არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 34

თქვენ მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ ქრისტიანულ კრებაში!

თქვენ მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ ქრისტიანულ კრებაში!

„როგორც სხეულია ერთი, მაგრამ მრავალი ნაწილი აქვს, და სხეულის ყველა ნაწილი, თუმცა ბევრია, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც“ (1 კორ. 12:12).

სიმღერა 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ

მოკლე შინაარსი *

1. რა პატივი გვხვდა წილად?

ჩვენთვის უდიდესი პატივია იეჰოვას ორგანიზაციაში ყოფნა! ჩვენ სულიერ სამოთხეში მშვიდობისმოყვარე და ბედნიერი ხალხის მხარდამხარ ვემსახურებით ღმერთს. თქვენ თუ ხედავთ თქვენს ადგილს კრებაში?

2. რა მაგალითი მოიყვანა პავლემ თავის წერილებში?

2 კრებაში ჩვენი ადგილი უკეთ რომ დავინახოთ, განვიხილოთ პავლე მოციქულის მიერ მოყვანილი მაგალითი, რომელსაც თავის რამდენიმე ღვთივშთაგონებულ წერილში იყენებს. ის კრებას ადამიანის სხეულს ადარებს, ხოლო კრებაში თითოეულს — სხეულის ნაწილებს (რომ. 12:4—8; 1 კორ. 12:12—27; ეფეს. 4:16).

3. რომელ სამ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში განვიხილავთ იმ სამ მნიშვნელოვან მხარეს, რომელზეც პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითი გვიმახვილებს ყურადღებას. პირველი, გავიგებთ, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი * გვიკავია ქრისტიანულ კრებაში. მეორე, ვიმსჯელებთ, რა უნდა გავაკეთოთ, თუ კრებაში ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ. და მესამე, განვიხილავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, გულმოდგინედ ვაკეთოთ ის საქმე, რისი კეთებაც კრებისთვის შეგვიძლია.

ქრისტიანულ კრებაში ყველა თავის როლს ასრულებს

4. რას ვსწავლობთ რომაელების 12:4, 5-დან?

4 პირველი, რასაც სხეულის მაგალითზე ვსწავლობთ, ის არის, რომ ყველანი მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ქრისტიანულ კრებაში. პავლე თავის მაგალითს ასეთი სიტყვებით იწყებს: „ერთ სხეულში სხეულის ბევრი ნაწილი გვაქვს, მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება არა აქვს. თუმცა ბევრნი ვართ, ჩვენც ერთი სხეული ვართ ქრისტესთან ერთობაში, ცალ-ცალკე კი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით“ (რომ. 12:4, 5). რისი თქმა სურდა ამით მოციქულს? მართალია, კრებაში ყველას სხვადასხვა როლი გვაკისრია, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ღირებულ საქმეს ვასრულებთ.

კრებაში ყველას განსხვავებული, თუმცა მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია (იხილეთ აბზაცები 5—12). *

5. რა ძღვენი უბოძა იეჰოვამ ქრისტიანულ კრებას?

5 როცა კრებაში ვინმეს როლზე ვსაუბრობთ, პირველი, ალბათ, ხელმძღვანელი ძმები გვახსენდება (1 თეს. 5:12; ებრ. 13:17). ვიცით, რომ ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ კრებას უბოძა „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8). ამ ძღვენში იგულისხმებიან ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, მათი დამხმარეები, ფილიალის კომიტეტის წევრები, სარაიონო ზედამხედველები, თეოკრატიული სკოლების მასწავლებლები, კრების უხუცესები და მომსახურეები. ყველა ეს ძმა წმინდა სულით არის დანიშნული, რათა იეჰოვას ძვირფას ცხვარზე იზრუნონ და კრების განმტკიცებას შეუწყონ ხელი (1 პეტ. 5:2, 3).

6. პირველი თესალონიკელების 2:6—8-ის თანახმად, რისთვის იღვწიან წმინდა სულით დანიშნული ძმები?

