ნაცნობთან ქადაგების დროს სიფრთხილეს იჩენს. მოგვიანებით, სამსახურში შესვენების დროს, ეს ძმა თანამშრომელს უქადაგებს.