არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 32

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 44 თავმდაბლის ლოცვა

იეჰოვას სურვილია, ყველამ მოვინანიოთ

იეჰოვას სურვილია, ყველამ მოვინანიოთ

[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 ᲞᲔᲢ. 3:9).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რა არის მონანიება, რატომ არის ის აუცილებელი და როგორ აღძრავდა ოდითგანვე იეჰოვა ადამიანებს მონანიებისკენ.

1. რა არის მონანიება?

 ᲠᲝᲪᲐ არასწორად ვიქცევით, უაღრესად მნიშვნელოვანია, მოვინანიოთ. ბიბლიიდან ჩანს, რომ მომნანიებელი ადამიანი ნანობს ჩადენილს, წყვეტს არასწორად მოქცევას და გადაწყვეტილი აქვს, აღარ გაიმეოროს იგივე (იხილეთ „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“ – „მონანიება“).

2. რატომ უნდა ვიცოდეთ, რას ამბობს ბიბლია მონანიებაზე? (ნეემია 8:9–11).

2 რატომ უნდა ვიცოდეთ, რას ამბობს ბიბლია მონანიებაზე? ადამისა და ევასგან ჩვენ ყველამ ცოდვა და სიკვდილი მივიღეთ მემკვიდრეობად, რის გამოც ყოველდღიურად ვცოდავთ (რომ. 3:23; 5:12). ამ მხრივ გამონაკლისი არავინაა. ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა არც ღვთის ისეთი ერთგული მსახურებისთვის იყო მარტივი, როგორიც იყო, მაგალითად, მოციქული პავლე (რომ. 7:21–24). ნიშნავს ეს იმას, რომ გამუდმებით გული უნდა გვქონდეს დამძიმებული დაშვებული შეცდომების გამო? არა, რადგან იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია და სურს, ბედნიერები ვიყოთ. ეს კარგად ჩანს ნეემიას თანამედროვე ებრაელების მაგალითიდანაც (წაიკითხეთ ნეემიას 8:9–11). იეჰოვას ის კი არ სურდა, რომ მათ თავი დაეტანჯათ წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო, არამედ ის, რომ სიხარულით ემსახურათ მისთვის. მან კარგად იცის, რომ ჩვენი ბედნიერება, დიდწილად, მონანიებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც გვეხმარება, ჩავწვდეთ, რა იგულისხმება მონანიებაში, და გვარწმუნებს, რომ თუ მოვინანიებთ, გულმოწყალებას გამოიჩენს და გვაპატიებს.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, 1) რა ასწავლა იეჰოვამ ისრაელებს მონანიების შესახებ, 2) როგორ აღძრავდა ის შემცოდველებს მონანიებისკენ და 3) იესომ რა ასწავლა თავის მიმდევრებს.

ᲠᲐ ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲔᲑᲡ ᲛᲝᲜᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ?

4. რა ასწავლა იეჰოვამ ისრაელებს მონანიების შესახებ?

4 როცა იეჰოვამ ისრაელი ერად ჩამოაყალიბა, მასთან შეთანხმება დადო და კანონები მისცა. თუ ხალხი დაემორჩილებოდა ამ კანონებს, დაცულებიც იქნებოდნენ და კურთხეულებიც. თანაც იეჰოვამ დაარწმუნა ისინი: „მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, არც ძნელი დასაცავია და არც მიუწვდომელი“ (კან. 30:11, 16). მაგრამ თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ იეჰოვას, მაგალითად, ზურგს შეაქცევდნენ და ცრუ ღმერთების თაყვანისცემას დაიწყებდნენ, იეჰოვა არ დაიცავდა მათ თავიანთი საქციელის შედეგებისგან. თუმცა ებრაელები ამ შემთხვევაშიც არ იქნებოდნენ უიმედო მდგომარეობაში. ისინი კვლავაც შეძლებდნენ იეჰოვასთან დაბრუნებას ანუ მონანიებას (კან. 30:1–3, 17–20). თავის მხრივ, ისიც დაუახლოვდებოდა მათ და აკურთხებდა.

5. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვას ხელი არ ჩაუქნევია თავის ხალხზე? (2 მეფეები 17:13, 14).

5 ისრაელი ხშირად ეურჩებოდა იეჰოვას. ისინი კერპებს სცემდნენ თაყვანს და სხვა საძაგელ საქმეებსაც სჩადიოდნენ, რის გამოც იწვნევდნენ თავიანთი ურჩობის შედეგებს. და მაინც, იეჰოვა ხელს არ იქნევდა თავის ხალხზე. ის კვლავ და კვლავ უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველებს, რათა მონანიებისკენ აღეძრა (წაიკითხეთ 2 მეფეების 17:13, 14).

