არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 33

თქვენ შეგიძლიათ იხსნათ მსმენელი

თქვენ შეგიძლიათ იხსნათ მსმენელი

„ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16).

სიმღერა 67 „იქადაგე სიტყვა“

მოკლე შინაარსი *

1. რა გვსურს თითოეულ ჩვენგანს?

„იმ წუთიდან, რაც ჭეშმარიტება გავიგე, სურვილი გამიჩნდა, რომ სამოთხეში ჩემს ოჯახთან ერთად მეცხოვრა. განსაკუთრებით მინდოდა, რომ ჩემი ქმარ-შვილიც იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ“, — ამბობს პაულინი. * თქვენც ხომ არ გყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც ჯერ არ ემსახურებიან იეჰოვას? პაულინის მსგავსად, ალბათ, გსურთ, რომ ისინიც შემოგიერთდნენ იეჰოვას მსახურებაში.

2. რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 სასიხარულო ცნობის მოსმენის სურვილს ძალით ვერავის გავუჩენთ, მათ შორის ვერც ოჯახის წევრებს. თუმცა შეგვიძლია მათ ბიბლიური ცნობის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ (2 ტიმ. 3:14, 15). რატომ უნდა ვუქადაგოთ ოჯახის წევრებს? რატომ უნდა შევეცადოთ, გავუგოთ მათ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახის წევრებსაც შევაყვაროთ იეჰოვა? და როგორ შეუძლიათ კრების წევრებს ჩვენი დახმარება?

რატომ უნდა ვუქადაგოთ ოჯახის წევრებს?

3. მეორე პეტრეს 3:9-ის თანახმად, რატომ უნდა ვუქადაგოთ ოჯახის წევრებს?

3 ამ ქვეყნიერების აღსასრულს, რომელიც მალე დადგება, მხოლოდ „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ ადამიანები გადაურჩებიან (საქ. 13:48). თუ სხვებისთვის არ ვიშურებთ დროსა და ენერგიას, რომ ჭეშმარიტება გავაგებინოთ, მით უმეტეს ჩვენი ოჯახის წევრებისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იეჰოვას მსახურებაში შემოგვიერთდნენ. ჩვენს მოსიყვარულე მამას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9).

4. რა შეცდომა შეიძლება დავუშვათ ოჯახის წევრებთან ქადაგების დროს?

4 უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ქადაგების როგორც კარგი, ისე ცუდი მეთოდი. მაგალითად, შეიძლება უცხოებთან ქადაგების დროს თავაზიანები ვიყოთ, მაგრამ ოჯახის წევრებთან უხეშები და ზედმეტად პირდაპირები.

5. რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ოჯახის წევრებს ვუქადაგებთ?

5 ოჯახის წევრებთან ქადაგების პირველი მცდელობა შეიძლება ცუდად გვახსენდება და ვნანობთ, რომ უკეთესი მეთოდი არ შევარჩიეთ. მოციქული პავლე ქრისტიანებს ურჩევდა: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:5, 6). კარგი იქნება, თუ ამ რჩევას ოჯახის წევრებთან ქადაგების დროსაც გამოვიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოსმენის ხალისიც დავუკარგოთ მათ და ჩვენთან ურთიერთობის სურვილიც.

როგორ დავეხმაროთ ოჯახის წევრებს?

ჭეშმარიტებისკენ ყველაზე მეტად ადამიანებს გულისხმიერებითა და კარგი საქმეებით მიიზიდავთ (იხილეთ აბზაცები 6—8) *

6, 7. რატომ უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა მეუღლის გრძნობები, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას? მოიყვანეთ მაგალითი.

6 იყავით გულისხმიერი. ზემოთ მოხსენიებული პაულინი ამბობს: „თავიდან მხოლოდ სულიერ საკითხებზე მინდოდა ჩემს ქმართან საუბარი. სხვა თემებზე თითქმის არ ვლაპარაკობდით“. მის მეუღლეს, უეინს ბიბლიური ცოდნა არ ჰქონდა, ამიტომ ვერ იგებდა, რაზე ელაპარაკებოდა პაულინი. უეინი ფიქრობდა, რომ მის ცოლს რელიგიის მეტი არაფერი აინტერესებდა. ის ნერვიულობდა, რომ პაულინი მოატყუეს და საშიშ სექტაში ჩაითრიეს.

