არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 36

იეჰოვას ხალხს უყვარს სიმართლე

იეჰოვას ხალხს უყვარს სიმართლე

„ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“ (ᲛᲐᲗ. 5:6).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 9 იეჰოვა ჩვენი მეფეა!

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა საცდურის წინაშე აღმოჩნდა იოსები და როგორ მოიქცა?

 ᲘᲐᲙᲝᲑᲘᲡ ვაჟი იოსები ფოტიფარის მონა იყო, როცა სერიოზული ცდუნების წინაშე აღმოჩნდა. ერთხელ მისი ბატონის ცოლმა მას ასეთი რამ შესთავაზა: „დაწექი ჩემთან“. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთავაზება პირველი არ იყო, იოსებმა კატეგორიული უარი განაცხადა. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს მისი საქციელი. ფოტიფარი სახლში არ იყო და თან მის ცოლს შეეძლო იოსებისთვის ცხოვრება გაემწარებინა, თუ მის ნებას არ დაჰყვებოდა. იოსებმა თავადვე ახსნა თავისი უარის მიზეზი: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?!“ (დაბ. 39:7—12).

2. საიდან იცოდა იოსებმა, რომ მრუშობა ღვთის თვალში ცოდვა იყო?

2 საიდან იცოდა იოსებმა, რომ ღმერთი მრუშობას დიდ ბოროტებად მიიჩნევდა? მოსეს კანონი, რომელიც მრუშობას კრძალავდა, მხოლოდ 200 წლის შემდეგ დაიწერა (გამ. 20:14). იოსები კარგად იცნობდა იეჰოვას საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო, როგორ უყურებდა ის უზნეობას. მას ეცოდინებოდა, რომ იეჰოვამ თავდაპირველად ერთი კაცი და ერთი ქალი შეაუღლა. ისიც ეცოდინებოდა, როგორ დაიცვა იეჰოვამ ორჯერ მისი დიდი ბებია სარა, რომ მასზე არ ეძალადათ. მისი ბებია, რებეკაც, ღვთის დახმარებით გადაურჩა მსგავს ძალადობას (დაბ. 2:24; 12:14—20; 20:2—7; 26:6—11). ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ იოსები მიხვდა, რა იყო ღვთის თვალში სწორი და არასწორი. რაკი ღმერთი უყვარდა, მისი სამართლიანი ნორმებიც უყვარდა და იცავდა კიდეც მათ.

3. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 ფაქტია, ყველა ღვთის მსახურს გვიყვარს სიმართლე. მაგრამ თუ სიფხიზლეს მოვადუნებთ, ქვეყნიერებამ შეიძლება ადვილად დაგვიმახინჯოს შეხედულება სწორსა და არასწორზე (ეს. 5:20; რომ. 12:2). ამიტომ მოდი განვიხილოთ, რა არის სიმართლე და როგორ გვადგება ის. შემდეგ კი ვიმსჯელოთ სამ რჩევაზე, რომელთა გათვალისწინებაც დაგვეხმარება, მეტად შევიყვაროთ იეჰოვას ნორმები.

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ?

4. როგორი წარმოდგენა აქვს ზოგს სიმართლეზე?

4 იესოს დროინდელი რელიგიური წინამძღოლები თავს მართლებად თვლიდნენ, მაგრამ იესომ მკაცრად დაგმო ისინი, რადგან სხვებს განსჯიდნენ და სიმართლის საკუთარ ნორმებს ადგენდნენ (ეკლ. 7:16; ლუკ. 16:15). ამ რელიგიური წინამძღოლებისა არ იყოს, დღეს ბევრი საკუთარი ნორმებით განსჯის სხვებს და ჰგონია, რომ არაფერს აშავებს. ხშირად ასეთი ადამიანები თვითკმაყოფილები და სხვების მიმართ კრიტიკულები არიან და თავი სხვაზე უკეთესი ჰგონიათ. ასეთი რამ იეჰოვასთვის მიუღებელია და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.

5. რასთან ასოცირდება ბიბლიაში სიმართლე?

