არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 33

იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის ხალხს

იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის ხალხს

„იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 33:18).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 4 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა სთხოვა იესომ ზეციერ მამას და რატომ?

 ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘᲡ წინა ღამეს იესო შეევედრა ზეციერ მამას, რომ ბოროტისგან დაეცვა თავისი მიმდევრები (იოან. 17:15, 20). რა თქმა უნდა, იეჰოვა ყოველთვის მფარველობდა და ზრუნავდა თავის ხალხზე. მაგრამ იესოს კარგად ესმოდა, რომ თავისი მიმდევრები სატანის თავდასხმის მთავარი სამიზნეები გახდებოდნენ. ამიტომ განსაკუთრებით დასჭირდებოდათ იეჰოვას მფარველობა.

2. ფსალმუნის 33:18—20-ის თანახმად, რატომ არ უნდა გვაშინებდეს სირთულეები?

2 სატანის ქვეყნიერება დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებზე დიდ ზეწოლას ახდენს. ამან შეიძლება გული გაგვიტეხოს ან გამოსცადოს იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება. მაგრამ ამ სტატიიდან დავინახავთ, რომ შიშის მიზეზი არ გვაქვს. იეჰოვა თვალყურს გვადევნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად იცის, რა გვიჭირს და მზად არის ჩვენს დასახმარებლად. ორი ბიბლიური მაგალითის მეშვეობით დავინახავთ, როგორ ადევნებს იეჰოვა თვალყურს თავის მოშიშებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 33:18—20).

ᲠᲝᲪᲐ ᲗᲐᲕᲡ ᲛᲐᲠᲢᲝᲓ ᲕᲒᲠᲫᲜᲝᲑᲗ

3. როდის შეიძლება დაგვეუფლოს მარტოობის გრძნობა?

3 მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი სულიერი და-ძმა გვყავს, შეიძლება ზოგჯერ თავი მარტოდ ვიგრძნოთ. მსგავსი გრძნობები შეიძლება ახალგაზრდებსაც დაეუფლოთ, როცა კლასელების წინაშე უწევთ საკუთარი რწმენის დაცვა ან როცა ახალ კრებაში გადადიან. ზოგი, ვინც დათრგუნული და გულდამძიმებულია, საკუთარ გრძნობებთან მარტო რჩება და ფიქრობს, რომ სხვებთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან მაინც ვერ გაუგებენ. ზოგი შეიძლება იმასაც კი ფიქრობდეს, რომ მისი მდგომარეობა არავის ანაღვლებს. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს გრძნობები, ფაქტი ერთია, მათ გამო შეიძლება თავი უმწეოდ და უსუსურად ვიგრძნოთ. იეჰოვას ნამდვილად არ სურს, რომ ასეთი გრძნობები დაგვეუფლოს და ახლა ვიმსჯელებთ კიდეც, რატომ ვამბობთ ამას.

4. რატომ თქვა წინასწარმეტყველმა ელიამ, რომ ისღა დარჩა წინასწარმეტყველთაგან ცოცხალი?

4 გავიხსენოთ ღვთის ერთგული წინასწარმეტყველის, ელიას მაგალითი. ის 40 დღეზე მეტხანს გაურბოდა დედოფალ იზებელს, რომელსაც მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული (1 მეფ. 19:1—9). ბოლოს გამოქვაბულს შეაფარა თავი და იეჰოვას შეჰღაღადა: „[წინასწარმეტყველთაგან] მეღა დავრჩი ცოცხალი“ (1 მეფ. 19:10). სინამდვილეში ისრაელში სხვა წინასწარმეტყველებიც იყვნენ. მაგალითად, 100 წინასწარმეტყველი ობადიამ გადამალა, რომ იზებელს არ დაეხოცა (1 მეფ. 18:7, 13). მაშ, რატომ გრძნობდა ელია თავს მარტოდ? ხომ არ ეგონა, რომ ობადიას მიერ გადარჩენილი წინასწარმეტყველები უკვე დახოცილები იყვნენ?! ან იმიტომ ხომ არა, რომ ქარმელის მთაზე ბაალის დამცირების შემდეგ მას არავინ შეუერთდა იეჰოვას მსახურებაში?! ხომ არ ეგონა, რომ არავინ იცოდა, რა დღეში იყო და არც არავის ანაღვლებდა მისი მდგომარეობა?! დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იეჰოვას კარგად ესმოდა მისი გრძნობები და ისიც კარგად იცოდა, როგორ უნდა დახმარებოდა მას.

