არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იოანე ნათლისმცემელი — ის სიხარულს არ კარგავდა

იოანე ნათლისმცემელი — ის სიხარულს არ კარგავდა

ხომ არ ფიქრობთ, რომ სიამოვნებით შეასრულებდით კრებაში ამა თუ იმ დავალებას, მაგრამ ამჟამად ამის გაკეთება არ შეგიძლიათ? ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობები, რომლებიც სხვებს აქვთ, ან მსახურების სფერო, რომელშიც ერთ დროს თავად იღებდით მონაწილეობას. დღეს შეიძლება ასაკი, სუსტი ჯანმრთელობა, ეკონომიკური სიდუხჭირე ან ოჯახური პასუხისმგებლობები უწინდებურად ბევრის გაკეთების შესაძლებლობას არ გაძლევთ. შეიძლება ორგანიზაციული ცვლილებების გამო უარის თქმა მოგიწიათ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ასრულებდით. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შესაძლოა ისეთი გრძნობა გეუფლებათ, რომ იეჰოვასთვის იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გწადიათ. გასაკვირი არ არის, თუ ამის გამო დროდადრო გულგატეხილობა გეუფლებათ. და მაინც, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მთლიანად არ მოგიცვათ ისეთმა უარყოფითმა გრძნობებმა, როგორიცაა გულგატეხილობა, ბრაზი და გულისწყრომა? როგორ შეგიძლიათ სიხარულის შენარჩუნება?

ამაში იოანე ნათლისმცემლის მაგალითზე დაფიქრება დაგვეხმარება. იოანე განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა, ამიტომ შესაძლოა თავის მომავალს სულ სხვაგვარად წარმოიდგენდა. რას იფიქრებდა, რომ ციხეში უფრო მეტ დროს გაატარებდა, ვიდრე მსახურებაში. მიუხედავად ამისა, იოანე სიცოცხლის ბოლომდე სიხარულს ინარჩუნებდა. რა დაეხმარა მას? ჩვენ როგორ შეგვიძლია სიხარულის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა რაღაცის გამო გული გვიტყდება?

სასიხარულო დავალება

ახ. წ. 29 წლის გაზაფხულზე იოანე მსახურებას შეუდგა. ის მესიის წინამორბედი გახდა, რომელიც ხალხს მოუწოდებდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათ. 3:2; ლუკ. 1:12—17). ბევრი დადებითად გამოეხმაურა მის მოწოდებას. ხალხი შორი მანძილიდანაც კი მიდიოდა მის მოსასმენად. ბევრმა მათგანმა მოინანია თავისი საქციელი და მოინათლა. იოანე გაბედულად აცხადებდა, რა განაჩენი ელოდათ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ რელიგიურ წინამძღოლებს, თუ არ მოინანიებდნენ თავიანთ ცოდვებს (მათ. 3:5—12). მისმა მსახურებამ კულმინაციას ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე მიაღწია, როდესაც იესო მონათლა. იმ დღიდან მოყოლებული იოანე ხალხს მოუწოდებდა, რომ იესოს, აღთქმული მესიის, მიმდევრები გამხდარიყვნენ (იოან. 1:32—37).

იოანეს განსაკუთრებული როლი ეკისრა, ამიტომაც თქვა იესომ მასზე: „ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი“ (მათ. 11:11). იოანე ნათლისმცემლის მსგავსად დღესაც ბევრს ანიჭებს სიხარულს ღვთის კურთხევები. დავფიქრდეთ ძმა ტერის მაგალითზე. მან და მისმა მეუღლემ, სანდრამ, სრული დროით მსახურებაში 50 წელზე მეტი გაატარეს. ტერი ამბობს: „არაერთი შესანიშნავი სახის მსახურება გამოვცადე. ვმსახურობდი პიონერად, ბეთელში, სპეციალურ პიონერად, სარაიონო და საოლქო ზედამხედველად; ახლა ისევ სპეციალურ პიონერად ვმსახურობ“. თეოკრატიული დავალებების მიღებას დიდი სიხარული ახლავს თან, მაგრამ, როგორც იოანეს მაგალითიდან დავინახავთ, ცვლილებების დროს სიხარულის შენარჩუნებას ძალისხმევა სჭირდება.

