არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 31

„სულით არ ვეცემით“!

„სულით არ ვეცემით“!

„სულით არ ვეცემით“ (2 კორ. 4:16).

სიმღერა 128 ბოლომდე მოვითმინოთ

მოკლე შინაარსი *

1. რა შეახსენა პავლემ ქრისტიანებს?

ქრისტიანები სიცოცხლისთვის რბოლაში ვმონაწილეობთ. არა აქვს მნიშვნელობა, წლების წინ ჩავებით ამ რბოლაში თუ ახლახან შევუერთდით მორბენალთა რიგებს, მთავარია, ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე არ შევწყვიტოთ სირბილი. პავლე მოციქულის მიერ ფილიპელი ქრისტიანებისთვის მიცემული რჩევა ჩვენც გვმატებს მოტივაციას, რომ ბოლომდე გავირბინოთ სარბიელი. ფილიპეს კრების წევრებს შორის, რომლებმაც პავლეს წერილი მიიღეს, გამოცდილი ქრისტიანებიც იყვნენ. მართალია, ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას, მაგრამ მოციქულმა შეახსენა მათ, რომ მოთმინებით გაეგრძელებინათ სიცოცხლისთვის რბოლა. პავლეს სურდა, რომ მის მსგავსად მათაც ესწრაფათ მიზნისკენ (ფილ. 3:14).

2. რატომ იყო პავლეს რჩევა დროული ფილიპელებისთვის?

2 პავლეს რჩევა დროული იყო, რადგან ფილიპეს კრება ჩამოყალიბებისთანავე დიდ წინააღმდეგობას შეხვდა. ყველაფერი დაახლოებით ახ. წ. 50 წელს დაიწყო, როცა პავლე და სილა ღვთის მოწოდების თანახმად მაკედონიის ქალაქ ფილიპეში ჩავიდნენ (საქ. 16:9). მათ იქ უქადაგეს ქალს, სახელად ლიდიას, რომელსაც „იეჰოვამ . . . გული გაუხსნა“, რომ სასიხარულო ცნობა მოესმინა (საქ. 16:14). ლიდია და ყველა, ვინც მის სახლში ცხოვრობდა, მალევე მოინათლნენ. ეშმაკმაც მყისვე დაიწყო მოქმედება: ქალაქის მკვიდრებმა პავლე და სილა მმართველებთან მიათრიეს და უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს, რომ ქალაქში არეულობა შეჰქონდათ. ამის შემდეგ პავლე და სილა სცემეს და დააპატიმრეს. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს და ქალაქის დატოვება მოსთხოვეს (საქ. 16:16—40). დაყარეს მათ ფარ-ხმალი? არამც და არამც! პავლეს და სილას კვალს მიჰყვნენ ახლად ჩამოყალიბებული კრების წევრებიც, რომლებმაც მოთმინების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. აშკარაა, რომ ამ ძმების სამაგალითო საქციელმა დიდად იმოქმედა ფილიპელ ქრისტიანებზე.

3. რა იცოდა პავლემ და რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე მოეთმინა (2 კორ. 4:16). მან კარგად იცოდა, რომ სარბიელის ბოლომდე გასარბენად მთელი ყურადღება მიზანზე უნდა გადაეტანა. ამ სტატიიდან გავიგებთ, რის სწავლა შეგვიძლია პავლესგან? რომელი თანამედროვე მაგალითები გვარწმუნებს, რომ პრობლემების მიუხედავად შეგვიძლია ბოლომდე მოვითმინოთ? და როგორ გვეხმარება მომავლის იმედი, მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი სარბიელის ბოლომდე გარბენა?

როგორ გვეხმარება პავლეს მაგალითი

4. რა ეხმარებოდა პავლეს, ნებისმიერ ვითარებაში აქტიური ყოფილიყო ღვთის მსახურებაში?

4 დაფიქრდით, რამდენ რამეს აკეთებდა პავლე იმ პერიოდში, როცა ფილიპელებს წერილი მისწერა. მას რომში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელიდან არ უშვებდა მნახველებთან ქადაგების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის წერილებს სწერდა სხვა ქალაქებში არსებულ კრებებს. მსგავსად, დღეს ბევრი ქრისტიანი ასაკისა თუ ავადმყოფობის გამო სახლიდან ვერ გადის, თუმცა მნახველებთან საქადაგებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს. ეს და-ძმები გამამხნევებელ წერილებსაც წერენ მათთვის, ვისაც კარდაკარ მსახურების დროს სახლში ვერ ვპოულობთ.

