არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 34

იარეთ „ჭეშმარიტების გზით“!

იარეთ „ჭეშმარიტების გზით“!

„[იარეთ] ჭეშმარიტების გზით“ (3 ᲘᲝᲐᲜ. 4).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რაში გვარწმუნებს ერთმანეთისთვის იმის გაზიარება, თუ როგორ გავიგეთ ჭეშმარიტება?

 ᲐᲚᲑᲐᲗ, არაერთხელ უკითხავთ თქვენთვის: „როგორ გაიგე ჭეშმარიტება?“. ჩვეულებრივ, როცა ჩვენს და-ძმებს ვეცნობით, ამ კითხვას ვსვამთ. ყოველთვის გვაინტერესებს იმის გაგება, როგორ გაიცნეს და შეიყვარეს იეჰოვა. ჩვენს ისტორიასაც სიამოვნებით ვუყვებით მათ (რომ. 1:11). ასეთი საუბრების დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რამდენად ძვირფასია ჭეშმარიტება და გვიძლიერდება იმის სურვილი, რომ „ჭეშმარიტების გზით“ ვიაროთ, ანუ ისე ვიცხოვროთ, რომ იეჰოვამ მოგვიწონოს და გვაკურთხოს (3 იოან. 4).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ გვიყვარს ჭეშმარიტება. იმასაც გავიგებთ, როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ამ მართლაც ფასდაუდებელ საჩუქარს. ეს განხილვა გაგვიღრმავებს მადლიერებას იმისთვის, რომ იეჰოვამ ჭეშმარიტებისკენ მიგვიზიდა (იოან. 6:44). გარდა ამისა, სხვებისთვის ჭეშმარიტების გაზიარების სურვილიც გაგვიძლიერდება.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲕᲘᲧᲕᲐᲠᲡ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐ?

3. რა უმთავრესი მიზეზის გამო გვიყვარს ჭეშმარიტება?

3 ჭეშმარიტების სიყვარულის მრავალი მიზეზი გვაქვს. უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გვიყვარს იეჰოვა, ჭეშმარიტების წყარო. ბიბლიიდან გავიგეთ, რომ იეჰოვა არა მხოლოდ ცისა და დედამიწის შემოქმედია, არამედ ჩვენი მოსიყვარულე და მზრუნველი მამაც (1 პეტ. 5:7). ღვთის სიტყვიდან ისიც გავიგეთ, რომ იეჰოვა „გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამ. 34:6). მას უყვარს სამართლიანობა (ეს. 61:8). ზეციერ მამას გულს სტკენს ჩვენი ტანჯვის დანახვა და მზად არის, თავის დროზე ბოლო მოუღოს ყოველგვარ სატანჯველს (იერ. 29:11). ყველანი ვნატრობთ ამ დღის დადგომას. იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დიდ სიყვარულს ამ ყველაფრისთვის.

ბიბლიური ჭეშმარიტება ჰგავს ღუზას

როგორც ღუზა აკავებს გემს შტორმის დროს, ისე ბიბლიური იმედი გვეხმარება, ცხოვრებისეული ქარტეხილების დროს სულიერი წონასწორობა არ დავკარგოთ. ჭეშმარიტების ცოდნა აღგვძრავს, მომავლის იმედი სხვებსაც გავუზიაროთ (იხილეთ აბზაცები 4—7).

4, 5. რატომ შეადარა პავლე მოციქულმა იმედი ღუზას?

4 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვიყვარს ჭეშმარიტება, ისაა, რომ მომავლის იმედს გვისახავს. თუ რამდენად ძვირფასია ეს იმედი, კარგად ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან: „ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენთვის“ (ებრ. 6:19). როგორც ღუზა აკავებს გემს შტორმის დროს, ისე ბიბლიური იმედი გვეხმარება, ცხოვრებისეული ქარტეხილების დროს სულიერი წონასწორობა არ დავკარგოთ.

