არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 32

თავმდაბლობით და მოკრძალებით ემსახურეთ ღმერთს

თავმდაბლობით და მოკრძალებით ემსახურეთ ღმერთს

„რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა . . . მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“ (მიქ. 6:8).

სიმღერა 31 იარე ღმერთთან ერთად

მოკლე შინაარსი *

1. რას ამბობს დავითი იეჰოვას თავმდაბლობაზე?

ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვა თავმდაბალია? პასუხს მეფე დავითი გვცემს: „შენ მომცემ შენი ხსნის ფარს, შენი თავმდაბლობა განმადიდებს“ (2 სამ. 22:36; ფსალმ. 18:35). როცა ამ სიტყვებს წერდა, შესაძლოა დავითს ის დღე ახსენდებოდა, როცა წინასწარმეტყველი სამუელი მათ ოჯახს ესტუმრა, ისრაელის მომავალი მეფე რომ ეცხო. დავითი რვა ძმას შორის უმცროსი იყო, თუმცა იეჰოვამ სწორედ ის აირჩია მეფედ საულის ნაცვლად (1 სამ. 16:1, 10—13).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ეჭვგარეშეა, დავითი იზიარებდა იმ აზრს, რაც იეჰოვას შესახებ ერთ-ერთ ფსალმუნში ეწერა: „დაბლა იხრება და დაჰყურებს ცასა და მიწას; საწყალს მტვრიდან აყენებს, ღარიბს . . . ამაღლებს, რომ დასვას იგი წარჩინებულებთან“ (ფსალმ. 113:6—8). ამ სტატიაში ჯერ იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ გამოჩნდა იეჰოვას თავმდაბლობა სხვადასხვა სიტუაციაში და რას გვასწავლის ეს ჩვენ. შემდეგ კი განვიხილავთ მეფე საულის, წინასწარმეტყველ დანიელისა და იესოს მაგალითებს, რათა უკეთ დავინახოთ მოკრძალების ფასი.

რას ვსწავლობთ იეჰოვასგან?

3. როგორ გვეპყრობა იეჰოვა და რაზე მეტყველებს ეს?

3 იეჰოვას თავმდაბლობაზე მოწმობს ის, თუ როგორ ეპყრობა ცოდვილ ადამიანებს, რომლებიც მას ეთაყვანებიან. იეჰოვა არა მხოლოდ იწონებს ჩვენს თაყვანისცემას, არამედ მეგობრებადაც მიგვიჩნევს (ფსალმ. 25:14). ისევ და ისევ იეჰოვას დამსახურებაა ის, რომ მასთან მეგობრობა შეგვიძლია, რადგან მან თავისი ძე გაიღო მსხვერპლად ჩვენი ცოდვების მისატევებლად. ეს უდავოდ მეტყველებს მის უდიდეს გულმოწყალებასა და თანაგრძნობაზე.

4. რა გვიბოძა იეჰოვამ და რატომ?

4 კიდევ რა ადასტურებს, რომ იეჰოვა თავმდაბალია? იეჰოვას, როგორც შემოქმედს, შეეძლო, ჩვენთვის პირადი არჩევანის გაკეთების უნარი არ მოეცა. მაგრამ ის ასე არ მოქცეულა; თავის ანარეკლად შეგვქმნა და ნების თავისუფლება გვიბოძა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთთან შედარებით უსუსურები ვართ, მას სურს, სიყვარულით ვემსახუროთ და გვესმოდეს, რომ მისი მორჩილება ჩვენთვისვეა სასიკეთო (კან. 10:12; ეს. 48:17, 18). განა მადლიერი არ უნდა ვიყოთ იეჰოვას ასეთი თავმდაბლობისთვის?!