5. ფილიპელების 3:12—14-დან გამომდინარე, რა დაეხმარა პავლეს, მზერა მიზნისკენ ჰქონოდა მიპყრობილი?

5 პავლე წარსულ მიღწევებსა თუ შეცდომებს არ რთავდა ნებას, რომ ღვთის მსახურებიდან სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. როგორც თავად თქვა, იმის დავიწყება, „რაც უკან დარჩა“, აუცილებელი იყო, რათა ესწრაფა იმისკენ, რაც წინ იყო, ანუ ბოლომდე გაერბინა სარბიელი (წაიკითხეთ ფილიპელების 3:12—14). რას შეიძლებოდა პავლეს ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა? პირველი, ის იუდეველებს შორის ძალიან წარმატებული იყო, თუმცა ამ ყველაფერს „დიდ ნაგვად“ მიიჩნევდა (ფილ. 3:3—8). მეორე, შესაძლოა პავლეს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, რადგან ერთ დროს ქრისტიანების მდევნელი იყო, თუმცა ამ უარყოფით გრძნობას არ დართო ნება, ღვთის მსახურებაში უმოქმედო გაეხადა. და მესამე, მას არ უფიქრია, რომ საკმარისად გაისარჯა იეჰოვასთვის. სირთულეების დროს პავლე კვლავაც ბევრს აკეთებდა ღვთისთვის. ის არაერთხელ დააპატიმრეს, სცემეს, გაჯოხეს და ჩაქოლეს კიდეც; მან ხომალდის მსხვრევაც გადაიტანა, იყო პერიოდი, როცა საჭმელი და ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა (2 კორ. 11:23—27). მართალია, მან ბევრ ადამიანს უქადაგა და ბევრიც ეტანჯა, მაგრამ იცოდა, რომ კვლავაც გულმოდგინედ უნდა გაეგრძელებინა იეჰოვას მსახურება. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

6. რა შეიძლება იყოს ის, „რაც უკან დარჩა“?

6 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს და დავივიწყოთ ყველაფერი, „რაც უკან დარჩა“? შესაძლოა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო დანაშაულის გრძნობას ვებრძვით. კარგი იქნება, თუ პირადი შესწავლის დროს უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლევთ და ღრმად დავფიქრდებით ქრისტეს გამოსასყიდზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს იმედს გვისახავს. ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, მასზე ფიქრი და ლოცვა დაგვეხმარება, გავთავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან და აღარ დავსაჯოთ საკუთარი თავი იმ ცოდვების გამო, რომლებიც უკვე გვაპატია იეჰოვამ. დავფიქრდეთ, კიდევ რის სწავლა შეგვიძლია პავლესგან. ზოგმა შეიძლება მაღალანაზღაურებად სამსახურზე თქვა უარი, რათა სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველაფერი, „რაც უკან დარჩა“, ანუ სინანულით არ გაიხსენოთ, რომ გამდიდრების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვით? (რიცხ. 11:4—6; ეკლ. 7:10). ფრაზა „რაც უკან დარჩა“, შეიძლება აგრეთვე გულისხმობდეს იეჰოვასთვის გაკეთებულ საქმეებს ან განსაცდელებს, რომლებიც მოთმინებით ავიტანეთ. ცხადია, იმის გახსენება, რომ მაშინ იეჰოვამ მხარდაჭერა აღმოგვიჩინა და დიდად გვაკურთხა, უფრო გვაახლოებს ზეციერ მამასთან. თუმცა თვითკმაყოფილები არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე საკმარისად გავისარჯეთ ღვთისთვის (1 კორ. 15:58).

სიცოცხლისთვის რბოლაში მზერა მიზნისკენ უნდა გვქონდეს მიპყრობილი და ყურადღება სხვა რამეზე არ უნდა გადავიტანოთ (იხილეთ აბზაცი 7)

7. პირველი კორინთელების 9:24—27-დან გამომდინარე, რა არის აუცილებელი, რომ სიცოცხლისთვის რბოლაში ჯილდო მოვიპოვოთ? მოიყვანეთ მაგალითი.