როგორ გვანუგეშებს ელიას შემთხვევა, როცა თავს მარტოდ ვგრძნობთ? (იხილეთ აბზაცები 5, 6).

5. როგორ დაარწმუნა იეჰოვამ ელია, რომ მარტო არ იყო?

5 იეჰოვამ სხვადასხვა საშუალება გამოიყენა ელიას გასამხნევებლად. თავისი აზრის გამოთქმის საშუალება რომ მიეცა, ორჯერ ჰკითხა ელიას, აქ რას აკეთებო (1 მეფ. 19:9, 13). იეჰოვა ყოველ ჯერზე ყურადღებით უსმენდა, როცა ის თავის საწუხარს უზიარებდა. იეჰოვამ დაარწმუნა ელია, რომ მის გვერდით იყო და დიდ ძალას ფლობდა. მან ელია იმაშიც დაარწმუნა, რომ მის გარდა ისრაელში სხვა მრავალი ღვთისმოშიში ადამიანიც იყო (1 მეფ. 19:11, 12, 18). ფაქტია, ელია დიდ შვებას იგრძნობდა მას შემდეგ, რაც თავის ღმერთს გული გადაუშალა და მისი პასუხიც მოისმინა. ელიამ ღვთისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი დავალებაც მიიღო. მას ხაზაელი უნდა ეცხო სირიის მეფედ, იეჰუ — ისრაელის მეფედ, ელისე კი — წინასწარმეტყველად (1 მეფ. 19:15, 16). ამ დავალებებით იეჰოვამ ელიას ყურადღება დადებითზე გადაატანინა. გარდა ამისა, მან ელისეს სახით ელიას კარგი დამხმარე და მეგობარი გამოუჩინა. ჩვენ როგორ გვეხმარება იეჰოვა, როცა თავს მარტოდ ვგრძნობთ?

6. რაზე შეგიძლიათ ილოცოთ, როცა თავს მარტოდ გრძნობთ? (ფსალმუნი 62:8).

6 იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ ლოცვით მივმართოთ მას. მან კარგად იცის, რასაც განვიცდით და გვარწმუნებს, რომ ნებისმიერ დროს მოგვისმენს (1 თეს. 5:17). ის სიამოვნებით ისმენს თავისი მსახურების ლოცვას (იგავ. 15:8). რაზე შეგიძლიათ ილოცოთ, როცა თავს მარტოდ გრძნობთ? ელიასავით გული გადმოუღვარეთ იეჰოვას (წაიკითხეთ ფსალმუნის 62:8). ესაუბრეთ იეჰოვას თქვენს საწუხარსა და გრძნობებზე და სთხოვეთ, ამ გრძნობებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ. მაგალითად, თუ სკოლის მოსწავლე ხარ და გეშინია, როცა სკოლაში მარტო გიწევს საკუთარი რწმენის დაცვა, სთხოვე იეჰოვას, რომ გამბედაობა მოგცეს. შეგიძლია სიბრძნეც სთხოვო იეჰოვას, რომ ტაქტიანად გათქმევინოს სათქმელი (ლუკ. 21:14, 15). თუ გულგატეხილი ხართ, იეჰოვას სთხოვეთ, რომ დაგეხმაროთ, მოწიფულ ქრისტიანს გაანდოთ თქვენი საწუხარი. იეჰოვას ისიც შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც გულს უშლით, გაგებით მოეკიდოს თქვენს ნათქვამს. გული გადაუშალეთ იეჰოვას და დააკვირდით, როგორ გიპასუხებთ ლოცვებზე. ნურც და-ძმებს ეტყვით უარს დახმარებაზე. თუ ასე მოიქცევით, თავს ნაკლებად იგრძნობთ მარტოდ.

ცდილობ, მეტი აკეთო მსახურებაში და ითანამშრომლო სხვებთან? (იხილეთ აბზაცი 7).

7. რას ვსწავლობთ მაურისიოს მაგალითზე?

