არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 33

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130 იყავი მიმტევებელი

რა შემთხვევაში ექნება კრებას იეჰოვას მსგავსი დამოკიდებულება შემცოდველის მიმართ?

რა შემთხვევაში ექნება კრებას იეჰოვას მსგავსი დამოკიდებულება შემცოდველის მიმართ?

„თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს შუამავალი“ (1 ᲘᲝᲐᲜ. 2:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რისი სწავლა შეგვიძლია კორინთის კრების მაგალითზე, სადაც ერთი ქრისტიანი სერიოზულ ცოდვას სჩადიოდა.

1. რა სურს იეჰოვას ყველა ადამიანისთვის?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება მისცა და ჩვენც ყოველდღიურად არაერთ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ადამიანს შეუძლია, იეჰოვასთვის თავის მიძღვნაა. ამის შემდეგ იგი მის თაყვანისმცემელთა რიგებს უერთდება. იეჰოვას სურვილია, ყველამ ეს არჩევანი გააკეთოს, რადგან უყვარს ადამიანები და მათთვის საუკეთესო სურს. მას უნდა, ადამიანებმა მასთან მეგობრობით და მარადიული ცხოვრებით გაიხარონ (კან. 30:19, 20; გალ. 6:7, 8).

2. რის იმედს არ კარგავს იეჰოვა, როცა ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის? (1 იოანე 2:1).

2 იეჰოვა არავის აიძულებს მის მსახურებას. ამიტომ ყველას შეუძლია, ის არჩევანი გააკეთოს, რაც სურს. თუმცა რას მოელის იეჰოვა კრებისგან, თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს და არ მოინანიებს? ის არ უნდა დატოვონ კრებაში (1 კორ. 5:13). მაგრამ იეჰოვა ამ შემთხვევაშიც არ კარგავს იმის იმედს, რომ შემცოდველი დაუბრუნდება მას. გამოსასყიდის გაღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზიც ხომ სწორედ ის იყო, რომ მას მომნანიებელი შემცოდველებისთვის ეპატიებინა (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:1). თანაც ჩვენი მოსიყვარულე მამა მთელი გულით მოუწოდებს შემცოდველებს, მოინანიონ და დაუბრუნდნენ მას (ზაქ. 1:3; რომ. 2:4; იაკ. 4:8).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 იეჰოვას სურს, რომ ცოდვის და შემცოდველის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორიც მას აქვს. ეს სტატია სწორედ ამაში დაგვეხმარება. სტატიის კითხვის დროს დააკვირდით: 1) როგორ მოიქცა კორინთის კრება, როცა ერთმა ქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? 2) რა მითითება მისცა მათ პავლემ, როცა შემცოდველმა მოინანია? 3) როგორ ჩანს ამ შემთხვევიდან იეჰოვას დამოკიდებულება შემცოდველის მიმართ?

ᲙᲝᲠᲘᲜᲗᲘᲡ ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲪᲝᲓᲕᲔᲚᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ

4. რა მოხდა კორინთის კრებაში? (1 კორინთელები 5:1, 2).

4 წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:1, 2. მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლემ შემაშფოთებელი ამბავი შეიტყო კორინთის ახლად ჩამოყალიბებული კრების შესახებ. ერთი ძმა დედინაცვალთან სქესობრივ უზნეობას სჩადიოდა. არადა ასე წარმართი ხალხებიც კი არ იქცეოდნენ. კორინთის კრება კი იწყნარებდა ამ საქციელს და ამაყობდა კიდეც ამით. როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ ასე იეჰოვას ჰბაძავდნენ გულმოწყალებაში. თუმცა სინამდვილეში იეჰოვა არ იწყნარებს თავის ხალხს შორის ცოდვას. ასეთი ადამიანი კრების რეპუტაციასაც ლახავდა და თანამორწმუნეებზეც ცუდ გავლენას ახდენდა. ამიტომ პავლემ მათ კონკრეტული მითითება მისცა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. ვნახოთ, რა უთხრა.

5. რა მითითება მისცა პავლემ კორინთის კრებას და რა იგულისხმა? (1 კორინთელები 5:13; იხილეთ აგრეთვე სურათი).

5 წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:13. ღვთივშთაგონებით პავლემ წერილი მისწერა კორინთის კრებას და უთხრა, რომ მოუნანიებელი შემცოდველი კრებაში არ დაეტოვებინათ. ამის შემდეგ როგორ უნდა მოპყრობოდნენ ქრისტიანები მას? როგორც მისწერა, მათ აღარ უნდა ჰქონოდათ მასთან ურთიერთობა. რა იგულისხმა ამაში? ამას მისი შემდეგი სიტყვებიდან ვიგებთ: „ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორ. 5:11). დიახ, როცა ადამიანები ერთად ჭამენ, ამას სასიამოვნო ურთიერთობებიც მოჰყვება ხოლმე. შესაბამისად, ეს სიტყვები აშკარად იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტიანებს ამ მამაკაცთან თავისუფალი დრო არ უნდა გაეტარებინათ. ამგვარად ის ვერ შეძლებდა კრებაზე ცუდი ზეგავლენის მოხდენას (1 კორ. 5:5–7). თანაც კრების მხრიდან ასეთი ზომების მიღება ამ კაცსაც დაეხმარებოდა, მიმხვდარიყო, როგორ ატკინა გული იეჰოვას, შერცხვენოდა თავისი საქციელის და მოენანიებინა.