6 წმინდა სულით დანიშნული ძმები სხვადასხვა პასუხისმგებლობას ასრულებენ. როგორც სხეულის სხვადასხვა ნაწილი, მაგალითად, ხელ-ფეხი დიდ სამსახურს უწევს მთელ სხეულს, ისე წმინდა სულით დანიშნული ძმებიც ბევრს შრომობენ მთელი კრების კეთილდღეობისთვის. თუმცა ამას თავის წარმოსაჩენად არ აკეთებენ. პირიქით, ცდილობენ, აღაშენონ და განამტკიცონ და-ძმები (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:6—8). მადლიერები ვართ იეჰოვასი ამ სულიერად მოაზროვნე და უანგარო ძმებისთვის.

7. რა კურთხევებით ხარობენ სრული დროით მსახურები?

7 კრებაში ზოგი შეიძლება მისიონერად, სპეციალურ პიონერად ან პიონერად მსახურობდეს. ფაქტია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ბევრი და-ძმა სრული დროით მონაწილეობს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში. ისინი ბევრს დაეხმარნენ ქრისტეს მოწაფედ გახდომაში. ხშირ შემთხვევაში სრული დროით მსახურებს არც ბევრი ფული აქვთ და არც ქონება, თუმცა იეჰოვასგან კურთხევები არ აკლიათ (მარ. 10:29, 30). ჩვენ გვიყვარს ეს ძვირფასი და-ძმები და გვიხარია, რომ კრებაში მათ მხარდამხარ ვმსახურობთ.

8. რატომ არის სასიხარულო ცნობის თითოეული მქადაგებელი ძვირფასი იეჰოვასთვის?

8 მხოლოდ პასუხისმგებელი ძმები და სრული დროით მსახურები ასრულებენ კრებაში მნიშვნელოვან როლს? რა თქმა უნდა, არა. სასიხარულო ცნობის თითოეული მქადაგებელი ძვირფასია ღვთისთვისაც და კრებისთვისაც (რომ. 10:15; 1 კორ. 3:6—9). კრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უფალ იესო ქრისტეს მოწაფეების მომზადებაა (მათ. 28:19, 20; 1 ტიმ. 2:4). კრებაში ყველა, მონათლული თუ მოუნათლავი მაუწყებელი, ცდილობს, რომ ამ საქმიანობას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს (მათ. 24:14).

9. რატომ ვაფასებთ ქრისტიან დებს?

9 იეჰოვა აფასებს ქრისტიან დებს და მათ მნიშვნელოვან საქმეს ანდობს კრებაში. მისთვის ძვირფასები არიან ის ცოლები, დედები, ქვრივები და დაუქორწინებელი დები, რომლებიც მას ერთგულად ემსახურებიან. ბიბლიაში არაერთი ღვთისმოშიში ქალის ისტორიას ვკითხულობთ. ღვთის სიტყვაში ისინი გონიერების, რწმენის, გულმოდგინების, სიმამაცის, გულუხვობისა და კარგი საქმეების მაგალითებად არიან წარმოდგენილი (ლუკ. 8:2, 3; საქ. 16:14, 15; რომ. 16:3, 6; ფილ. 4:3; ებრ. 11:11, 31, 35). მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ კრებაში მრავლად გვყავს ასეთი ძვირფასი თვისებებით შემკული დები.

10. რატომ ვაფასებთ ხანდაზმულებს?

10 კრებაში ბევრი ძვირფასი ხანდაზმული და-ძმაც გვყავს. ზოგმა მათგანმა მთელი ცხოვრება იეჰოვას მსახურებას მიუძღვნა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც არც ისე დიდი ხნის წინ გაიგეს ჭეშმარიტება. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენს ძვირფას ხანდაზმულებს ასაკის გამო ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან უწევთ გამკლავება; ამიტომაც ბევრის გაკეთება არ შეუძლიათ კრებასა თუ სამქადაგებლო საქმეში. მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად მონაწილეობენ მსახურებაში და მთელ თავიანთ ძალას სხვების გამხნევებასა და სწავლებას ახმარენ. მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ისინი ძვირფასები არიან იეჰოვასთვის და სილამაზის გვირგვინივით არიან კრებისთვის (იგავ. 16:31).