7 პავლეს ბოლომდე ესმოდა იესოს სიტყვების მნიშვნელობა: „ძალ-ღონე არ დაიშუროთ“ (ლუკ. 13:23, 24). მან იცოდა, რომ ქრისტეს მსგავსად სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ შეადარა პავლემ ქრისტიანული ცხოვრება რბოლას (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:24—27). მორბენალი ცდილობს, ყურადღება არაფერმა გაუფანტოს, რადგან მისი მთავარი მიზანი ფინიშის ხაზის გადაკვეთაა. მაგალითად, თუ შეჯიბრი ქალაქში იმართება, შეიძლება მისი ყურადღება ბევრმა რამემ მიიპყროს. წარმოგიდგენიათ მორბენალი, რომელიც მაღაზიებთან ჩერდება და ვიტრინების თვალიერებას იწყებს?! ცხადია, არცერთი მორბენალი, ვისაც გამარჯვება სურს, ასე არ მოიქცევა. ჩვენ სიცოცხლისთვის რბოლაში ვართ ჩაბმულნი, ამიტომ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც სხვა რამეზე გადაგვატანინებდა ყურადღებას. თუ მზერა მიზნისკენ გვექნება მიპყრობილი და პავლეს მსგავსად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, ჩვენც მოვიპოვებთ ჯილდოს.

ემსახურეთ იეჰოვას სირთულეების მიუხედავად

8. რომელ სამ სირთულეზე ვიმსჯელებთ?

8 ხანგრძლივმა მოლოდინმა, ფიზიკურმა უძლურებამ და დაუსრულებელმა პრობლემებმა შეიძლება გული გაგვიტეხოს და სვლა შეგვანელებინოს. ქვემოთ განხილული მაგალითები დაგვეხმარება, რომ თავი გავართვათ მსგავს სირთულეებს (ფილ. 3:17).

9. როგორ მოქმედებს ადამიანზე ხანგრძლივი მოლოდინი?

9 ხანგრძლივი მოლოდინი. ბუნებრივია, მთელი გულით ველით იეჰოვას დანაპირების შესრულებას. სწორედ ასეთი განწყობით ელოდა აბაკუმი იუდაში ბოროტების მოსპობას. როცა წინასწარმეტყველმა თავისი გრძნობები იეჰოვას გაანდო, ღმერთმა მას ლოდინისკენ მოუწოდა (აბაკ. 2:3). თუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, შეიძლება ენთუზიაზმი დავკარგოთ და გული გაგვიტყდეს (იგავ. 13:12). სწორედ ეს დაემართა მე-20 საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ ზოგ და-ძმას. იმ პერიოდში ცხებული ქრისტიანები ელოდნენ, რომ ზეციურ ჯილდოს 1914 წელს მიიღებდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. როგორ შეხვდნენ ამ ყველაფერს ერთგული და-ძმები?

როიალ და პერლ სპაცების მოლოდინი 1914 წელს არ გამართლდა, თუმცა ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას (იხილეთ აბზაცი 10)

10. როგორ მოიქცა ერთი წყვილი, როცა მათი მოლოდინი არ გამართლდა?

10 განვიხილოთ ორი ერთგული ქრისტიანის შემთხვევა, რომლებიც მსგავსი რეალობის წინაშე დადგნენ. ძმა როიალ სპაცი 1908 წელს 20 წლის ასაკში მოინათლა. ის იმდენად მალე ელოდა ჯილდოს მიღებას, რომ 1911 წელს თავის საცოლეს, პერლს, ასეთი რამ უთხრა: „შენ იცი, რაც მოხდება 1914 წელს, ამიტომ, თუ დაქორწინებას ვაპირებთ, მალევე უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი“. შეწყვიტეს მათ სიცოცხლისთვის რბოლა, როცა 1914 წელს ზეციური ჯილდო ვერ მიიღეს? არა, რადგან ძირითადი ყურადღება იეჰოვას ნების შესრულებაზე ჰქონდათ გადატანილი და არა ჯილდოს მიღებაზე. როიალს და პერლს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მოთმინებით გაერბინათ სარბიელი. ასეც მოხდა. მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე ისინი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებოდნენ ღმერთს. ეჭვგარეშეა, მთელი გულით ელით დროს, როცა იეჰოვა გაამართლებს თავის სახელსა და უზენაესობას და ყველა დანაპირებს შეასრულებს. გჯეროდეთ, რომ ის ამას დანიშნულ დროს გააკეთებს. მანამდე კი ყველანაირად ვეცადოთ, სრულად დავკავდეთ ღვთისმსახურებით და ხანგრძლივი მოლოდინის მიუხედავად გული არ გავიტეხოთ და სვლა არ შევანელოთ!

ართურ სეკორდი ასაკის მიუხედავად იეჰოვასთვის საუკეთესოს იღებდა (იხილეთ აბზაცი 11)

11, 12. რატომ უნდა განვაგრძოთ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება ფიზიკური უძლურების მიუხედავად? მოიყვანეთ მაგალითი.

