არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 30

დააფასეთ თქვენი ადგილი იეჰოვას ოჯახში

დააფასეთ თქვენი ადგილი იეჰოვას ოჯახში

„ღვთის მსგავსებზე ოდნავ დაბლა დააყენე იგი და დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი“ (ფსალმ. 8:5, სქ.).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

მოკლე შინაარსი *

1. რა გრძნობა გვეუფლება, როცა იეჰოვას შექმნილ დიდებულ სამყაროზე ვფიქრობთ?

როცა იეჰოვას შექმნილ უკიდეგანო სამყაროზე ვფიქრობთ, შესაძლოა ისეთივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც ფსალმუნმომღერალ დავითს, რომელიც ლოცვაში ასე მიმართავდა იეჰოვას: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: ვინ არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს, ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?!“ (ფსალმ. 8:3, 4). შეიძლება დავითივით ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ ერთი პაწაწინა ნამცეცივით ვართ ამ სამყაროში და გვაოცებს ის ფაქტი, რომ იეჰოვა საერთოდ გვამჩნევს; მაგრამ როგორც დავინახავთ, იეჰოვამ არა მარტო ყურადღების ღირსად ჩათვალა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, არამედ ოჯახის წევრებადაც მიიღო.

2. რა ჰქონდა იეჰოვას განზრახული თავისი პირველი მიწიერი შვილებისთვის?

2 ადამი და ევა იეჰოვას პირველი მიწიერი შვილები იყვნენ და შესაბამისად, იეჰოვა მათი მოსიყვარულე ზეციერი მამა იყო. მან პირველ წყვილს შემდეგი დავალება მისცა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბ. 1:28). ისინი უნდა გამრავლებულიყვნენ და ეზრუნათ დედამიწაზე. თუ იეჰოვას დაემორჩილებოდნენ და ხელს შეუწყობდნენ მისი განზრახვის განხორციელებას, ადამი და ევა თავიანთ შთამომავლებთან ერთად სამარადისოდ იეჰოვას ოჯახის წევრებად დარჩებოდნენ.

3. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ადამსა და ევას ღირსეული ადგილი ეკავათ იეჰოვას ოჯახში?

3 ადამსა და ევას ღირსეული ადგილი ეკავათ იეჰოვას ოჯახში. დავითი კარგად აღგვიწერს, რა ღირსებებით შეამკო ღმერთმა ადამიანი შექმნისთანავე: „[ანგელოზებზე] ოდნავ დაბლა დააყენე იგი და დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი“ (ფსალმ. 8:5). მართალია, ადამიანები ანგელოზებს ძალით, ინტელექტითა თუ შესაძლებლობებით ვერ უტოლდებიან, მაგრამ დიდად არ ჩამოუვარდებიან მათ, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ისინი ამ ძლიერ სულიერ ქმნილებებზე „ოდნავ დაბლა“ დგანან (ფსალმ. 103:20). წარმოიდგინეთ, რა დიდებულად შექმნა იეჰოვამ პირველი ადამიანები!

4. რა შედეგები მოუტანა კაცობრიობას ადამისა და ევას ურჩობამ და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 სამწუხაროდ, ადამი და ევა არ გაუფრთხილდნენ თავიანთ ადგილს იეჰოვას ოჯახში. შედეგად, მათ ბევრი უბედურება დაატეხეს თავიანთ შთამომავლებს, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ. მაგრამ იეჰოვას განზრახვა ამის გამო არ შეცვლილა. მას სურს, რომ მორჩილი ადამიანები მის შვილებად იწოდებოდნენ, თანაც მარადიულად. განვიხილოთ, საიდან ჩანს, რომ ადამიანები დაფასებული არიან იეჰოვას თვალში. აგრეთვე ვიმსჯელოთ, დღეს რითი შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვინდა, იეჰოვას ოჯახის წევრები ვიყოთ. ბოლოს კი ვისაუბროთ იმ კურთხევებზე, რომლებიც იეჰოვას მიწიერ შვილებს ელით მარადიულად.

საიდან ჩანს, რომ ადამიანები დაფასებული არიან იეჰოვას თვალში

საიდან ჩანს, რომ იეჰოვა გვაფასებს? (იხილეთ აბზაცები 5—11). *

5. როგორ გამოვხატოთ იეჰოვასადმი მადლიერება იმისათვის, რომ თავის მსგავსებად შეგვქმნა?