11, 12. როგორ გამხნევებენ კრებაში ახალგაზრდები?

11 რას ვიტყოდით ჩვენს ახალგაზრდებზე? ისინი ბევრ სირთულეს ხვდებიან ამ ქვეყნიერებაში, სადაც სატანის დამახინჯებული აზროვნებაა გაბატონებული (1 იოან. 5:19). ყველა ვმხნევდებით, როცა ვხედავთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ კრებაში, მსახურობენ და გაბედულად იცავენ თავიანთ მრწამსს. ახალგაზრდებო, თქვენ ნამდვილად ღირსეული ადგილი გიკავიათ ქრისტიანულ კრებაში (ფსალმ. 8:2).

12 თუმცა ზოგს ისეთი გრძნობა უჩნდება, რომ დიდად ვერაფერში ადგება კრებას. რა დაეხმარება მათ, თავიანთი როლი დაინახონ კრებაში? მოდი ვიმსჯელოთ ამაზე.

დაინახეთ თქვენი როლი კრებაში

13, 14. რატომ შეიძლება დაასკვნას ზოგმა, რომ კრებას ვერაფერში ადგება?

13 ვნახოთ, კიდევ რას ვსწავლობთ პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითიდან. ის ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება დღეს ბევრს აწუხებს. ზოგ ქრისტიანს უჭირს იმის დაჯერება, რომ კრებისთვის გამოსადეგია. პავლე წერს: „ფეხმა რომ თქვას, ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა. ან ყურმა რომ თქვას, თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა“ (1 კორ. 12:15, 16). რისი თქმა უნდოდა ამით მოციქულს?

14 თუ საკუთარ თავს კრებაში სხვებს შევადარებთ, შეიძლება გაგვიჭირდეს ჩვენი თავის სწორად შეფასება. კრებაში ზოგი დახელოვნებული მასწავლებელია, კარგი ორგანიზატორია ან კარგად გამოსდის სხვების გამხნევება. შესაძლოა ფიქრობთ, რომ თქვენ ამ სფეროებში მოიკოჭლებთ. ეს თქვენს თავმდაბლობასა და მოკრძალებულობაზე მეტყველებს (ფილ. 2:3). თუმცა, თუ არ იფრთხილებთ და მუდმივად თავს მათ შეადარებთ, ვინც რაიმე უნარით გამოირჩევა, უღირსობის გრძნობა დაგეუფლებათ. შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ კრებას საერთოდ ვერაფერში ადგებით. რა დაგეხმარებათ ასეთი აზროვნების მოშორებაში?

15. პირველი კორინთელების 12:4—11-ის თანახმად, როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენს უნარსა და შესაძლებლობებს?

15 ალბათ გახსოვთ, რომ იეჰოვამ პირველი საუკუნის ქრისტიანებს წმინდა სულით სასწაულებრივი ძღვენი უბოძა, თუმცა ყველას ერთნაირი ძღვენი არ მიუღია (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:4—11). მართალია, იეჰოვამ მათ განსხვავებული უნარი და შესაძლებლობები მისცა, მაგრამ თითოეული ქრისტიანი ძვირფასი იყო მისთვის. ფაქტია, დღეს ჩვენ არა გვაქვს წმინდა სულის სასწაულებრივი ძღვენი, მაგრამ ერთი რამ დღემდე უცვლელია: ჩვენი განსხვავებული უნარის მიუხედავად, ყველანი ძვირფასები ვართ იეჰოვასთვის.

16. რომელი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ?

16 ნაცვლად იმისა, რომ თანაქრისტიანებს შევადაროთ თავი, უმჯობესია გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებული რჩევა: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალ. 6:4).

17. როგორ წაგვადგება პავლეს რჩევა?

