არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 33

გაიხარეთ იმით, რასაც იეჰოვასთვის აკეთებთ

გაიხარეთ იმით, რასაც იეჰოვასთვის აკეთებთ

„ჯობია, იმით იხარო, რასაც ხედავ, ვიდრე ის მოისურვო, რასაც ვერ მიიღებ“ (ეკლ. 6:9).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

მოკლე შინაარსი *

1. როგორ ცდილობს ბევრი, მეტი აკეთოს იეჰოვასთვის?

 ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი (მათ. 24:14; ლუკ. 10:2; 1 პეტ. 5:2). ამიტომ გვინდა, იეჰოვას საქმისთვის თავი არ დავზოგოთ. მრავალი ცდილობს მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობას. ზოგი მიზნად ისახავს პიონერობას, ბეთელში მსახურებას ან თეოკრატიული შენობების მშენებლობაში მონაწილეობას. მრავალი ძმა ცდილობს, მომსახურე ან უხუცესი გახდეს (1 ტიმ. 3:1, 8). წარმოიდგინეთ, როგორ სიამოვნებს იეჰოვას, როცა თავის ხალხში ასეთ მზადყოფნას ხედავს (ფსალმ. 110:3; ეს. 6:8).

2. რა გრძნობა შეიძლება დაგვეუფლოს, თუ ზოგიერთ სულიერ მიზანს ვერ ვაღწევთ?

2 შეიძლება გადის დრო და ვერა და ვერ ვაღწევთ ზოგ სულიერ მიზანს, რის გამოც გული გვწყდება. შეიძლება გულს ისიც გვიტეხს, რომ ასაკისა თუ სხვა გარემოებების გამო გარკვეული მიზნები მიუღწეველი გვრჩება (იგავ. 13:12). ასე მოხდა მელისას * შემთხვევაში. მას ძალიან უნდოდა, ბეთელში ემსახურა ან სამეფოს მახარობელთა სკოლაში ესწავლა. ის აღნიშნავს: „ამის საშუალებას უკვე ასაკი აღარ მაძლევს. ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებად დამრჩა. ზოგჯერ გული მწყდება, როცა ამაზე ვფიქრობ“.

3. რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი პასუხისმგებლობების მისაღებად?

3 ზოგს, ვინც ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსეა, შეიძლება დრო დასჭირდეს, რომ უფრო მოწიფული გახდეს და ისეთი თვისებები გამოიმუშაოს, რომლებიც დამატებითი პასუხისმგებლობების ასაღებად გამოადგება. შეიძლება ისინი გონიერები და მონდომებულები არიან და გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირთ, მაგრამ მათ ჯერ დრო სჭირდებათ, რომ უფრო მომთმენები და თავაზიანები გახდნენ და საქმესაც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. თუ სათანადო თვისებებს გამოიმუშავებთ, შეიძლება თქვენთვის სრულიად მოულოდნელად მიიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობები. განვიხილოთ ნიკის მაგალითი. 20 წლის ასაკში მას ძალიან გაუცრუვდა იმედი, რადგან მომსახურედ არ დაინიშნა. „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო“, — ამბობს ის. მაგრამ ნიკს ხელი არ ჩაუქნევია. მან აქცენტი იმაზე გააკეთა, თუ რისი გაკეთება შეეძლო მოცემულ სიტუაციაში. ამჟამად ის ერთ-ერთი ფილიალის კომიტეტში მსახურობს.

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 გული ხომ არ გწყდებათ იმის გამო, რომ ჯერაც ვერ მიაღწიეთ დასახულ სულიერ მიზანს? თუ ასეა, თქვენი გულისტკივილი იეჰოვას გაუზიარეთ (ფსალმ. 37:5—7). გარდა ამისა, მოწიფულ და-ძმებსაც ჰკითხეთ, როგორ დაიხვეწოთ მსახურებაში და შეეცადეთ, გაითვალისწინოთ მათი რჩევა. ეს შეიძლება დაგეხმაროთ დამატებითი პასუხისმგებლობის მიღებაში ან დასახული მიზნის მიღწევაში. მაგრამ, როგორც ზემოხსენებული მელისას შემთხვევიდანაც გამოჩნდა, ზოგიერთი სულიერი მიზანი შეიძლება ამ ეტაპზე ჩვენთვის მიუღწეველი იყოს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს სიხარულის შენარჩუნებაში? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, განვიხილოთ 3 საკითხი: 1) რამ უნდა მოგვანიჭოს სიხარული? 2) რა შეგვმატებს სიხარულს? და 3) როგორ შეგვიწყობს ამაში ხელს რეალური მიზნების დასახვა?