ღვთივშთაგონებით პავლემ წერილი მისწერა კორინთის კრებას და უთხრა, რომ მოუნანიებელი შემცოდველი კრებაში არ დაეტოვებინათ (იხილეთ აბზაცი 5).


6. როგორ იმოქმედა პავლეს წერილმა როგორც კრებაზე, ისე შემცოდველზე?

6 პავლეს აფიქრებდა, რა რეაქცია ექნებოდა კორინთის კრებას მის წერილზე. ამიტომ ძალიან გაახარა ტიტეს მიტანილმა ამბავმა, რომ კრებამ გაითვალისწინა მისი მითითება (2 კორ. 7:6, 7). მეტიც, რამდენიმე თვეში შემცოდველმაც მოინანია – მან თვალსაზრისიც შეიცვალა და ცხოვრების წესიც. ამის შემდეგ კი იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრება დაიწყო (2 კორ. 7:8–11). თუმცა პავლემ კრებას კიდევ ერთი მითითება მისცა. ვნახოთ, რისი გაკეთებისკენ მოუწოდა მათ.

ᲠᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲐ ᲙᲠᲔᲑᲐᲛ, ᲠᲝᲪᲐ ᲨᲔᲛᲪᲝᲓᲕᲔᲚᲛᲐ ᲛᲝᲘᲜᲐᲜᲘᲐ?

7. რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ შემცოდველს კრებაში დარჩენის უფლება არ მისცეს? (2 კორინთელები 2:5–8).

7 წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:5–8. შენიშნეთ, რა თქვა პავლემ? „მას ისიც ეყოფა, უმრავლესობამ რომ გაკიცხა“. ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ აღმზრდელობითმა ზომამ თავის მიზანს მიაღწია ანუ შემცოდველმა მოინანია (ებრ. 12:11).

8. კიდევ რისი გაკეთებისკენ მოუწოდა პავლემ კორინთის კრებას?

8 პავლემ კორინთის კრების უხუცესებს მოუწოდა, რომ მომნანიებელი დაებრუნებინათ კრებაში. თუმცა ამაზე მეტიც უნდა გაეკეთებინათ. აი რა ურჩია: „მთელი გულით უნდა აპატიოთ მას და ანუგეშოთ. . . მოგიწოდებთ, რომ თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ იგი“. პავლეს სურდა, მათ სიტყვითა და საქმით დაემტკიცებინათ, რომ მართლა აპატიეს შემცოდველს და უყვარდათ ის. თუ ასე მოიქცეოდნენ, ეს კაციც დარწმუნდებოდა, რომ კრებას ახარებდა მისი დაბრუნება.

9. რატომ შეიძლება გასჭირვებოდა ზოგს მომნანიებელი შემცოდველის პატიება?

9 მართალია, ბიბლიიდან არ ჩანს, გაუჭირდა თუ არა ზოგს მომნანიებელი შემცოდველის პატიება, მაგრამ ეს სავსებით დასაშვებია. მის გამო ხომ კრებას პრობლემები შეექმნა და, სავარაუდოდ, ცალკეული ქრისტიანებიც დაზარალდნენ. ზოგს შეიძლება უსამართლობის განცდაც კი დაუფლებოდა, ასე თბილად რომ უნდა მიეღოთ ეს კაცი, მაშინ როცა თვითონ ყველანაირად ცდილობდნენ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას (შეადარეთ ლუკას 15:28–30). მიუხედავად ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, თავის სიყვარულში დაერწმუნებინათ ის. მოდი ვნახოთ, რატომ.

10, 11. რა მოხდებოდა, თუ უხუცესები მომნანიებელ შემცოდველს კრებაში დაბრუნების უფლებას არ მისცემდნენ?

10 წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ უხუცესები მომნანიებელ შემცოდველს კრებაში დაბრუნების უფლებას არ მისცემდნენ ან დაბრუნების შემდეგ არ დაარწმუნებდნენ თავიანთ სიყვარულში. ის შეიძლება დარდს შთაენთქა – ეფიქრა, რომ კრებაში საკუთარი ადგილი აღარასდროს ექნებოდა და არც რაიმეს შეცვლას ჰქონდა აზრი, რადგან იეჰოვა მაინც არ აპატიებდა.

11 თუმცა იყო მეორე მხარეც, თანაც არანაკლებ სახიფათო. თუ კორინთელი და-ძმები არ აპატიებდნენ ამ კაცს, იეჰოვასთან ურთიერთობას გაიფუჭებდნენ. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იეჰოვასავით გულმოწყალებას კი არ გამოავლენდნენ, არამედ სატანას მიჰბაძავდნენ, რომელიც სასტიკი და უმოწყალოა. ისინი მის ხელში „ბრმა იარაღი“ აღმოჩნდებოდნენ და სულიერად გაანადგურებდნენ ამ კაცს (2 კორ. 2:10, 11; ეფეს. 4:27).