6. როგორ ანახებდა იეჰოვა თავის ხალხს მონანიების აუცილებლობას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 სწორ გზაზე რომ დაებრუნებინა თავისი ხალხი, იეჰოვა ხშირად უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველებს. მაგალითად, იერემიას პირით მათ უთხრა: „დამიბრუნდი, განდგომილო ისრაელო, . . სულ განაწყენებული არ ვიქნები; ოღონდ აღიარე შენი დანაშაული, რადგან ეურჩებოდი შენს ღმერთს, იეჰოვას“ (იერ. 3:12, 13). იოელს ასეთი რამ ათქმევინა: „დამიბრუნდით მთელი გულით“ (იოელ. 2:12, 13). ესაიას პირით განაცხადა: „განიწმინდეთ, ნუღარ აკეთებთ ცუდს ჩემ თვალწინ, ზურგი აქციეთ ბოროტებას!“ (ეს. 1:16–19). ეზეკიელის მეშვეობით კი თავის ხალხს შემდეგი სიტყვები გადასცა: „გგონიათ, მიხარია ბოროტის სიკვდილი?! . ის არ მირჩევნია, რომ ბოროტი მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან და იცოცხლოს?! არავის სიკვდილი არ მიხარია . . . მობრუნდით და იცოცხლეთ!“ (ეზეკ. 18:23, 32). აშკარაა, იეჰოვას ახარებს, როცა ადამიანი ინანიებს, რადგან სურს, ყველამ მარადიულად იცხოვროს. ახლა განვიხილოთ სხვა შემთხვევები, საიდანაც დავინახავთ, რომ იეჰოვა თვითონ დგამს პირველ ნაბიჯს და არ ელოდება იმ დროს, როცა ადამიანი თავად აღიძვრება მონანიებისკენ.

იეჰოვა ხშირად წინასწარმეტყველების მეშვეობით აღძრავდა თავის ხალხს მონანიებისკენ (იხილეთ აბზაცები 6, 7).


7. რა ასწავლა იეჰოვამ თავის ხალხს ოსიასა და მისი ცოლის მაგალითით?

7 ვნახოთ, რისი დანახვება სურდა იეჰოვას ისრაელისთვის წინასწარმეტყველი ოსიასა და მისი ცოლის, გომერის, მაგალითით. გომერმა იმრუშა და სხვა კაცთან წავიდა. თუმცა იეჰოვა, რომელიც გულებს კითხულობს, არ თვლიდა, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო. ამიტომ ოსიას უთხრა: „კიდევ წადი და შეიყვარე ქალი, სხვა კაცს რომ უყვარს და მრუშობს, ისე შეიყვარე, როგორც იეჰოვას უყვარს ისრაელები, რომელნიც სხვა ღმერთებს სცემენ თაყვანს“ (ოს. 3:1; იგავ. 16:2). შენიშნეთ, რომ როცა იეჰოვამ ოსიას ეს სიტყვები უთხრა, გომერი ჯერ კიდევ სერიოზულ ცოდვას სჩადიოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას სურდა, რომ ოსიას ეპატიებინა მისთვის და პირველი ნაბიჯი გადაედგა შესარიგებლად. a ამგვარად, იეჰოვას თავისი ურჩი ხალხისთვის იმის დანახვება სურდა, რომ მათზე ხელი არ ჰქონდა ჩაქნეული. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები კვლავაც სჩადიოდნენ მძიმე ცოდვებს, იეჰოვას უყვარდა ისინი და ცდილობდა, მონანიებისა და გამოსწორებისკენ აღეძრა. ვნახოთ, ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო თუ გულების შემმოწმებელ ღმერთს ზოგადად ასეთი მიდგომა აქვს ყველა შემცოდველის მიმართ (იგავ. 17:3).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲦᲫᲠᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲨᲔᲛᲪᲝᲓᲕᲔᲚᲡ ᲛᲝᲜᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ?

8. როგორ შეეცადა იეჰოვა, კაენი მონანიებისკენ აღეძრა? (დაბადება 4:3–7; იხილეთ აგრეთვე სურათი).