5 მარტივად რომ ვთქვათ, სიმართლე არის ის, რასაც ღმერთი სწორად და მართებულად მიიჩნევს. ბიბლია მართალს მას უწოდებს, ვინც იეჰოვას აღმატებული ნორმებით ცხოვრობს. ბიბლიაში სიმართლე პატიოსნებასთანაც ასოცირდება. მაგალითად, იეჰოვამ მითითება მისცა ისრაელებს, რომ ვაჭრობის დროს ზუსტი საწონი უნდა გამოეყენებინათ (კან. 25:15). ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „ზუსტი“, სიმართლესაც ნიშნავს. ამიტომ ქრისტიანი, რომელსაც სურს, ღვთის თვალში მართალი იყოს, საქმიანი ურთიერთობის დროს პატიოსნად უნდა მოიქცეს. მართალი ადამიანი სამართლიანობის მოყვარულიცაა და ვერ ეგუება უსამართლობას. მას სურს, ყოველმხრივ ასიამოვნოს იეჰოვას, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ითვალისწინებს ღვთის აზრს (კოლ. 1:10).

6. რატომ გვჯერა, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია დაადგინოს, რა არის სწორი და რა არასწორი? (ესაია 55:8, 9).

6 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა სიმართლის ეტალონია. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „სიმართლის სამყოფელი“ (იერ. 50:7). ვინაიდან იეჰოვა შემოქმედია, მხოლოდ მას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა არასწორი. ცოდვისა და არასრულყოფილების გამო ჩვენ ხშირად გვიჭირს სწორისა და არასწორის გარჩევა, მაგრამ იეჰოვა სრულყოფილია, ამიტომ მასზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება (იგავ. 14:12; წაიკითხეთ ესაიას 55:8, 9). თუმცა ჩვენ, ღვთის მსგავსებად შექმნილ ადამიანებს, შეგვიძლია ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრება (დაბ. 1:27). არათუ შეგვიძლია, არამედ გვსიამოვნებს კიდეც. და ეს იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი ზეციერი მამა და გვინდა, მას მივბაძოთ (ეფეს. 5:1).

7. რატომ გვჭირდება იეჰოვას მიერ დადგენილი ნორმები? ახსენით.

7 სწორისა და არასწორის შესახებ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. ეს რომ უკეთ დავინახოთ, წარმოვიდგინოთ, რამხელა ქაოსს გამოიწვევს, თუ ყველა ბანკი თავად დაადგენს ვალუტის კურსს ან რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება, თუ სამედიცინო პერსონალი არ გაითვალისწინებს მკურნალობის სტანდარტებს. დადგენილი სტანდარტები ბევრი რამისგან გვიცავს. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვას მიერ დადგენილ ნორმებზეც.

8. რა ჯილდო ელით სიმართლის მოყვარულთ?

8 იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვინც მისი ნორმებით ცხოვრობს. მის სიტყვაში ნათქვამია, რომ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:29). წარმოიდგინეთ, რა მშვიდ და ბედნიერ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება, როცა ყველა ღვთის ნორმებით იხელმძღვანელებს. რახან იეჰოვას ჩვენთვის ასეთი ცხოვრება სურს, კიდევ უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ მისი სიმართლე. განვიხილოთ სამი რჩევა, რაც ამაში დაგვეხმარება.

ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲐᲓ ᲨᲔᲘᲧᲕᲐᲠᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ

9. როგორ შევიყვაროთ სიმართლე?

9 პირველი რჩევა: გიყვარდეთ ნორმების დამდგენი. სიმართლეს ვერ შევიყვარებთ, თუ არ გვეყვარება ის, ვინც სწორისა და არასწორის განმსაზღვრელ ნორმებს გვიდგენს. რაც უფრო მეტად გვეყვარება იეჰოვა, მით უფრო მეტად ვეცდებით მისი სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას. მაგალითად, პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, რომ ჰყვარებოდათ იეჰოვა, არ დაარღვევდნენ მის კანონს (დაბ. 3:1—6, 16—19).

10. როგორ დარწმუნდა აბრაამი, რომ იეჰოვა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს?

10 არ გვინდა, რომ ადამისა და ევას შეცდომა გავიმეოროთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავიღრმავებთ ცოდნას იეჰოვას შესახებ, დავაფასებთ მის თვისებებს და ვეცდებით გავიგოთ, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. შესაბამისად უფრო მეტად შევიყვარებთ მას. ასე მოხდა აბრაამის შემთხვევაში. მას უყვარდა იეჰოვა. ამიტომ მაშინაც კი, როცა ბოლომდე არ ესმოდა, რატომ იღებდა იეჰოვა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, არ ეწინააღმდეგებოდა, უბრალოდ ცდილობდა, უკეთ გაცნობოდა მას. მაგალითად, როცა გაიგო, რომ იეჰოვა სოდომსა და გომორას განადგურებას უპირებდა, თავიდან საგონებელში ჩავარდა და ვერ იჯერებდა, რომ „მთელი დედამიწის მოსამართლე“ მართლებს ბოროტებთან ერთად გაანადგურებდა. ამიტომ თავისი გულისტკივილი თავმდაბლურად გამოხატა იეჰოვასთან. იეჰოვამაც მოთმინებით მოუსმინა და უპასუხა. საბოლოოდ აბრაამი მიხვდა, რომ იეჰოვა გულებს იკვლევს და უდანაშაულოს დამნაშავესთან ერთად არ დასჯის (დაბ. 18:20—32).

