არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 34

„იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“

„იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“

„იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, რომელიც თავს აფარებს მას“ (ფსალმ. 34:8).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 117 ყოველივე კარგი

მოკლე შინაარსი *

1, 2. ფსალმუნის 34:8-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია ვიგემოთ, რაოდენ კარგია იეჰოვა?

წარმოიდგინეთ, რომ გთავაზობენ ისეთ კერძს, რომელიც არასოდეს გაგისინჯავთ. მისმა ვიზუალურმა მხარემ, არომატმა, ინგრედიენტებმა ან სხვების აზრმა შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ ამ კერძზე. მაგრამ სანამ თავად არ გაუსინჯავთ გემოს ამ კერძს, დანამდვილებით ვერ იტყვით, მოგწონთ თუ არა ის.

2 მსგავსადვე, იეჰოვას სიკარგეზე შეგვიძლია წარმოდგენა ბიბლიისა და პუბლიკაციების მეშვეობით შევიქმნათ ან მათი მონათხრობიდან, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა იეჰოვას კურთხევა, მაგრამ იეჰოვას სიკარგეს სრულად იმ შემთხვევაში შევიგრძნობთ, თუ ამას თავად „ვიგემებთ“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:8). მოდი ვნახოთ, როგორ არის ეს შესაძლებელი. დავუშვათ, გვინდა, სრული დროით მსახურების რომელიმე ფორმა მოვსინჯოთ, მაგრამ ამავე დროს ვხვდებით, რომ ამ მიზნის მისაღწევად ცხოვრების გამარტივება მოგვიწევს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ იესოს დაპირებისამებრ, თუ სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა სხვა დანარჩენზე იზრუნებს, მაგრამ ამ სიტყვების ჭეშმარიტება შეიძლება საკუთარ თავზე არასდროს გამოგვიცდია (მათ. 6:33). თუ იესოს რჩევისამებრ მთელ ყურადღებას მსახურებაზე გადავიტანთ და შევამცირებთ ხარჯებსა და სამუშაო საათებს, მაშინ თავად გამოვცდით, როგორ იზრუნებს იეჰოვა ჩვენს მოთხოვნილებებზე ანუ, ასე ვთქვათ, თავად ვიგემებთ, რაოდენ კარგია იგი.

3. ფსალმუნის 16:1, 2-ის თანახმად, ვის უკეთებს იეჰოვა სიკეთეს?

3 „იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს“, მათაც კი, ვინც არ იცნობს მას (ფსალმ. 145:9; მათ. 5:45). მაგრამ განსაკუთრებით მათზე ზრუნავს, ვისაც უყვარს ის და მთელი გულით ემსახურება (წაიკითხეთ ფსალმუნის 16:1, 2). მოდი ახლა ვიმსჯელოთ, რამდენ კარგ რამეს აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის.

4. როგორ უჩვენებს იეჰოვა თავის სიკარგეს მათ, ვინც უახლოვდება?

4 რაც უფრო ხშირად ვიყენებთ იეჰოვასგან ნასწავლს, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. მაგალითად, მას შემდეგ, რაც გავიცანით და შევიყვარეთ იეჰოვა, მოვიშორეთ ისეთი აზროვნება და ჩვევები, რომლებიც ხელს გვიშლიდა მასთან ურთიერთობაში (კოლ. 1:21). როცა თავი მივუძღვენით მას და მოვინათლეთ, უფრო მეტად დავინახეთ, რაოდენ კარგია იეჰოვა, რადგან ახლა სუფთა სინდისიც გვაქვს და ღმერთთან ახლო ურთიერთობაც (1 პეტ. 3:21).

5. როგორ შეგიძლიათ მსახურებაში გამოცადოთ, რომ კარგია იეჰოვა?