8 თავიდან ვისაუბროთ კაენზე, ადამისა და ევას პირველ ვაჟზე, რომელსაც ცოდვილი მიდრეკილებები დაბადებიდან დაჰყვა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მისი საქმეები ბოროტი იყო“ (1 იოან. 3:12). როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არ მოიწონა იეჰოვამ არც კაენი და არც მისი შესაწირავი. თუმცა კაენს არც ამის შემდეგ გასჩენია გამოსწორების სურვილი, პირიქით, გაბრაზდა. ჩაიქნია იეჰოვამ ხელი მასზე? არა, ის დაელაპარაკა მას (წაიკითხეთ დაბადების 4:3–7). შენიშნეთ, როგორ რბილად აუხსნა იეჰოვამ კაენს, რა საფრთხის წინაშე იდგა, და როგორ დაარწმუნა, რომ თუ სწორად მოიქცეოდა, მზად იყო მის მისაღებად? სამწუხაროდ, იეჰოვას მცდელობის მიუხედავად კაენი არ აღიძრა მონანიებისკენ. თუმცა მისი საქციელის გამო იეჰოვას არ უფიქრია, რომ აზრი აღარ ჰქონდა, სხვა ადამიანებიც აღეძრა მონანიებისკენ.

იეჰოვამ კაენს რბილად აუხსნა, რა საფრთხის წინაშე იდგა და დაარწმუნა, რომ თუ სწორად მოიქცეოდა, მიიღებდა (იხილეთ აბზაცი 8).


9. როგორ აღძრა იეჰოვამ დავითი მონანიებისკენ?

9 დავითი იეჰოვასთვის მოსაწონი ადამიანი იყო და იეჰოვასაც ძალიან უყვარდა ის (საქ. 13:22). თუმცა მან არაერთი სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგალითად მაშინ, როცა ბათშებასთან იმრუშა და მისი ქმარი მოკლა. კანონით ის სიკვდილს იმსახურებდა, თუმცა გულმოწყალე ღმერთმა მისი დახმარება გადაწყვიტა (ლევ. 20:10; რიცხ. 35:31). b მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში დავითი არ ინანიებდა, იეჰოვამ მას წინასწარმეტყველი ნათანი გაუგზავნა. ნათანმა ის მაგალითის მეშვეობით დააფიქრა თავისი ცოდვის სიმძიმეზე და მონანიებისკენ აღძრა (2 სამ. 12:1–14). დავითის ერთ-ერთი ფსალმუნიდან ჩანს, როგორ წუხდა ის ჩადენილი დანაშაულის გამო (ფსალმ. 51, ეპიგრაფი). ვინ მოთვლის, რამდენი შემცოდველი უნუგეშებია ამ ფსალმუნს და მონანიებისკენ აღუძრავს! მართლაც როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომ სიყვარულით გაუწოდა დავითს დახმარების ხელი!

10. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა იეჰოვას მოთმინებასა და მიმტევებლობაზე ფიქრობთ?

10 მნიშვნელობა არა აქვს ცოდვის სიმძიმეს, იეჰოვას ცოდვა ნებისმიერ შემთხვევაში სძულს (ფსალმ. 5:4, 5). თუმცა მას იმდენად ვუყვარვართ, რომ გვეხმარება ცოდვასთან ბრძოლაში. როგორი მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ის ყოველთვის ცდილობს, ისინიც კი აღძრას მონანიებისკენ, ვინც უკიდურესად მძიმე ცოდვებს სჩადიან და დაიახლოვოს! იეჰოვას მოთმინებასა და მიმტევებლობაზე ფიქრი აღგვძრავს, ვუერთგულოთ მას და, თუ რაიმე შეცდომას დავუშვებთ, მაშინვე მოვინანიოთ. მოდი ახლა ვნახოთ, რა ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს მონანიების შესახებ.

ᲠᲐ ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲘᲔᲡᲝᲛ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲔᲑᲡ ᲛᲝᲜᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ?

11, 12. როგორ დაანახვა იესომ მსმენელს, რამდენად მიმტევებელია იეჰოვა? (იხილეთ სურათი).

11 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვამ პირველ საუკუნეში მესია გამოგზავნა. იმ დროს ჯერ იოანე ნათლისმცემელმა, შემდეგ კი თავად მესიამ, იესო ქრისტემ, დაანახვა ხალხს მონანიების აუცილებლობა (მათ. 3:1, 2; 4:17).

12 იესო იმაზეც ამახვილებდა ყურადღებას, როგორი მიმტევებელია მისი ზეციერი მამა. ამ მხრივ გამორჩეულია იგავი გზასაცდენილ შვილზე. ამ ახალგაზრდამ თავაშვებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი, თუმცა რაღაც მომენტში გონს მოეგო და სახლში დაბრუნდა. როგორ მოიქცა მამა მის დანახვაზე? როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, „მამამ შვილს შორიდანვე მოჰკრა თვალი და გული დაეწვა; გაიქცა, გულში ჩაიკრა და დაკოცნა“. რას იფიქრებდა ვაჟი, რომ მამა მას ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიღებდა. ის ხომ მოჯამაგირეობაზეც კი თანახმა იყო. თუმცა მამის განწყობა კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან: „ჩემი ვაჟი . . . დაკარგული იყო და გამოჩნდა“ (ლუკ. 15:11–32). იესოს ნამდვილად შეეძლო ზუსტად აღეწერა იეჰოვას გულმოწყალება, ის ხომ დედამიწაზე მოსვლამდე არაერთხელ გახდა იმის მოწმე, როგორ თანაუგრძნობდა იეჰოვა მომნანიებელ შემცოდველებს.