იესო ზეცაში თავის თანამმართველებთან ერთად არის. ისინი უყურებენ ერთად შეკრებილ აურაცხელ ანგელოზს. ზოგი ანგელოზი დედამიწისკენ მიემართება დავალების შესასრულებლად. იეჰოვამ ძალაუფლებით აღჭურვა ყველა თავისი ზეციერი ქმნილება (იხილეთ აბზაცი 5)

5. როგორ გვასწავლის იეჰოვა თავმდაბლობას? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

5 იეჰოვა ჩვენც გვასწავლის თავმდაბლობას იმით, თუ როგორ გვეპყრობა. მთელ სამყაროში სიბრძნით მას ვერავინ გაუტოლდება, თუმცა ეს ხელს არ უშლის სხვების აზრის გათვალისწინებაში. მაგალითად, შემოქმედების პროცესში მან გვერდით დაიყენა თავისი ძე (იგავ. 8:27—30; კოლ. 1:15, 16). ამასთანავე, ის სხვებსაც აღჭურავს ძალაუფლებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლეა. ამას მოწმობს ის, რომ თავის სამეფოში მეფობა იესოს მიანდო და გარკვეული ძალაუფლება 144 000 ადამიანსაც მიანიჭა, რომლებიც იესოსთან ერთად იმმართველებენ (ლუკ. 12:32). ფაქტია, თავად იეჰოვამ მოამზადა იესო მეფობისთვის და მღვდელმთავრობისთვის (ებრ. 5:8, 9). ამასთანავე, ის იესოს თანამმართველებსაც ამზადებს თავიანთი დავალების შესასრულებლად, თუმცა მათ ყველა ფეხის ნაბიჯს არ უკონტროლებს. იეჰოვა ენდობა მათ და სჯერა, რომ ღირსეულად გაართმევენ თავს დაკისრებულ დავალებას (გამოცხ. 5:10).

იეჰოვას ვბაძავთ, როცა სხვებს ამა თუ იმ დავალებისთვის ვამზადებთ და ვანდობთ საქმეს (იხილეთ აბზაცები 6, 7). *

6, 7. რისი სწავლა შეგვიძლია ჩვენი ზეციერი მამისგან, როცა საქმე სხვებისთვის ძალაუფლების მინიჭებას ეხება?

6 თუ ჩვენი ზეციერი მამა, რომელიც არავის დახმარებას არ საჭიროებს, სხვებს ანიჭებს ძალაუფლებას, მით უმეტეს ჩვენ გვმართებს ასე მოქცევა. მაგალითად, ოჯახისთავებს და უხუცესებს შეუძლიათ მიჰბაძონ იეჰოვას მაგალითს და სხვებსაც მიანდონ სხვადასხვა საქმე, თანაც ისე, რომ ყველა ფეხის ნაბიჯი არ უკონტროლონ. ამგვარად არა მხოლოდ საქმე შესრულდება, არამედ სხვები საქმის კეთებას ისწავლიან და თვითრწმენა შეემატებათ (ეს. 41:10). კიდევ რისი სწავლა შეუძლიათ იეჰოვასგან მათ, ვინც გარკვეულ ძალაუფლებას ფლობს?

7 ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ანგელოზების აზრს ითვალისწინებს (1 მეფ. 22:19—22). მშობლებო, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოვას? სთხოვეთ თქვენს შვილებს, გამოთქვან თავიანთი აზრი, როგორ შეიძლება ამა თუ იმ საქმის შესრულება. და თუ არაფერი დაშავდება, გაითვალისწინეთ მათი შეხედულება.

8. როგორ გამოავლინა იეჰოვამ აბრაამისა და სარას მიმართ მოთმინება?

8 იეჰოვას თავმდაბლობა იქიდანაც ჩანს, რომ ის მომთმენია. მაგალითად, იეჰოვა მოთმინებას ავლენს თავისი მსახურების მიმართ მაშინაც კი, როცა ისინი ეჭვქვეშ აყენებენ მის გადაწყვეტილებებს. ღმერთმა ყურადღებით მოუსმინა აბრაამს, როცა ის არ დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას სოდომისა და გომორას განადგურების შესახებ (დაბ. 18:22—33). აგრეთვე გავიხსენოთ აბრაამის მეუღლის, სარას, შემთხვევა. იეჰოვას დაპირების მოსმენაზე მას გაეცინა, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნდა მის ასაკში შვილის გაჩენა. თუმცა ამის გამო იეჰოვა არც განაწყენებულა და არც გაბრაზებულა (დაბ. 18:10—14). პირიქით, იეჰოვამ სარას მიმართ პატივისცემა გამოავლინა.

9. რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებსა და უხუცესებს იეჰოვას მაგალითიდან?

9 მშობლებო და უხუცესებო, რისი სწავლა შეგიძლიათ იეჰოვას მაგალითიდან? დაფიქრდით, როგორი რეაქცია გაქვთ, როცა თქვენი შვილები ან კრებაში და-ძმები არ ეთანხმებიან თქვენს გადაწყვეტილებებს? მაშინვე იწყებთ იმის მტკიცებას, რომ ისინი ცდებიან თუ ითვალისწინებთ მათ აზრს? თუ ცდილობთ, იეჰოვას მიჰბაძოთ, ეს დადებითად აისახება ოჯახის წევრებსა და თანაქრისტიანებზე. განხილულიდან დავინახეთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას თავმდაბლობის გამოვლენაში. ახლა ვიმსჯელოთ, რას ვსწავლობთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მაგალითებიდან მოკრძალების შესახებ.

რას ვსწავლობთ ბიბლიაში ჩაწერილი მაგალითებიდან?

10. როგორ გვასწავლის იეჰოვა სხვების მაგალითით?

10 იეჰოვა, როგორც „დიდებული მოძღვარი“, თავის სიტყვაში ჩაწერილი მაგალითებით გვასწავლის (ეს. 30:20, 21). ამ მაგალითებიდან ვსწავლობთ, როგორ გამოვავლინოთ ღვთისმოსაწონი თვისებები, მათ შორის მოკრძალება. აგრეთვე ვხედავთ, რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ თვისებების უგულებელყოფამ (ფსალმ. 37:37; 1 კორ. 10:11).

11. რას ვსწავლობთ საულის მაგალითიდან?

11 განვიხილოთ მეფე საულის მაგალითი. თავიდან ის მოკრძალებული ახალგაზრდა იყო. მან კარგად იცოდა თავისი შესაძლებლობების ზღვარი და ფიქრობდა, რომ დიდი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ იყო (1 სამ. 9:21; 10:20—22). თუმცა გამეფებიდან მალევე ის გაკადნიერდა და იმის კეთება დაიწყო, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ერთხელ წინასწარმეტყველი სამუელის მოლოდინში საულმა მოთმინება დაკარგა. ნაცვლად იმისა, რომ მოკრძალება გამოევლინა და დალოდებოდა, როგორ იზრუნებდა იეჰოვა თავის ხალხზე, მან დასაწვავი შესაწირავი აღავლინა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. შედეგად, არა მარტო იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა, არამედ მეფობაც (1 სამ. 13:8—14). გონიერებას გამოვავლენთ, თუ ყურად ვიღებთ ამ გამაფრთხილებელ მაგალითს და არ გავკადნიერდებით.

12. როგორ გამოავლინა დანიელმა მოკრძალება?

12 საულისგან განსხვავებით, კარგ მაგალითს გვაძლევს წინასწარმეტყველი დანიელი. დანიელი სიცოცხლის ბოლომდე ღვთის თავმდაბალი და მოკრძალებული მსახური იყო. ის ყოველთვის იეჰოვას სთხოვდა ხელმძღვანელობას. მაგალითად, როცა იეჰოვას დახმარებით ნაბუქოდონოსორს სიზმარი აუხსნა, დანიელმა ეს საკუთარ თავს არ მიაწერა. პირიქით, მან მოკრძალებულად აღიარა, რომ ქება-დიდება მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდა (დან. 2:26—28). რას ვსწავლობთ აქედან? თუ კარგი ორატორული ნიჭით გამოვირჩევით ან წარმატებას ვაღწევთ მსახურებაში, რის გამოც ხშირად გვაქებენ, გვახსოვდეს, რომ დიდება იეჰოვას უნდა მივაგოთ. მოკრძალება გვჭირდება, ვაღიაროთ, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდით (ფილ. 4:13). როცა ასე ვიქცევით, გამოდის, რომ იესოსაც ვბაძავთ.