5 ამ მუხლში პავლე ცხებული ქრისტიანების ზეციურ იმედზე საუბრობს. თუმცა ეს სიტყვები იმ ქრისტიანებსაც შეგვიძლია მივუსადაგოთ, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ (იოან. 3:16). ეჭვგარეშეა, მარადიული ცხოვრების იმედმა აზრიანი გახადა ჩვენი ცხოვრება.

6, 7. როგორ იმოქმედა ივონზე ჭეშმარიტების გაგებამ?

6 მოდი განვიხილოთ ერთი დის, ივონის, შემთხვევა, რომელსაც ბავშვობაში ძალიან ეშინოდა სიკვდილის. ერთ დღეს მან თვალი მოჰკრა ასეთ ფრაზას: „ერთხელაც ხვალინდელი დღე აღარ გაგვითენდება“. ივონი ამბობს: „ეს სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა და ღამღამობით მომავალზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. ნუთუ სულ ეს არის-მეთქი ცხოვრება?! რატომ გავჩნდი ამ ქვეყნად? არ მინდოდა სიკვდილი“.

7 მოზარდობის წლებში ივონი შეხვდა იეჰოვას მოწმეებს. როგორ იმოქმედა მასზე ჭეშმარიტების გაგებამ? აი, რას ამბობს ის: „სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი ჩამესახა გულში. მომავალზე და სიკვდილზე ფიქრი ძილს აღარ მიფრთხობს“. ივონი ძალიან აფასებს ჭეშმარიტებას და ახლა თავადაც დიდი სიამოვნებით უზიარებს სხვებს მომავლის იმედს (1 ტიმ. 4:16).

ბიბლიური ჭეშმარიტება ჰგავს განძს

იეჰოვას მსახურების შესაძლებლობა როგორც დღეს, ისე მთელი მარადიულობის განმავლობაში, ჰგავს განძს. ეს ნებისმიერ მსხვერპლად ღირს (იხილეთ აბზაცები 8—11).

8, 9. ა) საიდან ჩანს, რომ იესოს იგავში მოხსენიებული კაცი ძალიან აფასებდა ნაპოვნ განძს? ბ) თქვენ როგორ უყურებთ ჭეშმარიტებას?

8 ბიბლიური ჭეშმარიტება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობასაც მოიცავს. როგორც მათეს 13:44-დან ვიგებთ, იესომ ის დამალულ განძს შეადარა: „ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელსაც კაცი პოულობს და ისევ მალავს, მერე კი გახარებული მიდის, თუკი რამ აბადია, ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“. ეს კაცი, რომელიც განძს შემთხვევით წააწყდა, მზად იყო, დიდი მსხვერპლი გაეღო მისთვის. მან ყველაფერი გაყიდა, რაც კი რამ ებადა. და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ესმოდა, რამდენად ძვირფასი რამ იპოვა. რაც მან დათმო, არაფერი იყო ნაპოვნ განძთან შედარებით.

9 ალბათ, თქვენც ასე უყურებთ ჭეშმარიტებას. ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქვეყნიერება ისეთს ვერაფერს შემოგვთავაზებს, რაც ჩაანაცვლებს იმ სიხარულს, რომელიც ღვთის მსახურებას და მარადიული სიცოცხლის იმედს მოაქვს. გარდა ამისა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ნებისმიერ მსხვერპლად ღირს. უდიდეს სიხარულს გვანიჭებს, რომ შეგვიძლია ყოველმხრივ ვასიამოვნოთ მას (კოლ. 1:10).

10, 11. რამ გადააწყვეტინა მაიკლს ცვლილებების მოხდენა?

10 ბევრმა დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ იეჰოვას მოწონება დაემსახურებინა. მაგალითად, ზოგმა მიატოვა პრესტიჟული კარიერა, ზოგმა უარი თქვა სიმდიდრის მოხვეჭაზე, ზოგმაც ძირეული ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში. სწორედ ასე მოიქცა მაიკლი, რომელიც ახალგაზრდობაში საბრძოლო ხელოვნებას სწავლობდა. ის ამბობს: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. თავი დაუმარცხებელი მეგონა“. მაგრამ მას შემდეგ, რაც მაიკლმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, გაიგო, რომ იეჰოვას სძულს ძალადობა (ფსალმ. 11:5). აი, რას ამბობს მაიკლი წყვილზე, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა: „ისინი უბრალოდ ჭეშმარიტებას მასწავლიდნენ და არასდროს უთქვამთ, რომ თავი უნდა დამენებებინა საბრძოლო ხელოვნებისთვის“.