მამა გზასაცდენილი შვილის დანახვაზე მისკენ გარბის, რომ გულში ჩაიკრას (იხილეთ აბზაცები 11, 12).


13, 14. რა ისწავლა პეტრემ საკუთარი გამოცდილებით და რას ასწავლიდა სხვებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 პეტრემ საკუთარი გამოცდილებით ისწავლა, როგორი გულმოწყალეა იეჰოვა მომნანიებელი შემცოდველის მიმართ. ის ხშირად უშვებდა შეცდომებს და იესოც ყოველ ჯერზე მთელი გულით პატიობდა. გავიხსენოთ ერთი შემთხვევა: იესოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პეტრემ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი, რის შემდეგაც დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა (მათ. 26:34, 35, 69–75). როგორ მოიქცა იესო? მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის პირადად ეჩვენა მას და, როგორც ჩანს, იმაში დაარწმუნა, რომ აპატია (ლუკ. 24:33, 34; 1 კორ. 15:3–5).

14 ასეთი გამოცდილების წყალობით პეტრემ მოგვიანებით სხვებსაც ბევრი რამ ასწავლა. მაგალითად, ერთხელ მან იუდეველებს სიტყვით მიმართა და აუხსნა, რატომ მიუძღოდათ ბრალი მესიის სიკვდილში. თუმცა ისიც დაანახვა, რომ მათი მდგომარეობა უიმედო არ იყო: „მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები, გამოგაცოცხლოთ იეჰოვამ“ (საქ. 3:14, 15, 17, 19). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ადამიანს მონანიება აღძრავს, მობრუნდეს ანუ შეიცვალოს აზროვნება და აღარ დაუბრუნდეს უწინდელი ცხოვრების წესს. პეტრემ ისიც დაანახვა მსმენელს, რომ იეჰოვა წაშლიდა მათ ცოდვებს ანუ სრულად აპატიებდა. ღვთის მიმტევებლობაში ის ქრისტიანებს ათწლეულების შემდეგაც არწმუნებდა: „იეჰოვა . . . სულგრძელია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა უმძიმეს ცოდვებსაც კი გვაპატიებს, თუ მოვინანიებთ?!

იესომ მთელი გულით აპატია მომნანიებელ მოციქულს და ანუგეშა (იხილეთ აბზაცები 13, 14).


15, 16. ა) რა ისწავლა პავლემ მიმტევებლობაზე? (1 ტიმოთე 1:12–15). ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

15 გაქრისტიანებამდე პავლე იესოს მიმდევრების დაუძინებელი მტერი იყო. ამიტომ მას მართლაც დიდი ცოდვა აწვა. ქრისტიანების უმეტესობა ალბათ ფიქრობდა, რომ ამ კაცს არაფერი ეშველებოდა. თუმცა, მათგან განსხვავებით, იესო და იეჰოვა მასში კარგ თვისებებს ხედავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ ის მოინანიებდა და შეიცვლებოდა. იესომ თქვა, რომ ის მისი „რჩეული ჭურჭელი“ იყო და სასწაულიც კი მოახდინა, რომ მონანიებისკენ აღეძრა (საქ. 7:58–8:3; 9:1–9, 15, 17–20). ბიბლიის არაერთი მონაკვეთიდან ჩანს, როგორი მადლიერი იყო პავლე მის მიმართ გამოვლენილი სიკეთისა და გულმოწყალებისთვის (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:12–15). ამიტომ სხვებსაც ეუბნებოდა: „ღმერთს სურს, თავისი სიკეთით მონანიებისკენ გიბიძგოს“ (რომ. 2:4).

16 ერთხელ პავლემ შეიტყო, რომ კორინთის კრება ამორალურ საქციელს იწყნარებდა. შემდეგ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ მოიქცა ის, რამხელა სიყვარული ჩანს იეჰოვას აღმზრდელობითი ზომების მიღმა და რამდენად მნიშვნელოვანია გულმოწყალების გამოვლენა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 33 მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

a ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. იეჰოვა დღეს არ მოელის, რომ ღალატის შემთხვევაში უდანაშაულო მეუღლე ოსიასავით მოიქცევა. მეტიც, როგორც იესოს სიტყვებიდანაც ჩანს, ის ასეთებს განქორწინების უფლებასაც აძლევს (მათ. 5:32; 19:9).