17 თუ გავითვალისწინებთ პავლეს ღვთივშთაგონებულ რჩევას და საკუთარ თავს დავაკვირდებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენც გვაქვს განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. მაგალითად, შეიძლება უხუცესი კარგი ორატორი არ არის, მაგრამ მოწაფეების მომზადების საქმე კარგად გამოსდის. შეიძლება ის სხვა უხუცესებთან შედარებით ორგანიზატორული ნიჭით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მზრუნველი მწყემსია, რომელთანაც და-ძმებს უადვილდებათ რჩევისთვის მისვლა. ან შეიძლება ეს უხუცესი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა (ებრ. 13:2, 16). თუ სათანადოდ ვაფასებთ ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებს, კმაყოფილებას მოგვანიჭებს ის, რასაც კრებისთვის ვაკეთებთ. ასეთ შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათი შეგვშურდეს, ვისაც განსხვავებული უნარი ან ნიჭი აქვს.

18. როგორ გავხდეთ უკეთესი მასწავლებლები?

18 რა როლსაც არ უნდა ვასრულებდეთ კრებაში, გვინდა, ყველამ გავაუმჯობესოთ მსახურების ხარისხი და დავხვეწოთ ჩვენი უნარები. საამისოდ იეჰოვას ორგანიზაციას შესანიშნავი სასწავლო პროგრამა აქვს შემუშავებული. მაგალითად, შუა კვირის შეხვედრაზე ვსწავლობთ, როგორ დავიხვეწოთ მსახურებაში. ცდილობთ, გამოიყენოთ ეს რჩევები?

19. რა შეიძლება დაგეხმაროთ, რომ სამეფოს მახარობელთა სკოლაში მოხვდეთ?

19 კიდევ ერთ შესანიშნავ სასწავლო პროგრამას სამეფოს მახარობელთა სკოლა გვთავაზობს. ამ სკოლაში სწავლა შეუძლიათ 23-დან 65 წლამდე ასაკის სრული დროით მსახურ და-ძმებს. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამ სკოლაში თქვენ ვერასდროს მოხვდებით. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ხელისშემშლელ მიზეზებზე გააკეთოთ აქცენტი, უმჯობესია იმაზე იფიქროთ, თუ რატომ გსურთ ამ სკოლაში სწავლა. შეიმუშავეთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში. იეჰოვას დახმარებითა და თქვენი დაუღალავი მცდელობით, ის, რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ, შეიძლება რეალობად იქცეს.

თქვენი უნარი კრების განსამტკიცებლად გამოიყენეთ

20. რას ვსწავლობთ რომაელების 12:6—8-დან?

20 მესამე, რასაც პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითიდან ვსწავლობთ, ჩაწერილია რომაელების 12:6—8-ში (წაიკითხეთ). აქ პავლე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კრებაში თითოეულს განსხვავებული ძღვენი აქვს. თუმცა ამჯერად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ყველამ თავისი ძღვენი კრების აღსაშენებლად და განსამტკიცებლად უნდა გამოიყენოს.

21, 22. რას ვსწავლობთ რობერტისა და ფელისისგან?

21 ახლა ვიმსჯელოთ ერთი უხუცესი ძმის, რობერტის * მაგალითზე. ის უცხო ქვეყანაში მსახურობდა, როცა თავისივე ქვეყნის ფილიალში დანიშნეს. ძმებმა არაერთხელ დაარწმუნეს, რომ ახალი დავალება იმიტომ არ მიუღია, რომ წინა დავალებას თავი ვერ გაართვა. მიუხედავად ამისა, აი რას ამბობს ის: „თვეების განმავლობაში ვერ ვერეოდი უარყოფით გრძნობებს. მეგონა, რომ საქმეში ვერ გამოვდექი. ის კი არა, ზოგჯერ ბეთელიდან წამოსვლაზეც ვფიქრობდი“. როგორ მოერია ის თავს? ერთ-ერთმა უხუცესმა იმაზე გაუმახვილა ყურადღება, რომ იეჰოვა წარსულში ჩვენთვის მოცემული ყოველი დავალებით ამჟამინდელი დავალების უკეთ შესრულებაში გვეხმარება. რობერტი მიხვდა, რომ წარსულით არ უნდა ეცხოვრა და მთელი ყურადღება იმაზე გადაეტანა, რისი გაკეთებაც ახლა შეეძლო.