13. რას ვსწავლობთ იოანეს 5:19, 30-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან მოკრძალების შესახებ?

13 მართალია, ღვთის სრულყოფილი ძე იყო, მაგრამ იესო ყოველთვის იეჰოვაზე იყო მინდობილი (წაიკითხეთ იოანეს 5:19, 30). მას არასდროს უცდია, ზეციერ მამას შესცილებოდა ძალაუფლებაში. ფილიპელების 2:6-ში ვკითხულობთ, რომ იესოს „ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა“. იესომ, როგორც მორჩილმა შვილმა, კარგად იცოდა თავისი უფლებამოსილების ზღვარი და დიდ პატივს სცემდა მამის ძალაუფლებას.

იესომ კარგად იცოდა თავისი უფლებამოსილების ზღვარი და არასდროს სცდებოდა მას (იხილეთ აბზაცი 14).

14. როგორ მოიქცა იესო, როცა ისეთი რამ სთხოვეს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდებოდა?

14 გავიხსენოთ, რა უპასუხა იესომ თავის მოწაფეებს, იაკობსა და იოანეს, რომლებიც მასთან დედის თანხლებით მივიდნენ. მათ იესოს ისეთი რამ სთხოვეს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდებოდა. იესომ ყოყმანის გარეშე მიუგო, რომ მხოლოდ ზეციერი მამა წყვეტდა, ვინ დაჯდებოდა სამეფოში ღვთის ძის მარჯვნივ ან მარცხნივ (მათ. 20:20—23). აშკარაა, იესოს კარგად ესმოდა, რისი უფლებამოსილება ჰქონდა და რისი — არა. ის მოკრძალებული იყო და მამის სიტყვას არასდროს გადადიოდა (იოან. 12:49). რას გვასწავლის იესოს მაგალითი?

როგორ მივბაძოთ იესოს მოკრძალებაში? (იხილეთ აბზაცები 15, 16). *

15, 16. როგორ გვადგება 1 კორინთელების 4:6-ში ჩაწერილი რჩევა?

15 იესოს ვბაძავთ, როცა ვითვალისწინებთ 1 კორინთელების 4:6-ში ჩაწერილ ღვთიურ რჩევას: „არ გადახვიდეთ დაწერილს“. ასე რომ, როცა რჩევისთვის მოგვმართავენ, ვცდილობთ, სხვებს საკუთარი აზრები არ მოვახვიოთ თავს და დაუფიქრებლად არ მივცეთ რჩევა. ნაცვლად ამისა, რჩევას ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებზე ვაფუძნებთ, რადგან ვხვდებით, რომ ბევრი რამ არ გვესმის. ჩვენ მოკრძალებულად ვაღიარებთ, რომ მხოლოდ ყოვლისშემძლეს შეუძლია მოგვცეს საუკეთესო რჩევა (გამოცხ. 15:3, 4).

16 გარდა იმისა, რომ ჩვენი მოკრძალებით იეჰოვას განვადიდებთ, ამ თვისების გამოვლენას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. ახლა ვიმსჯელოთ, როგორ უწყობს ხელს თავმდაბლობა და მოკრძალება ჩვენს სიხარულს და როგორ გვეხმარება სხვებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში.

რა მხრივ წაგვადგება თავმდაბლობა და მოკრძალება?

17. რა მიზეზი აქვს თავმდაბალ და მოკრძალებულ ადამიანს სიხარულისთვის?

