ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 31
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 12 დიდებული ღმერთი, იეჰოვა
რა გააკეთა იეჰოვამ ცოდვისგან ადამიანების სახსნელად?
„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“ (ᲘᲝᲐᲜ. 3:16).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დავინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ, რომ ცოდვილი მდგომარეობის მიუხედავად მისი კეთილგანწყობა მოგვეპოვებინა, საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავით ცოდვისგან და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა გვქონოდა.
1, 2. ა) რა იგულისხმება ცოდვაში და როგორ შეგვიძლია მასზე გამარჯვება? (იხილეთ აგრეთვე „განმარტება“). ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიებში? (იხილეთ აგრეთვე „ინფორმაცია მკითხველთათვის“).
ᲒᲘᲤᲘᲥᲠᲘᲐᲗ, რა ძლიერ უყვარხართ იეჰოვას პირადად თქვენ? მის სიყვარულს უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ, შევიხსენოთ, რა გააკეთა მან ცოდვისა და სიკვდილისგან ჩვენ დასახსნელად. ცოდვილი მდგომარეობის გამო ადამიანები ყოველდღიურად ვუშვებთ შეცდომებს და ჩვენი ბოლო სიკვდილია (რომ. 5:12). ცოდვა a მართლაც დაუნდობელი მტერია, რომლის ხელიდან საკუთარი ძალით თავს ვერასდროს დავაღწევთ. თუმცა ჩვენი მდგომარეობა უიმედო არაა – იეჰოვას დახმარებით ჩვენ გავიმარჯვებთ ამ მტერზე!
2 იეჰოვას ადამიანები შექმნის დღიდან უყვარს და არ უნდა, რომ ვინმე დაიღუპოს. მას სურს, რომ მისმა მიწიერმა შვილებმა მარადიულად იცხოვრონ, მათ შორის პირადად თქვენ (რომ. 6:23). ამიტომ დაახლოებით 6 000 წელია, რაც ცოდვასთან ბრძოლაში გვეხმარება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ სამ კითხვაზე: 1) რა იმედი ჩაუსახა იეჰოვამ ცოდვილ ადამიანებს? 2) როგორ შეძლეს ბიბლიურ დროში ადამიანებმა ცოდვილი მდგომარეობის მიუხედავად იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება? 3) რა გააკეთა იესომ ცოდვისა და სიკვდილისგან ადამიანთა სახსნელად?
ᲠᲐ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲩᲐᲣᲡᲐᲮᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ᲪᲝᲓᲕᲘᲚ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ?
3. როგორ გახდა პირველი წყვილი ცოდვილი?
3 როდესაც იეჰოვამ ადამი და ევა შექმნა, მას სურდა, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ. ამიტომ ულამაზეს გარემოში დაასახლა, შეაუღლა და სასიამოვნო დავალებაც მისცა. მათ უნდა აევსოთ დედამიწა და სამოთხედ გადაექციათ. პირველ წყვილს იეჰოვამ მხოლოდ ერთი რამ აუკრძალა და გააფრთხილა, რომ ამ მითითების დარღვევის შემთხვევაში მათი ბოლო სიკვდილი იქნებოდა. თუმცა მათ ყურად არ იღეს მისი გაფრთხილება და ერთ სულიერ ქმნილებას დაუჯერეს, რომელსაც არც ისინი უყვარდა და არც იეჰოვა. ისინი არ ენდნენ თავიანთ მოსიყვარულე ზეციერ მამას და შესცოდეს, რის შემდეგაც ყველაფერი ზუსტად იეჰოვას სიტყვისამებრ მოხდა. ადამმა და ევამ იწვნიეს თავიანთი ცოდვის შედეგები – ისინი დაბერდნენ და მოკვდნენ (დაბ. 1:28, 29; 2:8, 9, 16–18; 3:1–6, 17–19, 24; 5:5).
4. რატომ სძულს იეჰოვას ცოდვა და რატომ გვაძლევს თავისთან დაახლოების შესაძლებლობას? (რომაელები 8:20, 21).