11. საიდან გამოჩნდა, რომ აბრაამს უყვარდა იეჰოვა და ენდობოდა მას?

11 სოდომისა და გომორას განადგურებამდე იეჰოვასთან საუბარმა აბრაამზე წარუშლელი კვალი დატოვა. ეჭვგარეშეა, ის უფრო მეტი სიყვარულითა და კრძალვით განეწყო თავისი ზეციერი მამის მიმართ. წლების შემდეგ მისი ნდობა სერიოზულად გამოიცადა, როცა იეჰოვამ მას საყვარელი ვაჟის, ისაკის, შეწირვა სთხოვა. ამჯერად აბრაამს კითხვები აღარ გასჩენია, რადგან უკვე კარგად იცნობდა თავის ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება მისთვის ძალიან რთული იქნებოდა, ის დაუყოვნებლივ შეუდგა დავალების შესრულებას. აბრაამი ბევრს ფიქრობდა იეჰოვაზე და ხვდებოდა, რომ ის არასდროს მოიქცეოდა უმოწყალოდ და უსამართლოდ. როგორც მოგვიანებით პავლე მოციქულმა აღნიშნა, აბრაამს სჯეროდა, რომ იეჰოვას ისაკის მკვდრეთით აღდგენაც შეეძლო (ებრ. 11:17—19). იეჰოვასაც ხომ ნათქვამი ჰქონდა, რომ ისაკისგან წარმოიშობოდა დიდი ერი, არადა იმ დროს ისაკს არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი. რახან აბრაამს უყვარდა იეჰოვა, სჯეროდა კიდეც, რომ ის უსამართლოდ არასდროს მოიქცეოდა. ასე რომ, ძალიან რთულიც რომ ყოფილიყო, ის რწმენით ემორჩილებოდა ღმერთს (დაბ. 22:1—12).

12. როგორ მივბაძოთ აბრაამს? (ფსალმუნი 73:28).

12 როგორ მივბაძოთ აბრაამს? უკეთ გავიცნოთ იეჰოვა, რომ უფრო დავუახლოვდეთ მას და მეტად შევიყვაროთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:28). შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებსაც დაეტყობა, რომ კარგად გვესმის იეჰოვას თვალსაზრისი კარგსა და ცუდზე (ებრ. 5:14). ცუდ საქმეშიც ადვილად ვერავინ აგვიყოლიებს. ჩვენ აზრადაც არ მოგვივა ისეთი რამის გაკეთება, რითაც გულს ვატკენდით იეჰოვას და მასთან ურთიერთობას გავიფუჭებდით. კიდევ რაში გამოჩნდება, რომ გვიყვარს სიმართლე?

13. როგორ ვისწრაფოთ სიმართლისკენ? (იგავები 21:21).

13 მეორე რჩევა: დღითი დღე უფრო მეტად შეიყვარეთ სიმართლე. როგორც კუნთის განსავითარებლად ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო, ისე იეჰოვას სამართლიანი ნორმების უფრო მეტად შესაყვარებლად ყოველდღიური ძალისხმევაა საჭირო. ეს კი რეალური მიზანია, რადგან იეჰოვა არასდროს გვთხოვს შესაძლებლობაზე მეტს (ფსალმ. 103:14). იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ვინც სიმართლისკენ ისწრაფვის სიმართლეს პოვებს (წაიკითხეთ იგავების 21:21). როგორც იეჰოვას მსახურებაში ნებისმიერი სხვა მიზნის მიღწევას, სიმართლისკენ სწრაფვასაც ძალისხმევა სჭირდება. იეჰოვა მოთმინებით გვეხმარება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძოთ წინსვლა (ფსალმ. 84:5, 7).

14. რა არის „სიმართლის ჯავშანი“ და რატომ გვჭირდება?