შეინარჩუნეთ მადლიერების გრძნობა

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იოანე ნათლისმცემელს სიხარულის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, ის იყო, რომ ყოველთვის აფასებდა ღვთისგან მიღებულ დავალებებს. მაგალითად, იესოს ნათლობის შემდეგ იოანეს მიმდევართა რიცხვმა იკლო, იესოს მიმდევრების რიცხვმა კი იმატა. ამ ფაქტით შეწუხებულმა მოწაფეებმა იოანეს უთხრეს: „რაბი, ის, ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო . . . ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“ (იოან. 3:26). იოანემ მიუგო: „ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა, ხოლო ნეფის მეგობარს, როცა დგას და უსმენს ნეფის ხმას, განსაკუთრებულად უხარია. მეც ამიტომ მიხარია ასე“ (იოან. 3:29). იოანე მეტოქედ არ მიიჩნევდა იესოს. ის არც იმას ფიქრობდა, რომ იესოს აღმატებულმა როლმა მის დავალებას ფასი დაუკარგა. პირიქით, ის სიხარულს ინარჩუნებდა, რადგან ძალიან აფასებდა თავის, როგორც „ნეფის მეგობრის“ როლს.

სწორი განწყობა იოანეს ეხმარებოდა, რომ რთული დავალების მიუხედავად სიხარული არ დაეკარგა. მაგალითად, იოანე დაბადებიდან ნაზირი იყო, ამიტომ ღვინის დალევა ეკრძალებოდა (ლუკ. 1:15). იესომ სიტყვებით: „იოანე არც ჭამს, არც სვამს“ იმაზე მიანიშნა, რომ ის უბრალოდ ცხოვრობდა. იოანესგან განსხვავებით იესოსა და მის მოწაფეებს ასეთი აკრძალვები არ ჰქონდათ და შეეძლოთ სხვა ადამიანებივით ეცხოვრათ (მათ. 11:18, 19). გარდა ამისა, იოანეს არანაირი სასწაული არ მოუხდენია, თუმცა მან იცოდა, რომ იესოს მოწაფეებს, მათ შორის მის ყოფილ მიმდევრებს, სასწაულების მოხდენის ძალა მიეცათ (მათ. 10:1; იოან. 10:41). ნაცვლად იმისა, რომ ბევრი ეფიქრა მათ შორის არსებულ განსხვავებაზე, იოანეს მთელი ყურადღება ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებაზე ჰქონდა გადატანილი.

სიხარულს არ დავკარგავთ, თუ დავაფასებთ იმ დავალებას, რასაც დღეს გვაძლევს იეჰოვა. ზემოთ მოხსენიებული ტერი აღნიშნავს: „მთელი ყურადღება მიღებულ დავალებაზე გადამქონდა“. სრული დროით მსახურებაში გატარებულ წლებზე ის ამბობს: „წარსულს სიამოვნებით ვიხსენებ და არა სინანულით“.

ღვთის მსახურებაში მეტ სიხარულს ვიგრძნობთ, თუ ვიფიქრებთ, რატომ არის ნებისმიერი თეოკრატიული დავალება და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ღვთის თანამშრომლად“ ყოფნა დიდი პატივია (1 კორ. 3:9). როგორც გაპრიალება უნარჩუნებს ბზინვარებას ძვირფას ნივთს, ისე ღვთის თანამშრომლად ყოფნის პატივზე ფიქრი გვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში. ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი სხვისას არ უნდა შევადაროთ და არც ჩვენი დავალება უნდა გავაუბრალოოთ იმის გამო, რომ სხვას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია (გალ. 6:4).