რამ უნდა მოგვანიჭოს სიხარული?

5. რაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, სიხარული რომ ვიგრძნოთ? (ეკლესიასტე 6:9).

5 ეკლესიასტეს 6:9-ში ჩაწერილი პრინციპიდან კარგად ჩანს, როგორი ხედვაა საჭირო სიხარულის შესანარჩუნებლად (წაიკითხეთ). თუ ადამიანი იმით ხარობს, „რასაც ხედავს“, მაშასადამე კმაყოფილია იმით, რაც მოცემულ სიტუაციაში აქვს. მაგრამ მეორე მხრივ, თუ ადამიანს ის სურს, რასაც ვერ მიიღებს, ვერასდროს იქნება კმაყოფილი. რას გვასწავლის ეს ჩვენ? თუ გვინდა, სიხარული ვიგრძნოთ, ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რაც გვაქვს და რისი მიღწევაც რეალურად შეგვიძლია.

6. რომელ იგავს განვიხილავთ და რაზე გავამახვილებთ ყურადღებას?

6 რამდენად რეალურია, ყოველთვის კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, როგორც წესი, ადამიანი მუდმივად ეძებს ახალ-ახალ გამოწვევებს ცხოვრებაში? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს სავსებით რეალურია. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს, არამედ ვიხაროთ კიდეც ამით. რა დაგვეხმარება ამაში? პასუხს იესოს იგავი გაგვცემს ტალანტებზე, რომელიც ჩაწერილია მათეს 25:14—30-ში. ეს იგავი დაგვანახვებს, როგორ ვპოვოთ სიხარული მოცემულ სიტუაციაში და როგორ გავიორკეცოთ ეს გრძნობა.

რა შეგვმატებს სიხარულს?

7. მოკლედ გადმოეცით იესოს იგავის შინაარსი.

7 იგავში მოთხრობილია ერთი კაცის შესახებ, რომელიც სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე თავისთან იბარებს მონებს და თითოეულს განსხვავებული რაოდენობის ტალანტებს * აძლევს, რათა ბრუნვაში გაუშვან და დამატებითი თანხა მოიგონ. ბატონმა მათი უნარისდა მიხედვით ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, მესამეს კი — ერთი. პირველმა ორმა მონამ საგულდაგულოდ დაიწყო მიბარებული თანხის სწორად განკარგვა, მესამე მონამ კი ეს თანხა ბრუნვაში არ გაუშვა, რის გამოც ბატონმა ის დაითხოვა.

8. რას შეიძლება გაეხარებინა იგავში მოხსენიებული პირველი მონა?

8 წარმოიდგინეთ, რამდენად დაფასებულად იგრძნობდა თავს პირველი მონა, რომელსაც ბატონმა ხუთი ტალანტი მიანდო. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ბატონი დიდ ნდობას უცხადებდა მას. რაც შეეხება მეორე მონას, მას შეიძლება გული დასწყვეტოდა, რადგან იმდენივე ტალანტი არ მიენდო, რამდენიც პირველ მონას. მაგრამ როგორი რეაქცია ჰქონდა მას?

რისი სწავლა შეგვიძლია იესოს იგავში მოხსენიებული მეორე მონისგან? 1) ბატონმა მას ორი ტალანტი მისცა. 2) მან ბევრი იშრომა, რომ თავის ბატონს მეტი მოგება ენახა. 3) მან გააორმაგა ბატონის მიერ მიცემული ტალანტები (იხილეთ აბზაცები 9—11).

9. რა არ უთქვამს იესოს მეორე მონის შესახებ? (მათე 25:22, 23).

9 წაიკითხეთ მათეს 25:22, 23. იესოს არ უთქვამს, რომ მეორე მონა განაწყენდა და დანაღვლიანდა იმის გამო, რომ მხოლოდ ორი ტალანტი მიიღო. ამ მონას არ დაუჩივლია და არ უთქვამს: „ნუთუ ამაზე მეტს არ ვიმსახურებდი?! რით მჯობია ის მონა, რომელსაც ხუთი ტალანტი მისცეს?! თუ ჩემი ბატონი არ მაფასებს, ავდგები, ჩავფლავ მიწაში ამ ორ ტალანტს და ჩემს საქმეს მივხედავ“.

10. როგორ მოიქცა ორი ტალანტის მქონე მონა?