14 იეჰოვა გვარწმუნებს, რომ სწორად მოქცევა ტვირთი არ არის (1 იოან. 5:3). ტვირთი კი არა, პირიქით, ჩვენთვის დამცავია. ასეთი დაცვა კი ყოველდღე გვჭირდება. ალბათ გახსოვთ, როგორ აღწერა პავლე მოციქულმა სულიერი საჭურველი (ეფეს. 6:14—18). ამ საჭურველში გულის დამცავ ფუნქციას „სიმართლის ჯავშანი“ ასრულებს, რომელიც იეჰოვას სამართლიან ნორმებს განასახიერებს. როგორც ჯავშანი იცავს მეომრის გულს, ისე „სიმართლის ჯავშანი“ იცავს ჩვენს სიმბოლურ გულს ანუ ჩვენს შინაგან პიროვნებას. ასე რომ, ნურასდროს დარჩებით „სიმართლის ჯავშნის“ გარეშე (იგავ. 4:23).

15. საიდან გამოჩნდება, რომ „სიმართლის ჯავშნით“ ვართ შემოსილი?

15 თუ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებამდე ვითვალისწინებთ იეჰოვას თვალსაზრისს სწორსა და არასწორზე, ესე იგი, „სიმართლის ჯავშნით“ ვართ შემოსილი. როცა სასაუბრო თემას, მუსიკას, საყურებელ ან წასაკითხ მასალას ვირჩევთ, კარგი იქნება, თუ ჯერ დავფიქრდებით: რა ინფორმაციით ვივსებ გულსა და გონებას? მოეწონება იეჰოვას ჩემი არჩევანი? უზნეობას, ძალადობას, სიხარბესა და ეგოიზმს ხომ არ უწევს პროპაგანდას ანუ იმას, რასაც იეჰოვა გმობს და უმართლობად მიიჩნევს? (ფილ. 4:8). თუ ღვთისმოსაწონ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, გამოდის, რომ მისი სამართლიანი ნორმებით ვიცავთ გულს.

შენი სიმართლე იქნება „ზღვის ტალღებივით“ (იხილეთ აბზაცები 16, 17).

16, 17. როგორ გვარწმუნებს ესაიას 48:18, რომ ყოველთვის შევძლებთ იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას?

16 ხომ არ გიფიქრიათ, რომ ყოველთვის ვერ შეძლებთ იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას? თუ ასეა, მაშინ დაფიქრდით, რაში გვარწმუნებს იეჰოვა ესაიას 48:18-ში (წაიკითხეთ). ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ ჩვენი სიმართლე შეიძლება „ზღვის ტალღებივით“ იყოს. წარმოიდგინეთ, რომ ზღვის ნაპირზე დგახართ და გაჰყურებთ, როგორ მოგორავს თქვენკენ უწყვეტ ნაკადად ტალღები. ალბათ თავში აზრადაც არ მოგივათ, რომ ეს პროცესი ერთ დღესაც შეიძლება შეჩერდეს, რადგან კარგად გესმით, რომ ეს ოდითგანვე ასე იყო, ასე არის და ასე იქნება.

17 ჩვენი სიმართლეც ზღვის ტალღებს დაემსგავსება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე იეჰოვას თვალსაზრისს გავიგებთ, შემდეგ კი ვიმოქმედებთ. რამდენად რთული გადაწყვეტილების წინაშეც არ უნდა იდგეთ, ზეციერი მამა ყოველთვის მხარში ამოგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ დღიდან დღემდე მისი სამართლიანი ნორმების თანახმად იცხოვროთ (ეს. 40:29—31).

18. რატომ არ უნდა განვსაჯოთ სხვები ჩვენი კრიტერიუმით?

18 მესამე რჩევა: გასამართლება იეჰოვას მიანდეთ. ერთი მხრივ, უნდა ვეცადოთ, იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ვიცხოვროთ, მეორე მხრივ, არ უნდა გავხდეთ საკუთარ სიმართლეში ზედმეტად დარწმუნებულები და არ უნდა განვსაჯოთ სხვები. ვინაიდან იეჰოვაა „მთელი დედამიწის მოსამართლე“, ჩვენთვის არავის მოუცია იმის უფლებამოსილება, რომ სხვები ჩვენი კრიტერიუმით განვსაჯოთ (დაბ. 18:25). ამას იესომაც გაუსვა ხაზი, როცა თქვა: „ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ“ (მათ. 7:1). b

19. საიდან გამოჩნდა, რომ იოსები იეჰოვას ანდობდა სამართლის აღსრულებას?