7 იეჰოვამ ყველას მოგვანდო მნიშვნელოვანი დავალება. დარწმუნებული იყავით, რომ ის ხედავს და აფასებს ყველაფერს, რასაც კრებისთვის და სამქადაგებლო საქმისთვის აკეთებთ (ფსალმ. 110:3). როგორ დაგეხმარებათ ამ საქმეში მონაწილეობა მარტოობასთან გამკლავებაში? მოდით ვნახოთ, რა დაეხმარა ერთ ახალგაზრდა ძმას, მაურისიოს. b მაურისიო ახალი მონათლული იყო, როცა მისი ახლო მეგობარი სულიერად მოსუსტდა. ის ამბობს: „მისი შემხედვარე კინაღამ თვითრწმენა დავკარგე. აღარ ვიყავი დარწმუნებული, შევძლებდი თუ არა ჩემი მიძღვნის თანახმად ცხოვრებას და იეჰოვას ორგანიზაციაში დარჩენას. თავს მარტოდ ვგრძნობდი და მეგონა, რომ არავის ესმოდა ჩემი“. მაშ, რა დაეხმარა მაურისიოს? აი, რას ამბობს ის: „უფრო გავაქტიურდი მსახურებაში. ეს დამეხმარა, რომ მხოლოდ საკუთარ თავსა და უარყოფით გრძნობებზე არ მეფიქრა. როცა სხვებთან ერთად ვმსახურობდი, ბედნიერიც ვიყავი და არც მარტოდ ვგრძნობდი თავს“. შეიძლება ფიზიკურად ვერ შევძლოთ თანაქრისტიანებთან ერთად მსახურება, მაგრამ მაინც შეგვიძლია გავამხნეოთ ერთმანეთი წერილებითა და ტელეფონით მსახურებით. მაურისიო გვიზიარებს, კიდევ რა დაეხმარა მას: „კრებაშიც ვაქტიურობდი. მთელი გულით ვემზადებოდი კრების დავალებებისთვის. ვგრძნობდი, რომ იეჰოვაც და და-ძმებიც მაფასებდნენ“.

ᲠᲝᲪᲐ ᲒᲐᲜᲡᲐᲪᲓᲔᲚᲔᲑᲘ ᲒᲣᲚᲡ ᲒᲕᲘᲛᲫᲘᲛᲔᲑᲡ

8. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე განსაცდელებმა?

8 ჩვენ ბოლო დღეებში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ განსაცდელები გარდაუვალია (2 ტიმ. 3:1). და მაინც, განსაცდელი შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაგვატყდეს თავს. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური პრობლემა, მძიმე დიაგნოზი ან საყვარელი ადამიანის სიკვდილი. თუ განსაცდელი განსაცდელს მიჰყვა ან ერთდროულად რამდენიმე განსაცდელი დაგვატყდა თავს, შეიძლება ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მაგრამ გვახსოვდეს, რომ იეჰოვა თვალყურს გვადევნებს და მისი დახმარებით ყველანაირ განსაცდელს გავუმკლავდებით.

9. რა განსაცდელები დაატყდა იობს?

9 დაფიქრდით, როგორ დაეხმარა იეჰოვა თავის ერთგულ მსახურ იობს, რომელსაც მოკლე დროში ზედიზედ არაერთი უბედურება დაატყდა თავს. მან ერთ დღეში დაკარგა მთელი თავისი საქონელი, დაიხოცნენ მისი მსახურები და რაც ყველაზე უარესია, მისი საყვარელი შვილები (იობ. 1:13—19). ჯერ კიდევ მომხდარით გაოგნებულ იობს საშინელი სენი შეეყარა (იობ. 2:7). გამწარებულს ესღა აღმოხდა: „სიცოცხლე მომძულდა, აღარ მინდა ცხოვრება“ (იობ. 7:16).

თავის მზრუნველობაში დასარწმუნებლად იეჰოვა უხსნის იობს, თუ როგორ ზრუნავს თავის ქმნილებებზე (იხილეთ აბზაცი 10).