5 მსახურებაში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს, საკუთარ თავზე გამოვცადოთ, რაოდენ კარგია იეჰოვა. შეიძლება სხვა მრავალი ღვთის მსახურის მსგავსად თქვენც გაუბედავი ხართ. ალბათ, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდით, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ კარზე სრულიად უცნობ ადამიანს მიადგებოდით და ბევრისთვის არასასიამოვნო ცნობას გადასცემდით. მაგრამ დღეს ამაში თქვენთვის უჩვეულო არაფერია. ღვთის დახმარებით სამქადაგებლო მსახურებაში სიამოვნებითაც კი მონაწილეობთ. გარდა ამისა, გრძნობთ კიდეც, სხვადასხვა სახით როგორ გეხმარებათ იეჰოვა. შეიძლება არაერთხელ გამოგვიცდია, როგორ შეგვმატა მან სიმშვიდე, როცა მსახურებაში წინააღმდეგობას შევხვდით. შეიძლება მობინადრესთან საუბრის დროს შესაფერისი ბიბლიური მუხლი გაგვახსენა ან იმის ძალა მოგვცა, რომ გულგრილობის მიუხედავად მსახურება გაგვეგრძელებინა (იერ. 20:7—9).

6. როგორ მეტყველებს იეჰოვას სიკარგეზე ის, რომ მსახურებისთვის გვამზადებს?

6 იეჰოვა მსახურებისთვისაც გვამზადებს, რითაც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რაოდენ კარგია (იოან. 6:45). შუა კვირის შეხვედრაზე ვიდეორგოლებში წარმოდგენილი საუბრის ნიმუშები გვეხმარება, მსახურებაში უფრო დავხელოვნდეთ. მართალია, თავიდან რაღაც ახლის მოსინჯვა გარკვეულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, თუ მსახურებაში რომელიმე ახალ მეთოდს გამოიყენებთ, თავად დარწმუნდებით, რა საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ეს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის. კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე იმისკენაც მოგვიწოდებენ, რომ მსახურების ისეთი ფორმები მოვსინჯოთ, რომლებიც აქამდე არ მოგვისინჯავს. მართალია, სიახლე ყოველთვის არის გარკვეულ მღელვარებასთან დაკავშირებული, მაგრამ, როცა ასე ვიქცევით, იეჰოვას ჩვენი კურთხევის მიზეზს ვაძლევთ. ახლა განვიხილოთ, როგორ გვაკურთხებს იეჰოვა, თუ ვენდობით მას და ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად სიახლეებს ფეხს ავუწყობთ. შემდეგ კი ვიმსჯელოთ, როგორ მივაღწიოთ მსახურებაში დასახულ მიზნებს.

როგორ აკურთხებს იეჰოვა მასზე მინდობილთ

7. რა კურთხევები ახლავს მსახურების გაფართოებას?

7უფრო მეტად ვუახლოვდებით იეჰოვას. განვიხილოთ ერთი უხუცესის, სამუელის * შემთხვევა, რომელიც მეუღლესთან ერთად კოლუმბიაში მსახურობს. პიონერული მსახურება მათ სიხარულს ანიჭებდათ, მაგრამ სურდათ, უფრო მეტად დახარჯულიყვნენ იეჰოვასთვის და იმ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამ მიზნისთვის რომ მიეღწიათ, მათ გარკვეული მსხვერპლი გაიღეს. „მათეს 6:33-ში ჩაწერილი რჩევით ვიხელმძღვანელეთ და უარი ვთქვით ისეთი ნივთების შეძენაზე, რომლებიც დიდად არ გვჭირდებოდა, — ამბობს სამუელი. — ყველაზე მეტად სახლის დატოვება გაგვიჭირდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი გემოვნებით იყო მოწყობილი და თანაც ქირის გადახდა არ გვიწევდა“. ახალ ტერიტორიაზე მათ აღმოაჩინეს, რომ ექვსჯერ ნაკლები თანხითაც შეეძლოთ, ნორმალურად ეცხოვრათ. „საკუთარი თვალით დავინახეთ, როგორ წარმართა იეჰოვამ ჩვენი ნაბიჯები და როგორ გვიპასუხა ლოცვებზე. ახლა უფრო მეტად ვგრძნობთ იეჰოვას სიყვარულსა და კეთილგანწყობილებას“, — ამბობს სამუელი. თქვენც ხომ არ გიწყობთ მდგომარეობა ხელს, რომ გააფართოოთ მსახურება? თუ ასეა, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო მეტად დაგაახლოებთ იეჰოვასთან და უფრო მეტად გაგრძნობინებთ მის მზრუნველობას (ფსალმ. 18:25).

8. რას ვიგებთ ერთი ცოლ-ქმრის კომენტარიდან?