22 მსგავს სირთულეს შეხვდა ძმა ფელის ეპისკოპო. მან და მისმა მეუღლემ 1956 წელს სკოლა „გალაადი“ დაამთავრეს და ბოლივიაში სარაიონო მსახურებას შეუდგნენ. 1964 წელს მათ ბავშვი შეეძინათ. ფელისი გვიყვება: „გაგვიჭირდა საყვარელი საქმისთვის თავის დანებება. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თითქმის ერთი წელი მივტიროდი ძველ დავალებას. მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევიცვალე დამოკიდებულება და სხვა თვალით შევხედე ჩემს, როგორც მშობლის, როლს“. ოდესმე თქვენც გიგრძნიათ თავი რობერტივით ან ფელისივით? გული ხომ არ გაგიტყდათ იმის გამო, რომ დღეს აღარ ასრულებთ ძველ დავალებას? თუ ასეა, აჯობებს, ყურადღება იმაზე გაამახვილოთ, დღეს რა შეგიძლიათ გააკეთოთ იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის. იაქტიურეთ და თქვენი უნარები და შესაძლებლობები სხვების საკეთილდღეოდ გამოიყენეთ. კრების განმტკიცება თქვენვე მოგანიჭებთ სიხარულს.

23. რაზე უნდა დავფიქრდეთ და რაზე ვიმსჯელებთ შემდეგ სტატიაში?

23 ჩვენ ყველანი ძვირფასები ვართ იეჰოვასთვის. მას სურს, თავის სულიერ ოჯახში გაგვაერთიანოს. თუ იმაზე ვიფიქრებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და-ძმების გასამხნევებლად და ამ მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ, ალბათ, აღარ გაგვიჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს კრებაში არ არის ჩვენი ადგილი. მაგრამ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვების მიმართ კრებაში? როგორ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული და პატივისცემა მათ მიმართ? ამ კითხვებზე შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ.

სიმღერა 24 ავიდეთ იეჰოვას მთაზე

^ აბზ. 5 თითოეულ ჩვენგანს გვინდა, იეჰოვასგან სიყვარულს ვგრძნობდეთ. თუმცა ხანდახან შეიძლება გვაეჭვებდეს, რამდენად გამოსადეგები ვართ მისთვის. ეს სტატია დაგვანახვებს, რომ ქრისტიანულ კრებაში თითოეულ ჩვენგანს მნიშვნელოვანი ადგილი გვიკავია.

^ აბზ. 3 განმარტება: ქრისტიანულ კრებაში ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულს შეგვაქვს წვლილი კრების გამხნევებასა და განმტკიცებაში. კრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს, ეროვნების, ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური სტატუსის, კულტურისა თუ განათლების დონის მიუხედავად.

^ აბზ. 21 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: სამ სურათზე ნაჩვენებია, რა ხდება კრებამდე, კრების მსვლელობისას და კრების შემდეგ. სურათი 1: უხუცესი გულთბილად ესალმება სტუმარს; ახალგაზრდა ძმა მიკროფონებს ამზადებს; ახალგაზრდა და ხანდაზმულ დას ესაუბრება. სურათი 2: ასაკის მიუხედავად ყველა მონაწილეობს „საგუშაგო კოშკის“ განხილვაში. სურათი 3: ცოლ-ქმარი სამეფო დარბაზს ალაგებს; დედა შვილს ეხმარება შესაწირავის გაღებაში; ერთი ძმა ლიტერატურაზე ზრუნავს, მეორე ძმა კი ასაკოვან დას ამხნევებს.