ყურადღება სულიერზე გადაიტანეთ

იოანემ შეიძლება იცოდა, რომ მისი მსახურება დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მაგრამ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე უეცრად დასრულდებოდა ყველაფერი (იოან. 3:30). ახ. წ. 30 წელს, იესოს ნათლობიდან ექვსი თვის შემდეგ, მეფე ჰეროდეს ბრძანებით იოანე დააპატიმრეს, თუმცა მას არ შეუწყვეტია სიმართლის ლაპარაკი (მარ. 6:17—20). ცვლილებების მიუხედავად იოანე სიხარულს არ კარგავდა, რადგან ძირითადი ყურადღება სულიერზე ჰქონდა გადატანილი.

ციხეში ყოფნის დროს იოანემ გაიგო, რომ იესოს საქმიანობამ ფართო ხასიათი მიიღო (მათ. 11:2; ლუკ. 7:18). იოანე დარწმუნდა, რომ იესო მესია იყო, თუმცა შესაძლოა აინტერესებდა, როგორ შეასრულებდა ის მესიაზე წარმოთქმულ ყველა წინასწარმეტყველებას. მან იცოდა, რომ მესია უნდა გამეფებულიყო, ამიტომ შეიძლება აფიქრებდა, რამდენად მალე დადგებოდა ეს დრო და გაათავისუფლებდა თუ არა მას იესო საპყრობილიდან. იოანეს იმდენად უნდოდა ბოლომდე ჩასწვდომოდა იესოს როლს, რომ მასთან ორი მოწაფე გაგზავნა, რათა ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“ (ლუკ. 7:19). ალბათ, უკან დაბრუნებულ მოწაფეებს იოანე გულისყურით მოუსმენდა, როცა ისინი იესოს სასწაულების შესახებ მოუყვებოდნენ. მათ იოანეს იესოს სიტყვებიც გადასცეს: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“ (ლუკ. 7:20—22).

ცხადია, იოანეს გაამხნევებდა ეს სიტყვები. ეს დაარწმუნებდა მას, რომ იესოზე სრულდებოდა მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები. მართალია, იესომ არ გაათავისუფლა იოანე საპყრობილიდან, მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ მის მსახურებას უკვალოდ არ ჩაუვლია. პატიმრობის მიუხედავად იოანეს ნამდვილად ჰქონდა სიხარულის მიზეზი.

სიხარულს შევინარჩუნებთ, თუ ყურადღებას იმ კარგ შედეგებზე გადავიტანთ, რაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს მოჰყვება

თუ იოანეს მსგავსად ყურადღებას სულიერზე გადავიტანთ, ნებისმიერ ვითარებაში სიხარულსა და მოთმინებას შევინარჩუნებთ (კოლ. 1:9—11). ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი გვეხმარება, გვახსოვდეს, რომ ჩვენი მსახურება ფუჭი არ არის (1 კორ. 15:58). სანდრა აღნიშნავს: „ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ღმერთთან მაახლოებს. ეს მეხმარება, რომ იეჰოვაზე უფრო მეტი ვიფიქრო, ვიდრე საკუთარ თავზე“. ნამდვილად ასეა! თუ ყურადღებას იმ საქმეებზე გადავიტანთ, რასაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ასრულებს, საკუთარ თავზე ნაკლებად ვიფიქრებთ. სანდრა განაგრძობს: „JW მაუწყებლობის® ყოველთვიური პროგრამა გვეხმარება, უფრო ახლოს ვიგრძნოთ თავი ღვთის ორგანიზაციასთან და ჩვენი დავალება სიხარულით შევასრულოთ“.

მსახურების ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იოანე ნათლისმცემელი ყველაფერს „ელიას სულითა და ძალით“ აკეთებდა. ელიას მსგავსად ისიც „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (ლუკ. 1:17; იაკ. 5:17). თუ იოანესავით მადლიერებას გამოვავლენთ და ყურადღებას სულიერზე გადავიტანთ, რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის მსახურებაში სიხარულს არ დავკარგავთ.