7 პაულინი აღიარებს, რომ უქმეებსა და შუა კვირის საღამოებს, ძირითადად, თანაქრისტიანებთან ატარებდა, იქნებოდა ეს კრების შეხვედრები, მსახურება თუ მეგობრული შეკრებები. ის განაგრძობს: „ზოგჯერ შინ დაბრუნებულ უეინს სახლში არავინ ხვდებოდა, რის გამოც თავს მარტოდ გრძნობდა“. ბუნებრივია, რომ უეინს აკლდა ცოლ-შვილთან ურთიერთობა. მან არ იცოდა, რა ხალხთან ჰქონდა საქმე მის მეუღლესა და ვაჟს. უეინი იმასაც კი ფიქრობდა, რომ მის თავს პაულინს ახალი მეგობრები ერჩივნა. იგი იქამდეც კი მივიდა, რომ მეუღლეს განქორწინებით დაემუქრა. თქვენი აზრით, როგორ შეეძლო პაულინს, უფრო მეტად გაეთვალისწინებინა ქმრის გრძნობები?

8. პირველი პეტრეს 3:1, 2-ის თანახმად, ხშირად რა ახდენს დიდ შთაბეჭდილებას ოჯახის წევრებზე?

8 მიეცით კარგი მაგალითი. ხშირად ჩვენი საქციელი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ოჯახის წევრებზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1, 2). დროთა განმავლობაში ეს პაულინმაც გააცნობიერა. ის ამბობს: „ვიცოდი, რომ უეინს ვუყვარდით და სინამდვილეში არ უნდოდა განქორწინება. თუმცა მისმა მუქარამ გამომაფხიზლა. მივხვდი, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით იეჰოვას რჩევები უნდა გამეთვალისწინებინა და ბევრი ლაპარაკის ნაცვლად ჩემი საქციელით უნდა მომეგო მისი გული“. პაულინი მეუღლესთან მხოლოდ სულიერ საკითხებზე საუბრით აღარ შემოიფარგლებოდა. უეინმა შენიშნა, რომ მისი მეუღლე უფრო მშვიდი გახდა, შვილი კი — უფრო ზრდილობიანი და დამჯერი (იგავ. 31:18, 27, 28). როცა დაინახა, რომ ბიბლიურმა ცნობამ მის ოჯახზე კარგი გავლენა მოახდინა, თვითონაც გაუჩნდა ღვთის სიტყვის გაგების სურვილი (1 კორ. 7:12—14, 16).

9. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ოჯახის წევრების დახმარება?

9 არ შეწყვიტოთ ოჯახის წევრების დახმარება. იეჰოვა ამ მხრივ ჩვენთვის კარგი მაგალითია. ის არაერთხელ აძლევს ადამიანს სასიხარულო ცნობის მოსმენისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (იერ. 44:4). მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ურჩია, რომ სხვების დახმარება არ შეეწყვიტა, რადგან ასე საკუთარ თავსაც იხსნიდა და მსმენელსაც (1 ტიმ. 4:16). ჩვენ გვიყვარს ოჯახის წევრები, ამიტომ გვსურს, რომ მათაც გაიგონ ბიბლიური ჭეშმარიტება. პაულინის სიტყვებმა და საქციელმა მის ოჯახზე დადებითად იმოქმედა. დღეს ის სიხარულით ემსახურება იეჰოვას მეუღლესთან ერთად. გარდა იმისა, რომ ორივენი პიონერები არიან, უეინი კრებაში უხუცესადაც მსახურობს.

10. რატომ გვჭირდება მოთმინება?

10 იყავით მომთმენი. შესაძლოა ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს გაუჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ ბიბლიური ნორმების გაგების შემდეგ რელიგიური შეხედულება და ცხოვრების წესი შევიცვალეთ. პირველი, რაც ჩვენს ახლობლებს თვალში ხვდებათ, ის არის, რომ მათთან ერთად აღარ აღვნიშნავთ რელიგიურ დღესასწაულებს და აღარ ვერევით პოლიტიკაში. თავიდან შეიძლება ზოგი გაგვინაწყენდეს კიდეც (მათ. 10:35, 36). თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი აზრს არასდროს შეიცვლიან. თუ შევწყვეტთ მათთან ბიბლიურ თემებზე საუბარს, გამოვა, რომ ვასამართლებთ მათ და მარადიული სიცოცხლის ღირსად არ მივიჩნევთ. ამის უფლება იეჰოვას ჩვენთვის არ მოუცია. ადამიანების გასამართლების უფლებამოსილება მან მხოლოდ და მხოლოდ იესოს მიანიჭა (იოან. 5:22). თუ მომთმენები ვიქნებით, შეიძლება ადრე თუ გვიან ოჯახის წევრებს ჭეშმარიტების მოსმენის სურვილი გაუჩნდეთ (იხილეთ ჩარჩო  „გამოიყენეთ ჩვენი ვებგვერდი ქადაგების დროს“).

11—13. რას სწავლობთ ელისის შემთხვევიდან?