8მსახურება მეტ სიხარულს გვანიჭებს. მოვიყვანოთ ერთი ცოლ-ქმრის, ივანისა და ვიქტორიას, მაგალითი. ისინი პიონერებად მსახურობენ ყირგიზეთში. მათ ცხოვრება გაიმარტივეს, რომ ნებისმიერი დავალება შეესრულებინათ, მათ შორის სამშენებლო პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა. ივანი ამბობს: „თითოეულ პროექტში მთელი გულით ვიყავით ჩაბმული. მართალია, დღის ბოლოს ვიღლებოდით, მაგრამ შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას ვგრძნობდით, რადგან მთელი დღის მანძილზე სამეფო საქმისთვის ვირჯებოდით. გარდა ამისა, ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ბევრი კარგი მოგონებაც დაგვრჩა“ (მარ. 10:29, 30).

9. რთული მდგომარეობის მიუხედავად, როგორ ახერხებს ერთი და მსახურებაში მეტის კეთებას და რა შედეგი მოაქვს ამას?

9 იეჰოვას მსახურება მაშინაც გვანიჭებს სიხარულს, როცა სხვადასხვა სირთულეს ვხვდებით. მაგალითად, დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებმა ქვრივმა, მირეიმ, პიონერობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სამედიცინო სფეროში მუშაობას თავი დაანება და პენსიაზე გავიდა. ართრიტით გამოწვეული ტკივილის გამო მირეი კარდაკარ ერთ საათზე მეტს ვერ მსახურობს, ამიტომ უფრო ხშირად სტენდით ქადაგებს. მას ბევრი განმეორებითი მონახულება და ბიბლიის შესწავლა აქვს. ზოგიერთ მათგანს ის ტელეფონით უკავშირდება. რამ მისცა მირეის იმის ძალა, რომ მეტი ეკეთებინა იეჰოვასთვის? „გული იეჰოვასა და იესო ქრისტეს სიყვარულით მაქვს სავსე. იეჰოვას ხშირად ვთხოვ ლოცვაში, რომ, რაც შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო მის მსახურებაში“, — ამბობს მირეი (მათ. 22:36, 37).

10. ესაიას 54:13-ის თანახმად, რას მიიღებენ შედეგად ისინი, ვინც იეჰოვასთვის მეტის კეთებას ცდილობენ?

10იეჰოვასგან უფრო მეტ დასწავლებას ვიღებთ. კენი, რომელიც მავრიკის კუნძულზე პიონერად მსახურობს, თავად დარწმუნდა ამაში. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ, მან უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, მოინათლა და სრული დროით მსახურება დაიწყო. კენი ამბობს: «ვცდილობ, ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად ვიცხოვრო: „მე წავალ! მე გამგზავნე!“» (ეს. 6:8). მან არაერთ სამშენებლო პროექტში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ის მთარგმნელობით განყოფილებასაც ეხმარებოდა და მონაწილეობდა ბიბლიური ლიტერატურის თავის მშობლიურ ენაზე თარგმნაში. „ჩემი დავალება უკეთ რომ შემესრულებინა, სწავლების სპეციალური კურსი გამატარეს“, — ამბობს კენი. მას მხოლოდ თეორიული ცოდნა არ მიუღია. ის დასძენს: „დავინახე, სად იყო ჩემი შესაძლებლობების ზღვარი და რომელი თვისებების გაუმჯობესება მჭირდებოდა, რომ იეჰოვას უკეთესი მსახური გავმხდარიყავი“ (წაიკითხეთ ესაიას 54:13). თუ მდგომარეობა ხელს გიწყობთ, ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ იეჰოვასგან მეტი ისწავლოთ.

ცოლ-ქმარი ქადაგებს იმ ტერიტორიაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ახალგაზრდა და მონაწილეობს იეჰოვას მოწმეთა დარბაზის მშენებლობაში. ხანდაზმული ცოლ-ქმარი ტელეფონით ქადაგებს. ყველანი სიხარულით ასრულებენ თავიანთ საქმეს (იხილეთ აბზაცი 11).

11. რა გააკეთეს სამხრეთკორეელმა დებმა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღოთ მსახურებაში და რა მოჰყვა ამას შედეგად? (იხილეთ აგრეთვე სურათი გარეკანზე).