10 პირველი მონის მსგავსად მეორე მონაც მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა დავალებას და თავდაუზოგავად იშრომა ბატონისთვის. შედეგად, მან გააორმაგა მიბარებული ორი ტალანტი. მონას შრომა და გულმოდგინება დაუფასდა. ბატონმა არა მარტო გაიხარა მისი შედეგით, არამედ უფრო მეტი მიანდო.

11. რა შეგვმატებს სიხარულს?

11 თუ ჩვენც გულმოდგინედ შევასრულებთ ნებისმიერ დავალებას იეჰოვასთვის, ჩვენი სიხარულიც გაორმაგდება. მთლიანად ჩაებით სამქადაგებლო საქმიანობაში და კრების საქმეებში (საქ. 18:5; ებრ. 10:24, 25). მოემზადეთ კრებისთვის, რომ გამამხნევებელი კომენტარები გააკეთოთ. მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ დავალებას, რომელიც შუა კვირის შეხვედრაზე გეძლევათ. თუ ძმები რაიმე საქმეს მოგანდობენ, შეეცადეთ, რომ პუნქტუალური იყოთ და ხარისხიანად შეასრულოთ ყველაფერი. რაც არ უნდა დაგავალონ, ზერელედ ნუ მოეკიდებით საქმეს და ნუ იფიქრებთ, რომ ამისთვის თქვენი მოცდენა არ ღირდა. შეეცადეთ, დავალებულ საქმეში უფრო დახელოვნდეთ (იგავ. 22:29). რაც უფრო მეტ გულმოდგინებას გამოიჩენთ სულიერი საქმეებისა და თეოკრატიული დავალებების შესრულებაში, მით უფრო სწრაფად წაიწევთ სულიერად წინ და თქვენი სიხარულიც ერთიორად გაიზრდება (გალ. 6:4). გარდა ამისა, არც ის გაგიჭირდებათ, რომ გაიზიაროთ სხვების სიხარული მაშინაც კი, თუ თქვენთვის სასურველ დავალებას ისინი მიიღებენ (რომ. 12:15; გალ. 5:26).

12. რა ნაბიჯები გადადგეს მელისამ და ნიკმა, რომ მეტი სიხარულით ემსახურათ?

12 ალბათ, გახსოვთ ზემოხსენებული მელისა, რომელსაც ბეთელში მსახურება ან სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლა სურდა. მართალია, მან ვერ აისრულა გულის წადილი, მაგრამ ის ამბობს: „ვცდილობ, აქტიურად ვიყო ჩაბმული პიონერულ მსახურებაში და ქადაგების სხვადასხვა მეთოდი მოვსინჯო. ეს დიდ სიხარულს მანიჭებს“. რაც შეეხება ნიკს, მოდი გავიგოთ, როგორ დაძლია მან იმედგაცრუება, როცა მომსახურედ არ დაინიშნა. „ყურადღება იმ საქმეზე გადავიტანე, რისი კეთებაც შემეძლო. ვცდილობდი, აქტიურად მემსახურა და კრებაზე შინაარსიანი კომენტარები გამეკეთებინა. ბეთელის ბლანკიც შევავსე და მომდევნო წელს მიმიწვიეს კიდეც“, — ამბობს ნიკი.

13. რა იქნება შედეგი, თუ გულმოდგინედ შევასრულებთ დაკისრებულ საქმეს? (ეკლესიასტე 2:24).

13 თუ გულმოდგინედ შევასრულებთ დაკისრებულ დავალებას, შესაძლოა მომავალში მეტი პასუხისმგებლობა მოგვანდონ, როგორც ეს ნიკის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს და ვერ ავისრულოთ გულის წადილი, მაინც შეგვიძლია ვიგრძნოთ მეტი სიხარული და კმაყოფილება იმით, რასაც იეჰოვას მსახურებაში ვაკეთებთ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 2:24). სიხარულს იმის ცოდნაც მოგვანიჭებს, რომ ჩვენი გულმოდგინებით ჩვენს ბატონს, იესო ქრისტეს, ვუხარებთ გულს.

როგორ შეუწყობს ჩვენს სიხარულს ხელს რეალური მიზნების დასახვა?

14. რა უნდა გვახსოვდეს, როცა სულიერ მიზნებს ვისახავთ?