11 იყავით მტკიცე, მაგრამ ტაქტიანი (იგავ. 15:2). დავფიქრდეთ ელისის შემთხვევაზე, რომელმაც ჭეშმარიტება სხვა ქვეყანაში გაიგო. მის მშობლებს, რომლებიც პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული, არ სწამდათ ღმერთი. ელისი ხვდებოდა, რომ, რაც შეიძლებოდა მალე უნდა გაეზიარებინა ახლად შეძენილი რწმენა მშობლებისთვის. ის ამბობს: „რაც უფრო გააჭიანურებ იმის თქმას, რომ რელიგიური შეხედულებები და ცხოვრების წესი შეიცვალე, მით უფრო გაუჭირდებათ ოჯახის წევრებს ამ სიახლესთან შეგუება“. ელისმა საინტერესო ბიბლიური თემები შეარჩია და რამდენიმე წერილი მისწერა მშობლებს. მაგალითად, ერთ-ერთი წერილი სიყვარულის თემას დაუთმო (1 კორ. 13:1—13). მან საჩუქრები გაუგზავნა დედ-მამას და მადლობა გადაუხადა გაწეული ამაგისა და მზრუნველობისთვის. როცა მათ მოსანახულებლად ჩადიოდა, ის ყველანაირად ცდილობდა, დედას სახლის საქმეებში შეშველებოდა. თავიდან მშობლებს არ ესიამოვნათ, როცა ელისმა ახლად შეძენილი რწმენა გაუზიარა.

12 ელისს მშობლებთან ყოფნის დროსაც არ შეუწყვეტია ბიბლიის ყოველდღე კითხვა. ის იხსენებს: „დედა მიხვდა, რომ ბიბლია ჩემთვის განსაკუთრებული წიგნი იყო“. ელისის მამამ ბიბლიის წაკითხვა გადაწყვიტა, რათა გაეგო, რამ შეუცვალა აზროვნება მის ქალიშვილს. მას აგრეთვე სურდა, ბიბლიის გასაკრიტიკებლად რაიმე ხელჩასაჭიდი ეპოვა. „მამაჩემს ბიბლია მივეცი, სადაც რამდენიმე გულში ჩამწვდომი სიტყვა დავუწერე“, — ამბობს ელისი. რა შედეგი გამოიღო ამან? ნაცვლად იმისა, რომ რაიმე არასწორი ეპოვა, ელისის მამაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღვთის სიტყვის წაკითხვამ.

13 სირთულეების დროს სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა არც ტაქტიანობა უნდა დაგვავიწყდეს (1 კორ. 4:12ბ). ელისის დედა ვერა და ვერ ეგუებოდა შვილის არჩევანს. „როცა მოვინათლე, დედამ მითხრა, რომ ცუდი შვილი ვიყავი. ნაცვლად იმისა, რომ თავი ამერიდებინა ჩემს რწმენაზე საუბრისთვის, პატივისცემით ავუხსენი, რომ ეს გზა უკვე არჩეული მქონდა და არ ვაპირებდი გადაწყვეტილების შეცვლას. ვცდილობდი, დედა დამერწმუნებინა, რომ ძალიან მიყვარდა. ორივე ავტირდით. მოგვიანებით მას საყვარელი კერძი მოვუმზადე. დედაჩემი თანდათან მიხვდა, რომ ბიბლიამ უკეთეს ადამიანად მაქცია“, — ამბობს ელისი.

14. რატომ არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე?

14 შეიძლება ოჯახის წევრებს დრო დასჭირდეთ იმის ბოლომდე გასაცნობიერებლად, რომ ჩვენთვის იეჰოვას მსახურება ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, როცა ელისმა მშობლების მიერ შერჩეულ კარიერაზე უარი თქვა და პიონერად მსახურება დაიწყო, დედამისმა იმდენად განიცადა, რომ ატირდა კიდეც. თუმცა ელისმა სიმტკიცე შეინარჩუნა. ის ამბობს: „თუ ერთხელ წახვალ დათმობაზე, ოჯახის წევრები სხვა დროსაც შეეცდებიან, რომ გადაწყვეტილება შეგაცვლევინონ. თუ ოჯახის წევრებთან მტკიცენი, მაგრამ ტაქტიანები და თავაზიანები ვიქნებით, შესაძლოა მათ ჩვენი მოსმენის სურვილი გაუჩნდეთ“. სწორედ ასე მოხდა ელისის შემთხვევაში. დღეს მისი მშობლები პიონერები არიან. მამამისი კრებაში უხუცესადაც მსახურობს.

როგორ შეუძლია კრებას ჩვენი ოჯახის წევრების დახმარება?

როგორ შეუძლია კრებას ჩვენი ოჯახის წევრების დახმარება? (იხილეთ აბზაცები 15, 16) *

15. მათეს 5:14—16-ისა და 1 პეტრეს 2:12-ის თანახმად, როგორ ეხმარება ჩვენს ოჯახს კრების წევრების კარგი საქმეები?

