მკითხველთა შეკითხვები
ვის მოუწოდა მოციქულმა პავლემ 2 თესალონიკელების 3:14-ში, რომ შენიშნული ჰყოლოდათ გარკვეული ქრისტიანები?
თესალონიკელ ქრისტიანებს მოციქულმა პავლემ მისწერა: „თუკი ვინმე არ ემორჩილება იმას, რასაც ამ წერილში გწერთ, შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს“ (2 თეს. 3:14). აქამდე ვფიქრობდით, რომ ეს მითითება უხუცესებს ეხებოდათ. თუ ვინმე არაერთი რჩევის მიუხედავად კვლავაც არღვევდა ბიბლიურ პრინციპებს, უხუცესებს შეიძლება კრებაში გამაფრთხილებელი მოხსენება წარმოეთქვათ, რის შემდეგაც მაუწყებლები მოერიდებოდნენ მასთან თავისუფალი დროის გატარებას.
თუმცა როგორც დავინახეთ, პავლემ ეს მითითება ზოგადად ქრისტიანებს მისცა და ყველას პირადად უნდა გამოევლინა სიფრთხილე. აქედან გამომდინარე, საჭირო აღარაა, უხუცესებმა გამაფრთხილებელი მოხსენება წაიკითხონ. მოდი განვიხილოთ ამ მითითების კონტექსტი და დავინახოთ, რატომ მივედით ამ დასკვნამდე.
კონტექსტში პავლემ აღნიშნა, რომ კრებაში ზოგი „წესრიგს არღვევდა“ ანუ არ ითვალისწინებდა ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ მის რჩევას. აი რა გაფრთხილება მისცა მათ პავლემ წინა მონახულების დროს: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც უსაქმურობდნენ, არადა შეეძლოთ მუშაობა. თანაც სხვის საქმეშიც ერეოდნენ. როგორ უნდა მოპყრობოდნენ ქრისტიანები წესრიგის დამრღვევს? (2 თეს. 3:6, 10–12).
როგორც პავლემ თქვა, ქრისტიანებს შენიშნული უნდა ჰყოლოდათ ასეთები. „შენიშვნად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში მხოლოდ ვინმეს შემჩნევა კი არ იგულისხმება, არამედ მასთან ურთიერთობის დროს სიფრთხილის გამოჩენაც, რათა მან ვერ შეძლოს ცუდი ზეგავლენის მოხდენა. პავლემ ეს მითითება მხოლოდ უხუცესებს კი არა, მთელ კრებას მისცა (2 თეს. 1:1; 3:6). ასე რომ, თუ ქრისტიანი შენიშნავდა, რომ ვინმე არ ითვალისწინებდა ღვთის შთაგონებით მიცემულ პავლეს რჩევას ანუ „წესრიგს არღვევდა“, უნდა მორიდებოდა მასთან ურთიერთობას.
ნიშნავდა ეს იმას, რომ მას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც იმ ადამიანს, რომელსაც კრებაში დარჩენის უფლება არ მისცეს? არა, რადგან პავლემ დასძინა: „კვლავაც ძმასავით შეაგონეთ“. აქედან გამომდინარე, კრებასა თუ მსახურებაში ქრისტიანებს ექნებოდათ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ მოერიდებოდნენ მასთან თავისუფალი დროის გატარებას. რა მიზანს მოემსახურებოდა ასეთი ზომების მიღება? როგორც პავლემ აღნიშნა, მას შეიძლება შერცხვენოდა და შეეცვალა ცხოვრების წესი (2 თეს. 3:14, 15).
ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ რჩევის გათვალისწინება? პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, მართლა არის თუ არა ადამიანი წესრიგის დამრღვევი. „წესრიგის დამრღვევში“ პავლე მათ გულისხმობდა, ვინც მიზანმიმართულად არ ემორჩილებოდა ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ მითითებას. შესაბამისად, ამ კატეგორიაში ისინი არ იგულისხმებიან, ვინც საკუთარი სინდისის საფუძველზე ჩვენგან განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ, ჩვენგან პიროვნულად განსხვავდებიან ან რაიმე გვაწყენინეს.
დღესაც, თუ შევამჩნევთ, რომ რომელიმე თანაქრისტიანი აშკარად ავლენს დაუმორჩილებლობის სულს, a მასთან არ გავატარებთ თავისუფალ დროს. რადგან ყველა პირადად აფასებს, ვინ შეიძლება იყოს წესრიგის დამრღვევი, ამაზე ოჯახის წევრების გარდა არავისთან ვისაუბრებთ. რაც შეეხება კრებასა და მსახურებას, ასეთ ადამიანთან ჩვეულებრივ გვექნება ურთიერთობა. ხოლო, როცა ის შეიცვლის დამოკიდებულებას და ცხოვრების წესს, კვლავაც აღვადგენთ მასთან ძველებურ ურთიერთობას.
a მაგალითად, ზოგი ქრისტიანი შეიძლება შეგნებულად ამბობდეს მუშაობაზე უარს, ზოგი არ წყვეტდეს მასთან რომანტიკულ ურთიერთობას, ვინც არაა იეჰოვას მოწმე, ზოგიც შეიძლება აშკარად ეწინააღმდეგებოდეს კრებაში მიღებულ მითითებებს თუ ბიბლიურ მოძღვრებებს ან კიდევ ჭორებს ავრცელებდეს (1 კორ. 7:39; 2 კორ. 6:14; 2 თეს. 3:11, 12; 1 ტიმ. 5:13). ნებისმიერი, ვინც ასე იქცევა, „წესრიგს არღვევს“.