12. როგორ შეეძლო კრებას იეჰოვას მიბაძვა?

12 რისი გაკეთება შეეძლო კორინთის კრებას, რომ იეჰოვასთვის მიებაძა და არა სატანისთვის? ისინი ისე უნდა მოქცეოდნენ მომნანიებელ შემცოდველს, როგორც იეჰოვა ექცევა. მოდი ვნახოთ, როგორ არის აღწერილი ბიბლიის ზოგ მუხლში იეჰოვა. დავითმა თქვა: „იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ“ (ფსალმ. 86:5). მიქამ დაწერა: „რომელი ღმერთი პატიობს შენსავით დანაშაულს და გვერდს უვლის . . . ცოდვას?!“ (მიქ. 7:18). ესაიამ კი თქვა: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა – თავისი ზრახვები. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს, ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7).

13. რატომ არ უნდა დაეყოვნებინათ უხუცესებს მომნანიებელი შემცოდველის კრებაში აღდგენა? (იხილეთ ჩარჩო  „როდის აღადგინეს კორინთის კრებაში შემცოდველი?“).

13 თუ სურდათ იეჰოვასთვის მიებაძათ, კორინთელ ქრისტიანებს გულთბილად უნდა მიეღოთ მომნანიებელი შემცოდველი და თავიანთ სიყვარულში დაერწმუნებინათ. ამგვარად ისინი ცხადყოფდნენ, რომ „ყოველმხრივ მორჩილნი“ იყვნენ (2 კორ. 2:9). მართალია, სულ რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც შემცოდველს კრება დაატოვებინეს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ინანიებდა. ამიტომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ უხუცესებს მისი კრებაში აღდგენა დაეყოვნებინათ.

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜ ᲓᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ

14, 15. რა ვისწავლეთ კორინთის კრების მაგალითზე? (2 პეტრე 3:9; იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 ის, რაც კორინთის კრებაში მოხდა, ბიბლიაში „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“ (რომ. 15:4). დავინახეთ, რომ იეჰოვა არ იწყნარებს სერიოზულ ცოდვას თავის ხალხს შორის. მართალია, ის გულმოწყალეა, მაგრამ თავის ნორმებს არასდროს შეცვლის. ამიტომ თვალს ვერ დახუჭავს ცოდვაზე და მოუნანიებელ შემცოდველს მის თაყვანისმცემელთა შორის დარჩენის უფლებას ვერ მისცემს (იუდ. 4). ეს ხომ კრებასაც დიდ ზიანს მოუტანდა (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:33).

15 თუმცა ისიც დავინახეთ, რომ იეჰოვას არავის დაღუპვა არ სურს. მას უნდა, რომ როგორმე გადაარჩინოს ხალხი. ამიტომ გულმოწყალებას იჩენს მათ მიმართ, ვინც ინანიებს და ვისაც მასთან ურთიერთობის აღდგენა სურს (ეზეკ. 33:11; წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9). სწორედ ამიტომ აღძრა იეჰოვამ მოციქული პავლე, კორინთელი ქრისტიანებისთვის მიეწერა, რომ გულთბილად მიეღოთ მომნანიებელი შემცოდველი.

ჩვენ მოსიყვარულე და გულმოწყალე ღმერთს ვბაძავთ, როცა მთელი გულით ვიღებთ მას, ვინც კრებაში აღდგა (იხილეთ აბზაცები 14, 15).


16. რისი სურვილი გაგიჩინათ განხილულმა?

16 კორინთის კრების მაგალითზე უკეთ დავინახეთ, როგორი მოსიყვარულე და სამართლიანია იეჰოვა (ფსალმ. 33:5). განა ამის ცოდნა იმის სურვილს არ გვიჩენს, რომ კიდევ უფრო განვადიდოთ ის?! ჩვენ ხომ ყველანი ცოდვილები ვართ და ვსაჭიროებთ მისგან პატიებას. ჩვენ გამოსასყიდისთვისაც ვემადლიერებით იეჰოვას, რომლის მეშვეობითაც გვპატიობს ცოდვებს. მართლაც როგორ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს თავისი ხალხი და მათთვის საუკეთესო სურს.

17. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიებში?

17 დღეს როგორ უნდა მოიქცნენ კრების უხუცესები, თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს? როგორ შეუძლიათ მოსიყვარულე ღმერთის მიბაძვა და შემცოდველის დახმარება? რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და-ძმებს, თუ უხუცესები ვინმეს კრებაში დარჩენის უფლებას არ მისცემენ ან, პირიქით, ვინმეს კრებაში დაბრუნებას გადაწყვეტენ? ამ კითხვებზე პასუხს შემდეგი სტატიები გაგვცემს.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109 გულითადად გიყვარდეთ