5იეჰოვამ თავის მსგავსებად შეგვქმნა (დაბ. 1:26, 27). ჩვენც, ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანებს, შეგვიძლია გამოვავლინოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, თანაგრძნობა, ერთგულება და სამართლიანობა (ფსალმ. 86:15; 145:17). თუ ამ თვისებებს ვივითარებთ, პატივს მივაგებთ იეჰოვას და მისადმი მადლიერებას გამოვხატავთ (1 პეტ. 1:14—16). ამგვარად, ღმერთსაც ვუხარებთ გულს და ჩვენც ბედნიერი და კმაყოფილებით სავსე ცხოვრება გვაქვს. ვინაიდან იეჰოვამ თავის მსგავსებად შეგვქმნა, იმის პოტენციალიც ჩადო ჩვენში, რომ მისი ოჯახის ღირსეული წევრები ვიყოთ.

6. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ღმერთმა ადამიანებისთვის იდეალური საცხოვრებელი პირობები შექმნა?

6იეჰოვამ საცხოვრებლად იდეალური პირობები შეგვიქმნა. პირველი ადამიანის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, იეჰოვამ დედამიწა ადამიანებისთვის საცხოვრებლად მოამზადა (იობ. 38:4—6; იერ. 10:12). ვინაიდან ის მოსიყვარულე და გულუხვი ღმერთია, არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ ადამიანები სიცოცხლით დამტკბარიყვნენ (ფსალმ. 104:14, 15, 24). როცა იეჰოვა დააკვირდა თავის შემოქმედებას, თქვა, რომ ყველაფერი კარგი იყო (დაბ. 1:10, 12, 31). ღმერთმა ადამიანს იმითაც დასდო პატივი, რომ დედამიწაზე ყველა სხვა ქმნილებაზე გააბატონა (ფსალმ. 8:6). მას სურს, რომ სრულყოფილმა ადამიანებმა მარადიულად იზრუნონ მის საუცხოო ქმნილებებზე და ეს სიამოვნებას ანიჭებდეთ. განა ყოველთვის არ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რომ ასეთ დიდებულ მომავალს გვპირდება?!

7. როგორ ჩანს იესო ნავეს ძის 24:15-დან, რომ ადამიანი დაჯილდოებულია ნების თავისუფლებით?

7იეჰოვამ ნების თავისუფლება გვიბოძა. ჩვენ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ ცხოვრების კურსი (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 24:15). ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვაქვს ნების თავისუფლება. ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს გულს უხარებს, როცა ნებაყოფლობით ვირჩევთ მის მსახურებას (ფსალმ. 84:11; იგავ. 27:11). ნების თავისუფლება იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ სხვა სფეროებშიც გავაკეთოთ სწორი არჩევანი. მოდი ვისაუბროთ, ამ მხრივ რა მაგალითს გვაძლევს იესო.

8. როგორ იყენებდა იესო ნების თავისუფლებას? მოიყვანეთ მაგალითი.

8 როცა საქმე არჩევანზე მიდგებოდა, იესო სხვის ინტერესებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა. ერთხელ მან და მისმა მოციქულებმა დაღლილობის გამო მყუდრო ადგილს დაუწყეს ძებნა. მაგრამ დასვენება არ დასცალდათ, რადგან ბევრმა შეიტყო მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ხალხს ერთი სული ჰქონდა, მოესმინა იესოს ქადაგებისთვის. მათ დანახვაზე იესო არ გაღიზიანებულა, პირიქით, სიბრალულით აღძრულმა ბევრი რამ ასწავლა მათ (მარ. 6:30—34). როცა იესოს მსგავსად ჩვენს დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ სხვების დასახმარებლად, დიდებას მივაგებთ ჩვენს ზეციერ მამას (მათ. 5:14—16). ამით იმასაც ვაჩვენებთ, რომ გვსურს, იეჰოვას ოჯახის წევრები გავხდეთ.

9. რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს?