11 ფიზიკური უძლურება. მორბენალისთვის ფიზიკური სიძლიერე აუცილებელია, რათა რბოლის დასრულება შეძლოს. თუმცა ძლიერი რწმენისა და გულმოდგინების შესანარჩუნებლად ფიზიკური ძალა სულაც არაა საჭირო. ბევრ და-ძმას, რომლებსაც ძალა აღარ ერჩით, გადაწყვეტილი აქვთ, კვლავაც საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის (2 კორ. 4:16). მაგალითად, ძმა ართურ სეკორდი, * რომელმაც 55 წელი ბეთელში იმსახურა, 88 წლის ასაკში ფიზიკურად ძალიან დაუძლურდა. ერთხელ მომვლელმა თბილად შეხედა მას და უთხრა: „ძმაო, ართურ, შენ ნამდვილად ბევრი რამ გააკეთე იეჰოვასთვის“. თუმცა ართური წარსულის მოგონებებით არ ცხოვრობდა. მან შეხედა მომვლელს, თბილად გაუღიმა და უთხრა: „მართალი ხარ, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რაც აქამდე გავაკეთეთ, არამედ ის, რასაც ერთგულების შესანარჩუნებლად ამიერიდან გავაკეთებთ“.

12 შესაძლოა არაერთი წელია, ემსახურებით იეჰოვას და ატყობთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო უწინდებურად ბევრს ვეღარ აკეთებთ მისთვის. თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. გჯეროდეთ, რომ იეჰოვას ახსოვს თქვენი შრომა და აფასებს თქვენს ერთგულ მსახურებას (ებრ. 6:10). რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, გახსოვდეთ: იეჰოვასადმი ჩვენს სიყვარულსა და ერთგულებას ის კი არ განსაზღვრავს, რომ ბევრს ვაკეთებთ ღვთის მსახურებაში, არამედ ის, რომ დადებით განწყობას ვინარჩუნებთ და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვიხარჯებით მის საქმეში (კოლ. 3:23). იეჰოვამ კარგად იცის ჩვენი შეზღუდული მდგომარეობა, ამიტომ იმაზე მეტს არ მოელის ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია (მარ. 12:43, 44).

ანატოლი და ლიდია მელნიკებმა განსაცდელების დროს ერთგულება შეინარჩუნეს (იხილეთ აბზაცი 13)

13. როგორ გვეხმარება ანატოლისა და ლიდიას შემთხვევა, რომ სირთულეების დროს ერთგულად განვაგრძოთ მსახურება?

13 დაუსრულებელი პრობლემები. ზოგ ღვთის მსახურს წლების მანძილზე დევნისა თუ განსაცდელების ატანა უწევს. მაგალითად, ანატოლი მელნიკი, * რომელიც მოლდოვაში ცხოვრობდა, სულ რაღაც 12 წლისა იყო, როცა მამამისი დააპატიმრეს და ოჯახისგან 7 000 კილომეტრით შორს, ციმბირში გადაასახლეს. ერთ წელიწადში ანატოლის, დედამისსა და პაპა-ბებიასაც ციმბირში უკრეს თავი. რამდენიმე წლის შემდეგ მათ სხვა სოფელში კრების შეხვედრებზე დაიწყეს დასწრება. კრებამდე რომ მიეღწიათ, 30 კილომეტრი თოვლსა და ყინვაში უნდა ევლოთ. მოგვიანებით ძმა ანატოლის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროს მასა და მის მეუღლეს, ლიდიას ერთი წლის ქალიშვილი ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე სირთულეებთან უწევდათ ბრძოლა, ანატოლის და მის ოჯახს არ შეუწყვეტია იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება. დღეს ანატოლი 82 წლისაა და ცენტრალური აზიის ფილიალის კომიტეტში მსახურობს. მოდი ანატოლისა და ლიდიას მსგავსად შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დავიხარჯოთ იეჰოვასთვის და კვლავაც მოთმინებით განვაგრძოთ მსახურება (გალ. 6:9).

მომავლის იმედით გაძლიერებულნი

14. რის აუცილებლობას აცნობიერებდა პავლე?

14 პავლეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ბოლომდე გაირბენდა სარბიელს და მიზანს მიაღწევდა. როგორც ცხებული ქრისტიანი, მოუთმენლად ელოდა დროს, როცა „ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოს“ მიიღებდა. თუმცა პავლე აცნობიერებდა, რომ არ უნდა შეეწყვიტა მიზნისკენ სწრაფვა (ფილ. 3:14). მან საინტერესო მაგალითი მოუყვანა ფილიპელებს, რითაც შეახსენა, რომ ყურადღება მიზნიდან სხვა რამეზე არ გადაეტანათ.