4 ედემის ბაღში განვითარებული მოვლენები იეჰოვამ ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლად ჩააწერინა. ამ მონათხრობიდან კარგად ჩანს, რატომ სძულს იეჰოვას ცოდვა – ის გვაშორებს მას და სიცოცხლეს გვართმევს! (ეს. 59:2). სატანას კი, რომელიც ყველა პრობლემის თავი და თავია, სწორედ ეს სურს. ამიტომაც ცდილობს, ყველა გახვიოს ცოდვაში. მას შემდეგ, რაც პირველი წყვილი შეაცდინა, ის ალბათ ფიქრობდა, რომ აჯობა იეჰოვას. თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რას გააკეთებინებდა იეჰოვას სიყვარული. სწორედ სიყვარულის გამო მან არ შეცვალა თავისი განზრახვა და მაშინვე ჩაუსახა იმედი ადამისა და ევას ჯერ არშობილ შთამომავლობას (წაიკითხეთ რომაელების 8:20, 21). ზეციერი მამა დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ისეთები, ვინც შეიყვარებდნენ მას და შეეცდებოდნენ ცოდვასთან ბრძოლას. ის კი, თავის მხრივ, დაიახლოვებდა მათ და საბოლოოდ გაათავისუფლებდა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან. მოდი ვნახოთ, კონკრეტულად რა გააკეთა იეჰოვამ ამისთვის.
5. როდის გაჩნდა იმედის ნაპერწკალი? (დაბადება 3:15).
5 წაიკითხეთ დაბადების 3:15. იმედის ნაპერწკალი მაშინ გაჩნდა, როცა იეჰოვამ სატანას განაჩენი გამოუტანა. მან იწინასწარმეტყველა, რომ მოავლენდა შთამომავალს, რომელიც სატანას გაანადგურებდა და შექმნილ მდგომარეობას გამოასწორებდა (1 იოან. 3:8). თუმცა ამ წინასწარმეტყველებიდან ისიც იკვეთებოდა, რომ სატანა შთამომავალს დარტყმას მიაყენებდა და მოკლავდა კიდეც. მაგრამ იეჰოვა მზად იყო ამ უდიდესი ტკივილის ასატანად, რადგან ამას მილიარდობით ადამიანის ცოდვისა და სიკვდილისგან ხსნა მოჰყვებოდა.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲫᲚᲔᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠ ᲓᲠᲝᲨᲘ ᲪᲝᲓᲕᲘᲚᲛᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲛᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲙᲔᲗᲘᲚᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲞᲝᲕᲔᲑᲐ?
6. რას აკეთებდნენ ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები იეჰოვასთან დასაახლოებლად?
6 ედემის ბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ თანდათანობით ცხადი გახდა, როგორ შეეძლოთ ცოდვილ ადამიანებს იეჰოვასთან დაახლოება. ადამისა და ევას ვაჟი აბელი პირველი იყო, რომელმაც იეჰოვასადმი რწმენა გამოავლინა. მან შეიყვარა იეჰოვა და სურვილი გაუჩნდა, მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა და მას დაახლოებოდა. ამიტომ მსხვერპლად თავისი ფარის პირველმოგებული ბატკნები შესწირა. „იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი“ (დაბ. 4:4). ნოეს მაგალითიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ იეჰოვა ყოველთვის იწონებდა იმ ადამიანების მსხვერპლს, რომლებსაც უყვარდათ ის და ენდობოდნენ (დაბ. 8:20, 21). ამგვარად მან ცხადყო, რომ ცოდვილ ადამიანებს შეუძლიათ მისი კეთილგანწყობის მოპოვება და მასთან დაახლოება. b
7. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ აბრაამის მაგალითიდან?
7 აბელისა და ნოეს მსგავსად აბრაამიც დიდი რწმენით გამოირჩეოდა. ერთხელ იეჰოვამ მას ურთულესი რამ სთხოვა – აბრაამს საკუთარი ვაჟი ისაკი უნდა შეეწირა მისთვის მსხვერპლად. აბრაამისთვის არათუ ამის გაკეთება, ალბათ წარმოდგენაც კი შემზარავი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ის მზად იყო, დამორჩილებოდა იეჰოვას. თუმცა ბოლო მომენტში მან შეაჩერა ის და არ გაწირა ამ ტკივილისთვის. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, თავად რის გასაკეთებლად იყო მზად იეჰოვა ადამიანების სიყვარულის გამო – ის თავის უსაყვარლეს ძეს გაიღებდა მათთვის (დაბ. 22:1–18).