9იეჰოვამ ადამიანებს შვილების ყოლის უნარი მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა, რომ მათთვის ღვთის სიყვარული და მისი მსახურების სურვილი ჩაენერგათ. თუ მშობელი ხართ, აფასებთ ამ განსაკუთრებულ ძღვენს? მართალია, იეჰოვამ ანგელოზები მრავალი არაჩვეულებრივი უნარით აღჭურა, მაგრამ მათთვის შვილების ყოლის უნარი არ მიუცია. ასე რომ, მშობლებო, დააფასეთ ეს ძვირფასი ძღვენი — შვილების ყოლისა და მათი აღზრდის პატივი. იეჰოვამ მშობლებს უდიდესი ნდობა გამოუცხადა, როცა შვილების მის მოსაწონად აღზრდისა და დარიგების პასუხისმგებლობა მიანდო (ეფეს. 6:4; კან. 6:5—7; ფსალმ. 127:3). ამ საპასუხისმგებლო საქმეს მშობლებმა თავი კარგად რომ გაართვან, ღვთის ორგანიზაცია დიდ დახმარებას უწევს მათ ბიბლიური პუბლიკაციების, ვიდეოების, სიმღერებისა და ონლაინსტატიების მეშვეობით. აშკარაა, რომ იეჰოვასაც და იესოსაც უყვართ ბავშვები (ლუკ. 18:15—17). იეჰოვა ხარობს, როცა მშობლები მას ენდობიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ ძვირფას შვილებზე იზრუნონ. ასეთი მშობლები საშუალებას აძლევენ შვილებს, რომ იეჰოვას ოჯახის წევრები გახდნენ მარადიულად.

10, 11. რისი შესაძლებლობა მისცა ღმერთმა ადამიანებს გამოსასყიდის მეშვეობით?

10იეჰოვამ თავისი უძვირფასესი ძე გაიღო, რათა ადამიანები მის ოჯახში კვლავ დაბრუნებულიყვნენ. როგორც მეოთხე აბზაცში აღვნიშნეთ, ადამმა და ევამ თავადაც დაკარგეს იეჰოვას ოჯახში ყოფნის პატივი და ამის შესაძლებლობა თავიანთ შთამომავლებსაც წაართვეს (რომ. 5:12). რაკი ისინი შეგნებულად ეურჩნენ ღმერთს, მის ოჯახში აღარ დაედგომებოდათ. მაგრამ რა ეშველებოდათ მათ შთამომავლებს? იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ ღირსეულები კვლავ მიეღო თავის ოჯახში. ეს კი იმით გახდა შესაძლებელი, რომ მან თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, გაიღო მსხვერპლად (იოან. 3:16; რომ. 5:19). სწორედ იესოს გამოსასყიდის საფუძველზე იშვილა იეჰოვამ 144 000 ერთგული ადამიანი (რომ. 8:15—17; გამოცხ. 14:1).

11 გარდა ამისა, მილიონობით ადამიანს, რომლებიც ბოლომდე უერთგულებენ იეჰოვას, ათასწლიანი მმართველობის დასასრულს, საბოლოო გამოცდის შემდეგ, ღმერთი თავისი ოჯახის სრულუფლებიან წევრებად მიიღებს (ფსალმ. 25:14; რომ. 8:20, 21). ამ იმედის საფუძველზე ჩვენ დღესვე შეგვიძლია იეჰოვას, ჩვენს შემოქმედს, მამა ვუწოდოთ (მათ. 6:9). მკვდრეთით აღდგენილებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიცნონ იეჰოვა და გაიგონ, რას მოელის ღმერთი მათგან. ის, ვინც მის მორჩილებას აირჩევს, საბოლოოდ მისი ოჯახის წევრი გახდება.

12. რომელ კითხვაზე ვიმსჯელებთ?

12 როგორც უკვე ვიმსჯელეთ, იეჰოვამ მრავალმხრივ დაამტკიცა, რომ აფასებს ადამიანებს. მან უკვე იშვილა ცხებული ქრისტიანები, ხოლო „უამრავ ხალხს“ დაჰპირდა, რომ ახალ ქვეყნიერებაში მათთან ნამდვილი მამაშვილური ურთიერთობა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან (გამოცხ. 7:9). მაგრამ დღეს რით ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვსურს, მარადიულად იეჰოვას ოჯახის წევრები ვიყოთ?

როგორ ვაჩვენოთ იეჰოვას, რომ მის ოჯახში ყოფნა გვსურს

13. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის ოჯახის წევრები გავხდეთ? (მარკოზი 12:30).

13მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას და ასე გამოხატეთ მისადმი სიყვარული (წაიკითხეთ მარკოზის 12:30). იეჰოვასგან ბოძებულ მრავალ ძღვენთაგან მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა ერთ-ერთი გამორჩეული ძღვენია. ჩვენ იეჰოვას სიყვარულს იმით ვუმტკიცებთ, რომ ვიცავთ მის მცნებებს (1 იოან. 5:3). იესომ, ფაქტობრივად, მამის სათქმელი გვითხრა, როცა მოწაფეების მომზადება და მათი მონათვლა დაგვავალა (მათ. 28:19). მან აგრეთვე ერთმანეთის სიყვარული დაგვიდო მცნებად (იოან. 13:35). იეჰოვა სიხარულით მიიღებს მორჩილ ადამიანებს თავის თაყვანისმცემლებისგან შემდგარ მსოფლიო ოჯახში (ფსალმ. 15:1, 2).

14. როგორ გამოვხატოთ სიყვარული სხვების მიმართ? (მათე 9:36—38; რომაელები 12:10).

14გამოხატეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ. სიყვარული იეჰოვას გამორჩეული თვისებაა (1 იოან. 4:8). იეჰოვამ ჯერ კიდევ მაშინ შეგვიყვარა, როცა ჩვენ არც კი ვიცნობდით მას (1 იოან. 4:9, 10). ღმერთს ვბაძავთ, როცა სხვების მიმართ სიყვარულს გამოვხატავთ (ეფეს. 5:1). სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო საშუალება სხვებისთვის იეჰოვა ღმერთის გაცნობაა, რისთვისაც მცირეოდენი დროა დარჩენილი (წაიკითხეთ მათეს 9:36—38). ასე დავეხმარებით ხალხს, რომ მომავალში იეჰოვას ოჯახის წევრები გახდნენ. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები მოინათლებიან, კვლავაც გვმართებს მათ მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა (1 იოან. 4:20, 21). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მაგალითად, ეჭვი არ შევიტანოთ მათში და ცუდი მოტივები არ მივაწეროთ; პირიქით, ღირსეულად უნდა მოვეპყროთ და ჩვენზე აღმატებულად ჩავთვალოთ (წაიკითხეთ რომაელების 12:10; ფილ. 2:3).

15. ვის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ გულმოწყალება და სიკეთე?

15გულმოწყალება და სიკეთე გამოიჩინეთ ყველას მიმართ. თუ გვინდა, რომ იეჰოვამ შვილებად ჩაგვთვალოს, მის სიტყვაში ჩაწერილის თანახმად უნდა ვიცხოვროთ. მაგალითად, იესომ გვასწავლა, რომ გულმოწყალება და სიკეთე გამოვიჩინოთ ყველას, მათ შორის მტრების მიმართ (ლუკ. 6:32—36). ფაქტია, ასე მოქცევა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ იესოსავით ვიაზროვნებთ და ვიმოქმედებთ. თუ ყველანაირად ვეცდებით, დავემორჩილოთ იეჰოვას და მივბაძოთ იესოს, ამით ვაჩვენებთ, რომ გვსურს, იეჰოვას ოჯახის წევრები გავხდეთ.

16. როგორ გავუფრთხილდეთ იეჰოვას ოჯახის რეპუტაციას?

16გაუფრთხილდით იეჰოვას ოჯახის რეპუტაციას. როგორც წესი, ოჯახში უმცროსი ძმა უფროს ძმას ჰბაძავს. თუ უფროსი ძმა ბიბლიური პრინციპებით იცხოვრებს, კარგ მაგალითს მისცემს უმცროს ძმას და, პირიქით, თუ ის ცუდ გზას აირჩევს, დიდი ალბათობით, ძმაც მის კვალს გაჰყვება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვას ოჯახზეც. თუ ერთგული ქრისტიანი განდგომილთა შეხედულებებს გაიზიარებს ან უზნეო და გარყვნილ ცხოვრების წესს აირჩევს, შეიძლება ამან სხვა ღვთის მსახურებზე ცუდი გავლენა იქონიოს და იეჰოვას ოჯახის რეპუტაციაც შებღალოს (1 თეს. 4:3—8). მოდი ნუ ავყვებით სხვების ცუდ მაგალითს და ნუ ჩამოვშორდებით ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას.

17. როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ და რატომ?

17იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი და არა ქონებაზე. იეჰოვა გვპირდება, რომ არ მოგვაკლდება საკვები, ჩასაცმელი და თავშესაფარი, თუ მისი სამეფო და სამართლიანი ნორმები უმთავრესი იქნება ჩვენს ცხოვრებაში (ფსალმ. 55:22; მათ. 6:33). არ უნდა გვეგონოს, რომ მატერიალური კეთილდღეობა ჩვენი უსაფრთხოებისა და ბედნიერების გარანტი იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სულის სიმშვიდეს მხოლოდ იეჰოვას ნების შესრულება მოგვგვრის (ფილ. 4:6, 7). ბევრი რამის ყიდვაც რომ შეგვეძლოს, უნდა დავფიქრდეთ, რა დრო და ენერგია დასჭირდება ამ ყველაფერზე ზრუნვას. ალბათ, იმაზეც ღირს დაფიქრება, ზედმეტად ხომ არ გავხდით დამოკიდებული ჩვენს ქონებაზე? იეჰოვა თავისი ოჯახის წევრებისგან მოელის, რომ აქტიურად იქნებიან ჩაბმული მის მსახურებაში. ამიტომ არ ღირს, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. არ გვინდა, იმ ახალგაზრდას დავემსგავსოთ, რომელმაც იეჰოვას მსახურების და მის შვილად გახდომის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და ეს იმიტომ, რომ მისთვის ქონება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო (მარ. 10:17—22).

იეჰოვას შვილები მარადიულად გაიხარებენ

18. რით გაიხარებენ მორჩილი ადამიანები მარადიულად?

18 მორჩილი ადამიანებისთვის უდიდესი პატივი იქნება ის, რომ საშუალება მიეცემათ, მარადიულად უყვარდეთ იეჰოვა და ემსახურონ მას. დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეთ დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ზრუნვა მშვენიერ პლანეტაზე, რომელიც ღვთის მიერ ადამიანებისთვის შექმნილი იდეალური საცხოვრებელია. მალე ღვთის სამეფო პირვანდელ სახეს დაუბრუნებს დედამიწას და ყველაფერს, რაც მასზეა. იესო აღმოფხვრის ყველა იმ პრობლემას, რომელიც ადამისა და ევას ღვთის ოჯახიდან გაძევებას მოჰყვა. იეჰოვა მილიონობით გარდაცვლილს აღადგენს და მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობით სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე მარადიულად გაიხარონ (ლუკ. 23:42, 43). როცა დედამიწაზე მცხოვრები იეჰოვას თაყვანისმცემლები გასრულყოფილდებიან, თითოეული აირეკლავს ღვთის დიდებასა და სიდიადეს, რომლის შესახებაც დავითი წერდა (ფსალმ. 8:5).

19. რა უნდა გვქონდეს გულსა და გონებაში?

19 ყველას, ვინც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნებით, წინ შესანიშნავი მომავალი გელით. ღმერთს უყვარხართ და სურს, რომ მისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გული გაუხაროთ მას. მუდამ გულსა და გონებაში გქონდეთ ღვთის დანაპირები. უდიდეს პატივად მიიჩნიეთ ზეციერი მამის მსახურება და დააფასეთ მისი მარადიულად განდიდების შესაძლებლობა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 107 ღმერთმა სიყვარულის მაგალითი მოგვცა

^ აბზ. 5 ოჯახი ბედნიერი რომ იყოს, თითოეულმა თავისი როლი პირნათლად უნდა შეასრულოს და მხარში ამოუდგეს ოჯახის სხვა წევრებს. ქმარი სიყვარულით უნდა მეთაურობდეს ოჯახს, ცოლი მხარს უნდა უჭერდეს მას, ბავშვები კი მშობლებს უნდა ემორჩილებოდნენ. იეჰოვას ოჯახშიც ეს პრინციპი მოქმედებს. ღმერთს აქვს კონკრეტული განზრახვა, რომელიც ჩვენც გვეხება. თუ მხარს დავუჭერთ იეჰოვას ამ განზრახვას, სამომავლოდ მარადიულად იეჰოვას ოჯახის წევრები ვიქნებით.

^ აბზ. 55 სურათის აღწერა: ვინაიდან ღვთის ანარეკლად არიან შექმნილი, ცოლ-ქმარი სიყვარულსა და თანაგრძნობას ავლენს ერთმანეთისა და შვილების მიმართ. მათ უყვართ იეჰოვა და შვილებსაც უნერგავენ იეჰოვას სიყვარულსა და მისი მსახურების სურვილს. ვიდეორგოლის მეშვეობით მშობლები ბავშვებს უხსნიან, რატომ შემოგვწირა იეჰოვამ იესო ქრისტე მსხვერპლად. მათ იმაზეც ესაუბრებიან, რომ სამოთხეში ისინი მარადიულად იზრუნებენ, როგორც დედამიწაზე, ისე ცხოველებზე.