11 რაც უფრო მეტს იგებდა მაიკლი იეჰოვას შესახებ, მით უფრო უღრმავდებოდა მისადმი სიყვარული. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, თუ როგორი თანაგრძნობით ეკიდებოდა იეჰოვა თავის მსახურებს. დროთა განმავლობაში მაიკლი მიხვდა, რომ სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ის ამბობს: „კარატეზე უარის თქმა ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ, თუ ამას გავაკეთებდი, გულს გავუხარებდი იეჰოვას. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისადმი მსახურება ნებისმიერ მსხვერპლად ღირდა“. მაიკლი ძალიან აფასებდა ჭეშმარიტებას და ამიტომაც მოახდინა სერიოზული ცვლილებები ცხოვრებაში (იაკ. 1:25).

ბიბლიური ჭეშმარიტება ჰგავს ლამპარს

როგორც ლამპარი გვეხმარება, სიბნელეში გზა გავიკვლიოთ, ისე ღვთის სიტყვა გვინათებს გზას სატანის ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში (იხილეთ აბზაცები 12, 13).

12, 13. როგორ მოჰფინა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ნათელი მეილის კითხვებს?

12 იმის დასანახვებლად, თუ რამდენად ძვირფასია ჭეშმარიტება, ბიბლია მას ლამპარს ადარებს (ფსალმ. 119:105; ეფეს. 5:8). ერთი აზერბაიჯანელი და მეილი ძალიან მადლიერია იმისთვის, რომ ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ნათელი მოჰფინა მის კითხვებს. მისი მშობლები სხვადასხვა აღმსარებლობის იყვნენ, მამა მუსულმანი, დედა კი იუდეველი. მეილი ამბობს: „ღვთის არსებობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ იყო კითხვები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდა. მაინტერესებდა, რატომ გაგვაჩინა ღმერთმა და რატომ ხდებოდა, რომ აქაც მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ ადამიანები და სიკვდილის შემდეგაც მარადიულად უნდა დატანჯულიყვნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში? რადგან ბევრს სწამდა, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა, ჩემთვის ვფიქრობდი: ნუთუ ღმერთი მარიონეტებივით გვექცევა — ჯერ განსაცდელში გვაგდებს, მერე კი სიამოვნებით უყურებს-მეთქი ჩვენს ტანჯვას?“.

13 მეილი ცდილობდა, თავის კითხვებზე პასუხები ეპოვა. მოგვიანებით ის მოწმეებს შეხვდა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როგორც მეილი ამბობს, ბიბლიიდან დამაჯერებელი და ლოგიკური პასუხები მიიღო თავის კითხვებზე, რამაც ცხოვრებაზე შეხედულება შეაცვლევინა და შინაგანი სიმშვიდე მოჰგვარა. მეილის მსგავსად, ჩვენც ვემადლიერებით იეჰოვას, რომელმაც „სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში“ გამოგვიხმო (1 პეტ. 2:9).

14. როგორ შეგვიძლია გავიღრმაოთ ჭეშმარიტების სიყვარული? (იხილეთ ჩარჩო  „სხვა შედარებები“).

14 ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მიზეზი მოვიყვანეთ იმის დასანახვებლად, თუ რამდენად ძვირფასია ჭეშმარიტება. ეჭვგარეშეა, თქვენ სხვა მიზეზებიც შეგიძლიათ მოიყვანოთ. პირადი შესწავლის დროს გამოიკვლიეთ, კიდევ რატომ უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება. რაც მეტად შევიყვარებთ ჭეშმარიტებას, მით მეტად აისახება ეს ჩვენს ცხოვრებაზე.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲗ, ᲠᲝᲛ ᲒᲕᲘᲧᲕᲐᲠᲡ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐ

15. რით ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ჭეშმარიტება?