10. როგორ დაეხმარა იეჰოვა იობს განსაცდელების ატანაში? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

10 იეჰოვა თვალყურს ადევნებდა ყველაფერს, რაც იობის თავს ხდებოდა. ის სიყვარულით დაეხმარა იობს, რომ აეტანა განსაცდელები და ერთგული დარჩენილიყო. იეჰოვა ესაუბრა მას და შეახსენა, რა განუზომელ სიბრძნეს ფლობს და როგორ ზრუნავს თავის ქმნილებებზე. მან ცხოველთა სამყაროდან არაერთი მაგალითი მოუყვანა იობს (იობ. 38:1, 2; 39:9, 13, 19, 27; 40:15; 41:1, 2). იეჰოვამ ახალგაზრდა ელიჰუს მეშვეობითაც გაამხნევა და ანუგეშა თავისი ტანჯული მსახური. ელიჰუმ დაარწმუნა იობი, რომ ღმერთი ყოველთვის აჯილდოებს თავის მსახურებს მოთმინებისთვის. იეჰოვამ ელიჰუს მეშვეობით რჩევაც მისცა იობს. ამ რჩევის მიზანი ის იყო, რომ იობს სრული სურათი დაენახა და სწორად შეეფასებინა თავისი მდგომარეობა სამყაროს შემოქმედის წინაშე (იობ. 37:14). იეჰოვამ იობს დავალებაც მისცა. მას უნდა ელოცა თავისი სამი მეგობრისთვის, რომლებმაც შესცოდეს ღმერთს (იობ. 42:8—10). ჩვენ როგორ გვიჭერს იეჰოვა მხარს განსაცდელების დროს?

11. როგორ გვანუგეშებს ბიბლია განსაცდელების დროს?

11 მართალია, იეჰოვა დღეს პირისპირ არ გველაპარაკება, როგორც იობს, მაგრამ ამას თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით აკეთებს (რომ. 15:4). ის მომავლის იმედს გვაძლევს და ასე გვანუგეშებს. რომელმა ბიბლიურმა აზრებმა შეიძლება გვანუგეშოს განსაცდელის დროს? მაგალითად, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ვერაფერი, მათ შორის ვერანაირი განსაცდელი, „ვერ ჩამოგვაშორებს [მის] სიყვარულს“ (რომ. 8:38, 39). გარდა ამისა, ის გვარწმუნებს, რომ ახლოს „არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“ (ფსალმ. 145:18). იეჰოვა იმასაც გვეუბნება, რომ თუ მას მივენდობით, ნებისმიერ განსაცდელს გავუძლებთ და თანაც ისე, რომ სიხარულს არ დავკარგავთ (1 კორ. 10:13; იაკ. 1:2, 12). ღვთის სიტყვა იმასაც შეგვახსენებს, რომ ჩვენი განსაცდელები დროებითი და ხანმოკლეა მარადიული სიცოცხლის ფონზე, რომელსაც ღმერთი გვპირდება (2 კორ. 4:16—18). იეჰოვა იმის უტყუარ იმედს გვაძლევს, რომ ბოლოს მოუღებს სატანა ეშმაკს, რომელიც ყოველგვარი უბედურების თავიდათავია, და მასთან ერთად ყველა მის მიმბაძველს (ფსალმ. 37:10). კარგი იქნება, თუ დაიმახსოვრებთ იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც განსაცდელის დროს განუგეშებთ.

12. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სიტყვამ გაგვაძლიეროს?

12 იეჰოვას სურს, რომ რეგულარულად ვიკითხოთ მისი სიტყვა და გავაანალიზოთ წაკითხული. როცა ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებთ, რწმენა გვიძლიერდება და ზეციერ მამასაც უფრო ვუახლოვდებით, რაც განსაცდელებს გვატანინებს. ამასთანავე იეჰოვა წმინდა სულითაც გვაძლევს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რომ გავუძლოთ ნებისმიერ სირთულეს (2 კორ. 4:7—10).

13. როგორ გვეხმარება „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული სულიერი საზრდო განსაცდელების ატანაში?