14 ჩვენს ახლანდელ დავალებაზე მთელი ყურადღების გადატანა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსახურებაში ახალი მეთოდების მოსინჯვაზე აღარ ვიფიქროთ. კარგი იქნება, თუ ისეთ მიზნებს დავისახავთ, რომლებიც უკეთეს მქადაგებლებად და მასწავლებლებად გვაქცევს და და-ძმებისთვისაც უფრო გამოსადეგს გაგვხდის. ასეთ მიზნებს მაშინ მივაღწევთ, თუ საკუთარ თავზე კი არა, სხვებზე ვიქნებით ორიენტირებული (იგავ. 11:2; საქ. 20:35).

15. რომელი მიზნების დასახვა შეგმატებთ სიხარულს?

15 რა მიზნები შეგიძლიათ დაისახოთ? სთხოვეთ იეჰოვას, თქვენი თავი სწორად შეგაფასებინოთ და რეალური მიზნების დასახვაში დაგეხმაროთ (იგავ. 16:3; იაკ. 1:5). ხომ არ შეგიძლიათ  პირველ აბზაცში მოხსენიებული რომელიმე მიზნის დასახვა, მაგალითად, დამხმარე პიონერობა, ბეთელში მსახურება ან თეოკრატიული პროექტების მშენებლობაში მონაწილეობა? ან იქნებ იმის შესაძლებლობა გაქვთ, რომ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად ახალი ენა შეისწავლოთ ან უცხოენოვან ტერიტორიაზე გადახვიდეთ მსახურების გასაფართოებლად. ასეთი მიზნების დასახვაში დაგეხმარებათ წიგნის „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“ მე-10 თავი. გარდა ამისა, რჩევა შეგიძლიათ კრების უხუცესებსაც ჰკითხოთ. * თუ ასეთ მიზნებს დაისახავთ და ყველაფერს გააკეთებთ მათ მისაღწევად, თქვენი წარმატება ყველასთვის ცხადი გახდება და უფრო მეტ სიხარულსაც იგრძნობთ.

16. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ამ სტატიაში განხილული რომელიმე მიზნის მისაღწევად მდგომარეობა ხელს არ გიწყობთ?

16 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მდგომარეობა ხელს არ გიწყობთ, რომ ზემოხსენებული რომელიმე მიზანი დაისახოთ? შეგიძლიათ თქვენთვის რეალურ სხვა მიზნებზე იფიქროთ. განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს ეს.

რა მიზანი შეგიძლიათ დაისახოთ? (იხილეთ აბზაცი 17). *

17. პირველი ტიმოთეს 4:13, 15-ის თანახმად, რა უნდა გააკეთოს ძმამ, რომ უკეთესი მასწავლებელი გახდეს?

17 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:13, 15. თუ მონათლული ძმა ხართ, ალბათ ცდილობთ, მომხსენებლისა და მასწავლებლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განივითაროთ. თუ შეეცდებით, კარგი წამკითხველი, მომხსენებელი და მასწავლებელი გახდეთ, მსმენელის გულამდე მიიტანთ სათქმელს. მიზნად დაისახეთ, რომ კარგად შეისწავლოთ და გამოიყენოთ ბროშურაში „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“ მოცემული რჩევები. გულმოდგინედ შეისწავლეთ თითოეული გაკვეთილი, ივარჯიშეთ და ნასწავლი დავალებებით გამოსვლის დროს გამოიყენეთ. შეგიძლიათ აზრი დამხმარე მრჩეველს * და სხვა უხუცესებს ჰკითხოთ, რომლებიც „სიტყვისა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“ (1 ტიმ. 5:17). თქვენი მიზანი მხოლოდ ის კი არ უნდა იყოს, რომ სწავლების საქმეში დაიხვეწოთ, არამედ რწმენა განუმტკიცოთ თქვენს მსმენელს და კარგი საქმეებისკენ წაახალისოთ. ამგვარად, თქვენც მეტ სიხარულს იგრძნობთ და და-ძმებიც.

რა მიზანი შეგიძლიათ დაისახოთ? (იხილეთ აბზაცი 18). *

18. რა დაგვეხმარება, რომ დავიხვეწოთ მსახურებაში?

18 ქადაგება და მოწაფეების მომზადება თითოეული ჩვენგანის დავალებაა (მათ. 28:19, 20; რომ. 10:14). გსურთ, დაიხვეწოთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში? მიზნად დაისახეთ, შეისწავლოთ ბროშურა „კითხვა და სწავლება“ და გამოიყენოთ მასში მოცემული რჩევები. შუა კვირის შეხვედრაზე განხილული რჩევები და საუბრის ნიმუშის ვიდეოები შეიძლება თქვენთვის პრაქტიკული აღმოჩნდეს. მოსინჯეთ სხვადასხვა მეთოდი და თავად ნახავთ, რომელი ამართლებს ყველაზე მეტად თქვენს ტერიტორიაზე. ამ რჩევების გათვალისწინება უკეთეს მასწავლებლად და მქადაგებლად გაქცევთ, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტ სიხარულსა და ხალისს შეგმატებთ (2 ტიმ. 4:5).