15 ჭეშმარიტების სიყვარულს იმით ვაჩვენებთ, თუ ვიკვლევთ ბიბლიას და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ვიცით ჭეშმარიტება, ყოველთვის შეიძლება რაღაცის სწავლა. აი, რა ეწერა ამის შესახებ „საგუშაგო კოშკის“ პირველ გამოცემაში: „ჭეშმარიტება, სიცოცხლის უდაბნოში ამოსული პატარა უმანკო ყვავილის მსგავსად, გარშემორტყმულია სიცრუის ღვარძლით, რომელიც ისე გამრავლდა, რომ კინაღამ ჩაახშო ის. თუ მისი პოვნა გსურს, ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო . . . მას რომ დაეპატრონო, უნდა დაიხარო. ნუ დაკმაყოფილდები ჭეშმარიტების ერთი ყვავილით . . . ყოველთვის აგროვე, მეტი ეძებე“. სწავლას და კვლევას შრომა სჭირდება, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

16. ბიბლიის შესწავლის რომელი მეთოდი აღმოჩნდა თქვენს შემთხვევაში შედეგიანი? (იგავები 2:4—6).

16 ცხადია, ყველას არ უყვარს კითხვა და კვლევა. და მაინც, იეჰოვა მოგვიწოდებს, არ შევწყვიტოთ ძიება, რომ უკეთ ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას (წაიკითხეთ იგავების 2:4—6). მონდომება ნამდვილად დაგვიფასდება. მაგალითად, ერთი ძმა კორი ცდილობს, ბიბლიის კითხვის დროს ერთი მუხლი მაინც გამოიკვლიოს საფუძვლიანად. ის ამბობს: „ვკითხულობ ყველა სქოლიოსა და მარგინალურ მუხლს და დამატებით მასალასაც ვიძიებ. ამ მეთოდით ბევრი რამ ვისწავლე“. რა მიდგომასაც არ უნდა ვიყენებდეთ, თუ დროსა და ძალისხმევას არ ვიშურებთ, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ჭეშმარიტებას (ფსალმ. 1:1—3).

17. რას ნიშნავს ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება? (იაკობი 1:25).

17 ყველას გვესმის, რომ მხოლოდ ჭეშმარიტების ცოდნა არ კმარა. მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ ჭეშმარიტების თანახმად, ანუ ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ნამდვილად ბედნიერი (წაიკითხეთ იაკობის 1:25). როგორ შევამოწმოთ, ვცხოვრობთ თუ არა ჭეშმარიტების თანახმად? ერთი ძმა გვირჩევს, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რომ დავინახოთ, რაში გვჭირდება გაუმჯობესება. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს მოციქული პავლეც: „კვლავაც განვაგრძოთ მწყობრად სვლა ერთი მიმართულებით იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია“ (ფილ. 3:16).

18. რატომ ვცდილობთ „ჭეშმარიტების გზით“ სიარულს?

18 რას მივიღებთ შედეგად, თუ ყველანაირად ვეცდებით, „ჭეშმარიტების გზით“ ვიაროთ? ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და მეტიც, გულს გავუხარებთ იეჰოვასაც და თანამორწმუნეებსაც (იგავ. 27:11; 3 იოან. 4). მაშ, გვიყვარდეს ჭეშმარიტება და ჩვენი ცხოვრებით დავამტკიცოთ ეს!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!

a ხშირად, როცა ჭეშმარიტებას ვახსენებთ, ვგულისხმობთ ჩვენს მრწამსსა და ცხოვრების წესს. მიუხედავად იმისა, ახლახან გავიგეთ ჭეშმარიტება თუ უკვე დიდი ხანია, არავის გვაწყენს იმის შეხსენება, თუ რატომ გვიყვარს ის. ამაზე დაფიქრება გაგვიძლიერებს სურვილს, ღვთის მოსაწონად ვიცხოვროთ.