11 გამოცდილ მაუწყებლებსაც მიეცათ შესაძლებლობა, რომ დახვეწილიყვნენ მსახურების ახალ სფეროში. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სამხრეთ კორეის ერთ-ერთი კრების უხუცესებმა ასეთი რამ აღნიშნეს: „ისინი, ვინც შერყეული ჯანმრთელობის გამო მსახურებაში ხშირად ვერ მონაწილეობდნენ, ახლა უკვე ვიდეოკონფერენციის საშუალებით ამას ადვილად ახერხებენ. სამმა ოთხმოც წელს გადაცილებულმა დამ ისწავლა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება და ისინი თითქმის ყოველდღე მონაწილეობენ მსახურებაში“ (ფსალმ. 92:14, 15). გსურთ, უფრო მეტად დაიხარჯოთ მსახურებაში და მეტად იგრძნოთ, რაოდენ კარგია იეჰოვა? განვიხილოთ ზოგიერთი რჩევა, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

უფრო მეტად როგორ დავიხარჯოთ იეჰოვასთვის

12. რას ჰპირდება იეჰოვა მასზე მინდობილთ?

12ისწავლეთ იეჰოვაზე მინდობა. ის გვპირდება, რომ კურთხევებს არ მოგვაკლებს, თუ მას მივენდობით და თავს არ დავზოგავთ მისთვის (მალ. 3:10). ერთი კოლუმბიელი და ფაბიოლა თავად დარწმუნდა, როგორ შეასრულა იეჰოვამ ეს დაპირება. ნათლობის შემდეგ მას პიონერად მსახურების დაწყება სურდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან ქმარი და სამი შვილი მის კმაყოფაზე იყვნენ. როცა საპენსიო ასაკს მიაღწია, ის მხურვალედ სთხოვდა იეჰოვას, რომ მიზნის მიღწევაში დახმარებოდა. ის ამბობს: „ჩვეულებრივ, პენსია რომ დაგინიშნონ, ამას დიდი დრო სჭირდება, მე კი სადღაც ერთ თვეში მივიღე თანხმობა. ეს ნამდვილი სასწაული იყო“. ორი თვის შემდეგ მან პიონერად დაიწყო მსახურება. ის ახლა 70 წელს არის გადაცილებული და უკვე 20 წელზე მეტია, რაც პიონერად მსახურობს. ამასობაში მისი რვა დაინტერესებული მოინათლა. „ზოგჯერ თავს სუსტად ვგრძნობ, მაგრამ იეჰოვა მეხმარება, რომ ყოველდღიურად მივყვე მსახურების გეგმას“, — ამბობს ფაბიოლა.

საიდან გამოჩნდა, რომ აბრაამი, სარა, იაკობი და ის მღვდლები, რომლებმაც იორდანე გადაკვეთეს, ენდობოდნენ იეჰოვას? (იხილეთ აბზაცი 13).

13, 14. ვისი მაგალითები დაგვეხმარება იეჰოვაზე მინდობასა და მსახურების გაფართოებაში?

13დაუკვირდით მათ მაგალითებს, ვინც მიენდო იეჰოვას. ბიბლიამ მრავლად შემოგვინახა იმ ადამიანთა მაგალითები, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ იეჰოვასთვის. ხშირ შემთხვევაში იეჰოვას ეს მსახურები თავად დგამდნენ პირველ ნაბიჯს, რომ ღვთისგან კურთხევები მიეღოთ. მაგალითად, აბრაამმა დატოვა თავისი სახლი და წავიდა, „თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა“; მხოლოდ ამის შემდეგ აკურთხა ის იეჰოვამ (ებრ. 11:8). იაკობმა მხოლოდ მაშინ მიიღო იეჰოვასგან განსაკუთრებული კურთხევა, როცა ანგელოზს დაეჭიდა (დაბ. 32:24—30). აღთქმული მიწის ზღურბლზე მყოფმა ისრაელებმა მხოლოდ მაშინ შეძლეს აღელვებული მდინარე იორდანის გადაკვეთა, როცა მღვდლებმა ფეხი ჩადგეს მდინარეში (იეს. 3:14—16).