15. როგორ დაანახვა მოქალაქეობის მაგალითით პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს, რომ უნდა ესწრაფათ მიზნისკენ?

15 პავლემ ფილიპელებს ზეციური მოქალაქეობა შეახსენა (ფილ. 3:20). რატომ უნდა ხსომებოდათ ეს? იმ დროს რომის მოქალაქეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. * თუმცა ცხებულ ქრისტიანებს გაცილებით უკეთესი მოქალაქეობა ჰქონდათ, რაც მათ შესანიშნავ მომავალს უქადდა. ამასთან შედარებით რომის მოქალაქეობა არაფერი იყო. სწორედ ამიტომ მოუწოდა პავლემ ფილიპელებს: „მოიქეცით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად“ (ფილ. 1:27). ამ მუხლში მოხსენიებული სიტყვა „მოიქეცით“ ნიშნავს, მოიქცე როგორც მოქალაქე, ანუ შეასრულო მოქალაქის მოვალეობა. დღეს ცხებული ქრისტიანები ისწრაფიან მიზნისკენ — ზეცაში მარადიული სიცოცხლის ჯილდოსკენ, რითაც კარგ მაგალითს გვაძლევენ.

16. ფილიპელების 4:6, 7-ის თანახმად, რის გაკეთება არ უნდა შევწყვიტოთ როგორც ზეციური, ისე მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებმა?

16 არა აქვს მნიშვნელობა, ზეცაში ველით მარადიულ სიცოცხლეს თუ დედამიწაზე, მიზნისკენ სწრაფვა არ უნდა შევწყვიტოთ. რისი ატანაც არ უნდა გვიწევდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც უკან დარჩა და არაფერს უნდა დავრთოთ ნება, ხელი შეგვიშალოს ღვთისმსახურებაში (ფილ. 3:16). შეიძლება ჩვენც ვდგავართ ზემოთ მოხსენიებული პრობლემების წინაშე. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოლოდინი არ მართლდება; ვატყობთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურად ვუძლურდებით; ან არაერთი წელია, რაც დევნასა თუ განსაცდელებს ვიტანთ. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს“. თქვენი საწუხარი ღმერთს გაანდეთ. გჯეროდეთ, რომ ის მოგცემთ მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7).

17. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 როგორც ფინიშის ხაზთან მიახლოებული მორბენალი არ იშურებს ძალ-ღონეს, რათა ბოლომდე გაირბინოს სარბიელი, ისე ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე, რომ მივაღწიოთ მიზანს და დავასრულოთ სიცოცხლისთვის რბოლა. ჩვენი მდგომარეობიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველანაირად ვეცადოთ, რომ ვისწრაფოთ ღვთის დაპირებული შესანიშნავი მომავლისკენ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დროს სწორი კურსი შევინარჩუნოთ და ტემპი არ შევანელოთ? მომდევნო სტატია დაგვეხმარება, სწორად დავადგინოთ პრიორიტეტები და დავრწმუნდეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:9, 10).

სიმღერა 79 ასწავლეთ, რომ მტკიცედ იდგნენ

^ აბზ. 5 რამდენი წელიც არ უნდა გვქონდეს ღვთის მსახურებაში გატარებული, ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე არ უნდა შევწყვიტოთ სიცოცხლისთვის რბოლა. ფილიპელებისადმი მიწერილი წერილი გვამხნევებს და გვეხმარება, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი. ეს სტატია დაგვანახვებს, როგორ შეგვიძლია პავლეს ღვთივშთაგონებული რჩევის გამოყენება.

^ აბზ. 11 ძმა ართურ სეკორდის ავტობიოგრაფია დაიბეჭდა 1965 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.].

^ აბზ. 13 ძმა ანატოლი მელნიკის ავტობიოგრაფია იხილეთ 2004 წლის 22 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ“-ში. სტატიის სათაურია „ღვთის სიყვარული ბავშვობიდან ჩამინერგეს“.

^ აბზ. 15 ქალაქი ფილიპე რომის კოლონია იყო, ამიტომ ფილიპელები რომის მოქალაქის უფლებებით სარგებლობდნენ. აქედან გამომდინარე, პავლეს მაგალითი ფილიპელი და-ძმებისთვის გასაგები იქნებოდა.