15 იეჰოვა ადამიანებს თავისკენ ქრისტიანული კრების კარგი საქმეებით იზიდავს (წაიკითხეთ მათეს 5:14—16; 1 პეტრეს 2:12). უკვე გააცანით მეუღლეს თქვენი კრების წევრები? ზემოთ მოხსენიებულმა პაულინმა კრების წევრები თავისთან დაპატიჟა, რათა მის მეუღლეს უკეთ გაეცნო ისინი. უეინი იხსენებს, როგორ შეუცვალა ერთმა ძმამ იეჰოვას მოწმეებზე არასწორი წარმოდგენა. „მან შვებულება აიღო, რათა ერთად გვეყურებინა ფეხბურთისთვის. მაშინ მივხვდი, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და რელიგიის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა“, — ამბობს უეინი.

16. რატომ უნდა დავპატიჟოთ ოჯახის წევრები კრების შეხვედრებზე?

16 ოჯახის წევრებს ქრისტიანულ შეხვედრებზე დაპატიჟებითაც ვეხმარებით (1 კორ. 14:24, 25). უეინი პირველად გახსენების საღამოს დაესწრო, რადგან ეს შეხვედრა სამუშაო დღის ბოლოს ტარდებოდა და შედარებით ხანმოკლე იყო. ის იხსენებს: „მოხსენებიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ ხალხმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მოდიოდნენ და მეგობრულად მესალმებოდნენ. ვგრძნობდი, რომ ამას მთელი გულით აკეთებდნენ“. ერთი წყვილი კრების შეხვედრებისა თუ მსახურების დროს პაულინსა და მის ვაჟს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. როცა უეინმა გადაწყვიტა, რომ მეტი გაეგო პაულინის ახლად შეძენილი რწმენის შესახებ, ბიბლიის შესწავლაში დახმარება სწორედ ამ ძმას სთხოვა.

17. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ოჯახის წევრების დახმარება, მაგრამ რაში არ უნდა დავიდანაშაულოთ საკუთარი თავი?

17 იმედს ვიტოვებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის წევრებიც შემოგვიერთდებიან იეჰოვას მსახურებაში. თუმცა გვესმის ისიც, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად შეიძლება ყველამ არ მოინდომოს ჭეშმარიტი ღვთის მსახურება. ასეც რომ მოხდეს, თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ, რადგან ვერავის ვაიძულებთ ჩვენი რელიგიური შეხედულებების გაზიარებას. დაანახვეთ ოჯახის წევრებს, რომ იეჰოვასადმი მსახურება ბედნიერებას განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი დადებითი განწყობა აუცილებლად იმოქმედებს მათზე. ილოცეთ ოჯახის წევრებისთვის, ტაქტიანად გაუზიარეთ ბიბლიური ჭეშმარიტება და არასდროს ჩაიქნიოთ ხელი მათზე (საქ. 20:20). გჯეროდეთ, რომ იეჰოვა აკურთხებს თქვენს ძალისხმევას. თუ თქვენი ოჯახის წევრები დადებითად გამოეხმაურებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას, დარწმუნებული იყავით, რომ ისინიც თქვენთან ერთად გაიხარებენ მარადიული სიცოცხლით!

სიმღერა 57 ვქადაგებთ ყველანაირ ადამიანთან

^ აბზ. 5 ყველას გვსურს, რომ ოჯახის წევრებმა თუ ნათესავებმა გაიცნონ იეჰოვა და ემსახურონ მას, თუმცა ამ საკითხში გადაწყვეტილება მათ თავად უნდა მიიღონ. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახის წევრებს ჭეშმარიტების მიმართ ინტერესი გავუღვივოთ.

^ აბზ. 1 ზოგი სახელი შეცვლილია. ამ სტატიაში სიტყვა „ოჯახში“ იგულისხმებიან როგორც ოჯახის წევრები, ისე ნათესავები, რომლებიც ჯერ არ ემსახურებიან იეჰოვას.

^ აბზ. 53 სურათის აღწერა: ახალგაზრდა ძმა მანქანის შეკეთებაში ეხმარება მამას, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე. შესაფერის დროს ის ჩვენს ვებგვერდზე jw.org® განთავსებულ ვიდეოს აჩვენებს.

^ აბზ. 55 სურათის აღწერა: ქრისტიანი და ყურადღებით უსმენს ქმარს, რომელიც განვლილი დღის ამბებს უყვება. მოგვიანებით და სიამოვნებით ატარებს დროს ოჯახთან ერთად.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: დამ სახლში მიიპატიჟა კრების წევრები, რომლებიც მისი მეუღლის მიმართ გულწრფელ ინტერესს იჩენენ. მოგვიანებით ის ცოლთან ერთად გახსენების საღამოს ესწრება.