14 ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ თანამედროვე ღვთის მსახურებისგანაც, რომლებიც მიენდნენ იეჰოვას და გააფართოეს მსახურება. მაგალითად, პეიტონსა და მის მეუღლეს, დიანას, ძალიან სიამოვნებდათ იმ და-ძმების ისტორიების კითხვა, რომლებიც იბეჭდებოდა რუბრიკაში „მათ მზადყოფნა გამოავლინეს“. * პეიტონი აღნიშნავს: „ამ ისტორიების კითხვისას ისეთი შეგრძნება გვეუფლებოდა, თითქოს ვუყურებდით, სხვები როგორ შეექცეოდნენ გემრიელ კერძს. რაც უფრო მეტს ვკითხულობდით ამ ისტორიებს, მით უფრო მეტად გვინდებოდა, თავად გვეგემა და გვენახა, რაოდენ კარგია იეჰოვა“. საბოლოოდ, პეიტონი და დიანა გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. თქვენ თუ წაგიკითხავთ სტატიები ამ რუბრიკიდან ან თუ გინახავთ ვიდეოები „ქადაგება დაშორებულ ტერიტორიაზე — ავსტრალია“ და „ქადაგება დაშორებულ ტერიტორიაზე — ირლანდია“, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე jw.org? ამ სტატიებსა თუ ვიდეოებში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ მსახურების გაფართოებაში.

15. რა მხრივ გვეხმარება კარგი საურთიერთო წრე?

15სწორად შეარჩიეთ საურთიერთო წრე. ჩვეულებრივ, ახალი კერძის დაგემოვნების სურვილი უფრო მეტად მაშინ გვიჩნდება, როცა ვხედავთ, რა გემრიელად შეექცევიან მას ჩვენ ირგვლივ მყოფნი. მსგავსადვე, თუ ჩვენც ხშირად გვიწევს მათ წრეში ტრიალი, ვისთვისაც იეჰოვას მსახურება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც უფრო მეტად გვიჩნდება იეჰოვასთვის მეტის კეთების სურვილი. ასე მოხდა ერთი ცოლ-ქმრის, კენტისა და ვერონიკას, შემთხვევაში. „მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად გვირჩევდნენ, რომ მსახურების სხვადასხვა ფორმა მოგვესინჯა, — ამბობს კენტი. — მათთან ურთიერთობამ, ვისთვისაც ღვთის სამეფო პირველ ადგილზე დგას, თვითრწმენა შეგვმატა და გაგვაბედინა, რაღაც ახალი მოგვესინჯა მსახურებაში“. ამჟამად კენტი და ვერონიკა სპეციალურ პიონერებად მსახურობენ სერბეთში.

16. როგორც ლუკას 12:16—21-ში ჩაწერილი იესოს იგავიდან ჩანს, რატომ უნდა ვიყოთ მზად მსხვერპლის გასაღებად?

16მზად იყავით იეჰოვასთვის მსხვერპლის გასაღებად. იეჰოვას რომ გული გავუხაროთ, არ არის აუცილებელი, ყველანაირ სიამოვნებაზე უარი ვთქვათ (ეკლ. 5:19, 20). მაგრამ, თუ იეჰოვას მსახურებაში მეტის კეთებისგან თავს იმიტომ ვიკავებთ, რომ მსხვერპლის გაღება არ გვინდა, შეიძლება იესოს იგავში მოხსენიებულ მამაკაცს დავემსგავსოთ, რომელმაც ისეთი კომფორტული ცხოვრება მოიწყო, რომ ღმერთისთვის ადგილი აღარ დარჩა (წაიკითხეთ ლუკას 12:16—21). ერთი ფრანგი ძმა, კრისტიანი, ამბობს: „ვგრძნობდი, რომ დიდ დროსა და ძალისხმევას არ ვახმარდი იეჰოვასადმი მსახურებას და ოჯახის წევრებსაც ვაკლებდი ყურადღებას“. მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ პიონერად დაეწყოთ მსახურება. თუმცა ამ მიზნისთვის რომ მიეღწიათ, მათ სამსახურის დატოვება მოუწიათ. თავის სარჩენად მათ სახლებისა და ოფისების დალაგება დაიწყეს და ისწავლეს, როგორ დაკმაყოფილებულიყვნენ ნაკლები შემოსავლით. დაუფასდათ მათ გაღებული მსხვერპლი? „ჩვენთვის ახლა უფრო საინტერესოა მსახურება. ძალიან გვიხარია, როცა ვხედავთ, როგორ ეცნობიან დაინტერესებულები თუ შემსწავლელები იეჰოვას“, — ამბობს კრისტიანი.

17. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს მსახურებაში სიახლეებისთვის ფეხის აწყობა?

17მოსინჯეთ ქადაგების ახალი მეთოდები (საქ. 17:16, 17; 20:20, 21). შირლის, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ პიონერ დას, კოვიდ-19 პანდემიის გამო მსახურებაში ახალი მეთოდის მოსინჯვა მოუწია. თავიდან მას უჭირდა ტელეფონით მსახურება, მაგრამ მას შემდეგ, რაც სარაიონო ზედამხედველმა აუხსნა ტელეფონით ქადაგების თავისებურებები, მან რეგულარულად დაიწყო ასეთი სახის მსახურებაში მონაწილეობა. ის ამბობს: „თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ დღეს სიამოვნებით ვმსახურობ ტელეფონით. თანაც ახლა უფრო მეტ ადამიანთან ვახერხებ საუბარს, ვიდრე კარდაკარ მსახურების დროს ვახერხებდი“.

18. რა დაგვეხმარება, რომ სირთულეების მიუხედავად მეტი ვაკეთოთ მსახურებაში?

18დასახეთ გეგმა და მიჰყევით მას. როდესაც სირთულეებს ვხვდებით, უნდა ვილოცოთ და კარგად დავფიქრდეთ, რა სამოქმედო გეგმა უნდა შევიმუშაოთ (იგავ. 3:21). ერთი პიონერი და სონია, რომელიც ევროპაში ბოშურენოვან ჯგუფში მსახურობს, ამბობს: „ჩემს გეგმას ფურცელზე ვწერ და გამოსაჩენ ადგილზე ვდებ. მაგიდაზე მიდევს სურათი, რომელზეც გზის გასაყარია გამოსახული. როცა გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, ეს სურათი მეხმარება, დავფიქრდე, რა მიმართულებას მისცემს ჩემი არჩევანი ჩემს ცხოვრებას“. სონია ცდილობს, დადებითი განწყობა შეინარჩუნოს, როცა მიზნისკენ სწრაფვის დროს დაბრკოლებებს ხვდება. ის დასძენს: „ჩვენზეა დამოკიდებული ახალი გარემოება ჩვენ წინაშე კედლად აღიმართება თუ ხიდად გაიდება“.

19. რით გამოვხატოთ იეჰოვასადმი მადლიერება?

19 აშკარად ვხედავთ, რომ იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს. თუ ამას ვაფასებთ, თავს არ დავზოგავთ მის განსადიდებლად (ებრ. 13:15). ეს იმასაც ნიშნავს, რომ მსახურებაში ახალ გზებსაც მოვსინჯავთ, რითაც საშუალებას მივცემთ ღმერთს, უფრო მეტად გვაკურთხოს. ყოველდღე ვეცადოთ, რომ ვიგემოთ და ვნახოთ, „რაოდენ კარგია იეჰოვა“. მაშინ იესოს მსგავსად ჩვენც ვიტყვით: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება და დავასრულო მისი საქმე“ (იოან. 4:34).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

^ აბზ. 5 თუ რამ კარგი არსებობს, ყოველივე იეჰოვასგანაა. ის კარგს არაფერს უკავებს ადამიანებს, მათ შორის ბოროტებს, მაგრამ განსაკუთრებით თავის ერთგულ თაყვანისმცემლებზე ზრუნავს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რამდენ კარგ რამეს უკეთებს იეჰოვა თავის მსახურებს. გარდა ამისა, გავიგებთ, როგორ გვეხმარება მსახურებაში მეტის კეთება, უფრო მეტად დავინახოთ იეჰოვას ხელი ჩვენს ცხოვრებაში.

^ აბზ. 7 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 14 ეს რუბრიკა ადრე „საგუშაგო კოშკში“ იბეჭდებოდა; ამჟამად ხელმისაწვდომია ვებგვერდზე jw.org (ჩვენ შესახებ / შემთხვევები / სულიერი მიზნების მიღწევა).