8. რაზე მიანიშნებდა კანონით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავები? (ლევიანები 4:27–29; 17:11).
8 ისრაელი ერის ჩამოყალიბების შემდეგ იეჰოვამ მათ კანონი მისცა, რომელიც ცოდვების მისატევებლად მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა (წაიკითხეთ ლევიანების 4:27–29; 17:11). ეს მსხვერპლი უკეთეს მსხვერპლზე მიანიშნებდა, რომელიც კაცობრიობას სრულად დაიხსნიდა ცოდვისგან. წინასწარმეტყველებიდან გამოჩნდა, რომ ეს იქნებოდა აღთქმული შთამომავალი, რომელსაც ტანჯვის ატანა მოუწევდა და შესაწირავი ცხვარივით მოკლავდნენ (ეს. 53:1–12). წარმოიდგინეთ, რის გასაღებად იყო მზად იეჰოვა ადამიანებისთვის და პირადად თქვენთვის!
ᲠᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲐ ᲘᲔᲡᲝᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲗᲐ ᲡᲐᲮᲡᲜᲔᲚᲐᲓ?
9. რა თქვა იოანე ნათლისმცემელმა იესოზე? (ებრაელები 9:22; 10:1–4, 12).
9 როცა იოანე ნათლისმცემელმა თავისკენ მიმავალი იესო დაინახა, ღვთის შთაგონებით თქვა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოან. 1:29). ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებდა, რომ სწორედ იესო იყო აღთქმული შთამომავალი, რომელიც თავის სიცოცხლეს გაიღებდა მსხვერპლად. იმ დროს, როგორც არასდროს, ისე ახლოს იყო დაპირებულის შესრულება – კაცობრიობის ცოდვისგან ხსნა (წაიკითხეთ ებრაელების 9:22; 10:1–4, 12).
10. საიდან გამოჩნდა, რომ იესო „ცოდვილთა მოსახმობად“ იყო მოსული?
10 იესომ კარგად იცოდა, რომ კაცობრიობის ყველა უბედურების თავი და თავი ცოდვა იყო. ამიტომ, როცა დედამიწაზე მოვიდა, განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მათ აქცევდა და მათ სთავაზობდა მის მიმდევრობას, ვისაც ცოდვის გამო გული ჰქონდა დამძიმებული. მან ასეთი შედარება მოიყვანა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“. შემდეგ კი დასძინა: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“ (მათ. 9:12, 13). იესო ზუსტად ასე იქცეოდა. მაგალითად, ყველა ცოდვა მიუტევა ქალს, რომელიც ცრემლებით უსველებდა ფეხებს, და ჭეშმარიტება გაუმხილა სამარიელ ქალს, რომელიც უზნეო ცხოვრებით ცხოვრობდა (ლუკ. 7:37–50; იოან. 4:7, 17–19, 25, 26). ღმერთმა მას ცოდვის საბოლოო შედეგის, სიკვდილის, დამარცხების ძალაც მისცა, ამიტომ ის მკვდრებსაც აღადგენდა (მათ. 11:5).
11. რატომ უწევდათ გული ცოდვილ ადამიანებს იესოსკენ?
11 იესო შედიოდა ცოდვილი ადამიანების მდგომარეობაში და თანაუგრძნობდა მათ. ისინიც თავისუფლად გრძნობდნენ მასთან თავს (ლუკ. 15:1, 2). იესო აქებდა და აფასებდა მათ რწმენის გამო (ლუკ. 19:1–10). ის მათ იმის სურვილსაც აღუძრავდა, რომ შეეცვალათ ცხოვრება და გაჰყოლოდნენ (ლუკ. 5:27, 28). მისი სიტყვებიდან და საქმეებიდან ჩანდა, როგორი გულმოწყალეა იეჰოვა, როგორ უყვარს ადამიანები და როგორ უნდა ცოდვასთან ბრძოლაში მათი დახმარება (იოან. 14:9). ამიტომ რა გასაკვირია, რომ ხალხს მისკენ მიუწევდა გული, მათ შორის მათაც, ვინც სერიოზულ ცოდვებს სჩადიოდა.