რა მიზანი შეგიძლიათ დაისახოთ? (იხილეთ აბზაცი 19). *

19. რა დაგეხმარებათ ქრისტიანული თვისებების დახვეწაში?

19 მიზნების დასახვისას მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ ყველაზე მთავარი — ქრისტიანული თვისებების დახვეწა (გალ. 5:22, 23; კოლ. 3:12; 2 პეტ. 1:5—8). რა დაგეხმარებათ ამაში? მაგალითად, თუ მიზნად რწმენის გაძლიერება დაისახეთ, კარგი იქნება, გამოიკვლიოთ სტატიები, რომლებიც რწმენის განმტკიცებას ეხება, სადაც არაერთი პრაქტიკული რჩევაა მოცემული. აგრეთვე შეგიძლიათ უყუროთ JW მაუწყებლობის® ყოველთვიური პროგრამის სხვადასხვა სიუჟეტს იმ და-ძმების შესახებ, რომლებმაც განსაცდელების მიუხედავად ძლიერი რწმენა შეინარჩუნეს. შემდეგ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათი რწმენის მაგალითს.

20. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მეტი სიხარული ვიგრძნოთ და ვძლიოთ იმედგაცრუებას?

20 უდავოა, თითოეულ ჩვენგანს გვსურს, რომ იეჰოვასთვის უფრო მეტი ვაკეთოთ. ახალ ქვეყნიერებაში ამის უამრავი შესაძლებლობა მოგვეცემა. მანამდე კი მოდი ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ მეტი სიხარულით ვაკეთოთ ჩვენი საქმე და გასაქანი არ მივცეთ იმედგაცრუებას. რაც ყველაზე მთავარია, ამგვარად პატივს მივაგებთ და განვადიდებთ იეჰოვას, ჩვენს ბედნიერ ღმერთს (1 ტიმ. 1:11). ამიტომ მოდი გავიხაროთ იმით, რასაც იეჰოვასთვის ვაკეთებთ!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 82 „თქვენი სინათლეც ანათებდეს“

^ აბზ. 5 ჩვენ ძალიან გვიყვარს იეჰოვა და გვინდა, მაქსიმალურად დავიხარჯოთ მის მსახურებაში. სწორედ ეს გვიბიძგებს, მსახურების სხვადასხვა ფორმა მოვსინჯოთ და კრებაში დამატებითი პასუხისმგებლობებისკენ ვისწრაფოთ. მაგრამ არის მიზნები, რომლებსაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად ვერასდროს მივაღწევთ. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? როგორ გავაგრძელოთ აქტიურად მსახურება ისე, რომ სიხარული არ დავკარგოთ? ამაზე პასუხს გაგვცემს იესოს იგავი ტალანტების შესახებ.

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 7 განმარტება: ტალანტი მუშის დაახლოებით 20 წლის გასამრჯელოს უდრიდა.

^ აბზ. 15 კარგი იქნება, თუ მონათლული ძმები მიზნად დაისახავენ მომსახურეებად ან უხუცესებად მსახურებას. თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ეს ძმები, განიხილება წიგნის „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“ მე-5 და მე-6 თავებში.

^ აბზ. 17 განმარტება: დამხმარე მრჩეველი არის უხუცესი, რომლის პასუხისმგებლობაშიც შედის პირადად მისცეს რჩევები უხუცესებსა და მომსახურეებს, რომლებიც მოხსენებებით ან სხვა დავალებებით გამოდიან კრების შეხვედრებზე.

^ აბზ. 64 სურათის აღწერა: ძმა იკვლევს პუბლიკაციებს, რომ გაუმჯობესდეს, როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებელი.

^ აბზ. 66 სურათის აღწერა: და მიზნად ისახავს, რომ არაფორმალურ სიტუაციებშიც იქადაგოს. ის საკონტაქტო ბარათს სთავაზობს მიმტანს, რომელიც მას ემსახურება.

^ აბზ. 68 სურათის აღწერა: და ცდილობს, უფრო გულუხვი იყოს სხვების მიმართ, ამიტომ თანაქრისტიანთან ხელდამშვენებული მიდის.