17 თავმდაბალ და მოკრძალებულ ადამიანს სიხარულის მეტი მიზეზი აქვს. როცა ადამიანს გაცნობიერებული აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი, მადლიერი და ბედნიერია, თუ მას ვინმე დახმარების ხელს უწვდის. მაგალითად, გავიხსენოთ იესოს მიერ განკურნებული ათი კეთროვანი. მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა იესოსთან მადლობის სათქმელად, რადგან კარგად ესმოდა, რომ ამ საშინელი დაავადებისგან თავისით ვერასდროს განიკურნებოდა. ეს თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი მადლიერი იყო მისთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის, რამაც ის ღვთის განდიდებისკენ აღძრა (ლუკ. 17:11—19).

18. როგორ გვეხმარება თავმდაბლობა და მოკრძალება სხვებთან საერთო ენის გამონახვაში? (რომაელები 12:10).

18 თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი ადვილად პოულობს საერთო ენას სხვებთან და მათთან მეგობრობა უადვილდება, რადგან არ უჭირს ადამიანების ნდობა და მათი კარგი თვისებების აღიარება. მას ახარებს სხვისი წარმატება, ქების სიტყვებს არ იშურებს და არ უჭირს პატივისცემის გამოხატვა (წაიკითხეთ რომაელების 12:10).

19. რატომ უნდა ვებრძოლოთ სიამაყეს?

19 ამაყი ადამიანი კი პირიქით, სხვებისთვის ვერ იმეტებს ქების სიტყვებს და ურჩევნია, მას აქებდნენ. ის სხვებს ადარებს თავს და ცდილობს, მათ თავი გადაამეტოს. ნაცვლად იმისა, რომ სხვას ესა თუ ის საქმე ასწავლოს და მიანდოს, თვლის, რომ საქმე მის გარეშე არ გაკეთდება. ამაყი ადამიანი, როგორც წესი, ამბიციური და შურიანია (გალ. 5:26). ასეთები დიდი ხნით ვერ ინარჩუნებენ მეგობრებს. თუ საკუთარ თავში სიამაყის ნიშნებს აღმოვაჩენთ, გულმხურვალედ ვთხოვოთ იეჰოვას, დაგვეხმაროს გონების განახლებაში, რათა ეს უარყოფითი თვისება ჩვენი ბუნების ნაწილი არ გახდეს (რომ. 12:2).

20. რას მოგვიტანს თავმდაბლობა და მოკრძალება?

20 რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვას სახით შეუდარებელი მაგალითი გვყავს! მისი თავმდაბლობა კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ ეპყრობა თავის მსახურებს. ამიტომ გვინდა, მივბაძოთ მას. გარდა ამისა, გვსურს, ვისწავლოთ იმ მოკრძალებული ადამიანებისგან, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. მოდი ყოველთვის მივაგოთ იეჰოვას დამსახურებული პატივი და დიდება (გამოცხ. 4:11). მაშინ ვერაფერი შეუშლის ხელს ჩვენს მეგობრობას ზეციერ მამასთან, რომელსაც თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანები უყვარს.

სიმღერა 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

^ აბზ. 5 ვისაც თავმდაბლობა ახასიათებს, გულმოწყალე და თანამგრძნობია. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვაც თავმდაბალია. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ გვასწავლის იეჰოვა თავმდაბლობას საკუთარი მაგალითით. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რას გვასწავლის მეფე საულის, წინასწარმეტყველი დანიელისა და იესოს მაგალითები მოკრძალებაზე.

^ აბზ. 58 სურათის აღწერა: უხუცესი ახალგაზრდა ძმას ასწავლის, როგორ გაანაწილოს კრების სამქადაგებლო უბნები. ის საშუალებას აძლევს მას, თავად გაართვას თავი დავალებას და ყველა ფეხის ნაბიჯს არ უკონტროლებს.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: და ეკითხება უხუცესს, მიზანშეწონილია თუ არა ქრისტიანისთვის, დაესწროს ეკლესიაში გამართულ საქორწილო ცერემონიას. უხუცესი საკუთარ აზრს კი არ ახვევს დას, არამედ ბიბლიური პრინციპებით მსჯელობს მასთან.