12. რატომ ამახვილებდა იესო ყურადღებას თავის სიკვდილზე?
12 იესომ არაერთხელ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ მას გასცემდნენ და ძელზე გააკრავდნენ (მათ. 17:22; 20:18, 19). მან კარგად იცოდა, რომ სწორედ თავისი სიკვდილით აღმოფხვრიდა ქვეყნიერების ცოდვას. ასე შესრულდებოდა ის, რასაც წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ და რასაც იოანე აცხადებდა. იესომ ისიც უთხრა თავის მოწაფეებს, რომ სიკვდილის შემდეგ ყველანაირ ადამიანს მიიზიდავდა თავისკენ (იოან. 12:32). თუ ისინი იესოს თავიანთ უფლად მიიჩნევდნენ და მას გაჰყვებოდნენ, იეჰოვას კეთილგანწყობას დაიმსახურებდნენ და საბოლოოდ ცოდვისგან გათავისუფლდებოდნენ (რომ. 6:14, 18, 22; იოან. 8:32). სწორედ ამიტომ იესო მზად იყო, გაბედულად ჩაეხედა სიკვდილისთვის თვალებში (იოან. 10:17, 18).
13. ა) რისი ატანა მოუწია იესოს სიკვდილამდე? ბ) რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 რისი ატანა მოუწია იესოს სიკვდილამდე? ის გასცეს და შეიპყრეს, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცილს სწამებდნენ. ბოლოს კი სასამართლოს წინაშე წარადგინეს, აწამეს და რომაელ ჯარისკაცებს გადასცეს, რომლებმაც ის ძელზე გააკრეს. მართლაც რამხელა ტანჯვის ატანა მოუწია იესოს. თუმცა ამ დროს მისი მამა კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდა. მაშ, რატომ შეიკავა თავი მოსიყვარულე მამამ შვილის ტანჯვის შეჩერებისგან, როცა ამის ძალა შესწევდა? იმიტომ რომ ძალიან უყვარდა ადამიანები. სწორედ ამას გაუსვა ხაზი იესომაც, როცა თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16).
14. რაზე მეტყველებს იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი?
14 მართლაც რამდენი რამ აიტანა იეჰოვამ იმისთვის, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან დავეხსენით! (1 იოან. 4:9, 10). განა ეს იმის უდიდესი დასტური არ არის, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს ადამისა და ევას ცოდვილი შთამომავლები?! მას პირადად თქვენც უყვარხართ და სურს, გაგამარჯვებინოთ ცოდვასთან ბრძოლაში.
15. რა მოითხოვება ჩვენგან, რომ გამოსასყიდის საფუძველზე იეჰოვამ ცოდვები გვაპატიოს?
15 გამოსასყიდი უდიდესი ძღვენია, რადგან იეჰოვა სწორედ მის საფუძველზე გვპატიობს ცოდვებს. თუმცა, როგორც იოანე ნათლისმცემლის და იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, ჩვენგანაც მოითხოვება რაღაცის გაკეთება. აი რა თქვეს მათ: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო!“ (მათ. 3:1, 2; 4:17). ამგვარად, თუ გვინდა, ცოდვას ვებრძოლოთ და ჩვენს მოსიყვარულე მამას დავუახლოვდეთ, უნდა მოვინანიოთ. ამაზე უფრო დაწვრილებით მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ და იმასაც გავიგებთ, რა იგულისხმება მონანიებაში.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის
a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ბიბლიაში სიტყვა „ცოდვა“ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გულისხმობდეს ისეთ საქციელს, რომელიც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება. ზოგ შემთხვევაში კი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ არასრულყოფილებაზე ანუ ცოდვილ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც ადამიანების სიკვდილის მიზეზი გახდა.