19 მოდი კიდევ ერთხელ შევეხოთ იოსების მაგალითს. ის ღვთის თვალში მართალი კაცი იყო. მას ისინიც კი არ განუსჯია, ვინც ბოროტად მოექცა. მაგალითად, ის საკუთარმა ძმებმა მონად გაყიდეს, მამამისი კი დაარწმუნეს, რომ მკვდარი იყო. წლების შემდეგ, როცა იოსები ძლიერი მმართველი გახდა, ის კვლავ შეხვდა თავის ძმებს. მას კარგი შანსი მიეცა, რომ მკაცრად განესაჯა ძმები და მათზე შური ეძია. მის ძმებსაც სწორედ ამის ეშინოდათ მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული. მაგრამ იოსებმა ასეთი სიტყვებით დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?!“ (დაბ. 37:18—20, 27, 28, 31—35; 50:15—21). იოსებმა თავმდაბლურად აღიარა, რომ მხოლოდ ღმერთი იყო მათი განმსჯელი.

20, 21. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მეტისმეტად მართალი არ გვეგონოს თავი?

20 იოსების მსგავსად ჩვენც იეჰოვას ვანდობთ გასამართლებას. ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, რომ შევაფასოთ ჩვენი და-ძმების მოტივები, რადგან „გულის ზრახვებს იეჰოვა ამოწმებს“ (იგავ. 16:2). ის ადამიანებს წარმოშობისა და კულტურის მიხედვით არ ასხვავებს. მას ყველა უყვარს და ამიტომ მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ფართოდ გავხსნათ გულისკარი (2 კორ. 6:13). ამიტომ გვინდა, კი არ განვსაჯოთ ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები, არამედ შევიყვაროთ.

21 არც ისინი უნდა განვსაჯოთ, ვინც ჩვენს სულიერ ოჯახს არ მიეკუთვნება (1 ტიმ. 2:3, 4). მაგალითად, ჩვენ ხაზი არ უნდა გადავუსვათ ჩვენს ახლობლებს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი არასდროს გამოეხმაურებიან ჭეშმარიტებას. ეს იმაზე იმეტყველებდა, რომ მეტისმეტად მართალი გვგონია თავი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა დღემდე „ყველგან ყველას მოუწოდებს მონანიებისკენ“ (საქ. 17:30). გვახსოვდეს, რომ ის, ვისაც თავი მეტისმეტად მართალი ჰგონია, იეჰოვას თვალში არაფრით განსხვავდება უმართლოსგან.

22. რატომ უნდა გვიყვარდეს სიმართლე?

22 იეჰოვას სამართლიანი ნორმების სიყვარული ჩვენვე მოგვანიჭებს ბედნიერებას. გარდა ამისა, ჩვენი მაგალითი სხვებსაც გაუჩენს იეჰოვასთან დაახლოებისა და ჩვენთან დამეგობრების სურვილს. ამიტომ ყოველთვის ვიყოთ „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“ (მათ. 5:6). იეჰოვას არ გამორჩება თქვენი ძალისხმევა და გაიხარებს თქვენი წინსვლით. მართალია, დღევანდელ ქვეყნიერებაში სიმართლე სანთლით საძებნელია, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. გახსოვდეთ, რომ იეჰოვას „უყვარს მართლები“ (ფსალმ. 146:8).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში

a დღეს იშვიათად თუ შეხვდები მართალ ადამიანს. მიუხედავად ამისა, მილიონებმა სიმართლის გზა აირჩიეს. გვჯერა, რომ თქვენც მათ შორის ხართ და ეს გზა იმიტომ აირჩიეთ, რომ გიყვართ სიმართლის მოყვარე ღმერთი იეჰოვა. რა დაგვეხმარება უფრო მეტად შევიყვაროთ სიმართლე? ამ სტატიიდან გავიგებთ, რა არის სიმართლე და რაში გვადგება. იმაზეც ვიმსჯელებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ სიმართლე.

b ზოგჯერ უხუცესებს უწევთ ისეთი საკითხების განსჯა, რომლებიც სერიოზულ ცოდვას ან მონანიებას ეხება (1 კორ. 5:11; 6:5; იაკ. 5:14, 15). მათ უნდა ესმოდეთ, რომ ღვთის სახელით ასამართლებენ და არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ არ შეუძლიათ გამოიცნონ, ვის რა აქვს გულში (შეადარეთ 2 მატიანის 19:6). ისინი ცდილობენ, მიჰბაძონ ღმერთს — გონიერ, გულმოწყალე და სამართლიან მოსამართლეს.