13 იეჰოვას დახმარებით „ერთგული და გონიერი მონა“ უხვად გვიმზადებს სტატიებს, ვიდეოებსა თუ მუსიკალურ მასალას, რომ რწმენა განვიმტკიცოთ და სულიერი სიფხიზლე შევინარჩუნოთ (მათ. 24:45). ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ ამ საშუალებებით. ასე მოიქცა ერთი ამერიკელი და, რომელმაც თავისი 40-წლიანი მსახურების განმავლობაში არაერთ განსაცდელს გაუძლო. ბაბუამისი მთვრალი მძღოლის გამო ავარიაში დაიღუპა. მისი მშობლები ავადმყოფობით დაიხოცნენ, თავად ამ დას კი ორჯერ დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. რა დაეხმარა მას ყველაფრის ატანაში? აი, რას ამბობს ის: «ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას მზრუნველობას. გონიერი მონის მომზადებულმა სულიერმა საზრდომ ყველაფრის ატანის ძალა მომცა. იობივით მეც შემიძლია ვთქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ ღმერთს!“» (იობ. 27:5).

რა შეგვიძლია გავაკეთოთ და-ძმებისთვის კრებაში? (იხილეთ აბზაცი 14).

14. როგორ გვამხნევებს იეჰოვა და-ძმების მეშვეობით განსაცდელების დროს? (1 თესალონიკელები 4:9).

14 იეჰოვა გვასწავლის სიყვარულს, რომ გაჭირვების დროს ერთმანეთი ვანუგეშოთ (2 კორ. 1:3, 4; წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:9). ელიჰუს მსგავსად ჩვენი და-ძმები გაჭირვების დროს მხარში გვიდგანან, რომ ღვთის ერთგულები დავრჩეთ (საქ. 14:22). მაგალითად, განვიხილოთ, როგორ ეხმარებოდნენ და ამხნევებდნენ ერთ დას, დაიანას, მისი კრების და-ძმები, როცა მის ქმარს ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა. დაიანა ამბობს: „მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ იმ რთულ პერიოდში იეჰოვას ძლიერ და მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობდით. კრება ძალიან დაგვიდგა მხარში. გვაკითხავდნენ, გვირეკავდნენ, გულში გვიკრავდნენ, რაც იმ დროს ძალიან გვჭირდებოდა. მე მანქანის ტარება არ ვიცი, ამიტომ და-ძმებს ყოველთვის მივყავდი კრებებზე და მსახურებაში“. რა ბედნიერებაა, რომ ასეთი მოსიყვარულე სულიერი ოჯახი გვყავს!

ᲛᲐᲓᲚᲘᲔᲠᲘ ᲕᲐᲠᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

15. რა გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია გავუძლოთ ნებისმიერ განსაცდელს?

15 ადრე თუ გვიან ყველანი აღმოვჩნდებით რთულ ვითარებაში, მაგრამ ასეთ დროს მარტო არ დავრჩებით. ჩვენი მოსიყვარულე მამა იეჰოვა ყოველთვის გვადევნებს თვალს. ის ჩვენ გვერდით იქნება, შეისმენს ჩვენს ვედრებას და მხარს დაგვიჭერს (ეს. 43:2). დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ყველანაირი გასაჭირის ატანაში დაგვეხმარება, რადგან ძალებს შეგვმატებს ლოცვის, თავისი სიტყვის, უხვი სულიერი საზრდოსა და მოსიყვარულე საძმოს მეშვეობით.

16. რა შემთხვევაში იზრუნებს იეჰოვა ჩვენზე?

16 მადლიერნი ვართ, რომ ზეციერი მამა თვალყურს გვადევნებს. ამიტომ „მისით ხარობს ჩვენი გული“ (ფსალმ. 33:21). ჩვენი მადლიერება იმაში გამოჩნდება, თუ ვისარგებლებთ იმ ყველაფრით, რასაც ის ჩვენს დასახმარებლად აკეთებს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ ყოველთვის იზრუნოს ჩვენზე. თუ კვლავაც მთელი გულით დავემორჩილებით იეჰოვას და იმას გავაკეთებთ, რაც მოსაწონია მისთვის, მას მარადიულად ექნება ჩვენკენ მოპყრობილი თვალი (1 პეტ. 3:12).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!

a იეჰოვას დახმარების გარეშე გაგვიჭირდება ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება. ეს სტატია დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის ხალხს. ის კარგად ხედავს, რა სირთულეებს ვხვდებით თითოეული ჩვენგანი და საჭირო დახმარებასაც გვიწევს.

b ზოგი სახელი შეცვლილია.